გენერალური კონფერენცია
ჩანაწერი იმაზე, რაც ვიხილე და მოვისმინე
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


ჩანაწერი იმაზე, რაც ვიხილე და მოვისმინე

არასოდოს ყოფილა ამაზე უკეთესი დრო იესო ქრისტეს ეკლესიის წევრობისთვის.

იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მე და ჩემმა მეუღლემ, მარსიამ, გადავწყვიტეთ, იურიდიულ ფირმაში გვემუშავა, რომლის მიმართულებაც სასამართლო გარჩევა იყო. როდესაც სამსახურში სტაჟირებაზე ვიყავი, ჩემი დროის დიდ ნაწილს ვხარჯავდი მოწმეების მომზადებაში, რომლებსაც სასამართლო პროცესზე ჩვენება უნდა მიეცათ. მე სწრაფად ვისწავლე, რომ ფაქტები სასამართლო დარბაზში მტკიცდება, როდესაც მოწმეები, ფიცის დადებისას, მოწმობენ იმის ჭეშმარიტებას, რაც მათ ნახეს და მოისმინეს. მოწმეების დამოწმების სიტყვები იწერებოდა და შემდეგ ინახებოდა. სანდო მოწმეების მნიშვნელობა ყოველთვის ჩემი მზადების პრიორიტეტი იყო.

დიდი დრო არ დამჭირვებია იმის გასააზრებლად, რომ ტერმინები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებდი, როგორც იურისტი, მსგავსი იყო იმ ტერმინებისა, რომლებსაც ვიყენებდი სახარებასთან დაკავშირებულ საუბარში. „მოწმე“ და „მოწმობა“ არის ტერმინები, რომლებსაც ვიყენებთ, როდესაც ვიზიარებთ ჩვენს ცოდნასა და გრძნობებს იესო ქრისტეს სახარების ჭეშმარიტების შესახებ.

როდესაც რეგიონის სამოცდაათთა წევრად დამამტკიცეს, წმინდა წერილები გადავშალე, რათა ჩემი მოვალეობები შემესწავლა; წავიკითხე მოძღვრება და აღთქმები 107:25, სადაც ნათქვამია: „სამოცდაათნი ასევე არიან მოწოდებულნი… იყვნენ განსაკუთრებული მოწმეები წარმართებისთვის და მთელ მსოფლიოში“. როგორც უკვე მიხვდით, ჩემი მზერა მიიპყრო ტერმინმა „განსაკუთრებული მოწმე“. ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ჩემი პასუხისმგებლობა იყო ჩემი მოწმობის გაზიარება, იესო ქრისტეს სახელის დამოწმება, სადაც არ უნდა მემოგზაურა მსოფლიოში.

წმინდა წერილებში ბევრი მაგალითია მათი, ვინც თვითმხილველი იყო და მოწმობდა იმის შესახებ, რაც ნახა და მოისმინა.

როგორც ძველი დროის წინასწარმეტყველი მორმონი იწყებს თავის ჩანაწერს: „და ახლა მე, მორმონი, ჩანაწერს ვაკეთებ იმაზე, რაც ვიხილე და მოვისმინე და ვუწოდებ მას მორმონის წიგნს“.1

მხსნელის მოციქულებმა, პეტრემ და იოანემ, ნაზარეველი იესო ქრისტეს სახელით კაცი განკურნეს.2 როდესაც მათ უბრძანეს, არ ელაპარაკათ იესოს სახელით, მათ მიუგეს:

„განსაჯეთ, მართებულია განა ღვთის წინაშე, თქვენ უფრო გისმინოთ, ვიდრე ღმერთს?

ჩვენ არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“.3

კიდევ ერთი დამაჯერებელი მოწმობა მომდინარეობს მორმონის წიგნის წმინდანებისგან, რომლებიც გახდნენ მხსნელი იესო ქრისტეს სტუმრობის მოწმენი. მოუსმინეთ მათი მოწმობის ამ აღწერას: „და ამგვარად, ისინი მოწმობენ: არც თვალს უნახავს ოდესმე, არც ყურს სმენია მანამდე, ისეთი დიადი და საოცარი რამ, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ, რასაც იესო მამას ეუბნებოდა“.4

ძმებო და დებო, დღეს მე ვაცხადებ ჩემს მოწმობას და ვაკეთებ ჩანაწერს იმის შესახებ, რაც მინახავს და მსმენია ჩემი წმინდა მსახურების დროს, როგორც უფალი იესო ქრისტეს სამოცდაათთა ქვორუმის წევრს. ამით მე ვმოწმობ მოსიყვარულე მამაზეციერისა და მისი საყვარელი ძის, იესო ქრისტეს, შესახებ, რომელიც ეწამა, აღესრულა და აღდგა, რათა მარადიული სიცოცხლე ეჩუქებინა ღვთის შვილებისთვის. მე ვმოწმობ „გასაოცა[რ] საოცრებებ[ზე]“5 და რომ უფალმა კვლავ გაგვიწოდა ხელი, რათა აღედგინა თავისი სახარება დედამიწაზე თავისი ცოცხალი წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მეშვეობით.6 მე ვმოწმობ, რომ იმის საფუძველზე, რაც ვიხილე და მოვისმინე, არასოდოს ყოფილა ამაზე უკეთესი დრო უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრობისთვის. მე ეს ვიცი ჩემი ცოდნით, ნებისმიერი სხვა წყაროსგან დამოუკიდებლად, იმაზე დაფუძნებით, რაც ვიხილე და მოვისმინე.

საშუალო სკოლის მაღალ კლასებში, სემინარიის დასამთავრებლად ეკლესიის 15-ვე ტაძრის ამოცნობა მომიწია. თითოეული ტაძრის სურათი ჩვენი საკლასო ოთახის წინ იყო ჩამოკიდებული და მე უნდა მცოდნოდა, სად მდებარეობდა თითოეული. ახლა, წლების შემდეგ, 335 მოქმედი ან გამოცხადებული ტაძრის სათითაოდ ამოცნობა უზარმაზარი გამოწვევა იქნებოდა. მე პირადად მინახავს უფლის მრავალი სახლი და ვმოწმობ, რომ უფალი თავის კურთხევებს და წეს-ჩვეულებებს სთავაზობს თავის შვილებს მთელ მსოფლიოში.

ჩემმა მეგობრებმა FamilySearch-იდან მითხრეს, რომ FamilySearch-ს ყოველ დღე მილიონზე მეტი ახალი სახელი ემატება. თუ გუშინ ვერ იპოვეთ თქვენი წინაპარი, გიწვევთ ხვალ კიდევ ერთხელ სცადოთ. როდესაც საქმე ეხება ისრაელის შეკრებას საბურველის მეორე მხარეს, არასოდეს ყოფილა უკანასკნელ დღთა წმინდანთა ესო ქრისტეს ეკლესიის წევრობისთვის იმაზე უკეთესი დრო, ვიდრე ის დღეს არის.

როდესაც ჩვენ შვილებს ვზრდიდით ტვინ ფოლსში, აიდაჰოში, ჩემი ხედვა მსოფლიო ეკლესიის შესახებ შეზღუდული იყო. როდესაც უმაღლეს მმართველობაში მომიწვიეს, მე და მარსიას წყნარი ოკეანის მხარეში მსახურება გვხვდა წილად, სადაც არასდროს ვყოფილვართ. ჩვენ გვსიამოვნებდა ახალი ზელანდიის პალოების აღმოჩენა, თავიდან ბოლომდე, ტაძრის ჩათვლით, რომელიც 1958 წელს იყო მიძღვნილი. ეს იყო იმ 15 ტაძრიდან ერთ-ერთი, რომელიც სემინარიაში უნდა დამეზეპირებინა. ჩვენ ვპოულობდით ტაძრებს ავსტრალიის ყველა დიდ ქალაქში, პალოებთან ერთად მთელი კონტინენტის მასშტაბით. ჩვენ ვმსახურობდით სამოაში, სადაც 25 პალოა, ასევე ტონგაში, რომლის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ამ ეკლესიის წევრია. ჩვენ კირიბატის კუნძულზეც გვქონდა დავალება, სადაც ორი პალო დავაარსეთ. გარდა ამისა, ჩვენ დავალებული გვქონდა პალოების სტუმრობა ებეიში მარშალის კუნძულებზე და დარუში - პაპუა-ახალ გვინეაში.

წყნარი ოკეანის კუნძულზე მსახურების დასრულების შემდეგ, ჩვენ ფილიპინებში გაგვიშვეს. ჩემდა გასაკვირად, იესო ქრისტეს ეკლესია ფილიპინებში იზრდება იმაზე მეტად, ვიდრე მე წარმოვიდგენდი. იქ ახლა არის 125 პალო, 23 მისია და 13 მოქმედი ან გამოცხადებული ტაძარი. მე მოწმე გავხდი ეკლესიისა, რომლის წევრთა რაოდენობა 850 000-ს აღემატება. როგორ გამომრჩა ქრისტეს ეკლესიის დაარსება მთელ მსოფლიოში?

ფილიპინებში გატარებული სამი წლის შემდეგ მე მთხოვეს, მისიონერულ განყოფილებაში მემსახურა. ჩემი ახალი სამსახურიდან გამომდინარე, მთელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგვიწია მისიაში ყოფნა. ჩემი შეხედულება მაცხოვრის მსოფლიო ეკლესიაზე ძლიერ გაფართოვდა. მე და მარსია გაგვიშვეს აზიაში მისიების მოსანახულებლად. ჩვენ აღმოვაჩინეთ პალოს ლამაზი ცენტრი სინგაპურის შუაგულში, საოცრად ერთგული წევრებით. ჩვენ მოვინახულეთ ეკლესიის წევრები და მისიონერები სამლოცველოში კოტა კინაბალუში, მალაიზიაში. ჩვენ შევხვდით მისიონერებს ჰონგ-კონგში და ვმონაწილეობდით პალოს შესანიშნავ კონფერენციაში ერთგულ, თავდადებულ წმინდანებთან ერთად.

ეს გამოცდილება განმეორდა, როცა შევხვდით მისიონერებსა და წევრებს ევროპის მასშტაბით, ლათინურ ამერიკაში, კარიბის ზღვის აუზსა და აფრიკაში. იესო ქრისტეს ეკლესია უზარმაზარ ზრდას განიცდის აფრიკაში.

მე ვარ იესო ქრისტეს სახარების მიმდინარე აღდგენისა და ჯოზეფ სმითის წინასწარმეტყველების აღსრულების თვითმხილველი, რომ „ღვთის ჭეშმარიტება წინ წავა გაბედულად, კეთილშობილურად და დამოუკიდებლად, სანამ არ შეაღწევს ყველა კონტინენტზე, არ გაეცნობა ყველა კლიმატს, მოიცავს ყველა ქვეყანასა და გაისმის ყველას ყურში“.7

ჩვენი არაჩვეულებრივი მისიონერები, რომლებიც ახლა მთელ მსოფლიოში არიან, რიცხობრივად 71 000-ს აღემატება. ეკლესიის წევრებთან თანამშრომლობით ისინი ყოველთვიურად 20 000-ზე მეტ ადამიანს ნათლავენ. ახლახან 18, 19 და 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცებმა და ქალბატონებმა უფლის დახმარებით შეძლეს ამ სასწაული შეკრების ჩატარება. ჩვენ ამ ახალგაზრდა მამაკაცებსა და ქალებს ვპოულობთ ვანუატუს პატარა სოფლებსა და დიდ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, პარიზი და ლონდონი. მე ვუყურებდი მათ, როგორ ასწავლიდნენ მხსნელის შესახებ ფიჯის შორეულ მრევლში და შეერთებული შტატების უფრო დიდ სამრევლოებში - ტეხასში, კალიფორნიასა და ფლორიდაში.

დედამიწის ყველა კუთხეში ნახავთ მისიონერებს, რომლებიც 60 სხვადასხვა ენაზე საუბრობენ და ასრულებენ მხსნელის დიდ დავალებას მათე 28-დან: „ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“.8 პატივს ვცემ ეკლესიის ყოფილ და ამჟამინდელ მისიონერებს და ვახსენებ ჩვენ მზარდ თაობას, პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონის მოწვევის შესახებ - მოვიდნენ და შეკრიბონ ისრაელი.9

მე დღეს ვმოწმობ, რომ ჩემი თვალით ვიხილე და ჩემი ყურით მოვისმინე მხსნელის სახარების ეს სრული აღდგენა. მე ვარ მოწმე ღმერთის საქმისა მთელ მსოფლიოში. არასდროს ყოფილა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრობისთვის ამაზე უკეთესი დრო.

ალბათ, აღდგენის ყველაზე შთამაგონებელი სასწაული, რომლის მოწმეც გავხდი, თქვენ ხართ, ეკლესიის ერთგული წევრები ყველა ქვეყანაში. თქვენ, უკანასკნელ დღეთა წმინდანები, რომლებსაც აღწერს ნეფი მორმონის წიგნში, როდესაც მან დაინახა ჩვენი დღეები და დაამოწმა: „და იყო ასე, რომ მე, ნეფიმ, დავინახე ღვთის კრავის ძალა, რომ ის მოეფინა კრავის ეკლესიის წმინდანებს და უფლის აღთქმულ ხალხს, რომლებიც გაფანტულნი იყვნენ მთელი დედამიწის ზედაპირზე; და ისინი შეიარაღებულნი იყვნენ სამართლიანობით და ღმერთის ძალით, დიადი დიდებულებით“.10

მე ვმოწმობ, რომ საკუთარი თვალით ვნახე ის, რაც იხილა ნეფიმ - თქვენ, აღთქმის წმინდანებო ყველა ქვეყანაში, შეიარაღებული სიმართლითა და ღვთის ძალით როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთ ამ დიდ ერში კათედრასთან ვიდექი, უფალმა აღბეჭდა ჩემს გონებაში ის, რასაც მეფე ბენიამინი ასწავლიდა მოსია 2 -ში მორმონის წიგნში. ბრენტ „მე მსურს, რომ იფიქრო მათ კურთხეულ და ბედნიერ მდგომარეობაზე, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს. რადგან, აჰა, ისინი კურთხეულნი არიან ყველაფერში – ხორციელშიც და სულიერშიც“.11

მე ვმოწმობ თქვენთან, რომ ეს საკუთარი თვალით ვნახე და ჩემი ყურით მოვისმინე, როცა შეგხვდით თქვენ, ღვთის ერთგულო წმინდანებო მთელ დედამიწაზე, რომლებიც იცავენ მცნებებს. თქვენ ხართ მამა ღმერთის აღთქმული შვილები. თქვენ ხართ იესო ქრისტეს მოწაფეები. თქვენ ასევე იცით ის, რაც მე ვიცი, რადგან მიიღეთ თქვენი პირადი მოწმობა იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების ჭეშმარიტების შესახებ. მაცხოვარი გვასწავლიდა: „ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და თქვენი ყურები, რომ ისმენენ“.12

უფლისა და მისი წინასწარმეტყველებისა და მოციქულების ხელმძღვანელობით ჩვენ განვაგრძობთ მისიონერების მომზადებას, წმინდა აღთქმების დადებას და შენარჩუნებას, ქრისტეს ეკლესიის დაარსებას მთელ მსოფლიოში და მივიღებთ კურთხევებს, რომლებიც მოვა, თუკი დავიცავთ ღვთის მცნებებს. ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ღვთის შვილები ვართ. ჩვენ ვიცნობთ ღმერთს და გვიყვარს ღმერთი.

მე გიერთდებით, ჩემო მეგობრებო, რადგან ჩვენ ერთიანად ვმოწმობთ, რომ ყოველივე ეს სიმართლეა. ჩვენ ვაკეთებთ ჩანაწერს იმის შესახებ, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ. მე და თქვენ ვართ მოწმეები, რომლებიც ვმოწმობთ. სწორედ ამ გაერთიანებული მოწმობის ძალით ვაგრძელებთ წინსვლას უფალი იესო ქრისტეს და მისი სახარების რწმენით. მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე ცოცხალია. იგი ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველია. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა