გენერალური კონფერენცია
მსახურებისთვის წინასწარ არჩეული
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


მსახურებისთვის წინასწარ არჩეული

ჩვენს ზეციერ მამას სურს, გაგიცხადოთ თქვენი პირადი წინასწარი არჩევა და ის ამას გააკეთებს, როცა თქვენ ცდილობთ ისწავლოთ და მიჰყვეთ მის ნებას.

ამ საღამოს ვესაუბრები ეკლესიის ახალგაზრდებს, ახალგაზრდა მამაკაცებისა და ახალგაზრდა ქალების მზარდ თაობას, რომლებიც მომავალი თაობისთვის სტანდარტების მატარებლები არიან.

2013 წლის ოქტომბერში ჩვენმა საყვარელმა წინასწარმეტყველმა, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა, განაცხადა: „თქვენი ზეციერი მამა დიდი ხანია, გიცნობთ. თქვენ, როგორც მისი ვაჟი ან ქალიშვილი, ამორჩეული იყავით მის მიერ, რათა მოსულიყავით დედამიწაზე ზუსტად ამ დროს და ყოფილიყავით მისი დიდებული საქმის წინამძღოლი დედამიწაზე.

ორი წლის წინ პრეზიდენტმა ნელსონმა განაგრძო:

„დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ უფალმა სთხოვა ყველა ღირსეულ, ქმედუნარიან ახალგაზრდას, მოემზადოს და იმსახუროს მისიაში. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ახალგაზრდა მამაკაცებისთვის მისიონერული მსახურება მღვდლობის პასუხისმგებლობაა. თქვენ, ახალგაზრდა მამაკაცებო, შერჩეული ხართ იმ დროისთვის, როცა ისრაელის აღთქმული შეკრება უნდა მოხდეს. …

„თქვენთვის, ახალგაზრდა და ქმედუნარიოანო დებო, მისია არამხოლოდ ძლიერი, არამედ არჩევითიშესაძლებლობაა. … ილოცეთ, რომ გაიგოთ, სურს თუ არა უფალს, რომ მისიაში იმსახუროთ და სულიწმინდა უპასუხებს თქვენს გულსა და გონებას”.

ჩვენი წინასწარმეტყველის მითითებები უფალზე, რომელიც რეზერვში ინახავს ჩვენი დროის ახალგაზრდებს ისრაელის შეკრების დროსთვის და მოგიხმობთ სალოცავად, რათა იცოდეთ, თუ რას ისურვებდა უფალი, რომ გაგეკეთებინათ, ნაწილობრივ მიუთითებს, რა ცხოვრებით იცხოვრეთ და რა კურთხევები მიიღეთ უფლისგან, ვიდრე დაიბადებოდით დედამიწაზე. ყოველი ჩვენგანი, ვინც დაიბადა დედამიწაზე, პირველად ცხოვრობდა მამაზეციერთან, როგორც მისი სულიერი შვილი. უფალმა განუცხადა მოსეს: „მე, უფალმა ღმერთმა, შევქმენი ყოველივე … სულიერად, სანამ ბუნებრივად გაჩნდებოდა დედამიწის პირზე“.

როდესაც სულიერად შეგქმნათ, მან შეგიყვარათ როგორც თავისი სულიერი ვაჟები და ასულები და თითოეულ თქვენგანში ჩანერგა ღვთაებრივი ბუნება და მარადიული დანიშნულება.

თქვენი წინამიწიერი ცხოვრების განმავლობაში „თქვენ განავითარეთ თქვენი ვინაობა და გაზარდეთ თქვენი სულიერი შესაძლებლობები“. თქვენ მიიღეთ დალოცვა თავისუფალი არჩევნის ძღვენით, საკუთარი თავისთვის არჩევნის გაკეთების უნარით და მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორებიცაა მამაზეციერის ბედნიერების გეგმის მიყოლა, რომელიც არის „ფიზიკური სხეულისა და მიწიერი გამოცდილების მიღებისთვის … და საბოლოოდ თქვენი, როგორც მარადიული სიცოცხლის მემკვიდრეების ღვთაებრივი ბედის გაცნობიერებისთვის.” ამ გადაწყვეტილებამ იმოქმედა თქვენს ცხოვრებაზე მაშინ, თქვენს წინამიწიერ ცხოვრებაში და ის ახლაც განაგრძობს ზემოქმედებას თქვენს ცხოვრებაზე. თქვენ, როგორც წინამიწიერ ცხოვრებაში მცხოვრები ღვთის შვილი, „გაიზარდეთ გონიერებაში და ისწავლეთ ჭეშმარიტების სიყვარული“.

სანამ დაიბადებოდით, ღმერთმა თითოეული თქვენგანი დედამიწაზე კონკრეტული მისიების შესასრულებლად დანიშნა. თუ ღირსი დარჩებით, ამ წინამიწიერი ბრძანებულების კურთხევა საშუალებას მოგცემთ, გქონდეთ ყველანაირი შესაძლებლობა ამ ცხოვრებაში, მათ შორის, შესაძლებლობა იმსახუროთ ეკლესიაში და მონაწილეობა მიიღოთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეში, რომელიც დღეს ხორციელდება დედამიწაზე: ისრაელის შეკრება. ამ წინამიწიერ დაპირებებსა და კურთხევებს ჰქვია თქვენი წინასწარ არჩევა. „მოძღვრება წინასწარ არჩევის შესახებ ვრცელდება ეკლესიის ყველა წევრზე. წინასწარ არჩევა არ იძლევა გარანტიას, რომ მიიღებთ გარკვეულ მოწოდებებს ან პასუხისმგებლობებს. ეს კურთხევები და შესაძლებლობები ამ ცხოვრებაში მოდის თქვენი თავისუფალი არჩევნის სამართლიანი განხორციელების შედეგად, ისევე როგორც თქვენი წინასწარ განსაზღვრა თქვენს წინამიწიერ ცხოვრებაში მოვიდა სამართლიანობის შედეგად. როდესაც დაამტკიცებთ ღირსეულობას და წინ წაიწევთ აღთქმის გზაზე, თქვენ მიიღებთ შესაძლებლობას, იმსახუროთ თქვენს ახალგაზრდა ქალების კლასში ან მღვდლობის ქვორუმში. დალოცვილი იქნებით, რომ იმსახუროთ ტაძარში, გახდეთ მზრუნველი ძმა ან და და იმსახუროთ მისიაში, როგორც იესო ქრისტეს მოწაფემ.

რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენი წინასწარ არჩევის შესახებ ცოდნა და მისი შემეცნება? მაშინ, როდესაც გროვდება კითხვები, როდესაც ამდენი ადამიანი ცდილობს, შეიცნოს თავისი ნამდვილი ვინაობა, იმ ფაქტს, რომ ღმერთი იცნობს და მან დალოცა თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალურად, ვიდრე საერთოდ დედამიწაზე დავიბადებოდით – „წინამიწიერი, მიწიერი და მარადიული სიცოცხლის დანიშნულებისა და მიზნისათვის“ – მოაქვს ტკბილი სიმშვიდე და რწმენა ჩვენი გონებისა და გულისთვის. იმის ცოდნა, თუ ვინ ხარ, იწყება ღმერთის წინასწარ არჩეული კურთხევების წვდომით, რომლებიც მან დედამიწაზე დაბადებამდე მოგანიჭათ. ჩვენს ზეციერ მამას სურს, გაგიცხადოთ თქვენი პირადი წინასწარი არჩევა და ის ამას გააკეთებს, როცა თქვენ ცდილობთ ისწავლოთ და მიჰყვეთ მის ნებას.

მე მიყვარს პრეზიდენტ ნელსონის ინსტაგრამის პოსტების კითხვა. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პოსტი 2022 წლის 20 ივლისს დაიდო. იქ ეწერა:

„მე მჯერა: უფალი რომ პირდაპირ დაგლაპარაკებოდათ, იგი უპირველესად დარწმუნდებოდა, რომ თქვენ გესმით, თუ რა არის თქვენი ჭეშმარიტი იდენტობა. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ ფაქტობრივად ღვთის სულიერი შვილები ხართ. …

„… არ შეცდეთ: თქვენი პოტენციალი ღვთაებრივია. თქვენი გულმოდგინე ძიებით ღმერთი მოგცემთ საშუალებას დაინახოთ, რანი შეიძლება გახდეთ.”

შეიძლება, გაგიზიაროთ, როგორ მასწავლა მიწიერმა მამამ ჩემი ვინაობისა და ღმერთის გეგმის აღმოჩენა ცხოვრებაში?

ერთხელ, შაბათის დილით, როცა 13 წლის ვიყავი, ბალახს ვთიბავდი, რაც ჩემი ყოველკვირეული სამუშაოების ნაწილი იყო. როცა დავამთავრე, გავიგე ჩვენი სახლის უკანა მხარეს კარის დახურვა და დავინახე, მამაჩემი რომ მეძახდა. უკანა ვერანდისკენ წავედი და მან მთხოვა, მასთან ერთად დავმჯდარიყავი კიბეებზე. მშვენიერი დილა იყო. ახლაც მახსოვს, როგორ იჯდა ჩემთან ისე ახლოს, რომ ჩვენი მხრები ერთმანეთს ეხებოდა. მან დაიწყო იმით, რომ მითხრა, ვუყვარდი. მან მკითხა, რა მიზნები მქონდა ცხოვრებაში. მე გავიფიქრე: „ეს ადვილია”. ორი რამ ზუსტად ვიცოდი: მინდოდა უფრო მაღალი ვყოფილიყავი და უფრო ხშირად მევლო სალაშქროდ. უბრალო სულის ადამიანი ვიყავი. მან გაიღიმა, ცოტა ხნით შეჩერდა და თქვა: „სტივ, მინდა გითხრა ის, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვლოცულობდი, რომ ჩვენმა ზეციერმა მამამ ისე მოახდინოს, რომ რასაც ახლა ვამბობ, წარუშლელად აღიბეჭდოს შენს გონებასა და სულში, რათა არასდროს დაგავიწყდეს“.

მამაჩემმა იმ მომენტში მთელი ჩემი ყურადღება მიიპყრო. ის შემობრუნდა, თვალებში ჩამხედა და მითხრა: „შვილო, დაიცავი შენი ცხოვრების პირადი დრო“. იყო ხანგრძლივი პაუზა; იგი იცდიდა, რომ მისი სიტყვების მნიშვნელობა ღრმად ჩასულიყო ჩემს გულში.

შემდეგ მან განაგრძო: „ხომ იცი, ის დრო, როცა სულ მარტო ხარ და არავინ იცის, რას აკეთებ? ის დრო, როცა ფიქრობ: „რასაც ახლა ვაკეთებ, სხვაზე არ მოქმედებს, ეს მხოლოდ ჩემზე აისახება“?”

შემდეგ მან თქვა: „ის, რასაც აკეთებ შენი ცხოვრების პირად დროს, ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ დაუპირისპირდები გამოწვევებსა და გულის ტკივილს, რომელსაც შეხვდები; და ის, რასაც აკეთებ შენი ცხოვრების პირად დროს, ასევე უფრო დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ დაუპირისპირდები წარმატებებსა და სიხარულს, რომელიც შეგხვდება”.

მამაჩემმა აისრულა გულისწადილი. მისი ხმის ჟღერადობა, ტემბრი და სიყვარული, რომელსაც მის სიტყვებში ვგრძნობდი, წარუშლელად აღიბეჭდა იმ დღეს ჩემს გონებასა და სულში.

წლების შემდეგ გავიაზრე, რომ იმ დღის უდიდესი სასწაული ჩემი ბავშვობის სახლის კიბეებზე იყო ის, რომ ჩემი ცხოვრების პირად დროს ლოცვით შემეძლო ღმერთთან მისვლა გამოცხადების მისაღებად. მამაჩემი მასწავლიდა, როგორ შემეძლო გამეგო ღვთის წინასწარ არჩეული კურთხევების შესახებ. იმ პირად მომენტებში გავიგე, რომ მორმონის წიგნი ღვთის სიტყვაა. გავიგე, რომ ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა მისიაში ჩემი მსახურება. გავიგე, რომ ღმერთი მიცნობს, ისმენს და პასუხობს ჩემს ლოცვებს. გავიგე, რომ იესო არის ქრისტე, ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი.

მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემთან ერთად გატარებულ იმ სამახსოვრო დღის შემდეგ ბევრი შეცდომა დავუშვი, ჩემი ცხოვრების პირადი დროის დაცვის მცდელობა დარჩა ღუზად შუაგულ ცხოვრებისეულ ქარიშხლებში და მომცა საშუალება, მეძია უსაფრთხო ზეცა და ჩვენი მხსნელის სიყვარულისა და გამომსყიდველი მსხვერპლის მკურნალი, განმამტკიცებელი კურთხევები.

ჩემო ახალგაზრდა ძმებო და დებო, როცა დაიცავთ თქვენი ცხოვრების პირად პერიოდებს ჯანსაღი დასვენებით, ამაღლებული მუსიკის მოსმენით, წმინდა წერილების კითხვით, რეგულარული, აზრიანი ლოცვით და პატრიარქის კურთხევის მიღების მცდელობით და მასზე მსჯელობით, თქვენ მიიღებთ გამოცხადებას. პრეზიდენტი ნელსონის სიტყვებით, თქვენი თვალები გახდება „ფართოდ გახელილი ჭეშმარიტებისთვის, რომ ეს ცხოვრება ნამდვილად არის დრო, როდესაც უნდა გადაწყვიტოთ, თქვენ როგორი ცხოვრებით ცხოვრება გსურთ მარადის“.

ჩვენი ზეციერი მამა უპასუხებს თქვენს ლოცვებს, განსაკუთრებით იმ ლოცვებს, რომლებიც თქვენი ცხოვრების პირად დროს აღავლინეთ. ის გაგიმხელთ თქვენს წინასწარ არჩეულ ძღვენსა და ნიჭს და იგრძნობთ, რომ მისი სიყვარული გარს გერტყმით, თუ გულწრფელად მოითხოვთ და გულწრფელად მოისურვებთ ამის ცოდნას. როცა დაიცავთ თქვენი ცხოვრების პირად დროს, თქვენი მონაწილეობა სახარების წეს-ჩვეულებებში და აღთქმებში უფრო აზრიანი და შინაარსიანი იქნება. თქვენ უფრო მეტად დაუკავშირდებით ღმერთს იმ აღთქმებში, რომლებსაც დადებთ მასთან და ამაღლდებით, რათა გქონდეთ მეტი იმედი, რწმენა და დარწმუნება იმ დაპირებებისა, რომლებიც მან აღგითქვათ. გსურთ, იცოდეთ ღმერთის გეგმა თქვენთვის? მე ვმოწმობ, რომ მას სურს, იცოდეთ და მან შთააგონა თავის წინასწარმეტყველს, რომ ეთხოვა თითოეული ჩვენგანისთვის, გველოცა და ეს თვალისამხელი გამოცდილება მიგვეღო. მე ვმოწმობ ჩვენი მხსნელის გამომსყიდველი მსხვერპლის რეალობასა და ძალას, რომელიც შესაძლებელს ხდის, ვიცხოვროთ და ვისარგებლოთ ღმერთის წინასწარ არჩეული კურთხევებით. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა