გენერალური კონფერენცია
„იყავით წყნარად და იცოდეთ, რომ მე ვარ ღმერთი“
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


„იყავით წყნარად და იცოდეთ, რომ მე ვარ ღმერთი“

თუ მოვინდომებთ, შევძლებთ წყნარად ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის ჩვენი ზეციერი მამა, ჩვენ ვართ მისი შვილები და იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი.

უფლის ახალი სახლის ღია კარისა და მედიის დღის განმავლობაში, მე იმ წმინდა შენობაში ჟურნალისტთა ჯგუფს ვახლდი. მე მათ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ტაძრების დანიშნულება ავუხსენი და მრავალ მათ ბრწყინვალე შეკითხვას ვუპასუხე.

ცელესტიალურ ოთახში შესვლამდე მე მათ ავუხსენი, რომ ეს განსაკუთრებული ოთახი უფლის სახლში, სიმბოლურად წარმოადგენდა ზეციური სასუფევლის სიმშვიდესა და სილამაზეს, რომელშიც ჩვენ ამ ცხოვრების შემდეგ შევძლებთ დაბრუნებას. მე ვუთხარი ჩვენს სტუმრებს, რომ ცელესტიალურ ოთახში ყოფნისას არ ვილაპარაკებდით, მაგრამ სიამოვნებით ვუპასუხებდი მათ ნებისმიერ კითხვას, როცა ტურის სხვა ადგილას გადავინაცვლებდით.

ცელესტიალური ოთახიდან გასვლის შემდეგ, როდესაც შემდეგ ადგილას შევიკრიბეთ, მე ვკითხე ჩვენს სტუმრებს, შენიშნეს თუ არა ისეთი რამ, რისი გაზიარებაც სურდათ. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ძალიან ემოციურად მითხრა: „ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გამომიცდია. არც კი ვიცოდი, რომ ასეთი სიჩუმე სადმე მსოფლიოში არსებობდა; უბრალოდ არ მჯეროდა, რომ ასეთი სიწყნარე შესაძლებელი იყო“.

მე გამაოგნა ამ ადამიანის განცხადების გულწრფელობამა და უბრალოებამ. და ამ ჟურნალისტის რეაქციამ ხაზი გაუსვა სიწყნარის ერთ მნიშვნელოვან ასპექტს - ჩვენი გარე სამყაროს მღელვარების დაძლევასა და გათიშვას.

როდესაც მოგვიანებით ჟურნალისტის კომენტარს ჩავუღრმავდი და დავფიქრდი ჩვენი თანამედროვე ცხოვრების ხშირად დაძაბულ ტემპზე - დაკავებულობა, ხმაური, გადახრები, ყურადღების გაფანტვა და შემოვლითი გზები, რომლებიც ხშირად ითხოვენ ჩვენს ყურადღებას - გამახსენდა ნაწყვეტი წმინდა წერილიდან: „იყავით წყნარად და იცოდეთ, რომ მე ვარ ღმერთი“.1

მე ვლოცულობ იმაზედ, რომ სულიწმინდამ გაანათოს თითოეული ჩვენგანი, როდესაც განვიხილავთ ჩვენი ცხოვრების სიწყნარის უფრო მაღალ და წმინდა განზომილებას - სულის შინაგან სულიერ სიმშვიდეს, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ ღმერთი არის ჩვენი ზეციური მამა, ჩვენ მისი შვილები ვართ და იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი. ეს შესანიშნავი კურთხევა ხელმისაწვდომია ეკლესიის ყველა წევრისთვის, რომელიც ერთგულად ცდილობს, გახდეს „უფლის აღთქმულ[ი] ხალხ[ი]“.2

იყავით წყნარად

1833 წ. წმინდანები მისურიში ძლიერი დევნის სამიზნე იყვნენ. ჯექსონის ოლქში ბრბო მათ საკუთარი სახლებიდან დევნიდა, ამიტომ ეკლესიის ზოგიერთი წევრი ცდილობდა მეზობელ ოლქებში დასახლებას. მაგრამ დევნა გაგრძელდა და იყო დიდი მუქარა სიცოცხლის მოსწრაფებისა. ამ რთულ ვითარებაში უფალმა გაუმხილა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს ოჰაიოში, კირტლანდში, შემდეგი მითითებები:

„ამიტომ, დაე, თქვენი გულები იყოს დამშვიდებული სიონის გამო; ვინაიდან, ჩემს ხელშია ყოველი ხორციელი; იყავით წყნარად და იცოდეთ, რომ მე ვარ ღმერთი“.3

მე მწამს, რომ უფლის შეგონება „იყავით წყნარად“ იმაზე მეტს მოითხოვს, ვიდრე უბრალოდ არ ლაპარაკობდე ან არ მოძრაობდე. შესაძლოა მისი განზრახვა არის ის, რომ გვახსოვდეს იგი და დავეყრდნოთ მას და მის ძალას „ყოველთვის, ყველაფერში და ყველგან, სადაც არ უნდა [ვ]იყოთ“.4 ასე რომ, „იყავით წყნარად“ შეიძლება იყოს ჩვენთვის შეხსენება, მტკიცედ ვახდენდეთ ფოკუსირებას მხსნელზე, როგორც სულის სულიერი სიმშვიდის მთავარ წყაროზე, რომელიც გვაძლიერებს მძიმე საქმეების გასაკეთებლად და დასაძლევად.

აშენეთ კლდეზე

ჭეშმარიტი რწმენა ყოველთვის ფოკუსირებულია იესო ქრისტეზედა მასში. მასში - როგორც მარადიული მამის ღვთიურ და მხოლოდშობილ ძეში. მასზე კი როგორც გამოსყიდვის მისიის შემსრულებელზე.

„ვინაიდან, მან აღასრულა კანონის მიზანი და მოითხოვს ყოველ მათგანს, ვისაც აქვს მასში რწმენა; და ისინი, ვისაც რწმენა აქვთ, ჩაეჭიდებიან ყოველ კეთილს; ამიტომ, იგი ქომაგობს ადამიანთა შვილებს“.5

იესო ქრისტე არის ჩვენი გამომსყიდველი,6 ჩვენი შუამდგომი7 და ჩვენი ქომაგი8 მარადიულ მამასთან და ის კლდე, რომელზედაც ჩვენი ცხოვრების სულიერი საძირკველი უნდა ავაშენოთ.

ჰელამანმა აგვიხსნა: „გახსოვდეთ, გახსოვდეთ, რომ ჩვენი გამომსყიდველის კლდეზე, რომელიც არის ქრისტე, ძე ღვთისა, უნდა ააგოთ საძირკველი; რომ როდესაც ეშმაკი მოავლენს თავის ძლიერ ქარებს, დიახ, გრიგალში თავის ისრებს, დიახ, როდესაც მთელი მისი სეტყვა და ძლიერი ქარიშხალი თავს დაგატყდებათ, მას არ ექნება ძალა თქვენზედ, ჩაგითრიოთ უბედურებისა და მარადიული ვარამის უფსკრულში, იმ კლდის მადლით, რომელზეც აგებულნი ხართ, რომელიც არის მყარი საძირკველი, რომელზეც, თუ ადამიანი ააგებს, არ წაიქცევა“.9

„კლდე“, როგორც ქრისტეს სიმბოლო, რომელზედაც უნდა ავაშენოთ ჩვენი ცხოვრების საფუძველი, დიდად ჭკუის სასწავლებელია. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ ამ მუხლში მხსნელი არ არის საძირკველი. პირიქით, ჩვენ მოგვიწოდებენ, მასზე ავაშენოთ ჩვენი პირადი სულიერი საძირკველი.10

საძირკველი არის შენობის ის ნაწილი, რომელიც მას მიწასთან აკავშირებს. ძლიერი საძირკველი უზრუნველყოფს სტიქიებისა და მრავალი სხვა დამანგრეველი ძალებისგან დაცვას. სათანადო საძირკველი ასევე ანაწილებს შენობის წონას დიდ ფართობზე, რათა თავიდან ავიცილოთ ნიადაგის გადატვირთვა და უზრუნველვყოთ გარკვეული დონის სწორი ზედაპირი მშენებლობისთვის.

გამოსახულება
სახლი ძლიერი საძირკველით

მიწასა და საძირკველს შორის ძლიერი და საიმედო კავშირი აუცილებელია იმისთვის, რომ კონსტრუქცია დროთა განმავლობაში მტკიცე და სტაბილური დარჩეს. და კონკრეტული ტიპის კონსტრუქციებისთვის, შენობის საძირკვლის „ძირითად ქანთან“ ანუ ზედაპირის ქვეშ - ნიადაგისა და ხრეშის ქვემოთ მდებარე ხისტ, მყარ კლდეზე დასამაგრებლად შესაძლებელია გამჭედი ანკერებისა და ფოლადის ღერძების გამოყენება.

გამოსახულება
სახლი, რომელიც საძირკველზეა დამაგრებული.

ანალოგიურად, ჩვენი ცხოვრების საფუძველი უნდა იყოს დაკავშირებული ქრისტეს კლდესთან, თუ გვინდა დავრჩეთ მტკიცენე და ურყევნი. მხსნელის აღდგენილი სახარების წმინდა აღთქმები და წეს-ჩვეულებები შეიძლება შევადაროთ გამჭედ ანკერებსა და ფოლადის ღერძებს, რომლებიც შენობის კლდესთან დასაკავშირებლად გამოიყენება. ყოველ ჯერზე, როდესაც ერთგულად მივიღებთ, გავიმეორებთ, გავიხსენებთ და განვაახლებთ წმინდა აღთქმებს, ჩვენი სულიერი ანკერები კიდევ უფრო მტკიცედ და მყარად დაგვამაგრებს იესო ქრისტეს „კლდესთან“.

„ამიტომ, ვინც ღმერთს იწამებს, შეუძლია ჭეშმარიტად ჰქონდეს იმედი უკეთესი ქვეყნისა, დიახ, ღმერთის მარჯვენა ხელის მხარეს, და ეს რწმენიდან წამოსული იმედი იქცევა ადამიანთა სულების ღუზად , რომელიც გააძლიერებს და განამტკიცებს მათ, ყოველთვის აღსავსე კეთილი საქმეებით, რომლებიც წინ გაუძღვებათ ღმერთის სადიდებლად“.11

თანდათან და უფრო მეტად „დროთა განმავლობაში“12 „სათნოებით [გახდება] შემკობილი [ჩვენი] ფიქრები“, „[უფრო და უფრო] გაძლიერდება [ჩვენი] ნდობა ღმერთის გარემოცვაში“ და „სულიწმინდა იქნება [ჩვენი] მუდმივი მეგზური“.13 ჩვენ უფრო მჭიდროდ ვუკავშირდებით მიწას, ფესვს ვიდგამთ, და ვმკვიდრდებით.14 როდესაც ჩვენი ცხოვრების საძირკველი მაცხოვარზეა აგებული, ჩვენ ვიღებთ დალოცვას „[ვიყოთ] წყნარად“ ანუ გვქონდეს სულიერი გარანტია, რომ ღმერთი არის ჩვენი ზეციერი მამა, ჩვენ ვართ მისი შვილები და იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი.

წმინდა დრონი, წმინდა ადგილები და სახლი

უფალი უზრუნველყოფს წმინდა დროსა და წმინდა ადგილებს, რათა დაგვეხმაროს ჩვენი სულების შინაგანი სიმშვიდის შეგრძნებასა და გარკვევაში.

მაგალითად, კვირადღე უფლის დღეა, წმინდა დრო რომელიც უნდა დავუთმოთ მამაზეციერის გახსენებასა და მისი ძის სახელით ლოცვას, მღვდლობის წეს-ჩვეულებებში მონაწილეობასა და წმინდა აღთქმების მიღებასა და განახლებას. ყოველ კვირას ჩვენ თაყვანს ვცემთ უფალს, როცა შინ ვსწავლობთ, აგრეთვე ზიარებისა და სხვა შეკრებების დროს „წმიდათა თანამოქალაქენი“ ვართ.15 უფლის წმინდა დღეს ჩვენი ფიქრები, ქმედებები და საქციელი არის ჩვენი ღვთისადმი სიყვარულის ნიშანი და მაჩვენებელი.16 ყოველ კვირას, თუ მოვინდომებთ, შევძლებთ წყნარად ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის ჩვენი ზეციერი მამა, ჩვენ ვართ მისი შვილები და იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი.

კვირადღის თაყვანისცემის მთავარი ნიშანია „[ვიაროთ] სამლოცველოში და [ჩავატაროთ ჩვენი] საიდუმლოებანი [უფლის] წმინდა დღეს“.17 „სამლოცველო[ები]“, რომლებშიც ჩვენ ვიკრიბებით კვირაობით, არის ეკლესიის შენობები და სხვა დამტკიცებული დაწესებულებები - მოწიწების, თაყვანისცემისა და სწავლისწმინდა ადგილები . ეკლესიის ყოველი შენობა და დაწესებულება მიძღვნილია მღვდლობის უფლებამოსილებით როგორც ადგილი, სადაც უფლის სული შეიძლება სუფევდეს და სადაც ღვთის შვილებს შეუძლიათ „შეიცნ[ონ] თავიანთი გამომსყიდველი“.18 და თუ მოვინდომებთ, შევძლებთ „წყნარად [ვიყოთ]“ ღვთის თაყვანისცემის ჩვენს წმინდა ადგილებში და კიდევ უფრო მეტი დარწმუნებით ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის ჩვენი მამაზეციერი, რომ ჩვენ მისი შვილები ვართ და რომ იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი.

ტაძარი არის მარადიული ჭეშმარიტებების სწავლისა და ღვთის მსახურებისა და თაყვანისცემისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი წმინდა ადგილი . უფლის სახლში ჩვენ განსხვავებულად ვფიქრობთ, ვმოქმედებთ და ვიცვამთ - ისე არა, როგორც სხვა ადგილებში. უფლის წმინდა სახლში, თუ მოვინდომებთ, ჩვენ შევძლებთ წყნარად ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის ჩვენი ზეციერი მამა, ჩვენ ვართ მისი შვილები და იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი.

წმინდა დროისა და წმინდა ადგილების ძირითადი დანიშნულებაც ზუსტად იგივეა: განმეორებით გავამახვილოთ ყურადღება მამაზეციერზე და მის გეგმაზე, უფალ იესო ქრისტეზე და მის გამოსყიდვაზე, სულიწმინდის განმანათლებელ ძალაზე და დაპირებებზე, რომლებიც დაკავშირებულია მხსნელის აღდგენილ სახარებასთან.

დღეს გავიმეორებ პრინციპს, რომელსაც ამის წინ გავუსვი ხაზი. ჩვენი სახლი უნდა იყოს წმინდა დროის და წმინდა ადგილის შერწყმა, სადაც ცალკეული პირები და ოჯახები შეძლებენ „წყნარად [ყოფნას]“ და ეცოდინებათ, რომ ღმერთი არის ჩვენი ზეციერი მამა, ჩვენ ვართ მისი შვილები და იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კვირა დღეს და უფლის სახლში ლოცვა. მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა შინ ვბრუნდებით წმინდა ადგილებში და ღონისძიებებზე მიღებული სულიერი ძალითა და ხედვით, ჩვენ შევძლებთ გავაგრძელოთ ყურადღების ფოკუსირება მიწიერი ცხოვრების მთავარ მიზნებზე და დავძლიოთ ცდუნებები, რომლებიც ასე ჭარბობს ჩვენს დაცემულ სამყაროში.

ჩვენი კვირადღეს, ტაძარში და სახლში მიღებული უწყვეტი გამოცდილება უნდა გვაძლიერებდეს სულიწმინდით, მამასთან და ძესთან მუდმივი და ძლიერი აღთქმის კავშირით და ღვთის მარადიული დაპირებების „იმედის სრულყოფილი ნათელით“.19

როცა სახლი და ეკლესია შეკრებილია ერთად და არის ერთი ქრისტეში,20 ჩვენ შეიძლება ყველა მხრიდან გვიტევდნენ, მაგრამ ჩვენი გონება და გული ამის გამო არ დაიტანჯება. შეიძლება გარემოებამ და გამოწვევებმა დაგვაბნიოს, მაგრამ სასოწარკვეთილებამდე არ მივალთ. შეიძლება გვდევნიდნენ, მაგრამ გვეცოდინება, რომ მარტონი არ ვართ.21 შეგვიძლია მივიღოთ სულიერი ძალა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიმტკიცე, სიმყარე და ჭეშმარიტება.

დაპირება და დამოწმება

გპირდებით, რომ როდესაც ჩვენი ცხოვრების საფუძველს იესო ქრისტეს „კლდეზე“ ვაშენებთ, ჩვენ შეგვიძლია სულიწმინდისგან სულის ინდივიდუალური და სულიერი სიწყნარის კურთხევა მივიღოთ, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ ღმერთი არის ჩვენი ზეციური მამა, ჩვენ მისი შვილები ვართ, იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი და ჩვენ შეგვიძლია მძიმე საქმეების შესასრულებლად და გადასალახად დალოცვა მივიღოთ.

მე სიხარულით ვმოწმობ, რომ ღმერთი არის ჩვენი მამაზეციერი, ჩვენ მისი შვილები ვართ და იესო ქრისტე არის ჩვენი გამომსყიდველი და ხსნის „კლდე“. მე ამას ვმოწმობ უფალი იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა