გენერალური კონფერენცია
ქრისტეს მოძღვრების ძლიერი, სათნო ციკლი
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


ქრისტეს მოძღვრების ძლიერი, სათნო ციკლი

მე გიწვევთ, დაუღლელად, უწყვეტად და გააზრებულად იცხოვროთ ქრისტეს მოძღვრებით და სხვებსაც დაეხმაროთ ამაში.

წლების წინ მე, ჩემი მეუღე, რუთი, და ჩვენი ქალიშვილი, ეშლი, სხვა ტურისეტებთან ერთად აშშ-ში, ჰავაიში, კაიაკის ექსკურსიას შემოვუერთდით. კაიაკი არის დაბალი, კანოეს მსგავსი ნავი, რომელშიც ნიჩბოსანი წინ ზის და ჯერ ერთი და შემდეგ მეორე მხრიდან წინიდან უკან მიმართულებით ორპირიანი ნიჩბის მოსმით წინ მიიწევს. გეგმაში გვქონდა კაიაკით ოაჰუს სანაპიროსთან ორ პატარა კუნძულამდე მისვლა და უკან დაბრუნება. საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი, რადგან ახალგაზრდობაში მთის ტბებში კაიაკებით დავცურავდი. მედიდურობა კი კარგის მომტანი როდია.

ჩვენმა გამყოლმა მითითებები მოგვცა და გვაჩვენა კაიაკები, რომლებითაც ოკეანეში უნდა გავსულიყავით. ისინი განსხვავდებოდა იმ კაიაკებისგან, რომლებითაც მიცურავია. კაიაკში ჯდომის ნაცვლად მე ზემოდან მიწევდა ჯდომა. როდესაც კაიაკზე ავედი, ჩემი სიმძიმის ცენტრი უჩვეულოდ მაღლა იყო, ამიტომ წყალში ნაკლები სტაბილურობა მქონდა.

თავიდან რუთზე და ეშლიზე სწრაფად მივცურავდი. ცოტა ხანში მე მათზე ბევრად წინ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გმირული ტემპით ვამაყობდი, შევწყვიტე ნიჩბების მოსმა და ველოდებოდი, როდის დამეწეოდნენ. ამ დროს ჩემს კაიაკს გვერდიდან დიდმა, დაახლოებით 13 სანტიმეტრის სიმაღლის, ტალღამ დაარტყადა გადამაბრუნა. იმ დროისთვის, როცა კაიაკი კვლავ ამოვატრიალე და გაჭირვებით ვცდილობდი მასზე ასვლას, რუთმა და ეშლიმ გვერდით ჩამიარეს, მაგრამ ქოშინის გამო ნიჩბების მოსმა არ შემეძლო. სანამ სუნთქვას აღვადგენდი, მეორე ტალღა - მართლაც უზარმაზარი, დაახლოებით 20 სმ სიმაღლისჩემს კაიაკს დაეჯახა და ისევ ამომატრიალა. იმ დროისთვის, როცა კაიაკის გასწორება მოვახერხე, ძლივს ვსუნთქავდი და მეშინოდა, რომ ზემოთ ასვლას ვერ შევძლებდი.

დაინახა რა ჩემი მდგომარეობა, გამყოლმა ჩემკენ გამოცურა. მან ჩემი კაიაკი გააჩერა, რამაც მასზე ასვლა გამიადვილა. როდესაც მან დაინახა, რომ ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ ვსუნთქავდი, მან ჩემი კაიაკი ბუქსირზე აიყვანა და ნიჩბები მოუსვა. მალე სუნთქვა აღვიდგინე და დამოუკიდებლად შევძელი ნიჩბების მოსმა. მან ბუქსირის თოკი შეხსნა და მე პირველ კუნძულს დახმარების გარეშე მივაღწიე. ძალაგამოცლილი, ქვიშაზე დავეცი.

მას შემდეგ, რაც ჯგუფმა დაისვენა, გამყოლმა ჩუმად მითხრა: „ბ-ნო რენლანდ, თუ ნიჩბებს იმპულსის შენარჩუნებით მოუსვამთ, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება“. მისი რჩევის გათვალისწინებით ჯერ მეორე კუნძულისკენ, შემდეგ კი საწყის წერტილამდე გავცურე. გამყოლი ორჯერ მომიახლოვდა და მითხრა, რომ „შესანიშნავად“ ვართმევდი დავალებას თავს. ჩემს კაიაკს გვერდიდან უფრო დიდი ტალღები ეხეთქებოდა, მაგრამ არ ამოვყირავებულვარ.

ნიჩბების გაუჩერებლად მოსმით მე იმპულსს ვინარჩუნებდი და წინ მივიწევდი, რითაც ვარბილებდი გვერდითი ტალღების დარტყმას. იგივე პრინციპი ეხება ჩვენს სულიერ ცხოვრებას. ჩვენ ვხდებით დაუცველები, როდესაც ვანელებთ ტემპს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ვჩერდებით. თუ მსხნელის მიმართულებით გაუჩერებლად „ნიჩბების მოსმით“ სულიერ იმპულსს ვინარჩუნებთ, ჩვენ უფრო დაცულნი ვართ, რადგან ჩვენი მარადიული სიცოცხლე დამოკიდებულია ჩვენს მის მიმართ რწმენაზე.

სულიერი იმპულსი ცხოვრების მანძილზე იქმნება, როცა „კვლავ და კვლავ გულში ვიკრავთ ქრისტეს მოძღვრებას“. და ასეთი საქციელით, პრეზიდენტ რასელ ნელსონის თქმით, „ძლიერი, სათნო ციკლი იქმნება“. მართლაც, ქრისტეს მოძღვრების შემადგენელი ნაწილები, როგორიცაა უფალი იესო ქრისტესადმი რწმენა, მონანიება, უფალთან აღთქმის ურთიერთობა ნათლობის გზით, სულიწმინდის ძღვენის მიღება და ბოლომდე გაძლებაარ არის ერთჯერადი, ფორმალურად მოსანიშნი მოვლენა. კერძოდ, „ბოლომდე გაძლება“ არ არის ცალკეული ნაბიჯი ქრისტეს მოძღვრებაში - თითქოს და შევასრულებთ პირველ ოთხ შემადგენელ ნაწილს და შემდეგ მოვიკუნტებით და კბილების ღრჭიალით დაველოდებით სიკვდილს. არა, ბოლომდე გაძლება ნიშნავს ქრისტეს მოძღვრების სხვა შემადგენელი ნაწილების დაუღლელად და განმეორებით გამოყენებას, „ძლიერი, სათნო ციკლის“ შექმნას, რომელიც პრეზიდენტმა ნელსონმა აღწერა.

დაუღლელად ნიშნავს, რომ ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში კვლავ და კვლავ განვიცდით ქრისტეს მოძღვრების შემადგენელ ნაწილებს. განმეორებით ნიშნავს, რომ ყოველი ახალი მცდელობა წინა მცდელობაზე უკეთესია. მიუხედავად იმისა, რომ შემადგენელი ნაწილები მეორდება, ეს არ არის ჩვენი მხრიდან წინ მიმართული ტრაექტორიის გარეშე უბრალოდ წრეზე ტრიალი. პირიქით, ყოველი ციკლის დასრულების შემდეგ ჩვენ იესო ქრისტეს ვუახლოვდებით.

იმპულსი მოიცავს როგორც სიჩქარეს, ისევე მიმართულებას. მე რომ კაიაკი ენერგიულად არასწორი მიმართულებით მეტარებინა, მნიშვნელოვან იმპულსს შევქნიდი, მაგრამ დანიშნულების ადგილს ვერ მივაღწევდი. მსგავსად ამისა, ჩვენ ცხოვრებაში მაცხოვრისკენ უნდა მოვუსვათ ნიჩბები.

საჭიროა, ყოველდღიურად ვკვებოთ ჩვენი რწმენა იესო ქრისტეში. ჩვენ ვკვებავთ მას, როცა ყოველდღიურად ვლოცულობთ, ვსწავლობთ წმინდა წერილს, ვფიქრობთ ღვთის სიკეთეზე, ვინანიებთ და სულიწმინდის კარნახს მივყვებით. ისევე, როგორც არ არის ჯანსაღი, რომ მთელი ჩვენი საკვების მიღება კვირამდე გადავდოთ და შემდეგ მთელი კვირის მარაგი მივირთვათ, ასევე სულიერად არ არის ჯანსაღი, კვირაში ერთ დღემდე დავიყვანოთ ჩვენი მოწმობის მკვებავი საქციელი.

როდესაც ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ მოწმობებზე, ჩვენ ვიღებთ სულიერ იმპულსს და თანდათან განვავითარებთ საფუძვლიან რწმენას იესო ქრისტეში და ქრისტეს მოძღვრება ხდება ცხოვრების მიზნის ცენტრალური ნაწილი. იმპულსი აგრეთვე იქმნება, როცა ვცდილობთ დავიცვათ ღვთის კანონები და მოვინანიოთ. მონანიება სასიხარულო პროცესია და გვაძლევს საშუალებას, ვისწავლოთ ჩვენს შეცდომებზე და ასე ვხდებით მარადიული წინსვლის მონაწილენი. ჩვენ უეჭველად გვექნება მომენტები, როცა კაიაკი ამოგვიბრუნდება და საკუთარ თავს ღრმად წყალში აღმოვაჩენთ. მონანიების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ისევ ამოვიდეთ და გავაგრძელოთ, რამდენჯერაც არ უნდა ჩავცვივდეთ წყალში. მნიშვნელოვანია ის, რომ არ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი.

ქრისტეს მოძღვრების შემდეგი შემადგენელი ნაწილია ნათლობა, რომელიც მოიცავს ნათლობას წყლით და შემდეგ, წევრად დამტკიცებისას, სულიწმინდით ნათლობას. მიუხედავად იმისა, რომ ნათლობა ერთჯერადი მოვლენაა, ჩვენ განვაახლებთ ნათლობის აღთქმას, როდესაც ზიარებას ვიღებთ. ზიარება არ ჩაანაცვლებს ნათლობას, მაგრამ ის აკავშირებს ქრისტეს მოძღვრების საწყის შემადგენელ ნაწილებს - რწმენასა და მონანიებას და სულიწმინდის მიღებას. ზიარების გააზრებული მიღებით ჩვენ სულიწმიდას ვიწვევთ ცხოვრებაში ისევე, როგორც მაშინ, როცა მოვინათლეთ და წევრად დაგვამტკიცეს. როცა ვიცავთ აღთქმას, რომელიც აღწერილია ზიარების ლოცვებში, სულიწმინდა ჩვენი თანამგზავრი ხდება.

როდესაც სულიწმინდა უფრო დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენ თანდათანობით და გაუმჯობესებულად ვავითარებთ ქრისტეს მსგავს თვისებებს. ჩვენი გულები იცვლება. ჩვენში მცირდება ბოროტების კეთების მიდრეკილება. სამაგიეროდ იზდება სიკეთის კეთებისკენ ჩვენი სწრაფვა მანამ, სანამ მუდმივად არ გვექნება „სიკეთის კეთების სურვილი“. და ასე ვაღწევთ ზეციურ ძალას, რომელიც ბოლომდე გაძლებისთვის გვესაჭიროება. ჩვენი რწმენა გაიზარდა და მზად ვართ, გავიმეოროთ ძლიერი, სათნო ციკლი.

წინსვლის სულიერი იმპულსი ასევე გვამოძრავებს, გამოვავლინოთ რწმენა მხსნელის მიმართ და გვიბიძგებს, დავდოთ დამატებითი აღთქმები ღმერთთან უფლის სახლში. მრავალი აღთქმა გვაახლოებს ქრისტესთან და უფრო ძლიერად გვაკავშირებს მასთან. ამ აღთქმების მეშვეობით ჩვენ უფრო მეტად მიგვიწვდება ხელი მის ძალაზე. ანუ უშუალოდ ნათლობისა და სატაძრო აღთქმები არ წარმოადგენს ძალის წყაროს. ძალის წყარო არის უფალი იესო ქრისტე და ჩვენი ზეციური მამა. აღთქმების დადება და დაცვა ქმნის მათი ძალის გამტარ არხს ჩვენს ცხოვრებაში. როცა აღთქმების თანახმად ვცხოვრობთ, ჩვენ საბოლოო ჯამში ვხდებით მემკვიდრეები იმისა, რაც მამაზეციერს გააჩნია. ქრისტეს მოძღვრებით ცხოვრების შედეგად წარმოქმნილი იმპულსი არა მხოლოდ აძლიერებს ჩვენი ღვთაებრივი ბუნების გარდაქმნას ჩვენს მარადიულ დანიშნულებად, არამედ გვაძლევს მოტივაციას, სხვებსაც დავეხმაროთ სათანადო გზებით.

როგორ დამეხმარა გამყოლი, როცა კაიაკიდან ჩამოვვარდი? მან შორიდან არ დამიძახა და არ დამისვა უაზრო შეკითხვა, მაგალითად ასეთი: „ბ-ნო რენლანდ, წყალში რას აკეთებთ“? ის მომიახლოვდა, მაგრამ არ მისაყვედურა და არ მითხრა: „ბ-ნო რენლანდ, ამ სიტუაციაში არ იქნებოდით, უკეთეს ფიზიკურ ფორმაში რომ ყოფილიყავით“. მან არ დაიწყო ჩემი კაიაკის ბუქსირზე აყვანა, როცა მასზე ასვლას ვაპირებდი. და მან მთელი ჯგუფის წინაშე არ მიმითითა შეცდომაზე. ამის ნაცვლად ის საჭირო მომენტში დამეხმარა. მან რჩევა მომცა მაშინ, როცა მისი აღქმა შემეძლო. და მაქსიმალურად ცდილობდა ჩემს დახმარებას.

როცა სხვებს მზრუნველობას ვუწევთ, არ უნდა დავუსვათ მათ უსარგებლო შეკითხვები და არ უნდა ვამბობდეთ იმას, რაც ისედაც ცხადია. უმეტეს შემთხვევაში გასაჭირში მყოფმა ადამიანებმა იციან, რომ მათ პრობლემა აქვთ. ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ; ჩვენი განკითხვა არ არის არც სასარგებლო და არც მისასალმებელი და ძალიან ხშირად ინფორმაციას არის მოკლებული.

საკუთარი თავის სხვებთან შედარებამ შეიძლება მიგვიყვანოს უხეშ შეცდომებამდე, განსაკუთრებით თუ დავასკვნით, რომ ჩვენ უფრო მართალნი ვართ ვიდრე ისინი, ვისაც პრობლემა აქვს. ასეთი შედარება ჰგავს 3 მეტრის სიღრმეზე წყალში უიმედოდ ყოფნას, როცა შენი ნაცნობი 4 მეტრის სიღრმეზე იხრჩობა წყალში, შენ კი მას განიკითხავ, როგორც შენზე უფრო ცოდვილს და თავს კარგად გრძნობ ამის გამო. ბოლოსდაბოლოს, ყოველ ჩვენგანს საკუთარი ბრძოლა აქვს. არცერთი ჩვენგანი ვერ დაიმსახურებს ხსნას. ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. იაკობი მორმონის წიგნიდან ასწავლიდა: „გახსოვდეთ, რომ მას შემდეგ, რაც ღმერთს შეურიგდებით, მხოლოდ ღმერთის მადლში და მადლით გადარჩებით“. ჩვენ ყველას გვჭირდება მხსნელის უსაზღვრო გამოსყიდვა და არა მისი ნაწილი.

მოდით გამოვაჩინოთ მთელი ჩვენი თანაგრძნობა და სიყვარული გარშემომყოფებთან ურთიერთობისას. მათ, ვისაც პრობლემები აქვთ, „თქვენს სიტყვებში და მოქმედებებში იესო ქრისტეს წმინდა სიყვარულის ანარეკლი უნდა იხილონ“. მზრუნველობისას ჩვენ ხშირად ვამხნევებთ სხვებს და დახმარებას ვთავაზობთ მათ. მაშინაც კი, როცა ვიღაც ჩვენს დახმარებას ძნელად აღიქვამს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მისთვის მზრუნველობა, თუკი ისინი ამის ნებას დაგვრთავენ. მხსნელი გვასწავლიდა: „ასეთებისთვის უნდა გააგრძელოთ მსახურება, რამეთუ არ იცით, შეიძლება დაბრუნდნენ და მოინანიონ და ჩემთან მოვიდნენ გულის მთელი მოწადინებით და განვკურნავ მათ და თქვენ იქნებით ის წყარო, რომლითაც მათთან ხსნა მივა“. განკურნება მხსნელის საქმეა. ჩვენი საქმე კი სიყვარულია - ისეთი სიყვარული და მზრუნველობა, რომელიც სხვებს იესო ქრისტესკენ წაიყვანს. ეს არის ქრისტეს მოძღვრების ძლიერი, სათნო ციკლის ერთ-ერთი ნაყოფი.

მე გიწვევთ, დაუღლელად, უწყვეტად და გააზრებულად იცხოვროთ ქრისტეს მოძღვრებით და სხვებსაც დაეხმაროთ ამაში. მე ვმოწმობ, რომ ქრისტეს მოძღვება არის მამაზეციერის გეგმის ცენტრალური ნაწილი; ბოლოსდაბოლოს, ეს მისი სწავლებაა. როცა ჩვენ ვავლენთ რწმენას იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის მიმართ, ჩვენ აღთქმის გზაზე წინ მივიწევთ და გვაქვს მოტივაცია, სხვებსაც დავეხმაროთ, გახდნენ იესო ქრისტეს ერთგული მოწაფეები. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ მამაზეციერის სასუფევლის მემკვიდრენი, რაც არის ქრისტეს მოძღვრების მიხედვით ერთგული ცხოვრების კულმინაცია. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა