გენერალური კონფერენცია
დაენდე უფალს
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


დაენდე უფალს

ღმერთთან ჩვენი ურთიერთობა შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ჩვენ მზად ვართ, ვენდოთ მას.

ჩვენ ოჯახში ხანდახან ვთამაშობთ თამაშს, რომელსაც ვუწოდებთ „გიჟური ნდობის გამოვლენა“. შეიძლება თქვენც გითამაშიათ. ორი ადამიანი დგას ერთმანეთისგან რამდენიმე ფუტის დაშორებით, ერთმანეთის ზურგშექცევით. უკან მყოფის სიგნალზე, წინ მყოფი უკან ეცემა, მეგობრის მომლოდინე მკლავებში.

ნდობა ყველა ურთიერთობის საფუძველია. ნებისმიერ ურთიერთობაში გადამწყვეტი კითხვაა: „შემიძლია, ვენდო მეორე ადამიანს?“ ურთიერთობა იქმნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანებს სურთ ერთმანეთის ნდობა. ურთიერთობა არ შედგება, თუ ერთი ადამიანი მთლიანად ენდობა, მეორე კი - არა.

თითოეული ჩვენგანი არის მოსიყვარულე მამაზეციერის საყვარელი სულიერი ძე ან ასული. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სულიერი გენეალოგია იძლევა საფუძველს, ის თავისთავად არ ქმნის მნიშვნელოვან ურთიერთობას ღმერთთან. ურთიერთობის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ვირჩევთ, ვენდოთ მას.

მამაზეციერი ცდილობს ღრმა და პირადი ურთიერთობის დამყარებას თავის თითოეულ სულიერ შვილთან. იესომ გამოხატა ეს სურვილი, როცა ლოცულობდა: „რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი - შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში.“ ურთიერთობა, რომელსაც ღმერთი ეძიებს, არის ისეთი ახლო და პირადი, რომ მან შეძლოს, თითოეულ ჩვენგანს გაუზიაროს ყველაფერი, რაც აქვს და რაც თავად არის. ასეთი ღრმა, ხანგრძლივი ურთიერთობა შეიძლება მხოლოდ მაშინ განვითარდეს, როცა სრულყოფილ, სრულ ნდობაზეა აგებული.

თავის მხრივ, მამაზეციერი თავიდანვე იღწვოდა, რათა გადმოეცა აბსოლუტური ნდობა თავისი თითოეული შვილის ღვთაებრივ პოტენციალში. ნდობა ემყარება იმ გეგმას, რომელიც მან წარმოადგინა ჩვენი ზრდისა და წინსვლისთვის დედამიწაზე მოსვლამდე. ის გვასწავლიდა მარადიულ კანონებს, შექმნიდა დედამიწას, მოგვცემდა მოკვდავ სხეულებს, გვიბოძებდა საკუთარი არჩევნის ძღვენს და მოგვცემდა საშუალებას, გვესწავლა და გავზრდილიყავით საკუთარი არჩევნის გაკეთების გზით. მას სურს, ავირჩიოთ, მივყვეთ მის კანონებს და დავბრუნდეთ, რათა დავტკბეთ მარადიული ცხოვრებით მასთან და მის ძესთან.

იცოდა რა, რომ ჩვენ ყოველთვის არ გავაკეთებდით კარგ არჩევანს, მან ასევე მოამზადა გზა, რათა გავქცეოდით ჩვენი ცუდი არჩევანის შედეგებს. მან მოგვცა მხსნელი — თავისი ძე, იესო ქრისტე, რათა გამოესყიდა ჩვენი ცოდვები და კვლავ განვეწმინდეთ მონანიების პირობით. ის მოგვიწოდებს, რეგულარულად გამოვიყენოთ სინანულის ძვირფასი ძღვენი.

ყველა მშობელმა იცის, რამდენად რთულია ბავშვის ნდობა გადაწყვეტილების მიღებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშობელმა იცის, რომ ბავშვი შეცდომებს დაუშვებს და ამის შედეგად დაზარალდება. და მაინც, მამამზეციერი ნებას გვრთავს, გავაკეთოთ ისეთი არჩევანი, რომელიც დაგვეხმარება ღვთიური პოტენციალის მიღწევაში. რადგან როგორც უხუცესი დეილ ჯ. რენლანდი ასწავლიდა, „[მისი], როგორც მშობლის როლი არ გულისხმობს, აიძულოს თავისი შვილები, გააკეთონ ის, რაც სწორია; მისმა შვილებმა უნდა აირჩიონ გააკეთონ ის, რაც სწორია და საბოლოო ჯამში დაემსგავსონ მას“.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ჩვენდამი ნდობას ავლენს, ჩვენი ურთიერთობა მასთან მხოლოდ იქამდე გაიზრდება, სადამდეც მზად ვართ, მას ვენდოთ. გამოწვევა ის არის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დაცემულ სამყაროში და ყველამ განვიცადეთ ნდობის დაკარგვა არაკეთილსინდისიერების, მანიპულირების, დაძალების ან სხვა ცუდი ქცევის გამო. ერთხელ ღალატის შემდეგ, გვიჭირს ხელახლა ნდობა. არასრულყოფილ მოკვდავებთან უარყოფითი ნდობის გამოცდილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს უნარსა და სურვილზე, მივენდოთ სრულყოფილ მამაზეციერს.

რამდენიმე წლის წინ, ჩემმა ორმა მეგობარმა, ლეონიდმა და ვალენტინამ, გამოხატეს სურვილი, ეკლესიის წევრები გამხდარიყვნენ. როდესაც ლეონიდმა სახარების შესწავლა დაიწყო, მას ლოცვა უჭირდა. ცხოვრების ადრეულ წლებში ლეონიდმა განიცადა მანიპულირება და კონტროლი უფროსების მხრიდან და მას განუვითარდა ხელმძღვანელობის მიმართ უნდობლობა. მას თავისი წინა გამოცდილების გამო გაუჭირდა მამაზეციერისათვის გულის გახსნა და პირადი გრძნობების გამოხატვა . ლეონიდმა განაგრძო სწავლა და დროთა განმავლობაში მან უკეთ გაიაზრა ღმერთის ხასიათი და განიცადა ღვთის სიყვარულის შეგრძნება. საბოლოო ჯამში ლოცვა მისთვის გახდა მადლობის გამოხატვისა და ღვთისადმი სიყვარულის გამოხატვის ბუნებრივი გზა. ლეონიდის ნდობა ღმერთისადმი გაიზარდა, რის შედეგადაც მან და ვალენტინამ, ღმერთთან და ერთმანეთთან ურთიერთობის გასაძლიერებლად ,წმინდა აღთქმების დადება მოისურვეს.

თუ ადრე დაკარგული ნდობა ხელს გიშლით ღმერთისადმი ნდობაში, გთხოვთ, მიჰყევით ლეონიდის მაგალითს. მოთმინებით გააგრძელეთ სწავლა, რათა მეტი შეიტყოთ ზეციური მამის, მისი ბუნების, თვისებებისა და მიზნების შესახებ. ეძიეთ და ჩაიწერეთ თქვენს ცხოვრებაში მის სიყვარულთან და ძალასთან დაკავშირებული შემთხვევები. ჩვენმა ცოცხალმა წინასწარმეტყველმა, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა, გვასწავლა, რომ რაც უფრო მეტს ვისწავლით ღმერთის შესახებ, მით უფრო ადვილი იქნება ჩვენთვის მისი ნდობა.

ზოგჯერ ღმერთისადმი ნდობის სწავლის საუკეთესო გზა მხოლოდ მასზე მინდობაა. ზუსტად როგორც „გიჟური ნდობის გამოვლენაში“, ზოგჯერ ჩვენთვისაც საჭიროა, დავიწყოთ ზურგით ვარდნა ღმერთის მომლოდინე მკლავებში. ჩვენი მიწიერი ცხოვრება გამოცდაა. ხშირად გვაქვს გამოწვევები, რომლებიც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. როდესაც ჩვენი ცოდნა და წვდომა არასაკმარისია, ბუნებრივია, დახმარებას სხვა წყაროებიდან ვეძებთ. ინფორმაციებით გაჯერებულ სამყაროში ჩვენ არ გვაკლია წყაროები, რომლებიც ჩვენი გამოწვევებისთვის საკუთარ გადაწყვეტილებებს გვთავაზობენ. თუმცა, იგავების მარტივი, დროში გამოცდილი რჩევა გვაძლევს საუკეთესო დარიგებას: „დაენდე უფალს მთელი გულით“. ჩვენ ვავლენთ ღმერთისადმი ნდობას იმით, რომ პირველ რიგში მას მივმართავთ, როდესაც ცხოვრებისეულ გამოწვევებს დავუპირისპირდებით.

მას შემდეგ, რაც იუტაში იურიდიული სკოლა დავამთავრე, ჩვენს ოჯახს უნდა გადაეწყვიტა, სად გვემუშავა და სად დავსახლებულიყავით. ერთმანეთთან და უფალთან თათბირის შემდეგ ჩვენ მივიღეთ კარნახი, რომ შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში უნდა გადავსულიყავით, მშობლებისგან და დედმამიშვილებისგან შორს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად წარიმართა და დავრწუნდით, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. საადვოკატო ფირმაში შემცირება იყო და შემოსავლის და დაზღვევის დაკარგვის წინაშე აღმოვჩნდი ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩვენი ქალიშვილი, დორა, დაიბადა, სერიოზული სამედიცინო გამოწვევებითა და გრძელვადიანი სპეციალური საჭიროებებით. ამ გამოწვევებთან ბრძოლისას მივიღე საეკლესიო მოწოდება, რომელიც მნიშვნელოვან დროსა და ვალდებულებას მოითხოვდა.

არასოდეს არ მქონია მსგავსი გამოწვევები, თავზარდაცემული ვიყავი. კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენე გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ და მასთან დაკავშირებული დასტური. ჩვენ მივენდეთ უფალს და ყველაფერი უნდა მოგვარებულიყო. მე უკან ვარდნა დავიწყე, მაგრამ, როგორც ჩანდა, არავინ არ აპირებდა ჩემ დაჭერას.

ერთ დღეს გონებასა და გულში მოვიდა სიტყვები: „არ იკითხო, რატომ; იკითხე, რა მსურს, რომ ისწავლო“. უფრო მეტად დავიბენი. იმ მომენტში, როდესაც ადრე მიღებული გადაწყვეტილების გამო ვიტანჯებოდი, ღმერთი მიწვევდა, უფრო მეტი ნდობა გამომევლინა მის მიმართ. ახლა, უკან რომ ვიხედები, ვხვდები, რომ ეს იყო კრიტიკული მომენტი ჩემს ცხოვრებაში - ეს იყო მომენტი, როდესაც მივხვდი, რომ ღმერთისადმი მინდობის სწავლის საუკეთესო გზა უბრალოდ მისი ნდობა იყო. მომდევნო კვირებში გაკვირვებით ვუყურებდი, როგორ სასწაულებრივად გაგვიმხილა უფალმა თავისი გეგმა ჩვენი ოჯახის დასალოცად.

კარგმა მასწავლებლებმა და მწვრთნელებმა იციან, რომ ინტელექტუალური ზრდა და ფიზიკური ძალა მხოლოდ გონებისა და კუნთების დაძაბვით შეიძლება მოვიდეს. ანალოგიურად, ღმერთი მოგვიწოდებს, გავიზარდოთ მის სულიერ სწავლებაზე მინდობით, რაც სულის დაძაბვის გზით მიიღწევა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ როგორიც არ უნდა იყოს ნდობა, რომელიც შეიძლება, წარსულში გამოვავლინეთ, ნდობის გაძლიერების კიდევ ერთი გამოცდილება ჯერ კიდევ წინ გველის. ღმერთი ფოკუსირებულია ჩვენს ზრდასა და წინსვლაზე. ის არის ოსტატი მასწავლებელი, დახვეწილი მწვრთნელი, რომელიც ყოველთვის მუშაობს იმისათვის, რომ დაგვეხმაროს ჩვენი ღვთაებრივი პოტენციალის მეტად რეალიზებაში. ეს ყოველთვის მოიცავს მომავალ მოწვევას - ცოტათი მეტად ვენდოთ მას.

მორმონის წიგნი გვიჩვენებს ნიმუშს, რომელსაც ღმერთი ჩვენი შესაძლებლობების დასაძაბად იყენებს, ჩვენთან ძლიერი ურთიერთობების დასამყარებლად. მოდი და გამომყევი- ში ჩვენ ახლახან შევისწავლეთ, თუ როგორ გამოიცადა ნეფის ნდობა ღმერთის მიმართ, როდესაც მას და მის ძმებს უბრძანეს იერუსალიმში დაბრუნება სპილენძის ფირფიტების მოსაპოვებლად. მას შემდეგ, რაც მათი თავდაპირველი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, მისი ძმები დანებდნენ და მზად იყვნენ ფირფიტების გარეშე დასაბრუნებლად. მაგრამ ნეფიმ არჩია, უფალს სრულად მინდობოდა და წარმატებით მოიპოვა ფირფიტები. ამ გამოცდილებამ, სავარაუდოდ, გააძლიერა ნეფის ნდობა ღმერთისადმი, როდესაც მას მშვილდი გაუტყდა და უდაბნოში მყოფი ოჯახი შიმშილის წინაშე აღმოჩნდა. და კვლავ, ნეფიმ აირჩია, ღმერთს მინდობოდა და ოჯახი გადარჩა. ამ თანმიმდევრულმა გამოცდილებამ ნეფის რწმენა უფლისადმი უფრო გააძლიერა უზარმაზარი, ნდობის მომთხოვნი დავალების შესასრულებლად -მას მალე გემის აგება მოუწევდა.

ამ გამოცდილებების მეშვეობით, ღმერთის მიმართ თანმიმდევრული და განუწყვეტელი ნდობით, ნეფიმ განამთკიცა ურთიერთობა ღმერთთან. ღმერთი იგივე ნიმუშს იყენებს ჩვენთან მიმართებით. ის გვაწვდის პირად მოწვევებს, რათა განვამტკიცოთ და გავაღრმაოთ ჩვენი ნდობა მისდამი. ყოველ ჯერზე, როცა ვიღებთ მოწვევას და ვეხმიანებით ამ მოწვევას, ღმერთისადმი ჩვენი ნდობა იზრდება. თუ ჩვენ უგულებელვყოფთ ან უარვყოფთ მოწვევას, ჩვენი პროგრესი შეჩერდება მანამ, სანამ არ გამოვეხმიანებით ახალ მოწვევას.

სასიხარულო ამბავი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი ნდობა ავირჩიეთ წარსულში ღმერთის მიმართ, ჩვენ შეგვიძლია, ვენდოთ ღმერთს დღეს და ამიერიდან ყოველდღიურად. გპირდებით, რომ ყოველ ჯერზე, როცა ამას გავაკეთებთ, ღმერთი იქნება იქ, რათა დაგვიჭიროს და ჩვენი ნდობის ურთიერთობა უფრო და უფრო გაძლიერდება იმ დღემდე, სანამ ჩვენ გავხდებით ერთნი მასთან და მის ძესთან. შემდეგ ჩვენ, ნეფის მსგავსად, შევძლებთ თქმას: „უფალო, მე გენდობოდი შენ და სამუდამოდ გენდობი. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა