გენერალური კონფერენცია
სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს

სიტყვები ტონს ქმნის. ისინი ახმოვანებენ ჩვენს აზრებს, გრძნობებსა და გამოცდილებას -კარგს თუ ცუდს.

დებო და ძმებო, მეგობრებო მსოფლიოს ყველა კუთხიდან! ჩემთვის დიდი პატივია, მივმართო ამხელა აუდიტორიას. მრავალი თქვენგანი ჩვენი ეკლესიის წევრია, მრავალი კი - მეგობარი და ამ კონფერენციის ახალი მსმენელი. მოგესალმებით!

ამ კათედრიდან გზავნილების გაზიარება სიტყვების მეშვეობით ხდება. ისინი ინგლისურ ენაზეა და დაახლოებით 100 სხვადასხვა ენაზე ითარგმნება. თუმცა ბაზა ყოველთვის ერთია: სიტყვები. სიტყვებს კი დიდი მნიშვნელობა აქვს. და ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ: სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს!

სიტყვები ჩვენი ერთმანეთთან დაკავშირების საფუძველია; ისინი ჩვენს მრწამსს, მორალს და ხედვას გამოხატავს. ზოგჯერ სიტყვებს ვამბობთ, ზოგჯერ კი ვუსმენთ მათ. სიტყვები ტონს ქმნის. ისინი ახმოვანებენ ჩვენს აზრებს, გრძნობებსა და გამოცდილებას -კარგს თუ ცუდს.

სამწუხაროდ, სიტყვები შეიძლება იყოს დაუფიქრებელი, ნაჩქარევი და მტკივნეული. ნათქვამ სიტყვას უკან ვერ დააბრუნებ. სიტყვით შეგვიძლია ვატკინოთ, დავსაჯოთ, დავთრგუნოთ და დესტრუქციულ ქმედებებამდეც კი მივიყვანოთ. სიტყვა შეიძლება მძიმე ტვირთად დაგვაწვეს.

მეორე მხრივ, სიტყვებით შეგვიძლია ვიზეიმოთ გამარჯვება, ჩავუსახოთ იმედი და გავამხნეოთ. სიტყვებს შეუძლია გვიბიძგონ აზრის შეცვლის, საქციელის გადახედვის და მიმართულების შეცვლისკენ. სიტყვებს შეუძლია გაგვიხსნან გონება ჭეშმარიტებისთვის.

ამიტომაც, პირველ რიგში და ყველაზე მეტად, უფლის სიტყვას აქვს დიდი მნიშვნელობა.

მორმონის წიგნში წინასწარმეტყველი ალმა და მისი ხალხი ძველ ამერიკაში გაუთავებლად ომობდნენ მათთან, ვინც უგულებელყოფდა ღვთის სიტყვას, გაიქვავა გული და ამახინჯებდა მათ კულტურას. ერთგულებს შეეძლოთ ეომათ, მაგრამ ალმამ ურჩია: „და ახლა, ვინაიდან სიტყვის ქადაგებას ჰქონდა დიდი თვისება – ხალხს გაძღოლოდა იმის საკეთებლად, რაც მართალია – დიახ, მას ჰქონდა უფრო ძლიერი გავლენა ხალხის შეგნებაზე, ვიდრე ხმალს ან სხვა რაიმეს, რაც მათ თავს გადახდომიათ; ამიტომ, ალმამ იფიქრა, რომ საჭირო იყო, გამოეცადათ ღვთის სიტყვის ძალა“.

„ღვთის სიტყვა“ ყველა გამონათქვამს აღემატება. ეს ასე იყო დედამიწის შექმნიდანვე, როცა უფალმა თქვა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი“.

ახალი აღთქმიდან ვიცით, რომ უფალმა დაგვარწმუნა: „ცა და მიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან“.

და კიდევ ერთი: „ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს“.

იესოს დედამ, მარიამმა, ეს მოკრძალებული მოწმობა დაგვიტოვა: „აჰა, უფლის მხევალი ვარ. მეყოს მე შენი სიტყვისამებრ.“

ღვთის სიტყვის დაჯერებითა და ყურისგდებით ჩვენ მასთან უფრო ახლოს მივდივართ. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი დაგვპირდა: „თუ მის სიტყვებს შეისწავლით, გაიზრდება თქვენი უფლის დამსგავსების უნარი“.

და განა ყველას არ გვსურს, როგორც ეს ჰიმნშია ნათქვამი: „უფრო დალოცვილნი და წმინდანი ვიყოთ, უფრო შენ დაგემსგავსოთ, მხსნელო“?

წარმომიდგენია ახალგზრდა, მუხლმოდრეკილი ჯოზეფ სმითი, რომელიც მამაზეციერის სიტყვებს ისმენს: [ჯოზეფ], ეს არის ჩემი საყვარელი ძე. უსმინე მას“!

ჩვენ ვუსმენთ მას წმინდა წერილის სიტყვებიდან, მაგრამ არის ეს სიტყვები უბრალოდ ქაღალდზე დაწერილი თუ გვესმის, რომ უფალი გველაპარაკება? ვიცვლებით?

ჩვენ ვუსმენთ მას სულიწმიდის პირად გამოცხადებაში და კარნახში, ლოცვებზე პასუხებში და იმ მომენტებში, როდესაც მხოლოდ იესო ქრისტეს, თავისი გამოსყიდვის ძალით, შეუძლია ასწიოს ჩვენი ტვირთი, გვიბოძოს პატიება და მშვიდობა და მოგვაქციოს თავისი „სიყვარულით აღსავსე ხელებში“.

მეორე: წინასწარმეტყველის სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

წინასწარმეტყველები უფალი იესო ქრისტეს ღვთიურობაზე მოწმობენ. ისინი ასწავლიან მის სახარებას და გამოხატავენ მის ყველას მიმართ სიყვარულს. მე ვმოწმობ, რომ ჩვენს ცოცხალ წინასწარმეტყველს, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონს, ესმის უფლის სიტყვა და გადმოგვცემს მას.

პრეზიდენტი ნელსონი მჭერმეტყველი ადამიანია. მან თქვა: „დარჩით აღთქმის გზაზე“, „შეკრიბეთ ისრაელი“, „დაუთმეთ ღმერთს პირველობა“, „ააგეთ ურთიერთგაგების ხიდები“, „იყავით მადლიერი“, „გაზარდეთ რწმენა იესო ქრისტეში“, „აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს მოწმობაზე“, და „გახდით მშვიდობისმყოფელი“.

სულ ბოლოს კი მან გვთხოვა: „იაზროვნეთ ცელესტიალურად“. „როდესაც დილემის წინაშე აღმოჩნდებით, - თქვა მან, „ცელესტიალურად იაზროვნეთ! როცა ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით - ცელესტიალურად იაზროვნეთ! როცა ცხოვრება ან საყვარელი ადამიანები გაწყენინებენ - ცელესტიალურად იაზროვნეთ! როცა ვინმე ნაადრევად გარდაიცვლება - ცელესტიალურად იაზროვნეთ.როცა ცხოვრების წნეხის ქვეშ აღმოჩნდებით - ცელესტიალურად იაზროვნეთ! … ცელესტიალური აზროვნებით თქვენი გული თანდათან შეიცვლება, … განსაცდელს და დაპირისპირებას სულ სხვა კუთხით დაინახავთ … და თქვენი რწმენაც გაიზრდება“.

„როცა ცელესტიალურად ვაზროვნებთ, ჩვენ ყველაფერს დავინახავთ, „როგორც სინამდვილეში არის და … რაც ნამდვილად იქნება“. დაბნეულობითა და კამათით დამძიმებულ სამყაროში, ჩვენ ყველას გვჭირდება ასეთი ხედვა.

უხუცესმა ჯორჯ ალბერტ სმითმა, თავის პრეზიდენტობამდე დიდი ხნით ადრე, ისაუბრა წინასწარმეტყველის მხარდაჭერისა და მისი ყურისგდების მნიშვნელობის შესახებ. მან თქვა: „ვალდებულება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ხელის აწევისას … ყველაზე წმინდაა. … ეს ნიშნავს, რომ … ჩვენ მის უკან დავდგებით; ვილოცებთ მისთვის; … და ვეცდებით, შევასრულოთ მისი მითითებები, როგორც ამას უფალი უბრძანებს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ბეჯითად შევასრულებთ ჩვენი წინასწარეტყველის სიტყვას.

გუშინ ჩვენმა საერთაშორისო ეკლესიამ 15 წინასწარმეტყველს, წინასწარმჭვრეტსა და გაცხადებელს, მათ შორის მეც, მხარი დაუჭირა. ამასთან დაკაშირებით, მსურს გაგიზიაროთ ერთ-ერთი ჩემი გამოცდილება წინასწარმეტყველის მხარდაჭერისა და მისი სიტყვების მიღების შესახებ. ჩემთვის ეს იყო როგორც წინასწარმეტყველი იაკობისთვის, რომელმაც მოგვითხრო: „მე მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც დროდადრო მომმართავდა ნამდვილი სიტყვით“.

გამოსახულება
უხუცესი და და რასბანდი ტაილანდში.

გასული წლის ოქტომბერში მე და ჩემი მეუღლე, მელანი, ტაილანდში, ბანგკოკში გავემგზავრეთ. მე ეკლესიის 185-ე ტაძრის მიძღვნისთვის ვემზადებოდი. ჩემთვის ეს დავალება თითქმის რეალობას სცდებოდა და იმავდროულად, თავის დასამდაბლებელი იყო. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ნახევარკუნძულზე ეს პირველი ტაძარი იყო. ტაძარი ოსტატურად იყო დაპროექტებული - ექვსსართულიანი, ცხრაშპილიანი კონსტრუქცია, „შენაწევრებული შენობა“ რომელიც უფლის სახლი უნდა გამხდარიყო. თვეების განმავლობაში მიძღვნაზე ვფიქრობდი. ჩემს სულსა და გონებაში დამკვიდრდა ის, რომ ქვეყანა და ტაძარი წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მკლავებში იყო მოქცეული. პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა ამ ტაძრის მშენებლობის დაწყება გამოაცხადა, პრეზიდენტმა ნელსონმა კი - მიძღვნა.

გამოსახულება
ბანგკოკის ტაძარი ტაილანდში.

ცერემონიამდე რამდენიმე თვით ადრე მიძღვნის ლოცვა მოვამზადე. ეს წმინდა სიტყვები 12 ენაზე ითარგმნა. ჩვენ მზად ვიყავით. ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა.

მიძღვნის წინა ღამეს დაჟინებულმა შფოთვის გრძნობამ გამაღვიძა. ეს მიძღვნის ლოცვას უკავშირდებოდა. ვცდილობდი, არ მიმექცია ყურადღება კარნახისთვის, რადგან ჩემი აზრით, ლოცვა დახვეწილი იყო. მაგრამ სულიწმინდა არ მანებებდა თავს. ვგრძნობდი, რომ რაღაც სიტყვები აკლდა და ღვთიური ჩანაფიქრით მე ისინი გამოცხადების სახით მივიღე და ლოცვის ბოლოში ჩავსვი: „დაე, ვიაზროვნოთ ცელესტიალურად, დავუთმოთ სულიწმიდას პირველობა ჩვენს ცხოვრებაში და ვეცადოთ, ყოველთვის ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი“. უფალი მახსენებდა, რომ ჩვენი ცოცხალი წინასწარმეტყველის სიტყვებისთვის - „იაზროვნეთ ცელესტიალურად“, „მიანდეთ სულიწმინდას პირველობა“ და „ეცადეთ იყოთ მშვიდობისმყოფელნი“ უნდა დამეგდო ყური. წინასწარმეტყველის სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს უფლისთვის და ჩვენთვის.

მესამე და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საკუთარი სიტყვები. დამიჯერეთ, ჩვენს დღევანდელ ემოჯი სამყაროში სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენი სიტყვები შეიძლება იყოს გამამხნევებელი ან გაბრაზებული, მხიარული ან ბოროტი, თანამგრძნობი ან მოგდებული. ცხელ გულზე ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება დაგვგესლოს და მტკივნეულად ღრმად გულში მოგვხვდეს და იქ ჩაგვრჩეს. ჩვენი სიტყვები ინტერნეტში, ტექსტურ შეტყობინებებში, სოციალურ მედიაში ან ტვიტებში თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ. ასე რომ, დაუკვირდით იმას, რას ამბობთ და როგორ ამბობთ. ოჯახში - განსაკუთრებით ქმართან, ცოლთან და ბავშვებთან, ჩვენს სიტყვებს შეუძლია დაგვაკავშიროს ან ნაპრალი გააჩინოს ჩვენს შორის.

ნება მიბოძეთ, შემოგთავაზოთ სამი მარტივი ფრაზა, რომელიც დაგვეხმარება შევარბილოთ სირთულეები და განსხვავებები, ავამაღლოთ და დავამშვიდოთ ერთმანეთი.

„გმადლობთ“.

„ბოდიში“

და „მიყვარხარ“.

ნუ მოიტოვებთ ამ მოკრძალებულ ფრაზებს განსაკუთრებული მოვლენებისთვის ან კატასტროფებისთვის. ხშირად და გულწრფელად გამოიყენეთ ისინი, რადგან ასე თქვენ სხვების მიმართ პატივისცემას გამოხატავთ. სიტყვა ნელ-ნელა ფასს კარგავს; ნუ მიჰყვებით ამ გზას.

ჩვენ შეგვიძლია გადავუხადოთ მადლობა ლიფტში, ავტოსადგომზე, მაღაზიაში, ოფისში, რიგში, მეგობრებს ან მეზობლებს. შეგიძლიათ მოიხადოთ ბოდიში, როცა შეცდომას უშვებთ, შეხვედრას ვერ ესწრებით, ვინმეს დაბადების დღე გამოგრჩათ ან თქვათ „ვწუხვარ“, როცა ვინმე ტკივილს განიცდის. შეგვიძლია ვთქვათ „მიყვარხარ“ და ამ სიტყვების მნიშვნელობაა „ვფიქრობ შენზე“, „ვზრუნავ შენზე“, „შენთან ვარ“ ან „შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ“.

მოდით, პირად მაგალითს გაგიზიარებთ. ქმრებს ვთხოვ, ყურადღებით მოისმინონ. დებო, ეს თქვენც დაგეხმარებათ. სანამ ეკლესიაში სრული დროის დავალებას მივიღებდი, მე ჩემი კომპანიის საქმეებზე ხშირად მიწევდა მოგზაურობა. დიდ მანძილებზე მიწევდა სიარული და საკმაოდ დიდი ხნით. დღის ბოლოს ყოველთვის სახლში ვრეკავდი, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი. როცა ჩემი მეუღლე, მელანი, ყურმილს იღებდა, საუბარს ყოველთვის მივყავდით ფრაზისკენ „მიყვარხარ“. ყოველ დღე ეს სიტყვები ჩემი სულისა და ქცევის ღუზა იყო; ისინი მე ბოროტი ჩანაფიქრებისგან მიცავდა. სიტყვები „მელანი, მიყვარხარ“ გამოხატავდა ჩვენ შორის არსებულ ფასდაუდებელ ნდობას.

პრეზიდენტი თომას ს. მონსონი ხშირად ამბობდა: ”არსებობს ფეხები, რომლებიც უნდა გავაძლიეროთ, ხელები, რომლებსაც უნდა ჩავეჭიდოთ, გონება, რომელიც უნდა წავაქეზოთ, გულები, რომლებიც უნდა შთავაგონოთ და სულები, რომლებიც უნდა გადავარჩინოთ“. სიტყვები „გმადლობთ“, „ბოდიში“, „მიყვარხარ“ ზუსტად ამ ფუნქციას ასრულებს.

დებო და ძმებო, სიტყვებს მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

მე გპირდებით, რომ თუ „[ვინადიმებთ] ქრისტეს სიტყვებით“ რომლებსაც ხსნისკენ მივყავართ, ჩვენი წინასწარმეტყველის სიტყვებით, რომლებიც წინ მიგვიძღვიან და გვამხნევებენ და ჩვენი სიტყვებით, რომლებიც გამოხატავენ რანი ვართ და რას ვაფასებთ, ზეციური ძალა გადმოიღვრება ჩვენზედ. „ქრისტეს სიტყვები გეტყვიან ყველაფერს, რაც უნდა გააკეთოთ“. ჩვენ ზეციური მამის შვილები ვართ და ის ჩვენი ღმერთია. ის ელის ჩვენგან „ანგელოზთა ენით ლაპარაკს“ სულიწმიდის ძალით.

მე მიყვარს უფალი იესო ქრისტე. ის, ძველი აღთქმის წინსწარმეტყველის, ესაის, თქმით, არის „საკვირველ[ი], მრჩეველ[ი], ძლიერ[ი] ღმერთ[ი], საუკუნო მამ[ა], მთავარ[ი] მშვიდობისა“. და როგორც მოციქულმა იოანემ განმარტა: თავად ქრისტე არის სიტყვა.

მე ამაზედ ვმოწმობ, როგორც უფლის ღვთიურ მსახურებაზე მოხმობილი მოციქული და ის, ვისაც მოუწოდეს, იყოს მისი განსაკუთრებული მოწმე. უფალი იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა