გენერალური კონფერენცია
იყავით ერთი ქრისტესთან
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


იყავით ერთი ქრისტესთან

ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი სიყვარული და რწმენა იესო ქრისტეს და მისი გამოსყიდვის მიმართ. ჭეშმარიტი კუთვნილების არსი არის ერთობა იესო ქრისტესთან.

მე ბავშვობიდან ღრმად ვგრძნობდი იესო ქრისტეს გამოსყიდვას, მაგრამ მაცხოვრის გამოსყიდვის რეალობა ჩემთან მოვიდა, როდესაც 25 წლის ვიყავი. მე ახალი დამთავრებული მქონდა სტენფორდის იურიდიული სკოლა და კალიფორნიის ადვოკატურაში გამოცდის ჩასაბარებლად ვემზადებოდი. დედაჩემმა დარეკა და თქვა, რომ პაპაჩემი, კროზიერ კიმბალი, რომელიც იუტაში ცხოვრობდა, გარდაცვალების პირას იყო მისული. მან მითხრა, თუ პაპას ნახვა მინდოდა, ჯობდა, სახლში დავბრუნებულიყავი. პაპაჩემი 86 წლის იყო და ძალიან ავადმყოფობდა. არაჩვეულებრივი სტუმრობა მქონდა. პაპას ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა და თავისი მოწმობის გაზიარება.

როდესაც კროზიერი სულ რაღაც სამი წლის იყო, მამამისი, დევიდ პატენ კიმბალი, 44 წლის ასაკში გარდაიცვალა.1 კროზიერი იმედოვნებდა, რომ მამამისი და მისი პაპა, ჰიბერ კ. კიმბალი, მოიწონებდნენ მის ცხოვრებას და ჩათვლიდნენ, რომ ის თავისი მემკვიდრეობის ერთგული იყო.

პაპაჩემის მთავარი რჩევა იყო, რომ ამ ერთგული წინაპრების გამო თავი ამერიდებინა ყოველგვარ უფლებისა თუ უპირატესობის გრძნობისგან. მან მითხრა, რომ ჩემი ყურადღება მხსნელსა და მხსნელის გამომსყიდველ მსხვერპლზე უნდა გამემახვილებინა. პაპაჩემმა მითხრა, რომ ჩვენ ყველანი მოსიყვარულე მამაზეციერის შვილები ვართ. მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან ჩვენი მიწიერი წინაპრები, თითოეული ჩვენგანი ანგარიშს ჩააბარებს მხსნელს, თუ რამდენად კარგად ვიცავდით მის მცნებებს.

პაპა მხსნელს მოიხსენიებდა, როგორც „კარიბჭის მცველს“, 2 ნეფი 9:41-დან. მან მითხრა, რომ იმედი ჰქონდა, საკმარისად მოინანია მაცხოვრის წყალობის მისაღებად.2

ამან ღრმად შემძრა. ვიცოდი, რომ პაპაჩემი მართალი კაცი იყო. ის პატრიარქი იყო და რამდენიმე მისიაში იმსახურა. მან მასწავლა, რომ ვერავინ შეძლებს ღმერთთან დაბრუნებას მხოლოდ კეთილი საქმეებით, მხსნელის გამოსყიდვის წყალობის გარეშე. დღემდე მახსოვს პაპას დიდი სიყვარული და მადლიერება მხსნელისა და მისი გამოსყიდვის მიმართ.

2019 წელს იერუსალიმში დავალების შესრულებისას,3 მე ვეწვიე ზემოთვალს, რომელიც შესაძლოა იმ ადგილის მახლობლად იყო, სადაც მაცხოვარმა ჯვარცმის წინ მოციქულებს ფეხები დაბანა. სულიერად შეძრული ვიყავი და ვფიქრობდი იმაზე, როგორ უბრძანა მან თავის მოციქულებს ერთმანეთის სიყვარული.

გავიხსენე მაცხოვრის შუამავალი ლოცვა ჩვენი სახელით. ეს ლოცვა წარმოითქვა ფაქტობრივად მისი მოკვდავი ცხოვრების ბოლო საათებში, როგორც ეს იოანეს სახარებაში წერია.

ეს ლოცვა მიმართული იყო ქრისტეს მიმდევრებზე, მათ შორის ყოველ ჩვენგანზე.4 მაცხოვრის თხოვნაში მამისთვის ის ევედრებოდა: „რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი – შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში“. შემდეგ მხსნელი აგრძელებს: „და დიდება, რომელიც შენ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი“.5 ერთიანობა არის ის, რისთვისაც ქრისტე მის ღალატამდე და ჯვარცმამდე ლოცულობდა. ქრისტესთან და ჩვენს მამაზეციერთან ერთიანობა შეიძლება მიღწეული იყოს მხსნელის გამოსყიდვის გზით.

უფლის მაცხოვნებელი წყალობა არ არის დამოკიდებული წარმომავლობაზე, განათლებაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე ან რასაზე. ის ქრისტესთან და მის მცნებებთან ერთიანობაზეა დაფუძნებული.

წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა და ოლივერ ქაუდერიმ ეკლესიის დაარსებიდან მალევე, 1830 წ, მიიღეს გამოცხადება ეკლესიის დაარსებისა და მმართველობის შესახებ. ის, რაც ახლა წარდგენილია ნაწილი 20 -ს სახით, წინასწარმეტყველმა ჯოზეფმა პირველ საეკლესიო კონფერენციაზე წაიკითხა და ეს იყო პირველი გამოცხადება, რომელიც საერთო თანხმობით დამტკიცდა.6

ამ გამოცხადების შინაარსი მართლაც გასაოცარია. ის გვასწავლის მხსნელის მნიშვნელობასა და როლს და როგორ მივიღოთ მისი ძალა და კურთხევები მისი გამომსყიდველი მადლით. წინასწარმეტყველი ჯოზეფი 24 წლის იყო და უკვე მიიღო მრავალი გამოცხადება და დაასრულა მორმონის წიგნის თარგმნა ღვთის ნიჭითა და ძალით. ორივე, ჯოზეფი და ოლივერი, გაიგივებულნი არიან ხელდასხმულ მოციქულებთან, ამიტომ უფლებამოსილება აქვთ, უხელმძღვანელონ ეკლესიას.

მუხლები 17-36 შეიცავს ეკლესიის არსებითი მოძღვრების შეჯამებას, მათ შორის ღვთის არსებობის რეალობას, კაცობრიობის შექმნას, დაცემას და მამაზეციერის ხსნის გეგმას იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით. მუხლი 37 შეიცავს უფლის ეკლესიაში ნათლობის აუცილებელ მოთხოვნებს. მუხლები 75-79 წარმოადგენს ზიარების ლოცვებს, რომლებსაც ყოველ შაბათს ვიყენებთ.

მოძღვრება, პრინციპები, ზიარება და პრაქტიკები, რომლებიც უფალმა დაადგინა აღდგენის წინასწარმეტყველის, ჯოზეფ სმითის, მეშვეობით, ნამდვილად საფუძვლიანია.7

ნათლობის მოთხოვნები, მიუხედავად იმისა, რომ სიღრმისეულია, ცალსახად მარტივია. ისინი, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს ღვთის წინაშე თავმდაბლობას, მოდრეკილ გულსა და მომნანიებელ სულს,8 ყველა ცოდვის მონანიებას, იესო ქრისტეს სახელის საკუთარ თავზე აღებას, ბოლომდე გაძლებას და ჩვენი საქმეებით იმის ჩვენებას, რაც მივიღეთ ქრისტეს სულისგან.9

მნიშვნელოვანია, რომ ნათლობის ყველა მოთხოვნა სულიერია. არანაირი ეკონომიკური ან სოციალური მიღწევა არ არის საჭირო. ღარიბებსა და მდიდრებს ერთნაირი სულიერი მოთხოვნა გააჩნიათ.

არ არსებობს მოთხოვნები რასის, სქესის ან ეთნიკური კუთვნილების შესახებ. მორმონის წიგნი განმარტავს, რომ ყველა მოწვეულია მიიღოს უფლის სიკეთე, „შავ[ი] თუ თეთრ[ი], მონ[ა] თუ თავისუფალ[ი], მამრ[ი] თუ მდედრ[ი]; … და ყველა ერთია ღვთისთვის“.10 „არამედ ყოველ ადამიანს აქვს უპირატესობა, როგორც ერთს, ასევე მეორეს და არავისთვის არ არის აკრძალული.11

ღვთის წინაშე ჩვენი „მსგავსების“ გათვალისწინებით, აზრი არ აქვს ხაზგასმით აღვნიშნოთ ჩვენი განსხვავებები. ზოგი არასწორად მოგვიწოდებს „წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანები იმაზე მეტად განსხვავდებიან ჩვენგან და ერთმანეთისგან, ვიდრე ეს სინამდვილეშია. [ზოგი] გამოირჩევა ნამდვილი, მაგრამ პატარა უპირატესობით და ამ განდიდებას ისინი უფსკრულამდე მიჰყავს“.12

გარდა ამისა, ზოგიერთმა არასწორად მიიჩნია, რომ რადგან ყველა ადამიანი მიწვეულია უფლის სიკეთისა და მარადიული სიცოცხლის მისაღებად, არ არსებობს ქცევის მოთხოვნები.13

თუმცა, წმინდა წერილები ადასტურებს, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მოინანიოს ცოდვები და დაიცვას ღვთის მცნებები.14 უფალი ცხადყოფს, რომ ყველას აქვს მორალური არჩევნის თავისუფლება და ყველანი „თავისუფალნი არიან აირჩიონ თავისუფლება და მარადიული სიცოცხლე, ყოველი ადამიანის დიდი ქომაგის მეშვეობით, … და შეისმინო[ნ] მისი დიადი მცნებები; და იყ[ვნენ] ერთგულნი მისი სიტყვებისადმი და აირჩიო[ნ] მარადიული სიცოცხლე“.15 იმისათვის, რომ მივიღოთ მხსნელის გამოსყიდვის კურთხევები, ჩვენ დადებითად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მორალური არჩევანი - ავირჩიოთ ქრისტე და დავემორჩილოთ მის მცნებებს.

ჩემი ცხოვრების მანძილზე „არჩევანის თავისუფლების“ და „თავისუფალი ნების“ მნიშვნელობა იკვლეოდა და განიხილებოდა. ამ თემებზე ბევრი ინტელექტუალური კამათი იყო და არსებობს.

უნივერსიტეტის მთავარი გამოცემის გარეკანზე, ბოლო პუბლიკაციაში, რომელიც ეძღვნება კურსდამთავრებულებს, გამოჩენილი ბიოლოგი პროფესორი ამტკიცებს: „თავისუფალი ნების ადგილი არ არის“.16 გასაკვირი არ არის, რომ სტატიაში ციტირებულია პროფესორის სიტყვები: „არ არსებობს ღმერთი… და არ არსებობს თავისუფალი ნება და ეს არის უზარმაზარი, გულგრილი, ცარიელი სამყარო“.17 არ შემიძლია კატეგორიულად არ დავეთანხმო.

ჩვენი რწმენის ფუნდამენტური მოძღვრება არის ის, რომ ჩვენ გვაქვს მორალური არჩევანის თავისუფლება18 რაც გულისხმობს თავისუფალ ნებას.19 არჩევანის თავისუფლება არის არჩევანის და მოქმედების შესაძლებლობა. ის არსებითია ხსნის გეგმის შესასრულებლად. მორალური არჩევანის თავისუფლების გარეშე, ჩვენ არ შეგვიძლია ვისწავლოთ, გვქონდეს წინსვლა ან ავირჩიოთ ვიყოთ ერთი ქრისტესთან. მორალური თავისუფლებიდან გამომდინარე, ჩვენ „თავისუფალი [ვართ] [ავირჩიოთ] თავისუფლება და მარადიული სიცოცხლე“.20 წინამიწიერ კრებაზე ზეცაში, მამის გეგმა მოიცავდა არჩევნის თავისუფლებას, როგორც არსებით ნაწილს. ლუციფერი აჯანყდა და „ცდილობდა, გაენადგურებინა ადამიანის თავისუფალი ნება“.21 შესაბამისად, მოკვდავი სხეულის არსებობის უპირატესობა უარყოფილი იყო სატანასა და მის მიმდევართათვის.

სხვა წინამიწიერი სულები წარმოაჩენდნენ თავიანთ არჩევანის თავისუფლებას მამაზეციერის გეგმის შესრულებით. ამ მოკვდავ ცხოვრებაში დაბადებით კურთხეულ სულებს კვლავ აქვთ არჩევანის თავისუფლება. ჩვენ თავისუფლები ვართ არჩევანსა და მოქმედებაში, მაგრამ არ ვაკონტროლებთ შედეგებს. „სიკეთისა და სამართლიანობის არჩევანს მივყავართ ბედნიერებამდე, მშვიდობამდე და მარადიულ სიცოცხლემდე, ხოლო ცოდვისა და ბოროტების არჩევანი, საბოლოოდ იწვევს გულის ტკივილს და უბედურებას“.22 როგორც ალმამ თქვა: „სიბოროტე არასოდეს ყოფილა ბედნიერება“.23

ამ უკიდურესად კონკურენტულ სამყაროში ვხედავთ მუდმივ ძალისხმევას წარმატების მისაღწევად. სწრაფვა ვიყოთ რაც შეიძლება კარგი არის სამართლიანი და ღირებული მცდელობა. ეს შეესაბამება უფლის მოძღვრებას. სხვების დამცირების ან დაკნინების მცდელობები ან მათი წარმატებისთვის ბარიერების შექმნა ეწინააღმდეგება უფლის მოძღვრებას. ჩვენ არ უნდა ვადანაშაულებდეთ ​​გარემოებებს ან სხვა ადამიანებს იმაში, რომ გადავწყვიტეთ ღვთის მცნებების საწინააღმდეგოდ მოქმედება.

დღევანდელ სამყაროში ადვილია ფოკუსირება მატერიალურ და პროფესიულ წარმატებაზე. ზოგი მხედველობიდან კარგავს იმ მარადიულ პრინციპებსა და არჩევანს, რომლებსაც მარადიული მნიშვნელობა აქვთ. გონივრული იქნებოდა, მივყოლოდით პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის რჩევას: „იაზროვნეთ ცელესტიალურად“.24

ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება შეუძლია თითქმის ყველას, მიუხედავად ნიჭის, უნარის, შესაძლებლობებისა თუ ეკონომიკური გარემოებებისა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტული იყოს ოჯახის არჩევანი. აღნიშნული ნათლად ჩანს წმინდა წერილში. დაფიქრდით ჩანაწერზე 1-ლი ნეფიდან, როდესაც ლეხი „წავიდა უდაბნოში. და მიატოვა თავისი სახლი და თავისი სამკვიდრო მიწა, ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ნივთები და არ წაიღო თან არაფერი ოჯახის გარდა“.25

როდესაც ცხოვრებისეული დაბრკოლებების წინაშე ვდგებით, თავს იჩენს მრავალი მოვლენა, რომელსაც ჩვენ მცირედ ან საერთოდ ვერ ვაკონტროლებთ. ჯანმრთელობის გამოწვევები და უბედური შემთხვევები, ცხადია, შეიძლება ამ კატეგორიიდან იყოს. ბოლოდროინდელმა COVID-19 პანდემიამ სერიოზულად იმოქმედა ისეთ ადამიანებზე, რომლებმაც ყველაფერი სწორად გააკეთეს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან არჩევანზე ჩვენ გვაქვს კონტროლი. დავუბრუნდეთ ჩემს მისიონერულ დღეებს: უხუცესმა მარიონ დ. ჰენკსმა, ჩვენი მისიის პრეზიდენტმა, ყველას დაგვაზეპირებინა ელა უილერ ვილკოქსის ლექსის ნაწილი.

არ არსებობს შანსი, არც ბედისწერა, არც ბედი, რომელსაც

შეუძლია გვერდი აუაროს, ხელი შეუშალოს ან მართოს

შეუპოვარი სულის მტკიცე გადაწყვეტილება.26

პრინციპების, ქცევის, რელიგიურ და სამართლიანი ცხოვრების საკითხებს ჩვენ ვაკონტროლებთ. მამა ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტესადმი, ჩვენი რწმენა და თაყვანისცემა არის არჩევანი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ.27

გთხოვთ, გესმოდეთ, რომ მე არ ვემხრობი განათლების ან პროფესიის მიმართ ინტერესის შემცირებას. მე იმას ვამბობ, რომ როდესაც განათლებასთან და სამსახურთან დაკავშირებული მცდელობები ოჯახზე ან ქრისტესთან ერთიანობაზე მაღლა დგას, ამის უნებლიე შედეგები შეიძლება საკმაოდ საზიანო იყოს.

მოძღვრება და აღთქმები 20 -ში მოცემული მკაფიო და მარტივი მოძღვრება ამაღელვებელი და დამაჯერებელია, რადგან ის ამყარებს და განმარტავს წმინდა სულიერ ცნებებს. ის გვასწავლის, რომ ხსნა მოდის, როცა იესო ქრისტე ამართლებს და განწმენდს მომნანიებელ სულებს მხსნელის მადლის წყალობით.28 ის ამზადებს ნიადაგს, თავისი გამოსყიდვის გამორჩეული როლისთვის.

ჩვენ უნდა ვეცადოთ, სხვები ჩავრთოთ ჩვენს ერთიანობის წრეში. თუ ჩვენ გვინდა მივყვეთ პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის დარიგებას - შევკრიბოთ გაფანტული ისრაელი საბურველის ორივე მხარეს, ჩვენ სხვებიც უნდა ჩავრთოთ ჩვენი ერთიანობის წრეში. როგორც პრეზიდენტი ნელსონი შესანიშნავად გვასწავლიდა: „ყოველ კონტინენტზე და ზღვის კუნძულებზე, ერთგული ხალხი იკრიბება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში. განსხვავება კულტურაში, ენაში, სქესში, რასასა და ეროვნებაში მაშინვე ქრება, როდესაც მორწმუნეები შედიან აღთქმის გზაზე და მიდიან ჩვენს საყვარელ გამომსყიდველთან“.29

ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი სიყვარული და რწმენა იესო ქრისტესადმი და ჩვენ ვართ მოსიყვარულე მამაზეციერის შვილები. ჭეშმარიტი კუთვნილების არსი არის ერთობა იესო ქრისტესთან. ნათლობის და ზიარების წეს-ჩვეულებები, რომლებიც მოცემულია მოძღვრება და აღთქმები 20-ში, ჩვენს სატაძრო აღთქმებთან ერთად, გვაერთიანებს განსაკუთრებული გზებით და გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ერთიანნი, ყველა სამარადისოდ მნიშვნელოვან საქმეში და ვიცხოვროთ მშვიდობასა და ჰარმონიაში.

ჩემი მტკიცე და სარწმუნო მოწმობაა, რომ იესო ქრისტე ცოცხალია და მისი გამოსყიდვის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ერთიანნი ქრისტესთან. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. დევიდი, 17 წლის ასაკში, ეხმარებოდა ზოგი წმინდანის, ყინულით სავსე მდინარე სვითვოთერზე გადაყვანაში, როდესაც ისინი ვაიომინგის მაღალმთიან დაბლობზე ჩარჩნენ (იხ. წმინდანები: იესო ქრისტეს ეკლესიის ამბები უკანასკნელ დღეებში, ტომი მე-2-ე, No Unhallowed Hand, 1846–1893 [2020], 237).

  2. იხ. მორონი 7:27-28.

  3. ნორვეგიის მთავარი რაბინი, რაბი მაიკლ მელქიორი და მე ვიყავით მთავარი მომხსენებლები ებრაელთა უკანასკნელ დღეთა წმინდანთა მეცნიერთა დიალოგზე, რომელიც ჩატარდა 2019 წლის 5 ივნისს, BYU-ის იერუსალიმის ცენტრში, ისრაელში.

  4. იხ იოანე 17:20.

  5. იოანე 17:21–22.

  6. See “The Conference Minutes and Record Book of Christ’s Church of Latter Day Saints, 1838–1839, 1844” (commonly known as the Far West Record), June 9, 1830, Church History Library, Salt Lake City; Steven C. Harper, Making Sense of the Doctrine and Covenants (2008), 75.

  7. მოძღვრება და აღთქმები 20 იყო პირველი გამოცხადება, რომელიც გამოქვეყნდა საეკლესიო გაზეთში და გამოიყენებოდა მისიონერების მიერ როგორც მოძღვრების, ისე ნათლობისა და ზიარების წეს-ჩვეულებების აღსრულების თვალსაზრისით. (see Harper, Making Sense of the Doctrine and Covenants, 75).

  8. See 2 Nephi 2:7.

  9. იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:37.

  10. იხ.2 ნეფი 26:33.

  11. 2 ნეფი 26:28.

  12. Peter Wood, Diversity: The Invention of a Concept (2003), 20.

  13. ნეჰორმა ეს პოზიცია დაიკავა (see Alma 1:4).

  14. იხ მოძღვრება და აღთქმები 29:49–50.

  15. 2 ნეფი 2:27–28.

  16. Stanford (publication of the Stanford Alumni Association), Dec. 2023, cover.

  17. In Sam Scott, “As If You Had a Choice,” Stanford, Dec. 2023, 44. სტატიაში პროფესორი იდენტიფიცირებულია, როგორც რობერტ საპოლსკი, სტენფორდის ბიოლოგიის, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის პროფესორი და სამეცნიერო წიგნების ბესტსელერი ავტორი. სტატია შეიცავს საპირისპირო შეხედულებებს, მათ შორის არის ალფრედ მელის, ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორის შეხედულება, რომელიც ხელმძღვანელობდა ჯონ ტემპლტონის ფონდის დიდ პროექტს თავისუფალი ნების საფუძველზე. მისი განცხადებით: „მეცნიერებს ნამდვილად არ დაუმტკიცებიათ, რომ თავისუფალი ნება, თუნდაც ამბიციური თავისუფალი ნება, არის ილუზია“. (in Scott, “As If You Had a Choice,” 46).

  18. იხილეთ დ. ტოდ კრისტოფერსონი, “მორალური არჩევანის თავისუფლება” (ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის სულიერების საათი, იან. 31, 2006).

  19. იხ მოძღვრება და აღთქმები 58:27.

  20. 2 ნეფი 2:27.

  21. მოსე 4:3.

  22. True to the Faith: A Gospel Reference (2004), 12.

  23. ალმა 41:10.

  24. იხ. რასელ მ. ნელსონი, „იაზროვნეთ ცელესტიალურად“, Liahona, Nov. 2023, 117-20.

  25. 1 ნეფი 2:4.

  26. ელა უილერ უილკოქსის პოეტური ნაწარმოებები (1917 წ.), 129.

  27. მე ყოველთვის მომწონდა უხუცეს ნილ ა. მაქსველის მიერ გაზიარებული ციტატა, რომელიც ამას ყველაზე ლაკონურად გამოხატავდა: „თუ პირველ რიგში არ აირჩიე ღვთის სასუფეველი, საბოლოო ჯამში არავითარი მნიშვნელობა არ ექნება იმას, თუ რა აირჩიე მის ნაცვლად“ (ეძღვნება ვილიამ ლოს, მე-18 საუკუნის სასულიერო პირს; ნილ ა. მაქსველის ციტატა, „პასუხი მოწოდებაზე“, Ensign, მაისი, 1974 წ, 112).

  28. იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:29-31. კალვინიზმის თეოლოგია ხაზს უსვამდა დაცემული სულების გამართლებას და განწმენდას იესო ქრისტეს მადლით. ის გვასწავლიდა, რომ როგორც კი ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა სული გადარჩენისთვის, ვერაფერი შეცვლიდა შედეგს. მოძღვრება და აღთქმები 20 ეწინააღმდეგება კალვინიზმს. მასში ვკითხულობთ: „არსებობს შესაძლებლობა, რომ ადამიანი მადლს განეშოროს და ცოცხალი ღმერთი მიატოვოს“ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:32–34; Harper, Making Sense of the Doctrine and Covenants, 74).

  29. რასელ მ. ნელსონი, “Building Bridges (ხიდების აშენება),” ლიახონა, დეკ. 2018 წ. 51.

ამობეჭდვა