გენერალური კონფერენცია
ღმერთის განზრახვა არის თქვენი შინ მოყვანა
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


ღმერთის განზრახვა არის თქვენი შინ მოყვანა

ყველაფერი მამა ღმერთის გეგმაშა ჩაფიქრებულია იმისთვის, რომ ყველანი შინ დავბრუნდეთ.

მსურს გამოვხატო მადლიერება თქვენი ლოცვებისთვის, რადგან დავიწყე პრეზიდენტ ნელსონის მოწოდების მორგება - ვიმსახურო უფალი იესო ქრისტეს მოციქულად. თქვენ ალბათ კარგად წარმოიდგენთ, როგორი შეგრძნება იყო ეს - მორჩილების და საოცარი ცვლილებისა და გარდამტეხი თვით შესწავლის. რა თქმა უნდა, დიდი პატივია ვემსახურო მაცხოვარს, ნებისმიერი წოდებით და თქვენთან ერთად ვიყო უფლის იმედის სახარების სასიხარულო ამბის გამზიარებელი.

გარდა ამისა, როგორც ითქმის ხოლმე: „ყოველი ახალი მოციქულის უკან გაოცებული სიდედრი დგას“. არ ვიცი, ეს ნამდვილად ასე ითქმის თუ არა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს, შეიძლება, სიმართლესაც შეესაბამებოდეს. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიდედრი აღარ არის ჩვენთან, ის მაინც გაოცებულია.

რამდენიმე თვის წინ, როცა მე და ჩემი მეუღლე სხვა ქვეყანაში ვიმყოფებოდით საეკლესიო დავალებების შესასრულებლად, ერთ დილით ადრე გამეღვიძა და სასტუმროს ფანჯრიდან, გარეთ, ბუნდოვნად გავიხედე. ქვემოთ, გადატვირთულ ქუჩაზე, დავინახე ბლოკპოსტი, რომელთანაც ახლოს პოლიციელი იდგა და ბარიერთან მიახლოებულ მანქანებს უკან აბრუნებდა. თავდაპირველად, გზაზე მხოლოდ რამდენიმე მანქანა მოძრაობდა, რომელიც უკან დაბრუნდა. მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც მოძრაობა გაიზარდა, მანქანების რიგი დადგა.

ფანჯრიდან ვხედავდი, რომ პოლიციელი სიამოვნებას იღებდა იმით, რომ ჰქონდა ძალაუფლება, გაეჩერებინა მანქანები და უკან დაებრუნებინა ისინი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ზამბარაზე შედგა, რადგან ბარიერთან მისულ ყოველ მანქანას ის წამოხტომით ხვდებოდა. მძღოლები წუხდნენ გზის გადაკეტვის გამო, პოლიციელიც დიდად არ ეხმარებოდა საქმეს და არც თანამგრძნობა ეტყობოდა. ის მხოლოდ თავს გაიქნევდა ხოლმე და უკან დასაბრუნებლად მიუთითებდა.

ჩემო მეგობრებო, ჩემო თანამოწაფეებო ამ მიწიერი ცხოვრების გზაზე. ჩვენი მამის მშვენიერი გეგმა, მისი „ლეგენდარული“ გეგმა, ჩაფიქრებულია ჩვენს შინ მისაყვანად და არა გარეთ დასატოვებლად. ამ გზაზე არავის აუშენებია ბლოკპოსტები და არ დაუყენებია ვინმე იმისთვის, რომ გაგვაბრუნოს. ფაქტობრივად, ამის საპირისპიროა. ღმერთი დაუღალავად კვალდაკვალ მოგყვებათ. მისი სურვილია, მისმა ყველა შვილმა მასთან დაბრუნება არჩიოს, და ის იყენებს ყველა შესაძლებლობას, რომ შინ დაგაბრუნოთ.

ჩვენი მოსიყვარულე მამა ღმერთი განაგებდა სწორედ ამ დედამიწის შექმნას იმ მიზნით, რომ მოგცეთ შესაძლებლობა თქვენ და მე, გვქონდეს მოკვდაობის გახანგრძლივებული და დახვეწილი გამოცდილება, შესაძლებლობა - გამოვიყენოთ ღვთისგან ბოძებული ზნეობრივი არჩევანის თავისუფლება, რომ ავირჩიოთ უფალი, ვისწავლოთ, გავიზარდოთ, დავუშვათ შეცდომები, მოვინანიოთ, გვიყვარდეს ღმერთი და მოყვასი და ერთ დღეს დავბრუნდეთ მასთან სახლში.

მან გაგზავნა თავისი ძვირფასი საყვარელი ძე ამ დაცემულ სამყაროში, რათა ეცხოვრა ადამიანური გამოცდილების სრული სპექტრით, რომ მაგალითი მიეცა თავისი დანარჩენი შვილებისთვის, მიჰყოლოდნენ და გამოესყიდათ. ქრისტეს დიდი გამოსყიდვის ძღვენი აქრობს ფიზიკური და სულიერი სიკვდილის ყველა დაბრკოლებას, რომელიც გვაშორებს ჩვენი მარადიული სახლიდან.

ყველაფერი მამა ღმერთის გეგმაშა ჩაფიქრებულია იმისთვის, რომ ყველანი შინ დავბრუნდეთ.

რას უწოდებენ ამ გეგმას ღვთის მაცნეები, მისი წინასწარმეტყველები, აღდგენის წმინდა წერილში? ისინი ამას გამოსყიდვის გეგმას უწოდებენ, მოწყალების გეგმას, ბედნიერების დიდ გემას და ხსნის გეგმას, რომელიც არის ყველასთვის, „ჩემი მხოლოდშობილის სისხლის მეშვეობით“.

მამა ღმერთის ბედნიერების დიდი გეგმის მიზანი თქვენი ბედნიერებაა, სწორედ აქ, ახლა და სამარადისოდ. ის არ არის იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს ჩვენს ბედნიერებას და არ არის იმისთვის, რომ გამოიწვიოს ჩვენში შეშფოთება და შიში.

მამა ღმერთის გამოსყიდვის გეგმის განზრახვა სინამდვილეში არის თქვენი გამოსყიდვა, თქვენი ხსნა, იესო ქრისტეს ტანჯვისა და სიკვდილის მეშვეობით, ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობიდან თქვენი გათავისუფლება. ის არ გულისხმობს, დაგვტოვოს ისეთებად, როგორებიც ვართ.

მამა ღმერთის წყალობის გეგმის მიზანია წყალობის განვრცობა როდესაც თქვენ უბრუნდებით მას და პატივს სცემთ მის ერთგულების აღთქმას. ეს გზა არ გულისხმობს მოწყალების უარყოფას, ნაცვლად ტკივილისა და მწუხარების მიყენებისა.

მამა ღმერთის ხსნის გეგმის მიზანი, ფაქტობრივად, არის ჩვენი ხსნა დიდების ცელესტიალურ სასუფეველში, როდესაც თქვენ მიიღებთ იესოს მოწმობას და სწირავთ მას მთელ თქვენს სულს. მისი გეგმა არ გულისხმობს ჩვენს გარეთ დარჩენას.

უკავშირდება ეს იმას, თუ როგორ ვცხოვრობთ? რომ არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორ ვიყენებთ თავისუფალ არჩევანს? რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ან ზურგი შევაქციოთ ღვთის მცნებებს? არა, რა თქმა უნდა - არა. იესოს ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული მოწვევა და ვედრება მისი მიწიერი მსახურების დროს იყო, რომ შევიცვალოთ, მოვინანიოთ და მივიდეთ მასთან. მის ყველა სწავლებაში ფუნდამენტურად ნაგულისხმევი ზნეობრივი ქცევის უმაღლეს დონეზე ცხოვრება არის მოწოდება პიროვნული პროგრესისაკენ, ქრისტესადმი გარდამტეხი რწმენისაკენ, გულის ძლიერი ცვლილებისკენ.

მას სურს ჩვენში ჩვენი ეგოისტური და ამპარტავნული სწრაფვის ძირეული შეცვლა, ხორციელი ადამიანის განდევნა, რომ ჩვენ „წა[ვიდეთ] და ამიერიდან აღარ შე[ვცოდოთ]“.

თუ ჩვენ გვჯერა, რომ მამა ღმერთის ყოვლისმომცველი გეგმის მიზანია ჩვენი გადარჩენა, გამოსყიდვა, მოწყალება და ამით ჩვენთვის ბედნიერების მოტანა, რა არის ძე ღვთისას განზრახვა, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა ეს დიდი გეგმა?

ძე ღვთისა თავად გვეუბნება: „რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა“.

იესოს ნება არის კეთილგანწყობილი მამა ღმერთის ნება! მას სურს, რომ მამა ღმერთის ყოველმა შვილმა მიაღწიოს გეგმის საბოლოო მიზანს - მათთან ერთად მარადიულ სიცოცხლეს. არავის არ ეთქმის უარი ამ ღვთიური პოტენციალის მიღებაზე.

თუ ხშირად ფიქრობთ, რომ ვერასოდეს მიაღწევთ ამას ან რომ ქრისტეს უსაზღვრო გამოსყიდვის სიყვარულით წვდომა გულმოწყალედ მოიცავს ყველას, მაგრამ არა თქვენ, მაშინ არასწორად გესმით. უსაზღვრო ნიშნავს უსაზღვროს. უსაზღვრო ვრცელდება თქვენზე და თქვენს საყვარელ ადამიანებზე.

ნეფი განმარტავს ამ მშვენიერ ჭეშმარიტებას: „ის ისეთს არაფერს აკეთებს, რომ არ იყოს ამა ქვეყნისთვის სასარგებლო, რადგან მას ისე უყვარს ქვეყანა, რომ სიცოცხლესაც შესწირავს, რათა მოიზიდოს ყველა ადამიანი თავისთან. ამიტომ, ის არ უბრძანებს არავის, რომ არ იგემონ მისი ხსნისაგან“.

მაცხოვარი, კეთილი მწყემსი მიდის თავისი დაკარგული ცხვრის საძიებლად, სანამ არ იპოვის მას. მას „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს.

„აჰა, ჩემი მოწყალე ხელი გამოწვდილია თქვენკენ და რომელიც მოვა – მივიღებ“.

„არიან თქვენ შორის ავადმყოფნი? აქ მოიყვანეთ. არიან თქვენ შორის ხეიბარნი, ბრმანი ან კოჭლნი, დასახიჩრებულნი, კეთროვანნი ან ჩამომხმარნი, დაყრუებულნი ან რაიმეთი დაავადებულნი? აქ მოიყვანეთ, მე განვკურნავ, რადგან მოწყალებას ვგრძნობ თქვენ მიმართ“.

მან არ განდევნა ქალი სისხლის დენით, არ უკუაგდო კეთროვანი, არ უარყო მრუშობაში ჩავარდნილი ქალი, არ თქვა უარი მომნანიებელზე - რა ცოდვაც არ უნდა ჰქონოდა მას. და ის არ გეტყვით უარს თქვენ ან მათ, ვინც გიყვართ, როდესაც მიხვალთ მასთან გატეხილი გულითა და მომნანიებელი სულით. ეს არ არის მისი განზრახვა ან მისი ჩანაფიქრი, არც მისი გეგმა, მიზანი, სურვილი ან იმედი.

არა, ის არ აყენებს ბლოკპოსტებს და ბარიერებს; ის შლის მათ. ის არ გდევნით, ის შინ გეპატიჟებათ. მთელი მისი მსახურება ამ განზრახვის ცოცხალი გამოხატულება იყო.

შემდეგ, რა თქმა უნდა, არის თავად მისი გამომსყიდველი მსხვერპლი, რომელიც ჩვენთვის უფრო ძნელი გასაგებია, ვიდრე ჩვენი მოკვდავი შესაძლებლობების გაგება. მაგრამ, და ეს არის მნიშვნელოვანი „მაგრამ“, ჩვენ გვესმის, რომ შეგვიძლია გავიგოთ მისი გამომსყიდველი მსხვერპლის წმინდა, ხსნაზე ორიენტირებული განზრახვა.

ტაძრის ფარდა ორად გაიყო, როდესაც იესო ჯვარზე აღესრულა, რაც სიმბოლოა იმისა, რომ მამა ღმერთთან წვდომა ფართოდ გაიხსნა - ყველასთვის, ვინც მიბრუნდება მისკენ, ენდობა მას, გადაიტანს ტვირთს მასზე და იტვირთავს მის უღელს აღთქმის კავშირით.

სხვა სიტყვებით რომ ითქვას, მამა ღმერთის გეგმა არ უკავშირდება ბლოკპოსტებს. არასდროს არ უკავშირდებოდა და არც იქნება დაკავშირებული. არის თუ არა რაღაცები, რაც უნდა გავაკეთოთ, მცნებები, რომლებიც უნდა დავიცვათ, ჩვენი ბუნების ასპექტები, რომლებიც უნდა შევცვალოთ? დიახ. მაგრამ მისი მადლით, ისინი ჩვენი ხელმისაწვდომობის ფარგლებშია და არა ფარგლებს გარეთ.

ეს კარგი ამბავია! უსიტყვოდ მადლობელი ვარ ამ მარტივი ჭეშმარიტებისთვის. მამა ღმერთის ჩანაფიქრი, მისი გეგმა, მისი მიზანი, მისი განზრახვა, მისი სურვილი და მისი იმედი არის მიმართული, რომ განგკურნოთ, ყველას მოგცეთ მშვიდობა, ყველანი სახლში მოგიყვანოთ. ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს, მისი ძის, სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. რასელ მ.ნელსონი „იაზროვნეთ ცელესტიალურადლიახონა, ნოემ. 2023 წელი, 117, 118.

  2. იხ. 2 ნეფი 26:25, 27.

  3. ზოგადი სახელმძღვანელო: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში მსახურება, 1.1, სახარების ბიბლიოთეკა

  4. იხ. მოსე 7:33.

  5. იხ. იაკობი 6:8; ალმა 12:30.

  6. იხ. ალმა 42:15.

  7. იხ. ალმა 42:8, 16.

  8. მოსე 6:62.

  9. იხ. მოძღვრება და აღთქმები 45:4.

  10. მოძღვრება და აღთქმები 76:50-70.

  11. იხ. ომნი 1:26.

  12. იხ. მათე 4:17.

  13. იხ მათე 5–7. მაგალითად მათე 5:43–44-ში, მაცხოვარმა ასწავლა თავის მოწაფეებს, რომ საკმარისი არ იყო „გიყვარდეს მოყვასი შენი და შეიძულო შენი მტერი“. რომ გაჰყვე მას, საჭიროა „შეიყვაროთ [თქვენი] მტრები“.

  14. იხ. მოსია 5:2. იმისათვის, რომ იესო ქრისტეს წყალობა ჩვენს ცხოვრებაში ამოქმედდეს, ჩვენ უნდა მივუბრუნდეთ მას. ალმა უმცროსი გვასწავლის, რომ ეს დიდებული „გამოსყიდვის გეგმა არ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მონანიების პირობებში… ; რადგან ამ პირობების გარდა, წყალობა ვერ იმოქმედებდა“(ალმა 42:13).

  15. იხ. მოსია 3:19.

  16. იოანე 8:11.

  17. იოანე 6:38.

  18. See Russell M. Nelson, “The Atonement,” Ensign, Nov. 1996, 35: “His Atonement is infinite—without an end. ეს ასევე იყო უსაზღვრო იმ გაგებით, რომ მთლი კაცობრიობა გადარჩებოდა უსასრულო სიკვდილისგან. ეს იყო უსაზღვრო, ტანჯვის თვალსაზრისით. ეს იყო უსაზღვრო დროის თვალსაზრისით, რადგან დასრულდა წინად არსებული ცხოველის მსხვერპლშეწირვის პრაქტიკა. ეს ასევე იყო უსაზღვრო მასშტაბის თვალსაზრისით, რადგან ერთხელ და სამუდამოდ ყველასთვის უნდა მომხდარიყო და გამოსყიდველი მსხვერპლის მოწყალება ვრცელდება არამხოლოდ ადამიანთა უსასრული რიცხვზე, არამედ უფლის მიერ შექმნილ უსასრულო სავანეებზე. ეს იყო უსასრულო ადამიანური მასშტაბის თვალსაზრისით ან მოკვდავობის წვდომით.

  19. იხ.2 ნეფი 26:24.

  20. იხ. ლუკა 15:4.

  21. 2 პეტრე 3:9; მოძღვრება და აღთქმები 18:11–12.

  22. 3 ნეფი 9:14.

  23. 3 ნეფი 17:7; ასევე იხილეთ მუხლი 6.

  24. იესო ქრისტეს სწავლებებში, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ზოგიერთი ადამიანი ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს, ის ცხადყოფს, რომ ეს შედეგი არ არის მისი სურვილი მათთვის, არამედ მათი არჩევანის შედეგია. (იხ. მათე 7:13–14, 21–25).

  25. იხ. მათე 27:50–51; ებრაელთა 9:6–12.

ამობეჭდვა