სიწმიდე უფლისა ყოველდღიურ ცხოვრებაში
სიწმიდე უფლისა ყოველდღიურ ცხოვრებას წმინდას ხდის. ის ჩვენ გვაახლოებს უფალთან და ერთმანეთთან და ბედნიერებას გვგვრის.
ჩვენი ბოლო ოჯახური შეკრება მოიცავდა ნიჭიერის სახალისო შოუს, რომელშიც მამების ხუმრობების კონკურსიც იყო.
მაგრამ ეს ჩვეულებრივი კონკურსი არ იყო. ერთ გუნდში ვიყავით პაპა (მე) და 12 და 11 წლის ორი შვილიშვილი. მეორე გუნდში იყო ხელოვნური ინტელექტის (AI) პროგრამა, რომელსაც ბიძაშვილი პიტერი მართავდა. პროგრამას გერიტ ვ. გონგის სტილში ხუმრობები უნდა მოეყოლა. პაპა გერიტ ვ. გონგი ხელოვნური ინტელექტის გერიტ გონგის წინააღმდეგ.
მე და შვილიშვილებმა დავიწყეთ.
რა ჰქვია დინოზავრს, რომელმაც საკუთარი მანქანა დაამტვრია? ტირანოზავრი რექსი.
ხელოვნურ ინტელექტს მიეცა მითითება - იფიქროს გერიტ ვ. გონგის მსგავსად. მის მსგავსად ისაუბროს.
ხელოვნური გერიტ გონგი: „აი მამის ხუმრობა, გერიტ ვ. გონგის სტილში, რომელიც იმეორებს მის თბილ, გააზრებულ და სულის ასამაღლებელ სტილს: რატომ ეღიმება ხალხს თავმდაბალი ხის დანახვაზე? იმიტომ, რომ ის სიყვარულში დააფესვიანეს და სიკეთის შტოები გაიდგა. ჩვენც შეგვიძლია, ამ ხის მსგავსად, ვიპოვოთ ძალა ჩვენს ფესვებში , სიხარული კი - სხვების მიმართ გავრცელებულ სიკეთეში.
აბა, რას ფიქრობთ? ამიტომაც უწოდებენ მამების ხუმრობას.
ყველგან ჩვენს ირგვლივ არის სიცილის, აღფრთოვანების, მადლიერი თვალებით დანახვის შესაძლებლობა. ჩვენი სახარება ყოველდღიური ცხოვრების სიხარული და სიწმინდეა. სიწმინდე გამოჰყოფს მოვლენებს წმინდა მიზნებისთვის. მაგრამ სიწმინდე ასევე გვიწვევს, ყოველდღიური ცხოვრება სიწმინდით შევავსოთ - ამა ქვეყნის ნარ-ეკალში სიხარულით მივიღოთ პური არსობისა ანუ მანანა. იმისთვის, რომ უფლის გვერდით ვიაროთ, სიწმინდე გვმართებს, რადგან ის წმინდაა; და იმისთვის, რომ განვიწმინდოთ, უფალი გვიწვევს, მის გვერდით ვიაროთ.
ყოველ ჩვენგანს რაღაც აქვს მოსაყოლი. როდესაც მე და და გონგი მრავალ სხვადასხვა ადგილსა და გარემოებაში გხვდებით თქვენ, ეკლესიის წევრებსა და მეგობრებს, თქვენი სიწმიდე უფლისა ყოველდღიურ ცხოვრებაში შთაგვაგონებს ჩვენ. თქვენ ცხოვრობთ შვიდი პრინციპის დაცვით: 1ღმერთთან ზიარება, 2თემი და 3ერთმანეთისადმი თანაგრძნობა, 4ვალდებულება და 5აღთქმა ღმერთთან, ოჯახთან და მეგობრებთან, რომელიც6ორიენტირებულია 7იესო ქრისტეზე.
მზარდი მტკიცებულებები ხაზს უსვამს ამ გასაოცარ ფაქტს: რელიგიის მიმდევრები საშუალოდ უფრო ბედნიერები, ჯანმრთელები და სრულყოფილები არიან, ვიდრე ადამიანები სულიერი ვალდებულებების ან კავშირის გარეშე. ბედნიერება და ცხოვრებით კმაყოფილება, გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობა, მნიშვნელობა და მიზანი, ხასიათი და სათნოება, მჭიდრო სოციალური ურთიერთობები, ფინანსური და მატერიალური სტაბილურობა - ყოველ ასპექტში, რელიგიური ადამიანები კარგად გრძნობენ თავს.
მათ უკეთესი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა აქვთ და ისინი ყველა ასაკში და დემოგრაფიულ ჯგუფში უფრო კმაყოფილები არიან ცხოვრებით.
ის, რასაც მკვლევარები „რელიგიურ სტრუქტურულ სტაბილურობას“ უწოდებენ, გვთავაზობს სიცხადეს, მიზანს და შთაგონებას ცხოვრებისეულ მოსახვევებსა და ლაბირინთებში. რწმენის ოჯახი და წმინდანთა თემი ებრძვის იზოლაციას და განმარტოებულ ბრბოს. სიწმიდე უფლისა ამბობს „არას“ უწმიდურზე, „არას“ სხვის ხარჯზე სარკასტულ ჭკვიანობაზე, „არას“ ალგორითმებზე, რომლებიც აფინანსებენ წყრომას და პოლარიზაციას. სიწმიდე უფლისა ამბობს „კი“-ს წმინდაზე და მოკრძალებულზე, „კი“-ს იმაზე, რომ გავხდეთ ყველაზე თავისუფალი, ბედნიერი, სარწმუნო, ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია, როცა რწმენაში უფალს მივყვებით.
როგორ გამოიყურება სიწმიდე უფლისა ყოველდღიურ ცხოვრებაში?
სიწმიდე უფლისა ყოველდღიურ ცხოვრებაში ჰგავს ორ ზრდასრულ ახალგაზრდას, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში არიან დაქორწინებულნი, ნამდვილად და ფაქიზად იზიარებენ სახარების აღთქმებს, მსხვერპლს და მსახურებას თავიანთ ცხოვრებაში.
და ცოლი იწყებს: „მაღალ კლასებში სიბნელეში ვცხოვრობდი. ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს ღმერთი არ იყო ჩემს ცხოვრებაში. ერთხელ საღამოს მეგობრისგან sms-ი მივიღე: „ ალმა 36 წაკითხული გაქვს“?
„კითხვა რომ დავიწყე, სიმშვიდე და სიყვარული დამეუფლა. ისე ვიგრძენი თავი, თითქოს ვიღაც ჩამეხუტა. როცა ალმა 36:12წავიკითხე ვიცოდი, რომ მამაზეციერი მიცნობდა და ზუსტად იცოდა, რას ვგრძნობდი“.
ის აგრძელებს:“სანამ დავქორწინდებოდით, გულახდილად გამოვუტყდი ჩემს საქმროს, რომ არ მქონდა ძლიერი დამოწმება მეათედის შესახებ. რისთვის უნდა ღმერთს ჩვენი ფული, როცა სხვებს იმდენი აქვთ, რომ გაიღონ? ჩემმა საქმრომ ამიხსნა, რომ ეს ფულს კი არ ეხებოდა, არამედ მცნებას, რომელიც მოგვეცა. მან მირჩია, მეათედის გადახდა დამეწყო.
„მე რეალობაში დავინახე, როგორ იზრდებოდა ჩემი მოწმობა. ზოგჯერ ფული ძალიან ცოტა გვქონდა, მაგრამ იმდენი კურთხევა ვიხილეთ და რაღაცნაირად ჯამაგირიც გვყოფნიდა.
„საექთნოზე ვსწავლობდი და ჯგუფში ეკლესიის ერთადერთი წევრი ვიყავი, თანაც შეუღლებული. ბევრჯერ გამოვსულვარ კლასიდან გულგატეხილი ან აცრემლებული რადგან ჩემი ჯგუფელები გადაკიდებულები იყვნენ ჩემზე, უარყოფით კომენტარებს აკებდნენ ჩემი მრწამსის, სატაძრო სამოსელის ან იმის გამო, რომ ასე ადრე დავქორწინდი.
„ამ ბოლო სემესტრში ვისწავლე, როგორ უკეთ გავაჟღერო ჩემი მრწამსი და ვიყო სახარების კარგი მაგალითი. ჩემი ცოდნა და მოწმობა გაიზარდა, რადგან გამოიცადა ჩემი უნარი, ვიდგე მარტო და ვიყო ძლიერი იმაში, რაც მწამს“.
ახალგაზრდა ქმარი ამატებს: „მისიამდე შემოთავაზება მქონდა, უნივერსიტეტის გუნდში ბეისბოლი მეთამაშა. რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ამ შეთავაზებაზე უარი ვთქვი და უფლის მსახურებაზე გავემგზავრე. მე ამ ორ წელს არაფერში არ გავცვლი.
„შინ რომ დავბრუნდი, ცოტა გამიჭირდა ადაპტირება, თუმცა აღმოვაჩინე, რომ ვიყავი უფრო ძლიერი, სწრაფი და ჯანმრთელი. ბურთს იმაზე უფრო ძლიერად ვტყორცნიდი, ვიდრე ადრე. იმაზე მეტი შეთავაზება მქონდა კლუბებისგან, ვიდრე წასვლამდე მქონდა, მათ შორის ჩემი ოცნების სკოლისგან. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე უფლის იმედი მაქვს, ისე, როგორც არასდროს“.
და ბოლოს თქვა: „როგორც მისიონერი ვასწავლიდი, რომ მამაზეციერი გვპირდება ძალას ლოცვაში, მაგრამ ხანდახან მე თავად მავიწყდება ეს“.
ჩვენი მისიონერული სიწმიდე უფლისა კურთხევების საგანძური მდიდარი და სავსეა. ფინანსები, დროის დაგეგმვა და სხვა ვითარება ხშირად ადვილი არ არის. მაგრამ როცა ყველა ასაკისა და წარმომავლობის მისიონერები სიწმიდეს უფალს უძღვნიან, ყველაფერი შეიძლება განვითარდეს უფლის დროსა და მისი გზით.
ახლა,48 წლის ასაკის გადმოსახედიდან, უფროსი ასაკის მისიონერი გვიზიარებს: „მამაჩემს სურდა, რომ კოლეჯში ჩამებარებინა და არა მისიაში წავსულიყავი. მალევე ამის შემდეგ ის 47 წლის ასაკში გულის შეტევით გარდიცვალა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. როგორ გამოვისყიდო დანაშაული მამის წინაშე?
„მოგვიანებით, როცა გადავწყვიტე მისიაში მსახურება, მამაჩემი ვნახე სიზმარში. ის დამშვიდებული და კმაყოფილი იყო, რომ ვიმსახურებდი“.
ეს უფროსი ასაკის მისიონერი განაგრძნობს: „როგორც ამას მოძღვრება და აღთქმები 138 გვასწავლის, მე მწამს, რომ მამაჩემს შეეძლო სულების სამყაროში მისიაში მსახურება. წარმომიდგენია, როგორ ეხმარება მამაჩემი ჩვენს დიდ პაპას, რომელმაც 17 წლის ასაკში გერმანია დატოვა და ოჯახისთვის დაკარგულად ითვლებოდა, კვლავ ეპოვა ოჯახი“.”
მისმა მეუღლემ დაამატა: „ჩემი მეუღლის ოჯახში ხუთი ძმიდან ოთხს უმაღლესი განათლება აქვს და ოთხივემ მისიაში იმსახურა“.
სიწმიდე უფლისა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყურება მსგავსად იმ მისიონერისა, რომელმაც ისწავლა, რომ ცხოვრებაში ღმერთს უნდა დაუთმოს პირველობა. ადრე, როცა სთხოვდნენ ავადმყოფის დალოცვას, ეს მისიონერი ამბობდა: „მე მაქვს რწმენა; მე მას დავლოცავ, რომ განიკურნოს. „თუმცა“, - ამბობს უკვე დაბრუნებული მისიონერი, „იმ მომენტში ვისწავლე, რომ უნდა მელოცა არა იმისთვის, რაც მე მინდოდა, არამედ იმისთვის, რაც იმ პიროვნებას სჭირდებოდა და უფალმა ეს იცოდა. მე ეს ძმა სიმშვიდისა და ნუგეშის მისაღებად დავლოცე. მოგვიანებით ის მშვიდად გარდაიცვალა“.
სიწმიდე უფლისა ყოველდღიურ ცხოვრებაში იგრძნობა როგორც ნაპერწკალი საბურველის მეორე მხარეს, რომელიც გვაკავშირებს, გვანუგეშებს და გვაძლიერებს. მთავარი უნივერსიტეტის ადმინისტრატორი ამბობს, რომ გრძნობს: ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ სხვების ნათქვამით იცნობს, ლოცულობენ მისთვის. ამ ადამიანებმა საკუთარი ცხოვრება შესწირეს უნვირესიტეტს და კვლავაც აგრძლებენ მის მისიაზე და სტუდენტებზე ზრუნვას.
ერთ-ერთი და ყოველ დღე უფრო და უფრო კარგად ხდება მას შემდეგ, რაც იგი და ბავშვები მეუღლემ მიატოვა. ის და მისი მსგავსი ქალბატონები ჩემში დიდ აღფრთოვანებას იწვევენ. ერთ დღეს, როცა სარეცხს კეცავდა, ტაძრის სამოსლების დასტას ხელი დაადო და თავისთვის ამოიოხრა: „რა აზრი აქვს? და გაიგონა ნაზი ხმა, რომელმაც დაარწმუნა; „შენ ჩემთან დადე აღთქმები“.
კიდევ ერთი და, 50 წლის განმავლობაში მამასთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა. „როცა ვიზრდებოდი“ - ჰყვება იგი, „პირველ ადგილზე ჩემი ძმები და მამაჩემი იყვნენ, შემდეგ მე - ერთადერთი ქალიშვილი ოჯახში. მხოლოდ ერთი რამ მსურდა - მამაჩემისთვის მისაღები ვყოფილიყავი.
„შემდეგ დედა გარდაიცვალა! ის ჩემსა და მამას შორის ერთადერთი შუამავალი იყო.
„ერთხელ გავიგონე ხმა“ - თქვა ამ დამ: „მოიწვიე მამა და შენთან ერთად ტაძარში წაიყვანე“. ეს იყო მამასთან ორთვიანი პაემანის დასაწყისი, როცა უფლის სახლში დავდიოდით. მე ვუთხარი მამას, რომ ის მიყვარდა. მან მიპასუხა, რომ მეც ვუყვარდი.
„უფლის სახლში გატარებულმა დრომ განგვკურნა. დედა მიწიერ ცხოვრებაში ვერ დაგვეხმარა. მას საბურველის მეორე მხარეს დასჭირდა გადასვლა იმისთვის, რომ აღედგინა ის, რაც დამსხვრეული იყო. ტაძარმა დაასრულა ჩვენი მოგზაურობა სიწმინდისკენ როგოც მარადიული ოჯახი“.
მამამ თქვა: „ტაძრის მიძღვნა ჩემთვის და ჩემი ქალიშვილისთვის დიდი სულიერი გამოცდილება იყო. ახლა ჩვენ ერთად დავდივართ ტაძარში და ვგრძნობთ, როგორ გაძლიერდა ჩვენი სიყვარული“.
სიწმიდე უფლისა ყოველდღიურ ცხოვრებაში მოიცავს ნაზ მომენტებს, როცა საყვარელი ადამიანები საბურველის მეორე მხარეს გადადიან. ამ წლის დასაწყისში ჩემი ძვირფასი დედა, ჯინ გონგი, თავისი 98 წლის იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე საბურველის მეორე მხარეს გადავიდა.
დედაჩემისთვის რომ გეკითხათ: „რა მოგართვათ: ზეფირი შოკოლადითა და თხილით, კოჭა თეთრ შოკოლადში თუ მარწყვის ნაყინი“? დედა გეტყოდათ: „შეიძლება, სამივე გავსინჯო, გეთაყვა“? ვინ ეტყოდა დედას უარს, განსაკუთრებით როცა მას ცხოვრების ყველანაირი გემო მოსწონდა?
ერთხელ ვკითხე დედას: რომელმა გადაწყვეტილებამ მოახდინა მის ცხოვრებაზე ყველაზე დიდი გავლენა.
მან მიპასუხა: „უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრად ნათლობამ და ჰავაიდან მთავარ კონტინენტზე გადასვლა, სადაც მამაშენი გავიცანი“.
15 წლის ასაკში მონათლული, დიდი ოჯახის ერთადერთი ეკლესიის წევრი, დედაჩემის აღთქმისა და უფლის რწმენამ დალოცა მისი ცხოვრება და ჩვენი ოჯახის ყველა თაობა. მეც მენატრება დედა, ისევე როგორც თქვენ გენატრებათ თქვენი ოჯახის წევრები. მაგრამ მე ვიცი, რომ დედაჩემი არ მომკვდარა. ის უბრალოდ ახლა აქ არ არის. მე პატივს ვცემ მას და ყველას, ვინც უფლის სიწმიდის ყოველდღიურ მაგალითს წარმოადგენს.
რა თქმა უნდა, სიწმიდე უფლისა ყოველდღიურ ცხოვრებაში მოიცავს უფლის წმინდა სახლში უფრო ხშირად მისვლას. ეს მართალია, როგორც ეკლესიის წევრებისთვის, ისე მეგობრებისთვის.
სამი მეგობარი მოვიდა ბანგკოკის ტაილანდის ტაძრის ღია კარის დღეზე.
„ეს სუპერ განკურნების ადგილია“ - თქვა ერთმა.
მეორემ თქვა სანათლავში: „როცა აქ ვიმყოფები, მინდა განვიწმინდო და აღარ შევცოდო“.
მესამემ თქვა: „გრძნობ სულიერ ძალას“?
ექვსი წმინდა სიტყით ჩვენი ტაძრები გვიწვევენ და განაცხადებენ:
„სიწმიდე უფლისა“.
სიწმიდე უფლისა ყოველდღიურ ცხოვრებას წმინდას ხდის. ეს გვაბედნიერებს, უფალთან გვაახლოებს და გვამზადებს ღმერთთან, ჩვენს მამასთან, იესო ქრისტესთან და სხვა საყვარელ ადამიანებთან ცხოვრებისთვის.
თქვენც, როგორც ჩემი მეგობარი, ალბათ ფიქრობთ: ვუყვარვარ მამაზეციერს? პასუხი არის ხმამაღალი, აბსოლუტური „კი“! ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ მისი სიყვარული, როცა ყოველდღე გვექნება ცხოვრებაში სიწმიდე უფლისა. ამისთვის მე ვლოცულობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.