გენერალური კონფერენცია
აღთქმები და პასუხისმგებლობა
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


აღთქმები და ვალდებულებები

იესო ქრისტეს ეკლესია ცნობილია როგორც ეკლესია, რომელიც აქცენტს აკეთებს ღმერთთან აღთქმების დადებაზე.

„რითი განსხვავდება თქვენი ეკლესია სხვა ეკლესიებისგან“? ამ მნიშვნელოვან კითხვაზე ჩემი პასუხი იცვლებოდა ჩემს ასაკსა და ეკლესიის ზრდასთან ერთად. მე დავიბადე იუტაში, 1932 წ, როცა ეკლესია დაახლოებით მხოლოდ 700 000 წევრისგან შედგებოდა და მეტწილად იუტასა და ახლომდებარე შტატებში იყო გავრცელებული. იმ დროს მხოლოდ 7 ტაძარი გვქონდა. დღეს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას 17 მილიონზე მეტი წევრი ჰყავს დაახლოებით 170 ქვეყანაში. 1 აპრილის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს 189 მიძღვნილი ტაძარი სხვადასხვა ქვეყანაში, 146 კი მშენებლობის სხვადასხვა სტადიაში იმყოფება. დღეს ვაპირებ ვისაუბრო ამ ტაძრების დანიშნულებაზე, მათ ისტორიაზე და აღთქმემბის მნიშვნელობაზე ჩვენს ღვთისთაყვანისცემაში. ამით დავამატებ წინა გამომსვლელების შთაგონებულ სწავლებებს.

I.

აღთქმა არის გარკვეული პასუხისმგებლობის ვალდებულება. პირადი ვალდებულება აუცილებელია ჩვენი ინდივიდუალური ცხოვრების რეგულირებისთვის და საზოგადოების ფუნქციონირებისთვის. ამ მოსაზრებას ამჟამად ეჭვის ქვეშ აყენებენ. აქტიური უმცირესობა ეწინააღმდეგება ინსტიტუციურ უფლებამოსილებას და ამტკიცებს, რომ ადამიანები უნდა იყვნენ თავისუფალი ყოველგვარი შეზღუდვისგან, რომელიც მათ ინდივიდუალურ თავისუფლებას ზღუდავს. თუმცა ათასობით წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილებიდან ვიცით, რომ ორგანიზებულ თემებში ცხოვრებისთვის პიროვნებას გარკვეულწილად ინდივიდუალური თავისუფლების დათმობა სურს. ინდივიდუალური თავისუფლების ასეთი შეზღუდვები ძირითადად ეყრდნობა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებს ანუ აღთქმებს.

გამოსახულება
სამხედრო პერსონალი.
გამოსახულება
სამედიცინო პერსონალი.
გამოსახულება
მეხანძრეები.
გამოსახულება
სრული დროის მისიონერები.

აქ მოცემულია ჩვენს საზოგადოებაში აღთქმის პასუხისმგებლობის რამდენიმე მაგალითი: (1) მოსამართლეები, (2) სამხედრო პირები, (3) სამედიცინო პერსონალი და მეხანძრეები. ყველანი, ვინც ჩართულნი არიან ამ ნაცნობ პროფესიებში, იღებენ ვალდებულებას - ხშირად ოფიციალური ფიცით ან შეთანხმებით, რომ შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს. იგივე ითქმის სრული დროის ჩვენს მისიონერებზე. გამორჩეული ტანსაცმელი ან სამკერდე ნიშნები მიზნად ისახავს იმის აღნიშვნას, რომ მის მფლობელს აქვს დადებული აღთქმა და, შესაბამისად, აქვს მოვალეობა ასწავლოს, ემსახუროს და მას მხარი უნდა დაუჭირონ ამ მსახურებაში. ამასთან დაკავშირებული მიზანია, შეახსენოს ამ ნიშნების მატარებელ პირს მისი აღთქმის პასუხისმგებლობის შესახებ. მათ გამორჩეულ ტანსაცმელში ან სიმბოლოებში არ არის რამე „ჯადოსნურობა“; ეს არის მათი მფლობელისთვის საჭირო შეხსენება იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობების შესახებ, რომლებიც მათ თავის თავზე აიღეს. ეს ასევე ითქმის ნიშნობის ან საქორწინო ბეჭდების სიმბოლოზე და მათ როლზე - დამკვირვებლებისთვის შეტყობინება, მფლობელისთვის კი - შეხსენება მისი აღთქმის პასუხისმგებლობის შესახებ.

გამოსახულება
საქორწინო ბეჭდები.

II.

ის, რომ აღთქმები არის ინდივიდუალური ცხოვრების რეგულირების საფუძველი, განსაკუთრებით ეხება რელიგიურ აღთქმებს. მრავალი რელიგიური გაერთიანებებისა და მოთხოვნების საფუძველი და ისტორია დაფუძნებულია აღთქმებზე. მაგალითად, აბრაამის აღთქმა ფუნდამენტურია რამდენიმე დიდი რელიგიური ტრადიციისთვის. ის წარადგენს წმინდა იდეას ღვთის აღთქმის დაპირებების შესახებ. ძველ აღთქმაში ხშირად ახსენებენ აბრაამისა და მისი შთამომავლობის მიერ ღმერთთან დადებულ აღთქმას.

მორმონის წიგნის პირველი ნაწილი, რომელიც დაიწერა ძველი აღთქმის პერიოდში, ნათლად აჩვენებს აღთქმების როლს ისრაელის ისტორიასა და ღვთის თაყვანისმცემლობაში. ნეფის უთხრეს, რომ ისრაელიელთა იმ პერიოდის ჩანაწერები „არის იუდეველთა ჩანაწერი და ის მოიცავს ისრაელის სახლთან დადებულ უფლის აღთქმებს“. ნეფის წიგნი ასევე ხშირად მიგვითითებს აბრაამის აღთქმაზე და ისრაელზე, როგორც „უფლის აღთქმულ ხალხზე“. ღმერთთან ან რელიგიურ წინამძღოლებთან აღთქმის დადების პრაქტიკა ასევე ჩაწერილია მორმონის წიგნში, ნეფის, ეგვიპტეში იოსების, მეფე ბენიამინის, ალმასა და კაპიტან მორონის სახით.

III.

როცა იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენის დრო დადგა, ღმერთმა მოიხმო წინასწარმეტყველი - ჯოზეფ სმითი. ჩვენ არ ვიცით ანგელოზი მორონის მიერ ამ ახალგაზრდა წინასწარმეტყველისთვის მიცემული ადრეული მითითებების სრული შინაარსი. ჩვენ ვიცით, რომ მან უთხრა ჯოზეფს, რომ „ღმერთს [მის]თვის [ჰქონდა] საქმე“ და რომ „მარადიული სახარების სისრულე“ უნდა მოევლინოს, მათ შორის „მამებისთვის მიცემულ[ი] დაპირებებ[ი]“. ჩვენ აგრეთვე ვიცით, რომ წმინდა წერილი, რომელსაც ახალგაზრდა ჯოზეფ სმითი ყველაზე ინტენსიურად კითხულობდა - იქამდეც, სანამ ეკლესიის დაარსებაში ჩაერთობოდა - იყო მრავალი სწავლება იმ აღთქმების შესახებ, რომლებსაც ის მორმონის წიგნიდან თარგმნიდა. ეს წიგნი არის აღდგენის სახარების სისრულის ძირითადი წყარო, რომელიც მოიცავს ღვთის გეგმას მისი შვილებისთვის და მორმონის წიგნშიც გვაქვს უამრავი მითითება აღთქმებზე.

ბიბლიაში კარგად გარკვეულ ჯოზეფს უნდა სცოდნოდა ებრაელთა წიგნში ნახსენები მხსნელის განზრახვის შესახებ: „დავუდებ ახალ აღთქმას ისრაელის სახლს და იუდას სახლს“. ებრაელები ასევე უწოდებენ იესოს „ახალი აღთქმის შუამდგომელს“. მნიშვნელოვანია, რომ მაცხოვრის მიწიერი მსახურების ბიბლიურ ცნობას სათაური აქვს „ახალი აღთქმა“.

აღთქმები სახარების აღდგენის საფუძველი იყო. ეს აშკარად ჩანს იმ ადრეულ ნაბიჯებში, როცა უფალმა უბრძანა წინასწარმეტყველს ეკლესიის დაარსება. მორმონის წიგნის დაბეჭდვისთანავე უფალი სათავეში ჩაუდგა თავისი აღდგენილი ეკლესიის დაარსებას, რომელსაც სულ მალე უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია დაერქვა. 1830 წლის აპრილში მოცემული გამოცხადება გვასწავლის, რომ ადამიანები „ნათლობით იქნებიან მიღებულნი მის ეკლესიაში“ მას შემდეგ, რაც გამოვლენ მოწმობით (რაც ნიშნავს საზეიმოდ დამოწმებას), „რომ ნამდვილად მოინანიეს ყოველი ცოდვა და მზად არიან, საკუთარ თავზე აიღონ იესო ქრისტეს სახელი, გადაწყვეტილებით, ბოლომდე ემსახურონ მას“.

იმავე გამოცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროა, ეკლესიის წევრები „ხშირად იკრიბებოდნენ, რათა მიიღონ პური და ღვინო [წყალი] უფალი იესოს მოსაგონებლად“. ამ წეს-ჩვეულების მნიშვნელობა აშკარაა აღთქმის იმ სიტყვებში, რომლებიც მითითებულია კონკრეტულად უხუცესისთვის ან მღვდლისათვის, რომელიც ასრულებს წეს-ჩვეულებას. ის აკურთხებს პურის სიმბოლოს „ყოველი ადამიანის სულისთვის, ვინც მიიღებს მას …, რათა … მოწმედ დაგიდგნენ ისინი, ო, ღმერთო, მარადიულო მამავ, რომ მზად არიან, აიღონ საკუთარ თავზე შენი ძის სახელი, ყოველთვის ახსოვდეთ იგი და დაიცვან მის მიერ მათთვის მოცემული მცნებანი“.

აღთქმების ცენტრალური როლი ახლად აღდგენილ ეკლესიაში კვლავ დადასტურდა წინასიტყვაობაში, რომელიც უფალმა გვიბოძა თავისი გამოცხადებების პირველი გამოქვეყნებისთვის. იქ უფალი აცხადებს, რომ მან მოიხმო ჯოზეფ სმითი, რადგან დედამიწის მკვიდრნი „განუდგნენ ჩემს წეს-ჩვეულებებს და დაარღვიეს ჩემი მარადიული აღთქმა“. ეს გამოცხადება შემდეგ განმარტავს, რომ მისი მცნებები გვეძლევა, „რათა დამყარდეს ჩემი მარადიული აღთქმა“.

დღეს ჩვენ გვესმის აღთქმების როლი აღდგენილ ეკლესიაში და მისი წევრების ღვთისმსახურება. პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ მოკლედ შეაჯამა ჩვენი ნათლობის შედეგი და ყოველვირეული ზიარების მიღება: „ამ ეკლესიის ყოველი წევრი, რომელიც შევიდა ნათლობის წყლებში, გახდა წმინდა აღთქმის თანამონაწილე. ყოველ ჯერზე, როცა უფლის სერობის ზიარებას ვიღებთ, ჩვენ განვაახლებთ ამ აღთქმას“.

ამ კონფერენციაზე მრავალმა გამომსვლელმა შეგვახსენა, რომ პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, ხშირად მოიხსენიებს ხსნის გეგმას როგორც „აღთქმის გზას“, რომელსაც „მივყავართ უკან ღმერთთან და რომელიც მთლიანად უკავშირდება ჩვენს ურთიერთობას ღმერთთან“. ის აგრეთვე გვასწავლის აღთქმების მნიშვნელობას ჩვენს სატაძრო ცერემონიებში და გვიბიძგებს, თავიდანვე გავთვალოთ შედეგი და „ცელესტიალურად ვიაზროვნოთ“.

IV.

ახლა ვისაუბრებ სატაძრო აღთქმებზე. იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენის პასუხისმგებლობის შესასრულებლად, წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა თავისი ბოლო წლების დიდი ნაწილი გაატარა ნავუში, ილინოისში, ტაძრის მშენებლობაზე. მისი მეშვეობით უფალმა გამოუცხადა ჯოზეფის მემკვიდრეებს ტაძრებში შესასრულებელი წმინდა სწავლებები, მოძღვრება და აღთქმები. იქ შემოსილი ადამიანებისთვის უნდა ესწავლებინათ ღვთის ხსნის გეგმა და უნდა მოეწვიათ ისინი წმინდა აღთქმების დასადებად. მათ, ვინც ამ აღთქმების ერთგულნი იყვნენ, დაჰპირდნენ მარადიულ სიცოცხლეს, სადაც „ყოველივე არის მათი“ და ისინი „იცხოვრებენ ღვთისა და მისი ქრისტეს გარემოცვაში, უკუნითი უკუნისამდე“.

შემოსვის ცერემონიები ნავუს ტაძარში ტარდებოდა მანამ, სანამ ჩვენი ადრეული პიონერები იძულებულნი გახდებოდნენ, დაეწყოთ ისტორიული ლაშქრობა დასავლეთის მთებისკენ. ჩვენ გვაქვს მრავალი პიონერის მოწმობა, რომ ძალა, რომელიც მათ მიიღეს ნავუს ტაძარში ქრისტესთან აღთქმის დადების შედეგად, შეაძლებინა მათ ლეგენდარული მოგზაურობის დასრულება და დასავლეთში დამკვიდრება.

წმინდა ტაძარში შემოსილ პირებს აკისრიათ სატაძრო სამოსელის ტარების პასუხისმგებლობა. სამოსის ეს ნაწილი თვალისთვის უხილავია, რადგან მას ტანსაცმლის ქვეშ ატარებენ. ის ახსენებს შემოსილ წევრებს მათ მიერ დადებულ წმინდა აღთქმებს და კურთხევებს, რომლებიც მათ წმინდა ტაძარში დაჰპირდნენ. ამ წმინდა მიზნების მისაღწევად, ჩვენ დაგვევალა სატაძრო სამოსელის მუდმივი ტარება, გარდა იმ შემთხევებისა, სადაც მისი გახდა აუცილებელია. იმის გამო, რომ აღთქმებს არ აქვს დასვენების დღეები, სატაძრო სამოსელის გახდა შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც აღთქმების პასუხისმგებლობისა და კურთხევების უარყოფა, რომლებსაც უკავშირდება ეს სამოსელი. ამის საპირისპიროდ - ადამიანები, რომლებიც ერთგულად ატარებენ სამოსელს და იცავენ თავიანთ სატაძრო აღთქმებს, ადასტურებენ უფალი იესო ქრისტეს მოწაფეობას.

გამოსახულება
ტაძრების რუკა

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია მთელ მსოფლიოში აშენებს ტაძრებს. მათი მიზანია დალოცონ ღვთის აღთქმული შვილები ტაძარში ღვთის თაყვანისცემით და წმინდა პასუხისმგებლობით, ძალითა და უნიკალური კურთხევებით, რომლებსაც ისინი აღთქმით იღებენ.

გამოსახულება
სან პაულუს ტაძარი ბრაზილიაში

იესო ქრისტეს ეკლესია ცნობილია როგორც ეკლესია, რომელიც აქცენტს აკეთებს ღმერთთან აღთქმების დადებაზე. ამ აღდგენილ ეკლესიაში ტარდება ხსნისა და ამაღლების წეს-ჩვეულებები, რომელთა განუყრელი ნაწილია აღთქმები. ნათლობის წეს-ჩვეულება და მასთან დაკავშირებული აღთქმა ცელესტიალურ სასუფეველში შესვლისთვის აუცილებელი მოთხოვნაა. ტაძრის წეს-ჩვეულებები და მასთან დაკავშირებული აღთქმები არის არსებითი მოთხოვნები ცელესტიალურ სასუფეველში ამაღლებისთვის, რაც არის მარადიული სიცოცხლე, ღვთის ყველა ძღვენთა შორის უდიდესი ძღვენი“. ეს არის უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის მთავარი ნაწილი.

მე ვმოწმობ იესო ქრისტეზე, რომელიც სათავეში უდგას ეკლესიას და ვევედრები მის კურთხევებს ყველასთვის, ვინც ეძიებს მისი წმინდა აღთქმების შენარჩუნებას. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა