გენერალური კონფერენცია
სვეტები და სხივები
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


სვეტები და სხივები

ჩვენც შეგვიძლია გვქონდეს საკუთარი სინათლის სვეტი — თითო სხივი თითო ჯერზე.

ჩემი გზავნილია მათთვის, ვინც წუხს თავიანთი მოწმობის გამო, რადგან დიდი სულიერი გამოცდილება არ ჰქონიათ. მე ვლოცულობ, რომ გარკვეული მშვიდობა და თვითდაჯერებულობა შეგმატოთ.

იესო ქრისტეს სახარების აღდგენა დაიწყო სინათლისა და ჭეშმარიტების ელვარებით! მოზარდი ბიჭი, ნიუ-იორკის ჩრდილოეთიდან, ძალიან ჩვეულებრივი სახელით - ჯოზეფ სმითი, შედის პატარა ტყეში სალოცავად. მას აწუხებს მისი სული და ღვთის წინაშე მისი მდგომარეობა. ის ეძებს მიტევებას თავისი ცოდვებისთვის. ის დაბნეულია და არ იცის, თუ რომელ ეკლესიას შეუერთდეს. მას სჭირდება სიცხადე და სიმშვიდე - მას სჭირდება სინათლე და ცოდნა.

როდესაც ჯოზეფი მუხლს იყრის სალოცავად და „შესწირავს [თავისი] გულის სურვილებს ღმერთს“, მას სქელი წყვდიადი მოიცავს. რაღაც ბოროტი, მჩაგვრელი და ძალიან რეალური ცდილობს მის შეჩერებას - ენის დაბმას ისე, რომ მან ვერ ისაუბროს. წყვდიადის ძალები იმდენად მძაფრდება, რომ ჯოზეფი ფიქრობს, რომ მოკვდება. მაგრამ ის „მოიკრებს მთელ ძალას, რათა მოუწოდოს ღმერთს, იხსნას [ის] ამ მტრის ძალისგან, რომელიც [მას] დაეუფლა“. და შემდეგ, „იმ მომენტში, როდესაც [ის] მზად არის სასოწარკვეთაში ჩავარდეს და დანებდეს განადგურებისთვის“, როდესაც მან არ იცის, შეუძლია თუ არა მეტის გაძლება, დიდებული ბრწყინვალება ავსებს კორომს და ფანტავს წყვდიადს - მისი სულის მტერს.

მზეზე კაშკაშა „სინათლის სვეტი“ თანდათან ეშვება მასზე. ჩნდება ერთი პიროვნება, შემდეგ კი მეორე. მათი „სიკაშკაშე და დიდებულება ყოველგვარ აღწერას ეწინააღმდეგება“. პირველი, ჩვენი მამაზეციერი, ამბობს თავის სახელს, „მიუთითებს მეორეზე - [ჯოზეფ!] ეს არის ჩემი საყვარელი ძე. მოუსმინე მას!

და სინათლისა და სიმართლის ამ განსაცვიფრებელი ელვარებით დაიწყო აღდგენა. ამას მოჰყვება ღვთაებრივი გამოცხადებისა და კურთხევების ნამდვილი ნაკადი: ახალი წმინდა წერილი, მღვდლობის აღდგენილი გასაღებები, მოციქულები და წინასწარმეტყველები, წეს-ჩვეულებები და აღთქმები, ასევე უფლის ჭეშმარიტი და ცოცხალი ეკლესიის აღდგენა, რომელიც ერთ დღეს აავსებს დედამიწას სინათლით, იესო ქრისტეს ნათელითა და მოწმობით ქრისტესა და მისი აღდგენილი სახარების შესახებ.

ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ დაიწყო ბიჭის სასოწარკვეთილი ლოცვით და სინათლის სვეტით.

ჩვენც გვაქვს ჩვენი აუცილებელი საჭიროებები. ჩვენც გვჭირდება თავისუფლება სულიერი დაბნეულობისგან და ამქვეყნიური წყვდიადისგან. ჩვენც თავად უნდა ვიცოდეთ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა მოგვიწვია „ჩავიძიროთ აღდგენის დიდებულ სინათლეში“.

აღდგენის ერთ-ერთი უდიდესი ჭეშმარიტება არის ის, რომ ზეცა ღიაა - ჩვენც შეგვიძლია მივიღოთ სინათლე და ცოდნა ზემოდან. მე ვმოწმობ, რომ ეს ჭეშმარიტებაა.

მაგრამ სულიერ ხაფანგს უნდა ვუფრთხილდეთ. ზოგჯერ ეკლესიის ერთგული წევრები იმედგაცრუებულნი ხდებიან და შორდებიან კიდეც ეკლესიას, რადგან არ ჰქონიათ საუკეთესო სულიერი გამოცდილება - იმიტომ, რომ მათ არ ჰქონიათ საკუთარი სინათლის სვეტი. პრეზიდენტმა სპენსერ ვ. კიმბალმა გაგვაფრთხილა: „ყოველთვის სანახაობის მოლოდინში, ბევრს ყურადღების მიღმა რჩება კომუნიკაციის მუდმივი ნაკადი“.

პრეზიდენტმა ჯოზეფ ფ. სმითმა გაიხსენა: „უფალმა დამიმალა საოცრებები [როდესაც ვიყავი ახალგაზრდა] და მაჩვენა სიმართლე, სტრიქონი სტრიქონზე, სწავლება სწავლებაზე, ცოტა აქ და ცოტა იქ“.

ეს არის უფლის ტიპური ნიმუში, ძმებო და დებო იმის ნაცვლად, რომ გამოგვიგზავნოს სინათლის სვეტი, უფალი გვიგზავნის სინათლის სხივს, შემდეგ კიდევ ერთს, მერე სხვას.

სინათლის ეს სხივები განუწყვეტლივ იღვრება ჩვენზე. წმინდა წერილები გვასწავლის, რომ იესო ქრისტე არის „ამაქვეყნის სინათლე და სიცოცხლე“, რომ მისი „სული უბოძებს სინათლეს ყოველ ადამიანს, რომელიც მოდის ამქვეყნად“ ( და რომ მისი სინათლე „[ავსებს] სამყაროს განუზომელ სივრცე[ს]“ და აძლევს „სიცოცხლეს ყველაფერს“. ქრისტეს სინათლე ჩვენს გარშემოა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

თუ ჩვენ მივიღეთ სულიწმინდის ძღვენი და ვცდილობთ გამოვავლინოთ რწმენა, მოვინანიოთ და პატივი ვცეთ ჩვენს აღთქმებს, მაშინ ჩვენ ღირსნი ვართ, მუდმივად მივიღოთ ეს ღვთაებრივი სხივები. უხუცეს დევიდ ა. ბედნარის სამახსოვრო ფრაზის მიხედვით „ჩვენ ვცხოვრობთ გამოცხადებაში“.

და მაინც, თითოეული ჩვენგანი განსხვავებულია. არ არსებობს ორი ადამიანი, რომელიც ერთნაირად გრძნობს ღვთის ნათელსა და ჭეშმარიტებას. გარკვეული დრო დაუთმეთ ფიქრს, თუ როგორ განიცდით უფლის სინათლესა და სულს.

თქვენ შესაძლოა განიცადეთ სინათლისა და მოწმობის ეს ელვარება, როგორც „გონებ[ის] სიმშვიდე საკითხის შესახებ“, რომელიც გაწუხებთ. ()

ან წყნარი, ჩუმი ხმა - რომელიც დასახლდა „შენს გონებასა და გულში“ და გიბიძგებს, გააკეთო რაიმე კარგი, მაგალითად, ვინმეს დაეხმარო.

შესაძლოა, ყოფილხართ საეკლესიო გაკვეთილზე - ან ახალგაზრდულ ბანაკში - და გაგიჩნდათ დიდი სურვილი, იაროთ იესო ქრისტეს კვალზე და დარჩეთ ერთგული. თქვენ შეიძლება ადექით კიდეც და გააზიარეთ დამოწმება, რომელიც ჭეშმარიტი გეგონათ და შემდეგ იგრძენით, რომ ეს ასეც იყო.

ან შესაძლოა ლოცულობდით და სასიხარულო თვითრწმენა დაგეუფლათ, რომ ღმერთს უყვარხართ.

თქვენ შეიძლება გსმენიათ ვინმეს მოწმობა იესო ქრისტეს შესახებ და ამან თქვენი გული შეძრა და იმედით აგავსოთ.

შესაძლოა, თქვენ კითხულობდით მორმონის წიგნს და რომელიმე მუხლი ამ წიგნიდან ესაუბრებოდა თქვენს სულს, თითქოს ღმერთმა ის იქ განგებ თქვენთვის ჩადო და ხვდებით, რომ ზუსტად ასეც იყო.

თქვენ შეიძლება იგრძენით ღვთის სიყვარული სხვების მიმართ, როცა მათ ემსახურებოდით.

ან იქნებ რაღაც მომენტში გიჭირთ სულის შეგრძნება, დეპრესიის ან შფოთვის გამო, მაგრამ გაქვთ უკან მოხედვის და წარსულიდან „უფლის დიდსულოვანი მოწყალებ[ის]“ აღიარების ძვირფასი ძღვენი და რწმენა“.

ჩემი აზრი ის არის, რომ არსებობს მრავალი გზა მოწმობის ზეციური სხივების მისაღებად. ეს მხოლოდ რამდენიმე მათგანია. ისინი შეიძლება არ იყოს დრამატული, მაგრამ ყველა მათგანი ჩვენი მოწმობის ნაწილია.

ძმებო და დებო, მე არ მინახავს სინათლის სვეტი, მაგრამ თქვენ მსგავსად მეც განვიცადე მრავალი ღვთაებრივი სხივი. წლების განმავლობაში ვცდილობდი დამეფასებინა ასეთი გამოცდილება. მე აღმოვაჩინე, რომ როცა ასე ვიქცევი, მე ვპოულობ და ვიხსენებ უფრო მეტსა და მეტს. აი რამდენიმე მაგალითი ჩემი პირადი ცხოვრებიდან. შეიძლება ზოგისთვის ის არც თუ ისე შთამბეჭდავია, მაგრამ ჩემთვის ძვირფასია.

მახსოვს, როგორი ცელქი მოზარდი ვიყავი. ნათლობა რომ იწყებოდა ვიგრძენი, რომ სული მიბიძგებდა, მოწიწებით დავმჯდარიყავი. დავჯექი და ჩუმად ვიყავი შეხვედრის ბოლომდე.

მისიამდე მეშინოდა, რომ ჩემი მოწმობა არ იყო საკმარისად ძლიერი. არავის ჩემს ოჯახში არ უმსახურია მისიაში და ვშიშობდი, რომ ჩემი მოწმობა საკმარისად ძლიერი არ იყო. მახსოვს, გულმოდგინედ ვსწავლობდი და ვლოცულობდი, რომ მიმეღო უფრო გარკვეული მოწმობა იესო ქრისტეს შესახებ. შემდეგ ერთ დღეს, როცა ვევედრებოდი მამაზეციერს, სინათლისა და სითბოს ძლიერი გრძნობა დამეუფლა. და მე ვიცოდი. მე უბრალოდ ვიცოდი.

მახსოვს, წლების შემდეგ, ერთ ღამეს გამაღვიძა „ნათელმა გონებამ“ და მითხრა, რომ უხუცესთა ქვორუმში მომიხმობდნენ მსახურებისთვის. ორი კვირის შემდეგ მომიხმეს.

მახსოვს გენერალური კონფერენცია, სადაც ჩვენთვის საყვარელმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წევრმა თავის მოწმობაში ზუსტად ის სიტყვები თქვა, რომლების მოსმენის იმედიც მქონდა და ეს მეგობრისთვის მქონდა ნათქვამი.

მახსოვს, ასობით ძმასთან ერთად დავიჩოქე ძვირფასი მეგობრისთვის, რომელიც უგონოდ ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული, პატარა, შორეულ საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც გული გაუჩერდა. როდესაც ჩვენ გულები გავაერთიანეთ, რათა მისი სიცოცხლისთვის შეგვევედრებინა, მან გაიღვიძა და საკუთარი ხელით ყელიდან აპარატი ამოიღო. დღეს, ის პალოს პრეზიდენტად მსახურობს.

მახსოვს, ძლიერმა სულიერმა გრძნობებმა გამაღვიძა მას შემდეგ რაც სიზმარში ცხადად ვნახე ძვირფასი მეგობარი და დამრიგებელი, რომელიც ნაადრევად გარდაიცვალა და ჩემს ცხოვრებაში უზარმაზარი კვალი დატოვა. ის გაღიმებული და ბედნიერი იყო. ვიცოდი, რომ კარგად იყო.

ეს არის ჩემი რამდენიმე სხივი. თქვენ გქონდათ საკუთარი გამოცდილება - მოწმობის საკუთარი შუქით სავსე ელვარება. როდესაც ჩვენ ვცნობთ, ვიხსენებთ და ვაგროვებთ ამ სხივებს „ერთად“, რაღაც მშვენიერი და ძლიერი იწყება. „სინათლე ელტვის სინათლეს“ - „ჭეშმარიტება მოიცავს ჭეშმარიტებას“. მოწმობის ერთი სხივის სინამდვილე და ძალა აძლიერებს და აერთიანებს მეორეს, შემდეგ კიდევ ერთს, შემდეგ სხვას. სტრიქონს სტრიქონზე; სწავლება სწავლებაზე; სხივი აქ და სხივი იქ - თითო პატარა, ძვირფასი სულიერი მომენტი თითო ჯერზე - ჩვენში იზრდება სულიერი გამოცდილების სინათლის ბირთვი. შესაძლოა, არც ერთი სხივი არ არის საკმარისად ძლიერი ან კაშკაშა იმისთვის, რომ შექმნას სრული მოწმობა, მაგრამ ისინი ერთად შეიძლება გახდნენ სინათლე, რომელსაც ეჭვის წყვდიადი ვერ გადალახავს.

„მაშინ, ნუთუ არ არის ეს ჭეშმარიტი?“ ალმამ იკითხა. „მე თქვენ გეუბნებით: დიახ, რადგან ეს არის სინათლე“.

„სინათლეა ის, რაც ღმერთისგან არის“ - გვასწავლის უფალი; „და რომელიც იღებს სინათლეს და რჩება ღმერთში, იღებს უფრო მეტ სინათლეს და ეს სინათლე სულ უფრო კაშკაშად ანათებს, სანამ არ გახდება სრულყოფილი დღესავით“.

ძმებო და დებო, ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში და „დიდი სიბეჯითით“, ჩვენც შეგვიძლია გვქონდეს საკუთარი სინათლის სვეტი - თითო სხივი თითო ჯერზე. და ამ სვეტის შუაგულში ჩვენც ვიპოვით მოსიყვარულე მამაზეციერს, რომელიც მოგვიწოდებს სახელით, მიგვითითებს ჩვენს მაცხოვარზე იესო ქრისტეზე და მოგვიწოდებს „მოვუსმინოთ მას!“

მე ვმოწმობ იესო ქრისტეს შესახებ, რომ ის არის მთელი სამყაროს ნათელი და სიცოცხლე - ასევე თქვენი და ჩემი პირადი სამყაროსი.

მე ვმოწმობ, რომ ის არის ჭეშმარიტი და ცოცხალი ძე ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთისა და რომ ის დგას ამ ჭეშმარიტი და ცოცხალი ეკლესიის სათავეში, რომელსაც მართავენ მისი ჭეშმარიტი, ცოცხალი წინასწარმეტყველები და მოციქულები.

მოდით, ვაღიაროთ და მივიღოთ მისი დიდებული სინათლე და შემდეგ მსოფლიოს წყვდიადს უფალი ვარჩიოთ, ყოველთვის და მარადჟამს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხილეთ ჯოზეფ სმითი—ისტორია 1:10–13.

  2. იხილეთ ჯოზეფ სმითი—ისტორია 1:14-16.

  3. იხ. ჯოზეფ სმითი, ჟურნალი, ნოემ. 9–11, 1835 წ., p. 24, josephsmithpapers.org.

  4. იხ.ჯოზეფ სმითი—ისტორია 1:17.

  5. იხ. ჯოზეფ სმითი—ისტორია 1:20. როდესაც ჯოზეფ სმითი პირველი ხილვის შემდეგ სახლში დაბრუნდა, დედამ ჰკითხა, კარგად იყო თუ არა. მან უპასუხა: ”მე კარგად ვარ. … მე ჩემთვის მივხვდი რომ პრესვიტერიანიზმი არ არის ჭეშმარიტი“ (ხაზგასმა დამატებულია).

  6. რასელ მ. ნელსონი, „დასასრული შენიშვნები“, ლიახონა, ნოემ. 2019 წელი, 122.

  7. სპენსერ ვ. კიმბალი, კონფერენციის ანგარიშში, მიუნხენის გერმანიის რეგიონის კონფერენცია, 1973 წელი, 77; ციტირებულია გრეჰამ ვ. დოქსის“ხმა ჯერ ისევ სუსტია,” ენსაინი, ნოემ. 1991 წელი, 25.

  8. Teachings of Presidents of the Church: Joseph F. Smith (ეკლესიის პრეზიდენტთა სწავლებანი: ჯოზეფ ფ. სმითი) (1998), 201: „როდესაც მე, როგორც მოზარდმა, პირველად დავიწყე მსახურება, ხშირად გამოვდიოდი და ვთხოვდი უფალს, ეჩვენებინა რამე სასწაული, რათა მოწმობა მიმეღო“. მაგრამ უფალი მიმალავდა სასწაულებს და მიჩვენა ჭეშმარიტება, სტრიქონი სტრიქონზე, მცნება მცნებაზე, ცოტა აქ და ცოტა იქ, სანამ არ შემეცნო ჭეშმარიტება თხემიდან ფეხის ძირებამდე და სანამ ეჭვი და შიში აბსოლუტურად არ განიწმინდა ჩემგან. ამისათვის მას არ მოუწია ციდან ანგელოზის გამოგზავნა და არც მთავარანგელოზის საყვირით საუბარი. ცოცხალი ღმერთის ჩუმი, ნაზი ხმის ჩურჩულით მან მიბოძა დამოწმება, რომელიც ამჟამად მაქვს. და ამ პრინციპითა და ძალით ის ყველა თავის შვილს უბოძებს ჭეშმარიტების ცოდნას, რომელიც დარჩება მათთან და ამცობს ჭეშმარიტებას, როგორც ღმერთმა იცის იგი და მამის ნების შესასრულებლად, როგორც ამას ქრისტე აკეთბს.

  9. იხ.მოსია 16:9.

  10. მოძღვრება და აღთქმები 84:46; იხ.ასევე იოანე 1:9.

  11. მოძღვრება და აღთქმები 88:12-13.

  12. დევიდ ა. ბედნარი, გამოცხადების სული (2021 წ.), 7.

  13. მოძღვრება და აღთქმები 6:23.

  14. მოძღვრება და აღთქმები 8:2; იხილეთ ასევე ჰელამანი 5:30.

  15. იხ მოსია 5:2; მოძღვრება და აღთქმები 11:12.

  16. იხ. 2 ნეფი 4:21; ჰელამანი 5:44.

  17. უფალმა გამოავლინა სხვისი მოწმობის რწმენის უნარი, როგორც სულიერი საჩუქარი (იხ. მოძღვრება და აღთქმები 46:13–14).

  18. თანამედროვე გამოცხადება გვასწავლის, რომ წმინდა წერილის სიტყვები „გებოძათ ჩემი სულით … და ჩემი ძალის გარეშე თქვენ მათ ვერ მიიღებდით; ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ დაამოწმოთ, რომ მოისმინეთ ჩემი ხმა და იცით ჩემი სიტყვები“(მოძღვრება და აღთქმები 18:35–36).

  19. იხ. მოსია 2:17; მორონი 7:45–48.

  20. 1 ნეფი 1:20. უხუცესმა გერიტ ვ. გონგმა ისაუბრა „თვალებით შეხედეთ, რომ ნახოთ და გაიხაროთ უფლის მრავალი სათუთი წყალობით ჩვენს ცხოვრებაში“ (“მზრუნველობა,” ლიახონა, 2023 წლის მაისი, 18) და ის რომ „უფლის ხელი ჩვენს ცხოვრებაში არის ყველაზე ნათელი რამ, თუ უკან მოვიხედებით „ყოველთვის გახსოვდეს უფალი“, ლიახონა, 2016 წლის მაისი, 108). უფლის ხელის მადლის ცნობით და აღიარებით ვაცნობიერებთ, რომ ეს ძღვენია ჩვენს ცხოვრებაში, მაშინაც კი, თუ ჩვენ არ ვაღიარებდით მას ან ხანდახან ვერ ვგრძნობდით მის სიძლიერეს. წმინდა წერილები ხშირად საუბრობენ გახსენების სულიერ ძალაზე (იხილეთ ჰელამანი 5:9–12; მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79), რომელიც შეიძლება იყოს გამოცხადების წინამორბედი (იხ. მორონი 10:3–4).

  21. ჯოზეფ სმითი ასწავლიდა: „ადამიანისთვის შეიძლება სასარგებლო იყო გამოცხადების სულის პირველი მინიშნების შემჩნევა; მაგალითად, როდესაც გრძნობთ, რომ სუფთა გონება შემოედინება თქვენში, მან შეიძლება მოგცეთ იდეების მოულოდნელი შემოდინება, და შეამჩნევთ, რომ ისინი შესრულებულია იმავე დღეს ან სრულდება მალე; (ე.ი.) ის, რაც წარმოედგინა თქვენს გონებას ღვთის სულის მეშვეობით, ასრულდება; და ამრიგად, ღვთის სულის შესწავლით და მისი გაგებით, თქვენ შეგიძლიათ გაიზარდოთ გამოცხადების პრინციპში, სანამ არ გახდებით სრულყოფილი იესო ქრისტეში(ეკლესიის პრეზიდენტების სწავლებები: ჯოზეფ სმითი [2007 წ.], 132).

  22. ეფესელთა მიმართ 1:10.

  23. მოძღვრება და აღთქმები 88:40: „ვინაიდან, გონიერება ილტვის გონიერებისკენ; სიბრძნე იღებს სიბრძნეს; ჭეშმარიტება მიჰვება ჭეშმარიტებას; სათნოებას უყვარს სათნოება; სინათლე ილტვის სინათლისკენ“.

  24. ალმა 32:35. ალმამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სინათლით სავსეა გამოცდილებები ხშირად მცირეა, მაგრამ ყველა გაგებით რეალური. ეს რეალობა კიდევ უფრო ძლიერი ხდება, როდესაც გამოცდილებები ერთიანდება და ქმნის ძლიერ მთლიანობას.

  25. მოძღვრება და აღთქმები 50:24.

  26. ალმა 32:41.

ამობეჭდვა