გენერალური კონფერენცია
ყველაფერი კარგად იქნება ტაძარში დადებული აღთქმების გამო
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


ყველაფერი კარგად იქნება ტაძარში დადებული აღთქმების გამო

არაფერია იმ აღთქმებზე მნიშვნელოვანი, რომლებიც უკვე დადეთ ან შესაძლოა, დადებთ ტაძარში.

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, გენერალური კონფერენციის ეს სესია ჩემთვის წმინდა დრო იყო. მადლიერი ვარ ამ დავალებისთვის - სიტყვით მივმართო მილიონობით უკანასკნელ დღეთა წმინდანებსა და ჩვენს მეგობრებს მთელ მსოფლიოში. მიყვარხართ და ვიცი, რომ უფალსაც უყვარხართ.

დაახლოებით 50 წლის წინ მე პატივი მქონდა, იადაჰოში, რექსბურგში, რიქს კოლეჯის პრეზიდენტად მემსახურა. 1976 წ. 5 ივნისის დილას მე და ჩემი მეუღლე, ქესი, რექსბურგიდან აიდაჰო ფოლსის ტაძარში მივდიოდით მანქანით, რათა ახლო მეგობრის ჩაბეჭდვას დავსწრებოდით. იმ დროს ჩვენ ოთხი ბიჭი გვყავდა და ამიტომ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ტაძარში ჩვენი წასვლა შესაძლებელი იყო მხოლოდ ჩვენი მამაცი ძიძის დახმარებით. ჩვენ ძვირფასი შვილები მას მივანდეთ და მოკლე, 30 წუთიან მოგზაურობას შევუდექით.

ჩვენი გამოცდილება ტაძარში იმ დღეს მშვენიერი იყო, როგორც ყოველთვის. თუმცა, სატაძრო ჩაბეჭდვის ბოლოს, როცა უკვე შინ დასაბრუნებლად ვემზადებოდით, ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ტაძრის მუშაკები და ტაძარში მოსიარულენი ტაძრის შესასვლელში აღელვებულად საუბრობდნენ. და სულ რამდენიმე წუთში ტაძრის ერთ-ერთმა მუშაკმა შეგვატყობინა, რომ ახალაშენებული ტეტონის კაშხალი აღმოსავლეთ აიდაჰოში ჩამოინგრა! 80 მილიარდზე მეტი გალონი (300 მილიონი კუბური მეტრი) წყალი მიედინებოდა კაშხლის გავლით ახლომდებარე 300 კვადრატულ მილის (775 კვადრატული კმ) ფართობის დაბლობში. ქ. რექსბურგის უმეტესი ნაწილი წყლის ქვეშ აღმოჩნდა, სახლები და მანქანები წყალმა წაიღო. 9 000 მოსახლეობის ორი მესამედი უცებ უსახლკარო აღმოჩნდა.

ადვილი წარმოსადგენია, რომ იმ დროს ჩვენი ფიქრები და შეშფოთება საყვარელი შვილების, ასობით კოლეჯის სტუდენტის, ფაკულტეტისა და საყვარელი თემის უსაფრთხოებას უკავშირდებოდა. სახლიდან 30 მილის ნაკლებ (50 კმ) მანძილზე ვიმყოფებოდით, მაგრამ იმ დღეს შვილებთან კომუნიკაციის არანაირი საშუალება არ გვქონდა (მაშინ ხომ მობილური ტელეფონები და ესემესები გამოგონილი არ იყო), და ვერც აიდაჰო ფოლსიდან რექსბურგში ვერ ვბრუნდებოდით რადგან ყველა გზა გადაკეტილი იყო.

ერთადერთი გამოსავალი გვქონდა - აიდაჰო ფოლსის ადგილობრივ სასტუმროში გაგვეთენებინა ღამე. მე და ქესიმ სასტუმროს ოთახში მუხლი მოვიყარეთ და თავმდაბლად შევევედრეთ მამაზეციერს, დაეფარა ჩვენი შვილები და ათასობით სხვა ტრაგიკული მოვლენით დაზარალებული ადამიანი. მახსოვს, როგორ დილამდე დადიოდა წინ და უკან ქესი, შვილების გამო ნერვიულობდა. მიუხედავად იმისა, რომ მეც ძალიან შეწუხებული ვიყავი, შევძელი თავის ხელში აყვანა და როგორ იქნა, დავიძინე.

დიდი დრო არ გასულა, როცა ჩემმა ტკბილმა მარადიულმა მეწყვილემ გამაღვიძა და მითხრა: „ჰალ, როგორ შეგიძლია ამ დროს ძილი“?

პირდაპირ გულში და გონებაში შემდეგი სიტყვები გამიჩნდა. მე ვუთხარი მეუღლეს: „ქესი, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი კარგად იქნება ტაძრის გამო. ჩვენ ღმერთთან აღთქმა დავდეთ და სამარადისოდ ჩავიბეჭდეთ, როგორც ოჯახი.

იმ მომენტში გეგონება უფლის სულიწმინდამ დაგვიდასტურა გულში და გონებაში ის, რაც ორივემ ისედაც ვიცოდით, იყო ჭეშმარიტი: ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულებებმა, რომლებიც მხოლოდ უფლის სახლში და იმ პირთა მიერ ტარდება, ვისაც შესაფერისი უფლებამოსილება აქვს, შეგვკრეს ერთად როგორც ცოლი და ქმარი, ჩვენი შვილები კი ჩვენთან ერთად ჩაიბეჭდნენ. ნამდვილად არ იყო საჭირო შიში, ჩვენ მოგვიანებით მადლიერებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი ბიჭები უსაფრთხოდ იყვნენ.

შესაძლოა, პრეზიდენტ თომას ს. მონსონის ეს განცხადება საუკეთესოდ ასახავს იმას, თუ რა ვიგრძენით მე და ქესიმ იმ დაუვიწყარ ღამეს. „ტაძარში ყოფნისას ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ სულიერების განზომილებას და სიმშვიდისშეგრძნებას. … ჩვენ გავიგებთ მხსნელის მიერ ნათქვამი სიტყვების ჭეშმარიტ მნიშვნელობას, როცა მან თქვა: „მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. … ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება“.[იოანე 14:27].’”

მე დალოცვილი ვარ, რადგან ამ სიმშვიდეს ვგრძნობ ყოველ ჯერზე, როცა ტაძარში შევდივარ. მახსოვს, პირველად სოლთ-ლეიქის ტაძარში რომ შევედი. ახალგაზრდა ვიყავი.

მაღალ თეთრ ჭერს ავხედე. ის ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ოთახი ცისკენ იხსნებოდა. იმ მომენტში გონებაში ასეთი სიტყვები დამებადა: „ამ განათებულ ადგილას ადრეც ვყოფილვარ“. მაგრამ შემდეგ მომენტალურად სხვა სიტყვები გამიჩნდა გონებაში და ეს არ იყო ჩემი ხმა: „არა, აქ არ ხარ ნამყოფი. შენ გაგახსენდა მომენტი წინამიწიერი ცხოვრებიდან, შენს დაბადებამდე. შენ ასეთივე წმინდა ადგილას იყავი, სადაც უფალს შეეძლო მისვლა“.

დებო და ძმებო, მე მორჩილად ვმოწმობ, რომ ტაძარში ყოფნისას ჩვენ შეიძლება გავიხსენოთ ჩვენი სულის მარადიული ბუნება, ჩვენი ურთიერთობები მამასა და მის ღვთიურ ძესთან და ჩვენი საბოლოო სურვილი - ზეციურ სახლში დაბრუნება.

ბოლო კონფერენციაზე პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა:

სულიერად ყველაზე უსაფრთხო ადგილია თქვენს სატაძრო აღთქმაში ცხოვრება!

ტაძარში ერთად იყრის თავსყველაფერი რაც გვწამს და ღვთის ყოველი დაპირება თავის აღთქმულ ხალხთან“.

„ყოველ ადამიანს, რომელიც … ტაძარში დებს აღთქმებს და იცავს მათ, აქვს უფრო მეტი წვდომა იესო ქრისტეს ძალაზე“.

მან ასევე გვასწავლა, რომ „როგორც კი ღმერთთან აღთქმას ვდებთ, ჩვენ სამუდამოდ ვემშვიდობებით ნეიტრალურ პოზიციას. ღმერთი არ იტყვის უარს ურთიერთობაზე მათთან, ვინც მასთან ასეთი კავშირი შექმნა. ყველას, ვინც ღმერთთან აღთქმა დადო, განსაკუთრებულ სიყვარულსა და წყალობაზე აქვს წვდომა“.

პრეზიდენტ ნელსონის შთაგონებული ხელმძღვანელობით უფალმა დააჩქარა და გააგრძელებს ტაძრების მშენებლობის დაჩქარებას მთელ მსოფლიოში. ეს საშუალებას მისცემს ღვთის ყველა შვილს, მიიღონ ხსნისა და ამაღლების წეს-ჩვეულებები, ასევე დადონ და შეინარჩუნონ წმინდა აღთქმები. იყო ღირსი წმინდა აღთქმებისა ერთჯერადი ძალისხმევა როდია, ეს პროცესი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. უფალმა თქვა, რომ ეს მოითხოვს ჩვენგან მთელ გულს, ძალას, გონებასა და ღონეს.

სატაძრო წეს-ჩვეულებებში ხშირმა მონაწილეობამ შეიძლება შექმნას უფლისადმი ერთგულების ნიმუში. როცა ტაძარში დადებულ აღთქმებს იცავთ და გახსოვთ ისინი, თქვენ სულიწმინდის თანხლებას უღებთ კარს, რომელიც განგწმენდთ და გაგაძლიერებთ.

შემდეგ შეგიძლიათ იგრძნოთ სინათლე და იმედი, როგორც მოწმობა იმისა, რომ ეს დაპირებები ჭეშმარიტია. თქვენ გაიგებთ, რომ ღმერთთან დადებული ყოველი აღთქმა არის მასთან დაახლოების შესაძლებლობა, რაც შემდეგ გულში გაგიჩენთ სურვილს, დაიცვათ ტაძარში დადებული აღთქმები.

ჩვენ მივიღეთ დაპირება: „ღმერთთან ჩვენი აღთქმის გამო იგი არასოდეს დაიღლება ჩვენი დახმარების მცდელობით, ჩვენ კი ვერასოდეს ვერ ამოვწურავთ ჩვენდამი მის მოთმინებას“.

ტაძარში ჩატარებული ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულებების გამო ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ მოსიყვარულე ოჯახურ კავშირებში, რომლებიც გაგრძელდება სიკვდილის შემდეგაც, სამარადისოდ. ღვთის ტაძრებში დადებული ქორწინებისა და ოჯახის აღთქმების პატივისცემა უზრუნველყოფს ეგოიზმისა და სიამაყის ბოროტებისგან დაცვას.

ძმებისა და დების ერთმანეთზე მუდმივი ზრუნვა მხოლოდ მაშინ მოვა, როცა თავდაუზოგავად ეცდებით ატაროთ ოჯახი უფლის გზით. მიეცით ბავშვებს საშუალება, ილოცონ ერთმანეთისთვის. მალევე ამოიცანით უთანხმოების დასაწყისი და დადებითად შეაფასეთ უანგარო მსახურება, განსაკუთრებით ერთმანეთის მიმართ. როცა დედმამიშვილები ერთმანეთისთვის ლოცულობენ და ემსახურებიან ერთმანეთს, მათ გული მოულბებათ და ერთმანეთისკენ და მშობლებისკენ შემოუბრუნდებათ.

ნაწილობრივ, ეს არის ის, რაც მალაქიამ იწინასწარმეტყველა ელია წინასწარმეტყველის მოსვლაზე: „და დათესავს იგი შვილთა გულში მათი მამებისათვის მიცემულ დაპირებებს და შვილთა გულები თავიანთი მამებისკენ შებრუნდებიან. თუ ასე არ მოხდება, მთელი დედამიწა იქნება გაპარტახებული მისი მოსვლის ჟამს“.

განსაცდელები, გამოწვევები და გულისტკივილი არავის არ აგვცდება. არცერთი ჩვენგანი არ არის დაზღვეული „სხეულის ეკლისგან“. მიუხედავად ამისა, როცა ტაძარში დავდივართ და ვიხსენებთ ჩვენს აღთქმებს, ჩვენ შეგვიძლია მოვემზადოთ უფლისგან პირადი მითითების მისაღებად.

როცა მე და ქესი დავქორწინდით და იუტას ლოგანის ტაძარში ჩავიბეჭდეთ, უხუცეესი სპენსერ ვ. კიმბალი ატარებდა ჩაბეჭდვას. მის მიერ მიცემულ რჩევაში ასეთი სიტყვები იყო: „ჰალ და ქესი, იცხოვრეთ ისე, რომ როცა დაგიძახებენ, ადვილად შეძლოთ წასვლა“.

თავდაპირველად ჩვენ არ გვესმოდა, რას ნიშნავდა ეს რჩევა ჩვენთვის, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ როცა დაგვიძახებდნენ, წასასვლელად მზად ვყოფილიყავით. ჩვენი დაქორწინების დაახლოებით 10 წლის შემდეგ, საეკლესიო განათლების განყოფილების გამგის, ნილ ა. მაქსველისგან მივიღეთ მოულოდნელი მოწოდება.

პრეზიდენტ კიმბალის მიერ ტაძარში სიყვარულით მოცემული რჩევა - „რათა ადვილად შეძლოთ წასვლა“, რეალობად იქცა. მე და ქესის მოგვიწოდეს, დაგვეტოვებინა იდილია - ჩვენი ოჯახი კალიფორნიაში და გვემსახურა ისეთ ადგილას, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი. თუმცა, ჩვენი ოჯახი მზად იყო წასასვლელად, რადგან წინასწარმეტყველმა წმინდა ტაძარში, გამოცხადების ადგილას, იხილა მომავლის მოვლენა, რომლისთვისაც ჩვენ მაშინ მოვემზადეთ.

ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, მე ვმოწმობ, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე იმ აღთქმების პატივისცემა, რომლებიც დადებული გაქვთ ან დადებთ ტაძარში. სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ აღთმის გზაზე, მე გიწვევთ: იყავით ტაძარში შესვლის ღირსნი. იარეთ ტაძარში იმდენად ხშირად, რამდენადაც პირადი ვითარება შეგვიწყობთ ხელს. დადეთ და დაიცავით აღთქმები ღმერთთან. შემიძლია დაგარწმუნოთ იმავე ჭეშმარიტებაში, რაც ქესის გავუზიარე შუაღამისას, თითქმის ხუთი ათეული წლის წინ, აიდაჰო ფოლსის სასტუმროს ნომერში: „რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი კარგად იქნება სატაძრო აღთქმების გამო“.

მე დაჯერებულად ვმოწმობ, რომ იესო არის ქრისტე. იგი ცოცხალია და ხელმძღვანელობს თავის ეკლესიას. ტაძარი უფლის სახლია. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ღვთის ცოცხალი წინასწარმეტყველია დედამიწაზე. მე მიყვარს იგი და ყოველი თქვენგანი. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა