გენერალური კონფერენცია
დარეკე, არ დაეცე!
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


დარეკე, არ დაეცე!

თუ „მოვუხმობთ“ მამაზეციერს, მე ვმოწმობ: არ დავეცემით.

დღეს მინდა დავიწყო მოწმობით: მთელი გულით მწამს, რომ ღმერთი სათითაოდ ისმენს და ინდივიდუალურად პასუხობს ჩვენს ლოცვებს .

სამყაროში, რომელიც გაურკვევლობის, ტკივილის, იმედგაცრუების და გულგატეხილობის პერიოდებს გადის, ჩვენ შეიძლება გაგვიჩნდეს მიდრეკილება, უფრო მეტად ვეყრდნობოდეთ მიწიერ, პირად შესაძლებლობებსა და უპირატესობებს, ისევე როგორც ცოდნასა და უსაფრთხოებას. ამან შეიძლება უკან გაწიოს დახმარებისა და მხარდაჭერის რეალური წყარო, რომელსაც ამ მიწიერი ცხოვრების გამოწვევებთან გამკლავება შეუძლია.

გამოსახულება
პალატა.

მახსოვს შემთხვევა, როცა საავადმყოფოში ვიწექი და დაძინება მიჭირდა. როდესაც შუქი ჩავაქრე და ოთახში ჩამობნელდა, ჭერზე ამრეკლავი წარწერა დავინახე: „დარეკე, არ დაეცე“. ჩემდა გასაკვირად, მეორე დღეს დავინახე იგივე გზავნილი, რომელიც ოთახის რამდენიმე ნაწილში მეორდებოდა.

გამოსახულება
„დარეკე, არ დაეცე“.

რატომ იყო აღნიშნული გზავნილი ესოდენ მნიშვნელოვანი? როდესაც ექთანს ვკითხე ამის შესახებ, მან მიპასუხა: „ეს არის დაზიანების თავიდან ასაცილებლად,რათა არსებულ ტკივილს ახალი ტკივილი არ დაამატოთ“.

ამ ცხოვრებას, თავისი ბუნებით, მოაქვს მტკივნეული გამოცდილება, ზოგი თანდაყოლილი ჩვენი ფიზიკური სხეულისთვის, ზოგი ჩვენი სისუსტეებით ან ტანჯვით გამოწვეული, ზოგი იმის გამო, თუ როგორ იყენებენ სხვები თავიანთი არჩევანის თავისუფლებას და ზოგიც ჩვენ მიერ გამოყენებული თავისუფალი არჩევანის გამო.

არის თუ არა რამე დაპირება უფრო ძლიერი, ვიდრე ის, რაც თავად მაცხოვარმა მოგვცა, როცა ბრძანა: „ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ“?

ლოცვა არის ჩვენს მამაზეციერთან ურთიერთობის ხერხი, რომელიც საშუალებას გვაძლევს „დავრეკოთ და არ დავეცეთ“. თუმცა, არის გარემოებები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ მოხმობა არ იყო გაგონილი, რადგან ჩვენ არ ვიღებთ მყისიერ პასუხს ჩვენი მოლოდინების შესაბამისად.

ეს ზოგჯერ იწვევს შფოთვას, სევდას და იმედგაცრუებას. მაგრამ გაიხსენეთ ნეფის რწმენის გამოხატვა უფლისადმი, როდესაც მან თქვა: „რატომ ვერ მასწავლის გემის აშენებას“? ახლა მე გეკითხებით: რატომ ვერ გასწავლით უფალი, რომ არ დაეცეთ?

ღვთისადმი ნდობა გულისხმობს იმას, რომ მისი გზები ჩვენი გზები არ არის და რომ „მაგრამ, ყოველივე უნდა ახდეს თავის დროზე“.

იმის ცოდნა, რომ ვართ მოსიყვარულე და მოწყალე მამაზეციერის შვილები, უნდა იყოს მოტივაცია, რომ „დავუძახოთ“ ღვთისმოსავ ლოცვაში, განწყობით „ყოველთვის [ვილოცოთ] და არ მოგ[ვბეზრდეს]; … , რომ საქმენი [ჩვენი] იყოს [ჩვენი] სულის კეთილდღეობისათვის.” წარმოიდგინეთ მამაზეციერის გრძნობები, როდესაც ყოველი ლოცვისას, ჩვენ ვევედრებით მისი ძის, იესო ქრისტეს სახელით. რა სიძლიერე და სინაზე გამოიხატება ამაში!

წმინდა წერილები სავსეა მაგალითებით, ვინც „მოუხმო ღმერთს, რათა არ დაცემულიყო“. ჰელამანი და მისი ჯარი, როცა გაჭირვებაში აღმოჩნდებოდნენ, „უხმობდნენ“ ღმერთს და ლოცვაში სულს უღვრიდნენ მას. ისინი იღებდნენ თავდაჯერებულობას, მშვიდობას, რწმენას და იმედს, მოიპოვებდნენ გამბედაობას და მონდომებას, სანამ მიზანს არ მიაღწევდნენ.

წარმოიდგინეთ, როგორ „მოუხმობდა“ მოსე და შეჰღაღადებდა ღმერთს, როცა აღმოჩნდა წითელ ზღვასა და ეგვიპტელებს შორის, რომლებიც შეტევაზე მიდიოდნენ ან წარმოიდგინეთ აბრაამი, როდესაც დაემორჩილა ბრძანებას, შეეწირა თავისი ვაჟი, ისააკი.

დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენგანს ჰქონია და გექნებათ გამოცდილება, სადაც „დარეკეთ“ არის პასუხი იმისა, რომ „არ დაეცეთ“.

ოცდაათი წლის წინ, როცა მე და ჩემი მეუღლე ვემზადებოდით იურიდიული და სატაძრო ქორწინებისთვის, ჩვენ დაგვირეკეს, რომ იურიდიული ქორწინება გაუქმდა გაფიცვის გამო. ჩვენ დაგვირეკეს დაგეგმილ ცერემონიამდე სამი დღით ადრე. რამდენიმე სხვა უწყება ვცადეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ თავისუფალი ადგილები. ჩვენ დავღონდით და შევწუხდით იმის გამო, თუ როგორ შეგვეძლო დაქორწინება ისე, როგორც დავგეგმეთ.

მე და ჩემმა საცოლემ „მოვუხმეთ“ ღმერთს ლოცვაში, გადმოვუღვარეთ მას სული. ბოლოსდაბოლოს, ვიღაცამ გვითხრა ქალაქის გარეუბანში მდებარე პატარა უწყების შესახებ, სადაც მას ნაცნობი მერი ჰყავდა. უყოყმანოდ წავედით მასთან და ვკითხეთ, შეიძლებოდა თუ არა ჩვენი დაქორწინება. ჩვენდა სასიხარულოდ, ის დაგვთანხმდა. მისმა მდივანმა ხაზგასმით გვითხრა, რომ იმ ქალაქში უნდა აგვეღო მოწმობა და მეორე დღის შუადღემდე ყველა საბუთი უნდა მოგვეწოდებინა.

მეორე დღეს გავემგზავრეთ პატარა ქალაქში და პოლიციის განყოფილებაში მივედით საჭირო საბუთის გამოსათხოვად. ჩვენდა გასაკვირად, წარმომადგენელმა მოგვახსენა, რომ არ მოგვცემდა საბუთს, რადგან ბევრი ახალგაზრდა წყვილი იპარებოდა ოჯახებიდან, იმ ქალაქში ფარულად დაქორწინებისთვის, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვეხებოდა. კვლავ შიშმა და მწუხარებამ მოგვიცვა.

მახსოვს, როგორ ჩუმად „მოვუხმე“ მამაზეციერს, რომ არ დავცემულიყავი. გონებაში მკაფიო შთაგონება მივიღე, მუდმივად მესმოდა: „სატაძრო რეკომენდაცია, სატაძრო რეკომენდაცია“. ჩემი საცოლის გასაოცრად, მაშინვე ამოვიღე ჩემი სატაძრო რეკომენდაცია და გადავეცი ოფიცერს.

ჩვენს გაოცებას ზღვარი არ ჰქონდა, როცა ოფიცერმა გვითხრა: „რატომ არ მითხარი, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიიდან ხარ? მე თქვენს ეკლესიას კარგად ვიცნობ“. იგი მაშინვე შეუდგა დოკუმენტის მზადებას. ჩვენ კიდევ უფრო გაგვიკვირდა, როცა ოფიცერმა თავისი საგუშაგო ადგილი უსიტყვოდ დატოვა.

ორმოცდაათი წუთი გავიდა და ის არ დაბრუნებულა. უკვე დილის 11:55 საათი იყო და მხოლოდ შუადღემდე გვქონდა საბუთების მიტანის დრო. უცებ ის გამოჩნდა ლამაზ ლეკვთან ერთად და გვითხრა, რომ ეს საქორწილო საჩუქარია და საბუთთან ერთად გადმოგვცა.

მერიისკენ სასწრაფოდ გავემართეთ ჩვენი საბუთით და ჩვენი ახალი ძაღლით. გზად დავინახეთ ჩვენკენ მომავალი სამსახურეობრივი მანქანა. მე ამ მანქანის წინ გადავუდექი. მანქანა გაჩერდა და შიგნით მდივანი დავინახეთ. ჩვენი დანახვისას მან თქვა: „ბოდიში, მაგრამ მე ხომ გითხარით: შუადღემდე. ახლა სხვა საქმეზე ვარ წასასვლელი“.

სიჩუმეში თავი დავიმდაბლე და მთელი გულით „მოვუხმე“ მამაზეციერს და კიდევ ერთხელ ვთხოვე დახმარება, რომ „არ დავცემულიყავი“. უეცრად, სასაწაული მოხდა. მდივანმა გვითხრა: „რა ლამაზი ძაღლი გყავთ. სად ვნახო ასეთივე ჩემი შვილისთვის?“

ჩვენ იმწუთას ვუპასუხეთ.„ეს თქვენთვისაა“

მდივანმა გაკვირვებით შემოგვხედა და გვითხრა: „კარგი, წავიდეთ უწყებაში და მოვაგვაროთ“.

ორი დღის შემდეგ მე და კეროლი იურიდიულად დავქორწინდით, როგორც ეს დაგეგმილი იყო, შემდეგ კი ლიმას პერუს ტაძარში ჩავიბეჭდეთ.

თავისთავად, უნდა გვახსოვდეს, რომ „მოხმობა“ არის რწმენისა და მოქმედების საკითხი - რწმენა იმის აღიარებისთვის, რომ გვყავს მამაზეციერი, რომელიც პასუხობს ჩვენს ლოცვებს თავისი უსაზღვრო სიბრძნის მიხედვით, შემდეგ კი ქმედება შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ ვითხოვდით. ლოცვა - მოხმობა - შეიძლება ჩვენი იმედის ნიშანი იყოს. მაგრამ ლოცვის შემდეგ მოქმედება არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენი რწმენა რეალურია; რწმენა, რომელიც გამოიცადა ტკივილის, შიშის ან იმედგაცრუების მომენტებში.

ჩემი რჩევაა, გაითვალისწინოთ შემდეგი:

  1. ყოველთვის იფიქრეთ უფალზე, როგორც დახმარების პირველ წყაროზე.

  2. „დარეკეთ, არ დაეცეთ“. მიმართეთ ღმერთს გულწრფელი ლოცვით.

  3. ლოცვის შემდეგ გააკეთეთ ყველაფერი, რომ მიიღოთ ის კურთხევები, რისთვისაც ლოცულობდით.

  4. დაიმდაბლეთ თავი, რომ მიიღოთ პასუხი მის დროს და მისი გზით.

  5. არ გაჩერდეთ! განაგრძეთ წინსვლა აღთქმის გზაზე, სანამ პასუხს ელოდებით.

შესაძლოა, ახლა არის ვინმე, ვინც, გარემოებების გამო, გრძნობს, რომ დაცემას აპირებს და სურს „მოუხმოს“, როგორც ეს ჯოზეფ სმითმა გააკეთა, როცა დაიძახა: „ღმერთო, სად ხარ? … რამდენ ხანს შეაკავებს შენს ხელს“?

ასეთ ვითარებაშიც კი, ილოცეთ „სულიერი იმპულსით“, როგორც პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა, რადგან თქვენი ლოცვები ღმერთს ყოველთვის ესმის!

გაიხსენეთ შემდეგი საგალობელი:

სანამ ოთახს დატოვებდი

თუ ილოცე შენ?

ქრისტეს, ჩვენი გამომხსნელის,

მფარველობა რომ მიგეღო,

თუ ეცადე შენ?

როგორ ამშვენებს ლოცვა გულს!

ბნელს შთაბერავს დილის სულს.

და როს სიცოცხლა აღარ გსურს,

კვლავ ილოცე შენ.9

როდესაც ვლოცულობთ, ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ ჩვენი მამაზეციერის ჩახუტება, რომელმაც გამოგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე ჩვენი ტვირთის შესამსუბუქებლად, რადგან თუ ჩვენ „ღმერთს მოვუხმობთ“, მე ვმოწმობ - არ დავეცემით. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა