წმინდა წერილი - რწმენის საძირკველი
შეუძლებელია, სათანადოდ არ შეაფასო წმინდა წერილების მნიშვნელობა როგორც მოქცევაში, ასევე სახარების ერთგულების შენარჩუნებაში.
მე და ჩემმა მეუღლემ, მერიმ, ცოტა ხნის წინ შევნიშნეთ მაისური წიგნის გამოსახურლებითა და წარწერით:
მე დამაფიქრა ამ წარწერამ და იმან, რამდენად მნიშვნელოვანი გახდა ყველა სახის ხელის მოწყობილობა ჩვენს ცხოვრებაში. უფრო მეტად რომ დავფიქრდი მივხვდი, რომ ნებისმიერი მოწყობილობა ან თუნდაც ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი მოწყობილობა არასოდეს იქნება ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელი, როგორც სულიერი ხელმძღვანელობა, რომელიც მოდის ღვთაებრივი გამოცხადებიდან.
ხელის თუ ციფრული, „ბიბლია“ და „მორმონის წიგნი: კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ“ უზრუნველყოფს სულიერ მითითებებსა და სამყაროს მხსნელის, იესო ქრისტეს, სწავლებას. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ წიგნებს მათი ღრმა როლისთვის უძველესი წინასწარმეტყველებისა და ხალხისადმი ღვთის მითითების დოკუმენტირებისა და ხელმძღვანელობისთვის, რომელსაც ისინი ჩვენი პირადი ცხოვრებისთვის უზრუნველყოფენ.
ცოცხალი წინასწარმეტყველების სწავლებებთან ერთად, ეს წმინდა წერილები გვაძლევს დოქტრინულ მიმართულებას დღევანდელ სამყაროში. ეს წმინდა წერილები ყველაზე ძლიერია მაშინ, როცა ცალკეულ პირებსა თუ ოჯახებს, რომლებიც ეძიებენ უფლის ხელმძღვანელობას, ეძლევათ მითითებები, შესწორებები, ნუგეში და სიმშვიდე.
წმინდა წერილი, სულიწმინდის წმინდა შთაგონებასთან ერთად, კვლავაც წარმოადგენს მოქცევის ძირითად საშუალებას მათთვის, ვისაც აქვთ მოდრეკილი გული და მომნანიებელი სული და სურთ იესო ქრისტეს კვალზე სიარული. წმინდა წერილები გვეხმარება ისეთი საძირკვლის აშენებაში, რომელიც გაუძლებს მოწინააღმდეგის მიერ რწმენის შელახვის მუდმივ ძალისხმევას.
მთელი ისტორიის მანძილზე, ახალმოქცეულები იყვნენ ეკლესიის დალოცვა და სიცოცხლის წყარო. ერთი მაგალითი განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის. ახალგაზრდა ეპისკოპოსი ვიყავი, როცა ორი საოცარი მისიონერი და ვილიამ ედვარდ მუსმანს ასწავლიდა. მამა, ძალიან ნიჭიერი იურისტი, დიდი კორპორაციის გენერალური კონსულტანტი იყო. მისი ერთგული მეუღლე, ჯანეტი, ეხმარებოდა ოჯახს ქრისტეს მსგავსად ცხოვრებაში.
მათი არაჩვეულებრივი შვილები, დაახლოებით 20 წლის ვაჟი და ქალიშვილი, ასევე გადიოდნენ გაკვეთილებს. ოთხივემ გაიარეს გაკვეთილება და დადიოდნენ ეკლესიაში. მისიონერი დები ხაზს უსვამდნენ მორმონის წიგნის კითხვასა და ლოცვას, რათა ამ წმინდა წერილის შესაებ მოწმობა მიეღოთ. აღსანიშნავია, რომ მთელმა ოჯახმა მოკლე დროში სრულად წაიკითხა მორმონის წიგნი.
პალოს ორი მისიონერი, რომლებიც ადრე მეურვეობის მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტები იყვნენ, მათ ზიარების შეკრებებზე დაჰყვებოდნენ.
ოჯახი ნათლობას რომ მიუახლოვდა, მათ უამრავი ლიტერატურა მიიღეს, რომელიც ეკლესიას აკრიტიკებდა. იმ დროს ინტერნეტი არ იყო, მაგრამ დიდი მუყაოს ყუთი მასალებით სავსე იყო.
მისიონერ დებმა მომიწვიეს მე, ახლად დანიშნული 34 წლის ეპისკოპოსი, რომ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაში დავხმარებოდი მათ. როდესაც მათ მისაღებში შევიკრიბეთ, ეკლესიის საწინააღმდეგო მასალებით სავსე დიდი ყუთი შუა ოთახში იდგა. მე ლოცვით შევუდექი დავალებას. გახსნითი ლოცვის დროს სულიწმინდამ ჩამჩურჩლა: „მან უკვე იცის, რომ ის ჭეშმარიტია“. ეს მნიშვნელოვანი იყო. დები თვლიდნენ, რომ ოჯახის დანარჩენ წევრებს უკვე ჰქონდათ მოწმობა. მამაზე არ იყვნენ დარწმუნებულები.
მე მაშინვე ვუთხარი მას, რომ სულიწმინდამ მიკარნახა, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმობა. მართალია? - ვკითხე მას. მან ყურადღებით შემომხედა და თქვა, რომ სულიწმინდამ მორმონის წიგნის ჭეშმარიტება მას ეკლესიაში დაუდასტურა.
შემდეგ ვკითხე მას, საჭირო იყო თუ არა იმ მასალების გადახედვა, თუკი მათ უკვე ჰქონდათ სულიერი დასტური.
მამამ მიპასუხა, რომ ამის საჭიროება არ იყო. ოჯახის დანარჩენი წევრები დაეთანხმნენ მის პასუხს.
მამამ თქვა, რომ ერთ მნიშვნელოვანი შეკითხვა ჰქონდა: ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც მათ ეკლესიის საწინააღმდეგო ამდენი მასალა მიიღეს იყო ის, რომ ისინი სხვა მრწამსს მიეკუთვნებოდნენ. ამის გარდა, მან დიდი თანხა დაჰპირდა იმ რწმენის ხალხისთვის ახალი სამლოცველოს აშენებაში დასახმარებლად. მან მითხრა, რომ მისიონერ დებმა ასწავლეს მეათედის კანონის მნიშვნელობა, რომელიც მან მადლიერებით მიიღო, მაგრამ მას აინტერესებდა, სწორი იქნებოდა თუ არა იმ წინა დაპირების შესრულება? მე დავარწმუნე, რომ იმ თანხის გადახდა საპატიო და შესაფერისიც იქნებოდა.
მთელი ოჯახი მოინათლა. ერთი წლის შემდეგ ისინი კალიფორნიის ოკლანდის ტაძარში ჩაიბეჭდნენ, როგორც ოჯახი. ჩემთვის დიდი პრივილეგია იყო იმ დროს იქ ყოფნა. ვაჟმა იურიდიული სკოლა დაამთავრა, ჩააბარა კალიფორნიის ადვოკატთა გამოცდა და მაშინვე გაემგზავრა მისიაში იაპონიაში, სადაც ერთგულად იმსახურა. წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი, როგორი ერთგულები რჩებოდნენ სახარების მიმართ თაობები. მე მქონდა მათი შვილიშვილის ჩაბეჭდვის ცერემონის ჩატარების პრივილეგია.
ჩვენს დროში მოქცევა ზუსტად ასევე აღსანიშნავია. გასული წლის ივნისში კანზას სითის ჩივზის ამერიკული საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი, ანდი რიდი, და მე, აგრეთვე სხვები, ჩვენი და სხვა რელიგიის წარმომადგენლები, ნიუ-იორკის რივერსაიდის ეკლესიაში, მრავალსარწმუნოებათა ღონისძიებაზე სიტყვით გამოვედით. მწვრთნელმა რიდმა ხაზი გაუსვა მეორე შანსს და მოწვევებსა და შესაძლებლობებზე პასუხის გაცემას, რაც არის იესო ქრისტეს სახარების შინაარსი. მეორე დილას ჩვენ, მეუღლეებთან, ტემი რიდთან და მერისთან ერთად, მანჰეტენის მეორე მეურვეობის ზიარების შეკრებას დავესწარით. ეს სულიერი მსახურება იყო. მრევლში ბევრი ახალმოქცეული იყო. ხუთი ახალმონათლული წევრი - ოთხი მამაკაცი და ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, აარონის მღვდლობის მქონე წევრებთან ერთად ზიარებას არიგებდნენ. სიხარულით აღვნიშნავ, რომ ახალი წევრების მსგავსი შემოდინება ეკლესიის მთელი მასშტაბით ხდება.
ჩვენ მადლიერნი ვართ იმ ადამიანების შესამჩნევი ზრდისთვის, ვინც წმინდა მოწვევებს პასუხობს, საკუთარ ცხოვრებას ცვლის და იღებს შესაძლებლობას, იესო ქრისტეს კვალზე იაროს. ისინი აღთქმის გზაზე შედიან რწმენის, მონანიების, ნათლობისა და წევრად დამტკიცების მეშვეობით, როგორც ეს ბიბლიასა და მორმონის წიგნში ისწავლება.
შეუძლებელია, სათანადოდ არ შეაფასო წმინდა წერილების მნიშვნელობა როგორც მოქცევაში, ასევე სახარების ერთგულების შენარჩუნებაში. მორმონის წიგნის უძველესმა წინასწარმეტყველებმა იცოდნენ იესო ქრისტეს მისიის შესახებ და ასწავლიდნენ მის სახარებას. მორმონის წიგნის შესწავლა, გააზრება და მისი სწავლებების გამოყენება ღმერთთან მიახლოებაში გვეხმარება. წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა ბრძანა, რომ „კაცი [ან ქალი] [ამ წიგნის] მცნებების დაცვით უფრო მიუახლოვდება ღმერთს, ვიდრე ნებისმიერი სხვა წიგნით“.
იმისათვის, რომ გავიგოთ, მორმონის წიგნი ღვთის სიტყვა არის თუ არა, უნდა წავიკითხოთ ის, ჩავუღრმავდეთ და ვილოცოთ ამის შესახებ, შემდეგ კი ვიმოქმედოთ მისი მითითებების თანახმად. მორმონის წიგნის წინასწარმეტყველი, მორონი, გვპირდება, რომ თუ გულწრფელად, ნამდვილი განზრახვითა და ქრისტეს რწმენით ვილოცებთ, ღმერთი გამოგვიცხადებს ამ წიგნის ჭეშმარიტებას. მორმონის წიგნის შესწავლა აუცილებელია მტკიცე მოქცევისათვის.
თუ ჩვენ განვიხილავთ ბიბლიასა და მორმონის წიგნს როგორც ხელის მოწყობილობებს და კავშირს მათ შორის, შეიძლება გაჩნდეს კითხვა. რამდენად სასარგებლო და შემავსებელი იქნებოდა ეს ორი წიგნი, უფალს რომ გამოეცხადებიდა, რომ ისინი უნდა „გახდნენ ერთნი შენს ხელში“? ეს განაცხადა უფალმა „იუდას ჯოხის“ ანუ ბიბლიის და „იოსების ჯოხის“ ანუ მორმონის წიგნის, შესახებ.
მრავალი მნიშვნელოვანი თვალსაზრისით, მორმონის წიგნი გვაწვდის ფუნდამენტურ დოქტრინას, რომელიც აძლიერებს ბიბლიას და ეფუძნება მას. იესო ქრისტეს გამოსყიდვის მოძღვრება ამის საფუძვლიანი მაგალითია.
ბიბლია გვაწვდის ზუსტ ცნობას ჩვენი მხსნელის მიწიერი მსახურებისა და გამოსყიდვის შესახებ — სიკვდილისა და აღდგომის ჩათვლით. მორმონის წიგნი უფრო ღრმად აღწერს იესო ქრისტეს გამოსყიდვას, რაც წინასწარმეტყველებმა დეტალურად განმარტეს მის გარდაცვალებამდე.
ალმა თავი 42 შესავალი ასახავს იესო ქრისტეს გამოსყიდვის დოქტრინალურ მნიშვნელობას.
იქ წერია: „მიწიერი ცხოვრება არის გამოცდის ჟამი, რათა ადამიანმა მოინანიოს და ღმერთს ემსახუროს. დაცემამ კაცობრიობას მოუტანა ხორციელი და სულიერი სიკვდილი. გამოსყიდვა მოდის მონანიების მეშვეობით. თავად ღმერთი გამოისყიდის ამა ქვეყნის ცოდვებს. წყალობა მათია, ვინც ინანიებს“.
პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა თქვა: „გპირდებით, თუ მორმონის წიგნს ლოცვის თანხლებით ყოველდღეშეისწავლით, თქვენყოველდღეუკეთეს გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ის აგრეთვე დაგვპირდა: თუ „ყოველდღიურად ჩაიძირებით მორმონის წიგნში, თქვენ მიიღებთ იმუნიტეტს მთელი დღის ბოროტებისგან“.
როგორც აღვნიშნე, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პირვანდელმა ხელის მოწყობილობამ - წიგნმა. თუმცა, მე ვაღიარებ ინტერნეტის წარმოუდგენელ მნიშვნელობას ჩვენს დღევანდელ სამყაროში. ერთ თანამედროვე ხელის მოწყობილობას შეუძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც წარსულის ერთი დიდი ბიბლიოთეკის ტოლფასია. ჩვენ მადლიერები ვართ იმისთვის, რომ ასეთ დროში ვცხოვრობთ. განსაკუთრებით მადლიერი ვარ, რომ ის გვაძლევს წვდომას ეკლესიის წმინდა წიგნებსა და მასალების ციფრულ ვერსიებზე. ინტერნეტი არის სახარების შესწავლის ძლიერი იარაღი. დღეს, მრავალი ადამიანი ტექნიკური საშუალებების მეშვეობით უზიარებს მეგობრებს ამონარიდებს წმინდა წერილიდან. მორმონის წიგნის აპლიკაცია, მაგალითად, არის მორმონის წიგნის მეგობრებისთვის გაცნობის შესანიშნავი საშუალება და მისი გაზიარება ძალიან ადვილია, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.
ინტერნეტი უზრუნველყოფს მრავალ კურთხევას, მაგრამ სამწუხაროდ, ის ასევე გაწვდით მრავალ მასალას, რომელიც აკრიტიკებს ეკლესიას, როგორც ეს ადრე მოგიყევით და ეს ქმნის ეჭვს და ძირს უთხრის სახარების ძვირფას პრინციპებს. ეს შეიძლება იყოს „დღის ბოროტების“ ნაწილი, როგორც პრეზიდენტმა ნელსონმა აღნიშნა.
მოწინააღმდეგემ და მათ, ვინც მას ეხმარებიან, შეგნებულად თუ უნებლიეთ, შექმნეს ინტერნეტში წერილობითი მასალით სავსე ყუთის ექვივალენტი, რომელიც აღვწერე და ის აკრიტიკებს ეკლესიას, აქვს რა განზრახული, დაგაშოროთ ღვთის ჭეშმარიტებას.
წლების განმავლობაში ეჭვების შესაქმნელად წამოჭრილი საკითხები საოცრად მსგავსი იყო. ეს განსაკუთრებით შეესაბამება სიმართლეს, როდესაც ჩვენს დღეებს 1960-იან წლებს ვადარებთ, როდესაც 20 წლის ვიყავი.
წმინდა წერილი გვასწავლის, ყველაფერში გამოვიყენოთ სწორად გაგების უნარი და სიბრძნე. ინტერნეტის გამოყენება შეიძლება როგორც დადებითად ისე საზიანოდ.
როგორც ძველი წევრები, ისე ისინი, ვინც ახლა სწავლობენ სახარებას, უნდა მიზანმიმართულად არჩევდნენ, რას უყურონ. ნუ აჰყვებით უზნეო, არაკეთილსინდისიერ ან უსამართლო მასალებს. და თუ აჰყვებით, ალგორითმებმა შეიძლება მიგიყვანონ გზაზე, რომელიც ანგრევს რწმენას და აფერხებს თქვენს მარადიულ წინსვლას. თქვენზე შეიძლება დადებითად ან უარყოფითად იმოქმედონ. ეძიეთ სამართალი და თავი აარიდეთ ინტერნეტის ბნელ ხვრელებსა და უსასრულო უარყოფითი ამბების დათვალიერებას. შეავსეთ თქვენი ცხოვრება დადებითი, მართალი იდეებით, იყავით მხიარული, გაერთეთ, მაგრამ მოერიდეთ სისულელეს. ხომ არსებობს განსხვავება. რწმენის მეცამეტე სიმბოლო შესანიშნავი გზამკვლევია. და რაც ყველაზე მთავარია: ჩაიძირეთ მორმონის წიგნის სწავლაში, რაც თქვენს ცხოვრებაში სულიწმინდას მოიწვევს და დაგეხმარებათ განასხვაოთ ერთმანეთისგან სიმართლე და შეცდომა.
ჩემი რჩევა მათ, ვინც რამე სახით გადაუხვია აღთქმის გზიდან, არის შემდეგი: დაუბრუნდით წმინდა წერილს, წინასწარმეტყველურ ხელმძღვანელობას, სახლში რელიგიურ მსახურებას და რწმენის მუსიკას. ყოველი სული ღვთისთვის ძალზედ ძვირფასია. თქვენ გვჭირდებით! უფალს სჭირდებით და თქვენც გჭირდებათ უფალი! ის თქვენ ყოველთვის სიხარულით მიგიღებთ. ჩემი მრავალწლიანი საეკლესიო მსახურების განმავლობაში მე ვაფასებდი მშვენიერ ადამიანებს, რომლებიც დაბრუნდნენ აღთქმის გზაზე და შემდეგ ემსახურებოდნენ და აკურთხებდნენ ყველას, ვინც უყვარდათ ან ვისთანაც ურთიერთობდნენ.
წმინდა წერილი და ცოცხალი წინასწარმეტყველები არის ის ძირითადი გზა, რომლითაც სიყვარულით სავსე მამაზეციერი ადგენს ბედნიერების გეგმას, რომელიც ხელმისაწვდომია ყოველი მისი შვილისთვის.
მე დარწმუნებით ვმოწმობ იესო ქრისტეს ღვთიურობაზე და მისი გამოსყიდვის რეალობაზე, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.