„ეს არის ჩემი სახარება“ — „ეს არის ჩემი ეკლესია“
ეს არის მხსნელის სახარება და ეს არის მისი ეკლესია (იხ. 3 ნეფი 27:21; მოსია 26:22; 27:13). ამ ორი კომპონენტის კომბინაცია ძლიერი და გარდამქმნელია.
საუკუნეების მანძილზე დენთი ყველაზე ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო. მას ზარბაზნის ბირთვის ტყორცნა შეეძლო, მაგრამ სამთო და გზის მშენებლობის პროექტების უმეტესობისთვის არ იყო ეფექტური. უბრალოდ კლდის დასამსხვრევად ის ძალიან სუსტი იყო.
1846 წელს იტალიელმა ქიმიკოსმა, ასკანიო სობრერომ, ახალი ასაფეთქებელი ნივთიერების - ნიტროგლიცერინის სინთეზირება მოახდინა. ეს ზეთოვანი სითხე დენთზე სულ მცირე ათასჯერ უფრო ძლიერი იყო. ის ადვილად ამსხვრევდა კლდეს. მაგრამ სამწუხაროდ, ნიტროგლიცერინი არასტაბილური ნივთიერება იყო. პატარა სიმაღლიდან ჩამოვარდნისას ის ფეთქდებოდა. თუ ძალიან დაცხებოდა - ფეთქდებოდა. თუ ძალიან აცივდებოდა - ფეთქდებოდა. გრილ, ბნელ ოთახშიც კი მოთავსებული ის საბოლოო ჯამში მაინც ფეთქდებოდა. მრავალ ქვეყანაში მისი ტრანსპორტირება და წარმოება აკრძალული იყო.
1860 წელს შვედმა მეცნიერმა, ალფრედ ნობელმა, ნიტროგლიცერინის სტაბილიზირება დაიწყო. შვიდწლიანი ექსპერიმენტის შემდეგ, მან მიაღწია თავის მიზანს — ნიტროგლიცერინის შთანთქმით თითქმის უსარგებლო ნივთიერება მიიღო, რომელიც ცნობილია როგორც დიატომიტი ან კიზელგური. კიზელგური არის ფხვიერი ქანი, რომლის ფხვნილამდე დაყვანაა შესაძლებელი. ნიტროგლიცერინთან შერევისას კიზელგური შთანთქავს ნიტროგლიცერინს და ამის შედეგად მიღებულ პასტას შეიძლება ჩხირების ფორმა მისცე. ნიტროგლიცერინის ეს ფორმა ბევრად უფრო სტაბილური იყო. შესაძლებელი იყო მისი უსაფრთხოდ შენახვა, ტრანსპორტირება და გამოყენება და ყოველივე ეს შეუმცირებელი ფეთქებადი ძალით. ნიტროგლიცერინისა და კიზელგურის კომბინაციას ნობელმა დინამიტი დაარქვა.
დინამიტმა სამყარო შეცვალა. და ნობელი გაამდიდრა. როგორც ასკანიო სობრერომ აღმოაჩინა, სტაბილიზატორის გარეშე ნიტროგლიცერინი ძალიან საშიში იყო იმისთვის, რომ კომერციული თვალსაზრისით ღირებული ყოფილიყო. როგორც უკვე ვთქვი, ცალკე კიზელგური ნაკლებად ღირებული იყო. მაგრამ ამ ორი კომპონენტის კომბინაციამ დინამიტი გარდამქმნელი და ფასეული გახადა.
მსგავსად ამისა, იესო ქრისტეს სახარება და უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია უზრუნველყოფენ ჩვენთვის ძლიერ გარდამქმნელ სარგებელს. სახარება სრულყოფილია, მაგრამ ეკლესიას, ღვთიური დავალებით, მოეთხოვება სახარების ქადაგება, მისი სიწმინდის შენარჩუნება და მხსნელის ძალითა და უფლებამოსილებით წმინდა წეს-ჩვეულებების შესრულება.
განიხილეთ მხსნელის სახარებისა და მისი ეკლესიის კომბინაცია როგორც ის მორმონის წიგნის წინასწარმეტყველის, ალმას მიერ იყო დაფუძნებული. ეკლესიას ევალებოდა „არ ექადაგათ სხვა არაფერი მონანიებისა და უფალში რწმენის გარდა, რომელმაც გამოისყიდა თავისი ხალხი“. ღვთის უფლებამოსილების გამოყენებით, ეკლესია პასუხისმგებელი იყო ნათლობის წეს-ჩვეულების ჩატარებაზე „უფლის სახელით, როგორც მოწმობა [მასთან აღთქმის დადებისა, მისთვის მსახურებისა და მცნებების დაცვისა]“. მონათლული ადამიანები იღებდნენ საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელს, უერთდებოდნენ მის ეკლესიას და იღებდნენ დაპირებას - სულის გადმოღვრით დიდი ძალის მიღებას.
ხალხი დიდი ჯგუფებით მიემართებოდა მორმონის წყლებთან, რათა ალმას მიერ სახარების ქადაგება მოესმინათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პატივს სცემდნენ ამ წყლებს და მიმდებარე ტყეებს, უფლის ეკლესია არ იყო ადგილი ან შენობა და არც დღეს არის. ეკლესია არის ჩვეულებრივი ადამიანები, იესო ქრისტეს მოწაფეები, შეკრებილები და ორგანიზებულები ღვთიური დანიშნულების სტრუქტურით, რომელიც ეხმარება უფალს მისი მიზნების შესრულებაში. ეკლესია არის იარაღი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვსწავლობთ იესო ქრისტეს როლის შესახებ მამაზეციერის გეგმაში. ეკლესია სთავაზობს ადამიანებს ავტორიტეტულ გზას, მონაწილეობა მიიღონ წეს-ჩვეულებებში და ხანგრძლივი აღთქმები დადონ ღმერთთან. ამ აღთქმების დაცვა გვაახლოებს ღმერთთან, გვაძლევს მის ძალაზე წვდომას, და გარდაგვქმნის ისეთ პიროვნებად, როგორიც მას სურს, რომ ვიყოთ.
ისევე როგორც დინამიტს ნიტროგლიცერინის გარეშე არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ასევე მხსნელის ეკლესია არის განსაკუთრებული მხოლოდ მაშინ, როცა ის აგებულია უფლის სახარებაზე. მხსნელის სახარებისა და მისი წეს-ჩვეულებების შესრულების უფლებამოსილების გარეშე, ეკლესია არ იქნება განსაკუთრებული.
კიზელგურის სტაბილიზირებული ეფექტის გარეშე ნიტროგლიცერინს, როგორც ფეთქებად ნივთიერებას, ნაკლები ღირებულება ექნებოდა. როგორც ისტორია გვიჩვენებს, უფლის ეკლესიის გარეშე კაცობრიობის მიერ უფლის სახარების წვდომაც არასტაბილური იყო, დოქტრინალური გადახრისა და სხვადასხვა რელიგიის, კულტურისა და ფილოსოფიის გავლენის გამო. ამ გავლენების გაერთიანება გამოვლინდა ყველა წყობაში, რომელიც ამ ბოლო წყობამდე იყო. მიუხედავად იმისა, რომ სახარება თავდაპირველად თავის სუფთა ფორმაში გაცხადდა, მისი ინტერპრეტაცია და გამოყენება თანდათანობით ძალამოკლებულ ღვთაებას დაემსგავსა, რადგან ღვთიური უფლებამოსილების საფუძველი აკლდა.
უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია უზრუნველყოფს ღვთის ძალაზე წვდომას. მას აქვს უფლისგან ქრისტეს დოქტრინის სწავლებისა და სახარების ხსნისა და ამაღლების წეს-ჩვეულებების შეთავაზების უფლებამოსილება. მხსნელს სურს, მოგვიტევოს ცოდვები, შესაძლებელი გახადოს მის ძალაზე წვდომა და გარდაგვქმნას. ეს ეწამა ჩვენი ცოდვების გამო და ძლიერ სურს, აგვაცილოს სასჯელი, რომელიც გარდაუვალი იქნება. მას სურს ჩვენი სიწმინდე და მასში ჩვენი სრულყოფილება.
იესო ქრისტეს შესწევს ამის ძალა. ეს არ იყო უბრალოდ ჩვენი არასრულყოფილების თანაგრძნობა და ჩვენი ცოდვების გამო მარადიული მსჯავრის გოდება. არა, ის იმის იქით წავიდა, უსაზღვროდ გასცდა ამას და თავისი ეკლესია აღადგინა, რათა მის ძალაზე წვდომა გვქონოდა.
სახარების არსი, რომელსაც ეკლესია ასწავლის, არის ის, რომ იესო ქრისტემ იტვირთა „ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა“. მან საკუთარ თავზე აიღო „ყველა ჩვენგანის ურჯულოება“. მან „დაითმინა ჯვარი“, დაამსხვრია „სიკვდილის ბორკილები“, „ზეცაში ამაღლდა და ღმერთის მარჯვენა ხელის მხარეს დაჯდა, რათა მამისგან მოითხოვოს თავისი უფლება წყალობისა“. მხსნელმა ყოველივე ეს გააკეთა ჩვენი და მისი მამისადმი სიყვარულის გამო. მან უკვე გადაიხადა უსაზღვრო საფასური, ასე რომ შეუძლია „მოითხოვ[ო]ს ყოველ[ი] მათგან[ი], ვისაც აქვს მასში რწმენა … [და] იგი ქომაგობს“ მათ – გვქომაგობს ჩვენ. იესო ქრისტეს ყველაზე მეტად სურს, მოვინანიოთ და მივიდეთ მასთან, რათა გაგვამართლოს და განგვწმინდოს. ამ სურვილის ახდენის საქმეში, იგი უცვლელი და ურყევია.
ღვთის აღთქმის ძალასა და მის აღთქმის სიყვარულზე წვდომა მისი ეკლესიის მეშვეობით ხდება. მხსნელის სახარებისა და მისი ეკლესიის კომბინაცია ჩვენს ცხოვრებას გარდაქმნის. ამან დედის მხრიდან ჩემი პაპა-ბებია გარდაქმნა. პაპაჩემი, ოსკარ ანდერსონი, სტოკჰოლმის არქიპელაგის კუნძულ ჰოგმარსოზე, გემთმშენებელ ქარხანაში მუშაობდა. მისი მეუღლე, ალბერტინა, შვილებთან ერთად შვედეთის კონტინენტზე ცხოვრობდა. ორ კვირაში ერთხელ, შაბათობით, ოსკარი ნავით შინ მიდიოდა, კვირას საღამოს კი ჰოგმარსოში ბრუნდებოდა. ერთხელ, ჰოგმარსოში ყოფნისას, მან გაიგონა ორი ამერიკელი მისიონერის ქადაგება. ისინი იესო ქრისტეს აღდგენილ სახარებას ასწავლიდნენ. ოსკარმა იგრძნო, რომ ქადაგება სრული ჭეშმარიტება იყო და იგი ენით აღუწერელი სიხარულით აღივსო.
შემდეგში შინ დაბრუნებისას, ოსკარი სიხარულით მოუყვა ალბერტინას ყველაფერი მისიონერების შესახებ. მან უთხრა მეუღლეს, რომ დაიჯერა, რასაც მისიონერები ასწავლიდნენ. მან სთხოვა ალბერტინას, მათ მიერ მოცემული ბუკლეტები წაეკითხა და უთხრა, რომ მომავალში შვილებს რომ იყოლიებდნენ, ადრეულ ასაკში არ მონათლავდნენ. ალბერტინა გაბრაზდა და ნაგავში მოისროლა ბუკლეტები. კვირას საღამომდე ოსკარსა და მეუღლეს ერთმანეთთან თითქმის არ ულაპარაკიათ.
როგორც კი ოსკარი წავიდა, ალბერტინამ ბუკლეტები ამოიღო. მან ყურადღებით შეადარა იქ დაწერილი ინფორმაცია თავის გაცვეთილ ბიბლიაში მოცემულ სწავლებას. გაოგნებული დარჩა, რომ ბუკლეტებში წაკითხული ჭეშმარიტება იყო. შემდეგში, ოსკარი შინ რომ მოვიდა, ალბერტინა მას თბილად დახვდა და მეუღლის მიერ მოტანილი მორმონის წიგნიც კარგად მიიღო. ალბერტინა მონდომებით კითხულობდა, ის კვლავ ადარებდა ახალ სწავლებას ბიბლიაში მოცემულ დოქტრინას. მანაც, ოსკარის მსგავსად, სრული ჭეშმარიტება ამოიცნო და ენით აღუწერელი სიხარულით აღივსო.
ოსკარი, ალბერტინა და მათი შვილები ჰოგმარსოში გადავიდნენ საცხოვრებლად, რათა ეკლესიის მცირერიცხოვან წევრებთან ახლოს ეცხოვრათ. 1916 წ, ოსკარისა და ალბერტინას ნათლობიდან ერთი კვირის შემდეგ, ოსკარი ჰოგმარსოს წმინდანების ჯგუფის ხელმძღვანელად მოიხმეს. ოსკარი და ალბერტინა, მრავალი მოქცეულის მსგავსად, ახალი მრწამსის გამო კრიტიკის საგანი გახდნენ. ადგილობრივი ფერმერები მათთვის რძის გაყიდვაზე უარს აცხადებდნენ, ამიტომ ოსკარს ყოველდღე ფიორდის მეორე მხარეს უწევდა გადასვლა, რათა უფრო ტოლერანტული ფერმერისგან ეყიდა რძე.
მიუხედავად ამისა, მომდევნო წლებში, ეკლესიის წევრების რაოდენობა ჰოგმარსოში გაიზარდა, ნაწილობრივ ალბერტინას ძლიერი მოწმობისა და მისიონერული გულმოდგინების გამო. როცა ჯგუფმა მრევლის სახე მიიღო, ოსკარი მრევლის პრეზიდენტად მოიხმეს.
ჰოგმარსოს მრევლი დიდი პატივისცემით იყო განწყობილი იმ კუნძულის მიმართ. ეს მათი მორმონის წყლები იყო. მათ ხომ იქ გამომსყიდველის შესახებ ცოდნა მიიღეს.
წლების მანძილზე ოსკარი და ალბერტინა ნათლობის აღთქმას იცავდნენ და იესო ქრისტეს ძალამ ისინი გარდაქმნა. ისინი მოუთმენლად ელოდნენ მეტი აღთქმის დადებას და სატაძრო კურთხევების მიღებას. ამ კურთხევების მისაღებად ისინი 1949 წელს შვედეთიდან სოლთ-ლეიქ სითიში გადავიდნენ საცხოვრებლად. ოსკარმა ჰოგმარსოს წევრების ხელმძღვანელად 33 წელი იმსახურა.
ნიტროგლიცერინისა და კიზელგურის კომბინაციამ დინამიტი ფასეულ ნივთიერებად გახადა. იესო ქრისტეს სახარებისა და მისი ეკლესიის კომბინაცია ყოველგვარ ფასს აღემატება. ოსკარმა და ალბერტინამ გაიგონეს აღდგენილი სახარება, რადგან ღვთის წინასწარმეტყველმა მოიხმო, დანიშნა და შვედეთში გააგზავნა მისიონერები. ღვთიური ვალდებულებით, მისიონერები ასწავლიდნენ ქრისტეს დოქტრინას და მღვდლობის უფლებამოსილებით მონათლეს ოსკარი და ალბერტინა. ოსკარი და ალბერტინა, უკვე წევრების როლში, აგრძლებდნენ სწავლას, განვითარებასა და მსახურებას. ისინი უკანასკნელ დღეთა წმინდანები გახდნენ, რადგან დადებული აღთქმები დაიცვეს.
მხსნელი, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას უწოდებს „ჩემ[ს] ეკლესია[ს]“, რადგან მან მას თავისი მიზნების შესრულება დაავალა— თავისი სახარების ქადაგება, წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების შეთავაზება და ამგვარად შესაძლებელი გახადა, რომ მისმა ძალამ გაგვამართლოს და გაგვწმინდოს. მისი ეკლესიის გარეშე არ არსებობს უფლებამოსილება, არ არსებობს გამოცხადებული ჭეშმარიტების ქადაგება მისი სახელით, არ არსებობს წეს-ჩვეულებები ან აღთქმები, არ არსებობს ღვთისმოსაობის ძალის გამოვლინება, არ არსებობს გარდაქმნა იმად, ვინც ღმერთს სურს, რომ გავხდეთ და ღვთის გეგმა მისი შვილებისთვის არაფრად იქცევა. ეკლესია ამ წყობაში არის მისი გეგმის განუყოფელი ნაწილი.
გიწვევთ, უფრო სრულად მიუძღვნათ საკუთარი თავი მხსნელს, მის სახარებასა და ეკლესიას. როცა ასე იმოქმედებთ, თქვენ აღმოაჩენთ, რომ მხსნელის სახარებისა და მისი ეკლესიის კომბინაციას ძალა შემოაქვთ თქვენს ცხოვრებაში. ეს ძალა კი დინამიტზე გაცილებით უფრო დიდია. ის დაამსხვრევს კლდეებს თქვენს გზაზე და ღვთის სასუფევლის მემკვიდრედ გაგხდით. და თქვენ „[აღივსებით] სიხარულით, რომელიც აღუწერელია და დიდებით [იქნებით] სავსე“. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.