გენერალური კონფერენცია
სასწაულები, ანგელოზები და მღვდლობის ძალა
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


სასწაულები, ანგელოზები და მღვდლობის ძალა

თუ გსურთ მღვდლობის კურთხევები, მათ შორის სასწაულები და ანგელოზთა მზრუნველობა, იარეთ იმ აღთქმების გზაზე, რომელიც ღმერთმა ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახადა.

დღეს ბევრი ამბობს, რომ სასწაულები აღარ არსებობს, რომ ანგელოზები გამოგონილია და რომ ზეცა დაკეტილია. მე ვმოწმობ, რომ სასწაულები არ შეწყვეტილა, ანგელოზები ჩვენ შორის არიან და ზეცა ნამდვილად ღიაა.

ჩვენმა მხსნელმა, იესო ქრისტემ, დედამიწაზე ყოფნისას, მღვდლობის გასაღებები თავის მთავარ მოციქულს, პეტრეს, უბოძა. პეტრე და სხვა მოციქულები ამ გასაღებების მეშვეობით ხელმძღვანელობდნენ მხსნელის ეკლესიას. მაგრამ როდესაც ეს მოციქულები გარდაიცვალნენ, მღვდლობის გასაღებები დედამიწიდან წაიღეს.

მე ვმოწმობ, რომ მღვდლობის უძველესი გასაღებები აღდგენილია. პეტრე, იაკობი, იოანე და სხვა უძველესი წინასწარმეტყველები გამოჩნდნენ, როგორც აღმდგარი არსებები, რომლებმაც წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს მიანიჭეს ის, რაც უფლის მიერ აღწერილია, როგორც „ჩემი სასუფევლის გასაღებები და სახარების წყობა უკანასკნელი ჟამისთვის“.

იგივე გასაღებები გადაეცემა წინასწარმეტყველიდან წინასწარმეტყველს დღემდე. 15 მამაკაცი, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს, როგორც წინასწარმეტყველებს, წინასწარმჭვრეტებსა და განცხადებლებს, მათ მხსნელის ეკლესიის სამართავად იყენებს. ისევე, როგორც ძველ დროში, არის ერთი უფროსი მოციქული, რომელსაც აქვს მღვდლობის ყველა გასაღები და უფლებამოსილია, გამოიყენოს ისინი. ეს არის პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, წინასწარმეტყველი და ქრისტეს აღდგენილი ეკლესიის პრეზიდენტი ჩვენს დროში: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის.

მხსნელის ეკლესიის მეშვეობით ჩვენ ვიღებთ მღვდლობის კურთხევებს, მათ შორის ღვთის ძალას, რომ დაგვეხმაროს ჩვენს ცხოვრებაში. უფლებამოსილი მღვდლობის გასაღებებით, ჩვენ ვაძლევთ ღმერთს წმინდა დაპირებებს და ვიღებთ წმინდა წეს-ჩვეულებებს, რომლებიც გვამზადებს მის გარემოცვაში საცხოვრებლად. დაწყებული ნათლობითა და დამტკიცებით, შემდეგ კი უკვე ტაძარში, ჩვენ წინ მივდივართ აღთქმების გზაზე, რომელიც ღმერთთან დაგვაბრუნებს.

თავზე დასხმული ხელებით ჩვენ ასევე ვიღებთ მღვდლობის კურთხევებს, მათ შორის მითითებებს, ნუგეშისცემას, რჩევას, განკურნებასა და იესო ქრისტეს კვალზე სიარულის ძალას. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მე დალოცვილი ვარ ამ დიდი ძალით. როგორც წმინდა წერილშია გამოცხადებული, ჩვენ მას ვუწოდებთ მელქიცედეკის მღვდლობის წმინდა ძალას.

ახალგაზრდობაში მე განვიმსჭვალე დიდი პატივისცემით ამ ძალის მიმართ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს გამოიხატებოდა მღვდლობის კურთხევებში. ჩილეში ახალგაზრდა მისიონერად მსახურობისას მე და ჩემი მეწყვილე დაგვაპატიმრეს და დაგვაშორეს ერთმანეთს. ჩვენთვის არ უთქვამთ, რატომ. ეს იყო დიდი პოლიტიკური მღელვარების დრო. ათასობით ადამიანი სამხედრო პოლიციამ დააკავა და მათ შესახებ შემდეგ აღარავის სმენია.

დაკითხვის შემდეგ მარტო ვიჯექი ციხის საკანში, არ ვიცოდი, როდისმე კიდევ ვნახავდი ჩემს საყვარელ ადამიანებს თუ არა. მივმართე მამაზეციერს, მხურვალედ ვევედრებოდი: „მამა, მე ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ შენ ზრუნავ შენს მისიონერებზე. გთხოვ, მამა, მე არ ვარ განსაკუთრებული, მაგრამ მორჩილი ვიყავი და შენი დახმარება მჭირდება ამაღამ“.

მისი დახმარების თესლი მრავალი წლით ადრე იყო დათესილი. ნათლობის შემდეგ ეკლესიის წევრად დამამტკიცეს და სულიწმინდის ძღვენი მიბოძეს. როცა ვლოცულობდი, მარტო, გისოსებს მიღმა, სულიწმინდა მაშინვე მოვიდა ჩემთან და მანუგეშა. მან გამახსენა კონკრეტული მონაკვეთი ჩემი პატრიარქის კურთხევიდან, რაც მღვდლობის კიდევ ერთი კურთხევაა. მასში ღმერთი დამპირდა, რომ ჩემი ერთგულებით შევძლებდი ტაძარში ამ ჟამისა და მარადისობისთვის ჩაბეჭდვას სილამაზით, სათნოებითა და სიყვარულით აღვსილ ქალთან, რომ ჩვენ გავხდებოდით უძვირფასესი ვაჟებისა და ქალიშვილების მშობლები და რომ მე კურთხეული და განდიდებული ვიქნებოდი, როგორც მამა ისრაელში.

ამ შთაგონებულმა სიტყვებმა ჩემი მომავლის შესახებ სული სიმშვიდით ამივსო. ვიცოდი, რომ ისინი მოვიდა ჩემი მოსიყვარულე მამაზეციერისგან, რომელიც ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს. იმ მომენტში მე მქონდა გარანტია, რომ გამათავისუფლებდნენ და ვიცოცხლებდი იქამდე, რომ მოვსწრებოდი იმ დაპირებების შესრულებას.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მამაზეციერის კურთხევით შევირთე სილამაზით, სათნოებითა და სიყვარულით სავსე მეუღლე. მე და ლინეტი ტაძარში ჩავიბეჭდეთ. ჩვენ, ღვთის წყალობით, სამი უძვირფასესი ვაჟი და ოთხი უძვირფასესი ქალიშვილი შეგვეძინა. მე გავხდი მამა, ღვთის დაპირებისამებრ, პატრიარქის კურთხევით, რომელიც 17 წლის ასაკში მივიღე.

„ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო [და დებო], ნუთუ შეწყდა სასწაულები იმის გამო, რომ ქრისტე ზეცაში ამაღლდა? …

„… არა, და ანგელოზებმაც არ შეწყვიტეს ადამიანთა შვილებისთვის მსახურება“.

მე ვმოწმობ, რომ სასწაულები და მზრუნველობა მუდმივად ხდება ჩვენს ცხოვრებაში და ეს ხშირად მღვდლობის ძალაუფლების პირდაპირი შედეგია. მღვდლობის ზოგიერთი კურთხევა სრულდება დაუყოვნებლივ, ისე, რომ ჩვენ შეგვიძლია მისი დანახვა და გაგება. სხვები თანდათანობით მოდის და ჩვენ ამ ცხოვრებაში მათ ბოლომდე ვერ გავიგებთ. მაგრამ ღმერთი იცავს თავის ყველა დაპირებას, ყოველთვის, როგორც ეს ნაჩვენებია ჩვენი ოჯახის ისტორიიდან:

გრანტ რიზ ბოუენი, ჩემი პაპა მამის მხრიდან, ძლიერ მორწმუნე კაცი იყო. ნათლად მახსოვს მისი მოთხრობა, თუ როგორ მიიღო პატრიარქის კურთხევა. თავის დღიურში მან ჩაწერა: „პატრიარქი განკურნების ძღვენს დამპირდა. მან თქვა: ’ავადმყოფი განიკურნება. დიახ, მკვდრები აღდგებიან შენს ხელში’”.

წლების შემდეგ პაპა თივას აგროვებდა, როცა სახლში დაბრუნების უეცარი სურვილი იგრძნო. გზად მისკენ მომავალი მამა დახვდა. „გრანტ, დედაშენი გარდაიცვალა“ – თქვა მამამ.

მე კიდევ ერთხელ მოვიყვან ციტატას პაპაჩემის ჟურნალიდან: „არ გავჩერებულვარ, სასწრაფოდ შევედი სახლში და გამოვედი წინა ვერანდაზე, სადაც დედა საწოლზე იწვა. ვუყურებდი და ვხედავდი, რომ მასში სიცოცხლის კვალი აღარ იყო. გამახსენდა ჩემი პატრიარქის კურთხევა და დაპირება, რომ თუ ერთგული ვიქნებოდი, ჩემი რწმენით ავადმყოფები განიკურნებოდნენ, ხოლო მკვდრები აღდგებოდნენ. ხელები თავზე დავადე დედას და უფალს ვთხოვე, რომ თუ მის მიერ პატრიარქის მეშვეობით მიცემული დაპირება ჭეშმარიტი იყო, ახლა გამოევლინა ეს და დედაჩემი გაეცოცხლებინა. მე დავპირდი მას, რომ თუ ამას გააკეთებდა, არასდროს ვიყოყმანებდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც კი შემეძლო, მისი სასუფევლის ასაშენებლად. როცა ვლოცულობდი, დედამ თვალები გაახილა და თქვა: „გრანტ, წამომაყენე. სულების სამყაროში ვიყავი, მაგრამ შენ უკან გამომიხმე. დაე, ეს ყოველთვის იყოს მოწმობა თქვენთვის და ჩემი ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის.”

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა სასწაულების ძიება და მათი მოლოდინი. მე ვმოწმობ, რომ იმის გამო, რომ მღვდლობა აღდგა, ღმერთის ძალა და უფლებამოსილება სუფევს დედამიწაზე. მოწოდებებისა და საბჭოების მეშვეობით, მამაკაცებსა და ქალებს, ახალგაზრდებსა და მოხუცებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ სამღვდელო საქმიანობაში. ეს არის სასწაული საქმე, რომელსაც ანგელოზები ესწრებიან. ეს არის ზეციური საქმე და ის აკურთხებს ღვთის ყველა შვილს.

1989 წელს ჩვენი შვიდკაციანი ოჯახი მეურვეობის ღონისძიებიდან ბრუნდებოდა. გვიანი იყო. ლინეტი ჩვენს მეექვსე შვილზე იყო ორსულად. მან იგრძნო ძლიერი სურვილი, შეეკრა ღვედი, რის გაკეთებაც დავიწყებოდა. ცოტა ხნის შემდეგ მოსახვევში შევედით; ჩვენკენ მომავალმა მანქანამ სამოძრაო ზოლი გადაკვეთა. საათში დაახლოებით 70 მილის (112 კმ) სიჩქარით მივდიოდი და გადავუხვიე, რათა არ დავჯახებოდი შემხვედრ მანქანას. ჩვენი მანქანა გადატრიალდა, გასრიალდა გზატკეცილზე და გადავიდა გზიდან, ბოლოსდაბოლოს გაჩერდა და მგზავრის დასაჯდომის მხრიდან მიწაში ჩაეფლო.

შემდეგი, რაც მახსოვს, იყო ლინეტის ხმა: „შეინ, შენი კარიდან უნდა გავიდეთ“. ღვედით ჰაერში ვიყავი ჩამოკიდებული. გონების მოკრებას რამდენიმე წამი დასჭირდა. ჩვენ დავიწყეთ თითოეული ბავშვის ამოყვანა ჩემი ფანჯრიდან, რომელიც ახლა მანქანის ჭერი იყო. ისინი ტიროდნენ, ვერ გაეგოთ, რა მოხდა.

მალე მივხვდით, რომ ჩვენი 10 წლის ქალიშვილი, ემილი, იქ არ იყო. ჩვენ მას ვეძახდით, მაგრამ პასუხი არ იყო. მეურვეობის წევრები, რომლებიც ასევე სახლში ბრუნდებოდნენ, შემთხვევის ადგილზე განწირულები ეძებდნენ მას. ძალიან ბნელოდა. ისევ ფანრით ჩავიხედე მანქანაში და დავინახე საშინელი სურათი: ემილის პატარა სხეული მანქანის ქვეშ იყო მომწყვდეული. სასოწარკვეთილმა ვიყვირე: „ჩვენ უნდა ავწიოთ და მოვაცილოთ მანქანა ემილის“. ვეცი სახურავს და ჩემკენ მოვზიდე. სულ რამდენიმე ადამიანი ექაჩებოდა მანქანას ჩემთან ერთად, მაგრამ ის სასწაულებრივად გადატრიალდა და დადგა ბორბლებზე. გამოჩნდა ემილის უსიცოცხლო სხეული.

ემილი არ სუნთქავდა. მისი სახე იასამნისფერი ქლიავის ფერი იყო. მე ვთქვი: „ჩვენ მას კურთხევა უნდა მივცეთ“. ძვირფასმა მეგობარმა და მეურვეობის წევრმა ჩემთან ერთად დაიჩოქა და მელქიცედეკის მღვდლობის უფლებამოსილებით, იესო ქრისტეს სახელით ვუბრძანეთ მას, ეცოცხლა. სწორედ იმ დროს ემილიმ ხრიალით ხანგრძლივად ამოისუნთქა.

როგორც მაშინ მოგვეჩვენა, რამდენიმე საათის შემდეგ, სასწრაფო დახმარების მანქანა საბოლოოდ მოვიდა. ემილი უმალ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჰქონდა ფილტვის კოლაფსი, ასევე მუხლის მყესი გასწყვეტოდა. ტვინის დაზიანება შემაშფოთებელი იყო იმ დროის ხანგრძლივობის გამო, რა ხნითაც ის ჟანგბადის გარეშე იყო დარჩენილი. ემილი დღე-ნახევარი კომაში იყო. ჩვენ განვაგრძეთ მისთვის ლოცვა და მარხვა. იგი კურთხეულ იქნა სრული გამოჯანმრთელებით. დღეს ემილი და მისი მეუღლე, კევინი, ექვსი ქალიშვილის მშობლები არიან.

სასწაულის ძალით, სხვა ყველა უვნებლად გადარჩა. ლინეტი მაშინ ტაისონზე იყო ორსულად. ისიც ყოველგვარ ზიანს გადაურჩა და მომავალი წლის თებერვალში დაიბადა. მიწიერი სხეულის მიღების შემდეგ, რვა თვეში ტაისონი დაბრუნდა სახლში, ზეციურ მამასთან. ის ჩვენი მფარველი ანგელოზი შვილია. ჩვენ ვგრძნობთ მის გავლენას ჩვენს ოჯახზე და მოუთმენლად ველით კვლავ მასთან ერთად ყოფნას.

მათ, ვინც მანქანა მოაცილეს ემილის, შენიშნეს, რომ მანქანა თითქოს არაფერს იწონიდა. ვიცოდი, რომ ზეციური ანგელოზები შეუერთდნენ მიწიერ ანგელოზებს, რათა მანქანა ემილის სხეულიდან აეწიათ. ისიც ვიცი, რომ ემილი წმინდა მღვდლობის ძალით გაცოცხლდა.

უფალმა გაუმხილა ეს ჭეშმარიტება თავის მსახურებს: „მე ვივლი თქვენ წინ. მე ვიქნები თქვენ მარჯვნივ და მარცხნივ, ჩემი სული იქნება თქვენს გულებში და ჩემი ანგელოზები – თქვენ გარშემო, რათა მხარში ამოგიდგნენ“.

მე ვმოწმობ, რომ „ღვთის ძის წესის შესაბამისი წმინდა მღვდლობა“— მელქისედეკის მღვდლობა — თავისი გასაღებებით, უფლებამოსილებითა და ძალით, აღდგა დედამიწაზე ამ უკანასკნელ დღეებში. მე ვიცი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა გარემოება არ იქნება ისეთი, როგორც ჩვენ გვეიმედებოდა და რისთვისაც ვლოცულობდით, ღმერთის სასწაულები ყოველთვის მოხდება მისი ნების, მისი დროისა და ჩვენთვის მისი გეგმის შესაბამისად.

თუ გსურთ მღვდლობის კურთხევები, მათ შორის სასწაულები და ანგელოზთა მზრუნველობა, მოგიწოდებთ, იაროთ იმ აღთქმების გზაზე, რომელიც ღმერთმა თითოეული ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახადა. ეკლესიის წევრები და ხელმძღვანელები, რომლებსაც უყვარხართ, დაგეხმარებიან შემდეგი ნაბიჯის გადადგმაში.

მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე, ღვთის ძე, ცოცხალია და ხელმძღვანელობს თავის ეკლესიას ცოცხალი წინასწარმეტყველების მეშვეობით, რომლებსაც აქვთ მღვდლობის გასაღებები და იყენებენ მათ. სულიწმინდა რეალურია. მხსნელმა გაიღო თავისი სიცოცხლე ჩვენს განსაკურნებლად, ჩვენს უკან გამოსათხოვად და სახლში დასაბრუნებლად.

მე ვმოწმობ, რომ სასწაულები არ შეწყვეტილა, ანგელოზები ჩვენ შორის არიან და ზეცა ნამდვილად ღიაა. და ოჰ, რაოდენ ღიაა ის! იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა