გენერალური კონფერენცია
ორი დიდი მცნების შეერთება
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


ორი დიდი მცნების შეერთება

ჩვენი უნარი, მივყვეთ იესო ქრისტეს, დამოკიდებულია ჩვენს ძალაზე, ვიცხოვროთ პირველი და მეორე მცნებებით გაწონასწორებული და თანაბარი ერთგულებით.

შესავალი

როდესაც მე და ჩემი მეუღლე, ლისა, საეკლესიო დავალებით მთელ მსოფლიოში ვმოგზაურობთ, ჩვენ ვტკბებით დიდ და პატარა მრევლში თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობით. უფლის საქმისადმი თქვენი ერთგულება გვაძლიერებს და გვემსახურება იესო ქრისტეს სახარების მოწმობად. ყოველი მოგზაურობიდან სახლში დაბრუნებისას ვფიქრობთ, შევძელით თუ არა იმდენის გაცემა, რამდენიც თქვენგან მივიღეთ.

გამოსახულება
ხიდი „ცისარტყელა“
გამოსახულება
ხიდი ცინგ მა
გამოსახულება
ტაუერის ხიდი

მოგზაურობისას, ღირსშესანიშნაობების დათვალიერების დრო ან შესაძლებლობა ცოტაა. თუმცა, შეძლებისდაგვარად, ცოტაოდენ დროს ჩემს განსაკუთრებულ გატაცებას ვუთმობ. მე არქიტექტურა და დიზაინი მაინტერესებს, ასევე განსაკუთრებულად მიტაცებს ხიდები. მაოცებს დაკიდებული ხიდები. იქნება ეს ცისარტყელას ხიდი ტოკიოში, ცინგ მას ხიდი ჰონგ კონგში, თაუერის ხიდი ლონდონში თუ სხვა, რომელიც მინახავს, ​​არ შემიძლია დავმალო აღტაცება ამ საინჟინრო გენიალობის მიმართ, რომელიც ამ რთულ კონსტრუქციებშია ჩადებული. ხიდების მეშვეობით იმ ადგილებში მოვხვდებით, სხვა გზით რომ ვერ მოვხვდებოდით. (სანამ გავაგრძელებდი, აღვნიშნავ, რომ მას შემდეგ, რაც ეს გზავნილი მომზადდა, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ხიდზე ბალტიმორში. მჩვენ ვგლოვობთ დაღუპულთა გამო და ვუსამძიმრებთ დაზარალებულთა ოჯახებს).

ჯადოსნური დაკიდებული ხიდი

ცოტა ხნის წინ, კონფერენციის დავალებამ წამიყვანა კალიფორნიაში, სადაც კიდევ ერთხელ გადავკვეთე საკულტო ოქროს კარიბჭის ხიდი, რომელიც მსოფლიოს საინჟინრო საოცრებად ითვლება. მასში, ერთმანეთს ერწყმის ლამაზი ფორმა, ფუნქციური დანიშნულება და ოსტატური ინჟინერია. ეს არის კლასიკური დაკიდებული ხიდი კოშკებით, რომლებიც მასიურ ბურჯებს ეყრდნობა. კოლოსალური საყრდენი ტყუპი კოშკები ოკეანის ზედაპირზე იყო პირველი ელემენტები, რომლებიც უნდა აშენებულიყო. ისინი ერთად იღებენ დატვირთვას ძირითადი საკიდი კაბელებისგან და ვერტიკალური საკიდი კაბელებისგან, რომლებიც აკავებენ მაგისტრალს ქვემოდან. სტაბილიზაციის უჩვეულო შესაძლებლობა - კოშკის სიძლიერე არის ხიდის დაპროექტების უკან მდგომი ჯადოსნობა.

გამოსახულება
ხიდი „ოქროს კარიბჭე“ მშენებლობის პროცესში.

ოქროს კარიბჭის ხიდის რაიონი

ამ საინჟინრო პრინციპს მოწმობს ხიდის ადრეული სამშენებლო სურათები. ხიდის თითოეული ელემენტი დასაყრდენს პოულობს სიმეტრიულ კოშკებზე, რომლებიც ერთმანეთზე არის გადაბჯენილი.

გამოსახულება
ხიდი „ოქროს კარიბჭე“ მშენებლობის პროცესში.

Getty Images/Underwood Archives

მშენებლობის დასრულების შემდეგ, ორი კოშკი მყარად დამაგრდა თავის ადგილას, ხოლო ქანზე დამაგრებული ბურჯები სიძლიერისა და სილამაზის გამოსახულებაა.

გამოსახულება
ხიდი „ოქროს კარიბჭე“.

დღეს გეპატიჟებით ამ დიდებული ხიდის სანახავად, მის მყარ საძირკველზე აგებული ტყუპი კოშკებით, სახარების რაკურსიდან.

იესო ქრისტეს მსახურების მიწურულს, რასაც ჩვენ ახლა ვუწოდებთ ვნების კვირას, ფარისეველმა, რომელიც კანონთმცოდნე იყო, ისეთი შეკითხვა დაუსვა მაცხოვარს, რომლის პასუხის გაცემაც მან იცოდა, რომ თითქმის შეუძლებელი იქნებოდა: „მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი რჯულში? ” კანონთმცოდნე „აცდუნებდა მას“4 და კანონიკური პასუხის ძიებამ, ერთი შეხედვით არაგულწრფელი განზრახვით, მიაღებინა ჭეშმარიტი, ხელშეუხებელი, წმინდა, ღვთიური პასუხი.

„იესომ უთხრა მას: შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.

„ეს არის პირველი და დიდი მცნება“. რომ გავიხსენოთ ჩვენი ხიდის ანალოგი, პირველი კოშკი!

“და მეორე ამის მსგავსი: შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი.” ეს არის მეორე კოშკი!

„ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი“. ხიდის დარჩენილი ელემენტები!

მოდით, გამოვიკვლიოთ თითო ამ ორი დიდი მცნებიდან, რომელიც გამოვლინდა და ამოიკითხა იესო ქრისტეს პასუხში. როდესაც ასე იზამთ, წარმოიდგინეთ გონებაში ბრწყინვალე დაკიდებული ხიდი.

გიყვარდეს უფალი

პირველი, გიყვარდეს უფალი მთელი გულით, სულით და გონებით.

ამ პასუხში იესო ქრისტე აჯამებს კანონის არსს, რომელიც განსახიერებულია ძველი აღთქმის წმინდა სწავლებებში. უფლის სიყვარული პირველ რიგში, იმალება თქვენს გულში, თქვენს ხასიათში. შემდეგ უფალი გთხოვთ, რომ გიყვარდეთ მთელი სულით— მთელი თქვენი წმინდა არსებით და ბოლოს, მთელი გონებით გიყვარდეთ - თქვენი გონიერებითა და ინტელექტიტ. ღმერთის მიმართ სიყვარული არ არის შეზღუდული ან სასრული. ის უსასრულო და მარადიულია.

ჩემთვის პირველი დიდი მცნების გამოყენება ხანდახან აბსტრაქტული, შემაშინებელიც კი ჩანს. საბედნიეროდ,როცა განვიხილავ იესოს შემდგომ სიტყვებს, ეს მცნება ბევრად უფრო რეალური ხდება: „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით“. მე შემიძლია ამის გაკეთება. მე შემიძლია მიყვარდეს მამაზეციერი და იესო ქრისტე, რასაც შემდეგ მოჰყვება ლოცვა, წმინდა წერილების შესწავლა და ტაძარში თაყვანისცემა. ჩვენ გვიყვარს მამა ღმერთი და ძე მეათედის გადახდით, კვირადღის სიწმინდის დაცვით, სათნო და უბიწო ცხოვრებით და მორჩილებით.

უფლის სიყვარული ყველაზე ხშირად იზომება მცირე ყოველდღიური საქმეებით, აღთქმის გზაზე ფეხის ნაბიჯებით, მაგ: ახალგაზრდების მიერ სოციალური მედიის გამოყენება რამეს შექმნის მიზნით და არა განადგურების; წვეულების, ფილმის ან ღონისძიების დატოვება, სადაც სტანდარტები შეიძლება დაირღვეს; წმინდა ნივთებისადმი პატივისცემის გამოხატვა.

განვიხილოთ ეს მაგალითი. მარხვის კვირა იყო, როცა მე და ვენსმა პატარა მოკრძალებული სახლის კარზე დავაკაკუნეთ. ჩვენ და ქვორუმის სხვა დიაკვნები უკვე მივეჩვიეთ სიტყვებს: „გთხოვთ, შემობრძანდით“, რომლებსაც გერმანული აქცენტით იმდენად ხმამაღლა წარმოთქვამდნენ, რომ ისინი კარიდან გვესმოდა. და მიულერი ჩვენი მეურვეობის რამდენიმე იმიგრანტ ქვრივთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. ის კარს ადვილად ვერ აღებდა, რადგან უსინათლო იყო. მკრთალად განათებულ სახლში შესვლისას ის კეთილი კითხვებით მოგვესალმა: რა გქვიათ? როგორ ხართ? გიყვართ უფალი? ჩვენ გავეცით პასუხები და ვუთხარით, რომ მეათედის მოსაკრებად მოვედით. ჩვენს ასაკშიც კი, კარგად ვხედავდით მის მოკრძალებულ საცხოვრებელ პირობებს და მისი რწმენით სავსე პასუხი ღრმად გულისამაჩუყებელი იყო: „დღეს დილით მაგიდაზე ათცენტიანი დავდე. ისეთი მადლიერი ვარ, რომ მარხვის შემოწირულების ვიხდი. შეგიძლიათ, კონვერტში ჩადოთ და მარხვის შემოწირულების ქვითარი შეავსოთ? მისი სიყვარული უფლისადმი აძლიერებდა ჩვენს რწმენას ყოველ ჯერზე, როცა მის სახლს ვტოვებდით.

მეფე ბენიამინი დაჰპირდა გასაოცარ შედეგებს მათ, ვინც მიჰყვება პირველ დიდ მცნებას. „მე მსურს, რომ იფიქროთ მათ კურთხეულ და ბედნიერ მდგომარეობაზე, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს. … რადგან, აჰა, ისინი კურთხეულნი არიან ყველაფერში … და თუ ისინი დარჩებიან ერთგულნი ბოლომდე, მათ მიიღებენ ზეცაში … მარადიული ბედნიერების მდგომარეობაში“.

უფლის მიმართ სიყვარული მარადიულ ბედნიერებამდე მიგვიყვანს!

შეიყვარე მოყვასი შენი

შემდეგ იესომ თქვა: „მეორე კი ამის მსგავსია: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“. ეს ხიდის მეორე კოშკია.

აქ იესო, ჩვენს ზეცისკენ მიმართულ შეხედულებას - გიყვარდეს უფალი, აკავშირებს ჩვენს მიწიერ შეხედულებასთან - გიყვარდეს მოყვასი. ერთი ურთიერთდამოკიდებულია მეორეზე. უფლის სიყვარული არ არის სრული, თუ ჩვენ უგულებელვყოფთ მოყვასს. ეს გარეგნული სიყვარული მოიცავს ღვთის ყველა შვილს სქესის, სოციალური მდგომარეობის, რასის, სქესთა სხვაობის, შემოსავლის, ასაკისა თუ ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. ჩვენ ვეძებთ მათ, ვინც დაზარალდა და გატყდა, იზოლირებულებს, რადგან „ყველა ერთია ღვთისთვის“. ჩვენ ვასრულებთ ბრძანებას: „დაეხმარე დაუძლურებულს, ძირს დაშვებული ხელები ზეაღმართე და განუმტკიცე სუსტი მუხლი“.

განიხილეთ ასეთი მაგალითი: ძმა ევანსი გაკვირვებული დარჩა, როცა მიიღო კარნახი, მანქანა გაეჩერებინა და უცნობი ოჯახის კარზე დაეკაკუნებინა. როდესაც კარი ათი შვილის დაქვრივებულმა დედამ გააღო, ევანსისთვის ნათელი გახდა მათი მძიმე მდგომარეობა და მრავალი საჭიროება. პირველი იყო მარტივი - სახლის შეღებვა, რასაც მოჰყვა მისი ოჯახისთვის მრავალწლიანი მიწიერი და სულიერი მსახურება.

ამ მადლიერმა დედამ მოგვიანებით დაწერა ზეციდან გამოგზავნილი მეგობრის შესახებ: „თქვენ ცხოვრება დაუთმეთ უმცირეს ძმათაგანს. როგორ სიამოვნებით მოვისმენდი იმას, რაც უფალმა უნდა გითხრათ, როდესაც გამოხატავს თავის მადლიერებას იმ ფინანსური და სულიერი სიკეთისთვის, რომელიც თქვენ გაუწიეთ მათ, ვის შესახებაც მხოლოდ თქვენ და მას გეცოდინებათ. მადლობას გიხდით ამ მრავალი დალოცვისთვის, … მისიონერებისთვის, რომლებიც თქვენ უზრუნველყავით. … ხშირად ვფიქრობ, უფალმა თქვენ განსაკუთრებით ამოგარჩიათ, თუ თქვენ უბრალოდ იყავით ის, ვინც უსმენდა“.

მოყვასის სიყვარული მოიცავს ქრისტეს მსგავს სიკეთესა და მსახურებას. დაივიწყებთ თუ არა წყენას, მიუტევებთ თუ არა მტრებს, მიესალმებით და ემსახურებით თუ არა მოყვასს და დაეხმარებით თუ არა მოხუცებს? თითოეული თქვენგანი შთაგონებას მიიღებს მოყვასის სიყვარულის საკუთარი კოშკის შენებისას.

პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ასწავლიდა: „სხვების დახმარება - შეგნებული ძალისხმევა სხვების ზრუნვისთვის, ისევე ან იმაზე მეტად ვიდრე საკუთარ თავზე - ჩვენი სიხარულია. მითუმეტეს… როცა ეს არ არის მოსახერხებელი და როცა მას გამოვყავართ კომფორტის ზონიდან. ამ მეორე დიდი მცნების მიხედვითცხოვრება არის გასაღები იმისთვის, რომ გახდე იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფე“.

ურთიერთდამოკიდებულება

შემდეგ იესომ ასწავლა: „ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი“. ეს ძალიან ჭკუის სასწავლებელია. არსებობს მნიშვნელოვანი ურთიერთდამოკიდებულება უფლის სიყვარულსა და ერთმანეთის სიყვარულს შორის. იმისათვის, რომ ოქროს კარიბჭის ხიდმა შეასრულოს თავისი დაპროექტებული ფუნქცია, ორივე კოშკი უნდა იყოს თანაბრად მტკიცე და თანაბრად უძლებდეს დაკიდული ბაგირების, გზებისა და ხიდზე გადასასვლელი მოძრაობის წონას. ამ საინჟინრო სიმეტრიის გარეშე, ხიდი შეიძლება დაზიანდეს, ნგრევამდეც კი მივიდეს. იმისათვის, რომ ნებისმიერმა დაკიდებულმა ხიდმა შეასრულოს ის, რისთვისაც აშენდა, მისი კოშკები ერთად უნდა ფუნქციონირებდეს სრულ ჰარმონიაში. ანალოგიურად, ჩვენი უნარი, მივყვეთ იესო ქრისტეს, დამოკიდებულია ჩვენს ძალაზე, ვიცხოვროთ პირველი და მეორე მცნებით გაწონასწორებული და ორივეს მიმართ თანაბარი ერთგულებით.

გამოსახულება
ხიდი „ოქროს კარიბჭე“.

თუმცა მსოფლიოში მზარდი კამათი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ზოგჯერ ამას ვერ ვხედავთ ან ვერ ვიხსენებთ. ზოგი იმდენად ორიენტირებულია მცნებების დაცვაზე, რომ მცირე შემწყნარებლობას გამოხატავს მათ მიმართ, ვისაც ნაკლებად სამართლიანს თვლის. ზოგს უჭირს შეიყვაროს ისინი, ვინც ირჩევს ცხოვრებას აღთქმების ან თუნდაც რელიგიური ჩართულობის გარეშე.

თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ხაზს უსვამენ სხვების სიყვარულის მნიშვნელობას იმის აღიარების გარეშე, რომ ჩვენ ყველანი ანგარიშვალდებულნი ვართ ღმერთის წინაშე. ზოგი მთლიანად უარყოფს მოსაზრებას, რომ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა აბსოლუტური ჭეშმარიტება, ან სწორი და არასწორი, და სწამს, რომ ჩვენგან ერთადერთი რაც მოითხოვება არის სრული შემწყნარებლობა და სხვისი არჩევანის მიმღებლობა. ამ დისბალანსებიდან რომელიმემ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი პირადი სულიერი ხიდის გადახრა ან თუნდაც დაცემა.

პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა ეს აღწერა, როდესაც თქვა: „ჩვენ გვიბრძანეს, გვიყვარდეს ყველა, რადგან იესოს იგავი კეთილ სამარიელზე გვასწავლის, რომ ყველა ჩვენი მოყვასია. მაგრამ ჩვენმა მონდომებამ ამ მეორე მცნების შესასრულებლად არ უნდა დაგვავიწყოს პირველი მცნება - გვიყვარდეს ღმერთი მთელი გულით, სულითა და გონებით“.

დასასრული

ასე რომ, თითოეული ჩვენგანის კითხვაა, როგორ ავაშენოთ საკუთარი რწმენისა და ერთგულების ხიდი - ავაშენოთ ხიდის მაღალი კოშკები, როგორც ღმერთის, ისე მოყვასის სიყვარულისთვის? კარგი, ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ. ჩვენი თავდაპირველი მცდელობა შეიძლება ჰგავდეს გეგმას ხელსახოცის უკანა მხარეს ან ხიდის თავდაპირველ მონახაზს, რომლის აშენების იმედიც გვაქვს. ის შეიძლება შედგებოდეს რამდენიმე რეალისტური მიზნისგან: უფლის სახარების უკეთ გაგების მცდელობა ან სხვების ნაკლებად განკითხვა. არავინ არის ძალიან ახალგაზრდა ან ძალიან ასაკოვანი იმისთვის, რომ დაიწყოს.

გამოსახულება
ხიდის დიზაინის ესკიზი.

დროთა განმავლობაში, ლოცვითი და გააზრებული დაგეგმვით, უხეში იდეები იხვეწება. ახალი მოქმედებები ჩვევად იქცევა. ადრეული ესკიზები გადაიქცევა დახვეწილ ნახაზებად. ჩვენ ვაშენებთ ჩვენს პირად სულიერ ხიდს გულებითა და გონებით, რომლებიც ეძღვნება მამაზეციერს და მის მხოლოდშობილ ძეს, ისევე როგორც ჩვენს ძმებსა და დებს, რომლებთანაც ვმუშაობთ, ვთამაშობთ და ვცხოვრობთ.

ამის შემდეგ, როდესაც გადახვალთ ჯადოსნურ დაკიდებულ ხიდზე ან თუნდაც დაინახავთ სურათს, მისი ამაღლებული კოშკებით, გიწვევთ გაიხსენოთ ორი დიდი მცნება, რომელიც აღწერილია იესო ქრისტეს მიერ ახალ აღთქმაში. დაე, უფლის მითითებებმა შთაგვაგონოს. დაე, ჩვენი გული და გონება ამაღლდეს უფლის სიყვარულისკენ და გარეგნულად შევიყვაროთ მოყვასი ჩვენი.

დაე, ამან გააძლიეროს ჩვენი რწმენა იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის მიმართ, რაზედაც მე ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. „ახალ აღთქმაში [ტერმინი კანონთმცოდნე იყო] ექვივალენტური სიტყვის მწერალი, ვინც პროფესიით იყო სამართლის სტუდენტი და მასწავლებელი, მათ შორის ხუთწიგნის კანონის და ასევე „უხუცესთა ტრადიციები“. (მათე. 22:35; მარკოზი 12:28; ლუკა 10:25)” (ბიბლიის ლექსიკონი, “კანონთმცოდნე”).

  2. ძველად ებრაელმა მეცნიერებმა ჩამოთვალეს თორაში 613 მცნება და აქტიურად მსჯელობდნენ ერთის შედარებით მნიშვნელობაზე მეორის წინააღმდეგ. შესაძლოა, კანონთმცოდნეს განზრახული ჰქონდა, გამოეყენებინა იესოს პასუხი მის წინააღმდეგ. თუ მან თქვა, რომ ერთი მცნება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, შესაძლოა, იესო დაედანაშაულებინათ კანონის სხვა ასპექტის უგულებელყოფაში. მაგრამ მაცხოვრის პასუხმა გააჩუმა ისინი, ვინც მის მახეში გასაბმელად მოვიდა, დასაბუთებული განცხადებით, რომელიც არის ყველაფრის საფუძველი, რასაც დღეს ეკლესიაში ვაკეთებთ.

  3. მათე 22:36-40.

  4. იხ. მოძღვრება და აღთქმები 88:15

  5. იოანე 14:15.

  6. ორივე სახელი შეცვლილია კონფიდენციალურობის შენარჩუნების მიზნით.

  7. მოსია 2:41.

  8. მათე 22:39.

  9. იხ.2 ნეფი 26:33.

  10. მოძღვრება და აღთქმები 81:5.

  11. სახელი შეცვლილია კონფიდენციალურობის შენარჩუნების მიზნით.

  12. რასელ მ. ნელსონი, „მეორე დიდი მცნება“, Liahona, Nov. 2019, 100.

  13. მათე 22:40.

  14. დალინ ჰ. ოუქსი, „ორი დიდი მცნება,” Liahona, Nov. 2019, 73–74.

ამობეჭდვა