გენერალური კონფერენცია
ფოკუსირება იესო ქრისტესა და მის სახარებაზე
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ფოკუსირება იესო ქრისტესა და მის სახარებაზე

როდესაც უგულებელვყოფთ ამა ქვეყნის ყურადღების გამფანტველ ფაქტორებს და ფოკუსირებას ვახდენთ ქრისტესა და მის სახარებაზე, ჩვენ გარანტირებული გვაქვს წარმატება.

1996 წელს ნიგერიის ვაჟთა საფეხბურთო ნაკრებმა ოლიმპიურ თამაშებზე, რომლებიც ამერიკაში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში გაიმართა, ოქრო მოიპოვა. როგორც კი ფინალი დასრულდა, გახარებული ხალხი ნიგერიის ყველა ქალაქსა თუ სოფელში ქუჩებში გავიდა; ამ 200 მილიონიანმა ქვეყანამ ღამის ორ საათზე მომენტალურად მასიური ზეიმი მოაწყო! ხალხი ჭამდა, მღეროდა და ცეკვავდა და საოცარი გადამდები სიხარული, ბედნიერება და მღელვარება სუფევდა. იმ მომენტში ნიგერია გაერთიანდა და ყველა ნიგერიელი ბედნიერი იყო იმით, რომ იყო ნიგერიელი.

ოლიმპიადის დაწყებამდე ამ გუნდს უამრავი გამოწვევა ჰქონდა. ტურნირის დაწყებისთანავე მათი ფინანსური მხარდაჭერა შეწყდა. გუნდი სათანადო კომპლექტების, სავარჯიშო მოედნების, საკვებისა და სამრეცხაო მომსახურების გარეშე დარჩა.

გამოსახულება
ნიგერიის საფეხბურთო გუნდი ოქროს მედლით.

Jerome Prevost/Getty Images

ერთ მომენტში ისინი ცოტა რომ არ გამოეთიშნენ ასპარეზობას, მაგრამ ნიგერიის ნაკრებმა ყველა წინააღმდეგობა გადალახა. ამ საბედისწერო მომენტმა უბიძგა მოთამაშეებს, თავიანთი თავი სხვანაირად დაენახათ. ამ ახლად აღმოჩენილი რწმენით, ინდივიდუალური და გუნდური შრომით და მტკიცე მონდომებით, მათ უგულებელყვეს მრავალი წინაღობა და ყურადღება გამარჯვებაზე გაამახვილეს. ამ კონცენტრირებამ მათ ოქროს მედლები მოუტანა და ნიგერიელებმა ისინი „ოცნების გუნდად“ მონათლეს. 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ოცნების გუნდზე საუბარი დღემდე გრძელდება ნიგერიის სპორტულ სივრცეში.

გამოსახულება
ნიგერიის ოცნების გუნდი

David Cannon/Allsport/Getty Images

მას შემდეგ, რაც საფეხბურთო გუნდმა ისწავლა წინააღმდეგობების უგულებელყოფა და თავიანთ მიზნებზე ფოკუსირება, მათ მიაღწიეს წარმატებას, რომელიც ეგონათ, მათ ძალებს აღემატებოდა — და განიცადეს უდიდესი სიხარული. (როგორც ჩვენ ყველამ ნიგერიაში!)

ანალოგიურად, როდესაც ჩვენ უგულებელვყოფთ წინაღობებს და ყურადღებას ვამახვილებთ იესო ქრისტესა და მის სახარებაზე, ჩვენ გარანტირებული გვაქვს წარმატება იმაზე მეტად, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და შეგვიძლია ვიგრძნოთ უდიდესი სიხარული. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა: „როცა ჩვენი ცხოვრება ფოკუსირებულია … იესო ქრისტეზე და მის სახარებაზე, ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ სიხარული, მიუხედავად იმისა, ხდება რამე ჩვენს ცხოვრებაში თუ არა“.

მე ვლოცულობ, რომ სულიწმიდა დაეხმაროს თითოეულ ჩვენგანს, ყურად ვიღოთ პრეზიდენტ ნელსონის მოწვევა — მოვახდინოთ ჩვენი ცხოვრების ფოკუსირება „იესო ქრისტესა და მის სახარებაზე“, რათა განვიცადოთ სიხარული ქრისტეში, „მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ან არ ხდება ჩვენს ცხოვრებაში“.

მორმონის წიგნში არის რამდენიმე ჩანაწერი იმ კონკრეტული ადამიანების შესახებ, რომლებმაც იესო ქრისტესა და მის სახარებაზე ფოკუსირებით თავიანთი ცხოვრება შეცვალეს.

გავიხსენოთ ალმა უმცროსი. ის აჯანყდა და ეკლესიის წინააღმდეგ იბრძოდა. მისი მამა, ალმა, ლოცულობდა და მარხულობდა. უცბად ანგელოზი გამოჩნდა და ალმა უმცროსს მონანიებისკენ მოუწოდა. იმ მომენტში ალმას „განწირული სულის ტკივილი“ დაეწყო“. ამ მძიმე დროს მას გაახსენდა მამამისი, რომელიც ასწავლიდა, რომ ქრისტე მოვიდოდა სამყაროს ცოდვების გამოსასყიდად. როგორც კი მისი გონება ამ აზრს ჩაეჭიდა, მან ღმერთს წყალობა შესთხოვა. ამის შედეგი სიხარული იყო, სიხარული, რომელიც მან აღწერა როგორც ჩინებული! წყალობა და სიხარული მიიღო ალმამ და მისმა მამამ, რადგან ყურადღება ქრისტეზე გაამახვილეს.

მშობლებო, რომელთა შვილებმაც გზიდან გადაუხვიეს, გამხნევდით! იმის ნაცვლად, რომ იფიქროთ, რატომ არ ეხმარება ანგელოზი თქვენს შვილს მონანიებაში, იცოდეთ, რომ უფალმა მის გზაზე მოკვდავი ანგელოზი დააყენა: ეპისკოპოსი ან ეკლესიის სხვა ხელმძღვანელები ან მზრუნველი და ან ძმა. თუ მარხვასა და ლოცვას გააგრძლებთ, თუ არ შეუდგენთ ღმერთს გრაფიკს და ვადას არ დაუწესებთ და თუ იწამებთ, რომ მან ხელი გაგიწოდათ დასახმარებლად, ადრე თუ გვიან თქვენ აღმოაჩენთ, რომ ღმერთი თქვენი შვილის გულს შეეხო, როცა თქვენმა შვილმა მოსმენა არჩია. ეს იმიტომ ხდება, რომ ქრისტე არის სიხარული, ქრისტე არის იმედი; ის არის „მომავალ სიკეთეთა“ დაპირება. ასე რომ, მიანდეთ იესო ქრისტეს თქვენი შვილი, რადგან ის არის ყოველი მშობლისა და ყოველი შვილის სიძლიერე.

მას შემდეგ, რაც ალმა უმცროსმა ქრისტეში სიხარული განიცადა, იგი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამ სიხარულით ცხოვრობდა. მაგრამ როგორ ინარჩუნებდა იგი ასეთ სიხარულს სირთულეებისა და განსაცდელის დროსაც კი? იგი აცხადებს:

„იმ დროიდან დღემდე მე განუწყვეტლივ ვშრომობ, რათა სულები მივიყვანო მონანიებამდე; შევძლო მივიყვანო, რათა იგემონ განსაკუთრებული სიხარული, რომელიც მე ვიგემე. …

„… უფალი მაძლევს ძალზედ დიდ სიხარულს ჩემი შრომის ნაყოფში. …

„და მქონდა მხარდაჭერა, ყოველგვარი გამოცდისა და მწუხარების ჟამს“.

ქრისტეში სიხარული ალმასთვის დაიწყო მაშინ, როდესაც მან გამოიჩინა რწმენა მისდამი და წყალობისთვის შეჰღაღადა უფალს. შემდეგ, ალმამ განაგრძო ქრისტესადმი რწმენის გამოვლენა დაუღალავი შრომით, რათა სხვებს იგივე სიხარულის დაგემოვნებაში დახმარებოდა. ეს მუდმივი შრომა დიდ სიხარულს ანიჭებდა ალმას, ყოველგვარი განსაცდელისა და უბედურების დროსაც კი. ხომ ხედავთ, „უფალს უყვარს ძალისხმევა“ და მასზე ფოკუსირების ძალისხმევას კურთხევები მოაქვს. თვით მძიმე განსაცდელნიც კი შეიძლება „[შთაინთქან] ქრისტეს სიხარულით“.

მორმონის წიგნში ადამიანთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელმაც იესო ქრისტე და მისი სახარება თავიანთი ცხოვრების ცენტრალურ ნაწილად აქცია და სიხარული იპოვა, არის ის, რომელმაც ქალაქი ჰელამი დააარსა — ადგილი, სადაც მათ შეეძლოთ შვილების აღზრდა და რელიგიის თავისუფლებით ტკბობა. ეს მართალი ხალხი მძარცველმა ჯგუფმა დაიმონა და მათ ჩამოართვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლება - ეცხოვრათ თავიანთი რელიგიით. ზოგჯერ ცუდი რამ ემართება კარგ ადამიანებს:

„უფალი თვლის შესაფერისად თავისი ხალხის განკიცხვას; დიახ, ის ცდის მათ მოთმინებასა და რწმენას.

„ამისდა მიუხედავად, ვინც მას ანდობს თავის სასოებას, იგი ამაღლდება უკანასკნელ დღეს. დიახ, და ასე იყო ეს ხალხიც“.

როგორ გაუძლეს ამ ადამიანებმა ამ განსაცდელებსა და გაჭირვებას? ქრისტესა და მის სახარებაზე ფოკუსირებით. მათი უბედურება არ განსაზღვრავდა მათ; უფრო მეტიც, თითოეული მათგანი ღმერთს მიუბრუნდა, განსაზღვრეს რა საკუთარი თავი, როგორც ღვთის შვილი, აღთქმის შვილი და იესო ქრისტეს მოწაფე. როცა გაიხსენეს ვინ იყვნენ და ღმერთს შეჰღაღადეს, მიიღეს სიშვიდე, ძალა და საბოლოოდ სიხარული ქრისტეში:

„ალმა და მის[ი] ხალხ[ი] … გულს უღვრიდნენ [ღმერთს]; და მან იცოდა მათი გულის ფიქრები.

„და იყო ასე, რომ უფლის ხმა მოევლინათ მათ თავიანთ გაჭირვებისას, სიტყვებით: აწიეთ თავი და დამშვიდდით, რადგან მე ვიცი იმ აღთქმის შესახებ, რომელიც თქვენ ჩემთან დადეთ; და მე დავდებ ჩემს ხალხთან აღთქმას და მონობიდან გამოვიხსნი მათ“.

ამის საპასუხოდ უფალმა „[შეუმსუბუქა] [ტვირთი, რომელიც მხრებზე [ეწვათ]. … დიახ, უფალმა გააძლიერა ისინი, რომ ადვილად შეძლებოდათ ტვირთის ზიდვა და ისინი მხნედ და მოთმინებით დაემორჩილნენ უფლის ნებას.” გაითვალისწინეთ, რომ ამ წმინდანებმა თავიანთ უბედურებას, ტანჯვასა და განსაცდელს ქრისტეს სიხარულში შთანთქმის საშუალება მისცეს! შემდეგ, როცა დრო მოვიდა, მან უჩვენა ალმას გაქცევის გზა და ალმამ — ღვთის წინასწარმეტყველმა — ისინი უსაფრთხო ადგილას მიიყვანა.

როდესაც ჩვენ ყურადღებას მივაპყრობთ ქრისტეს და მივყვებით მის წინასწარმეტყველს, ჩვენც მივალთ ქრისტესთან და მისი სახარების სიხარულთან. როგორც პრეზიდენტმა ნელსონმა ასწავლა: „სიხარული ძლიერია და სიხარულზე ფოკუსირებას შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში ღვთის ძალა. ისე, როგორც ყველაფერში, იესო ქრისტე არის ჩვენი საბოლოო მაგალითი, „რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი“.[ებრაელთა 12:2].”

გამოსახულება
უხუცეს ეგბოს დედა.
გამოსახულება
უხუცესი ეგბო დედამისთან ერთად

ცოტა ხნის წინ დედაჩემი გარდაიცვალა; ეს ჩემთვის შოკი იყო. მე მიყვარს დედა და არ მეგონა, რომ ასეთ ახალგაზრდა დედას დავკარგავდი. მაგრამ მისი გარდაცვალებით მეც და ჩემმა ოჯახმაც როგორც მწუხარება, ასევა სიხარული განვიცადეთ. ვიცი, სწორედ ქრისტეს გამო ის არ არის მკვდარი — ის ცოცხალია! და მე ვიცი, რომ ქრისტეს და წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით აღდგენილი სამღვდელოების გასაღებების წყალობით, ერთ დღეს ისევ მასთან ვიქნები. დედის დაკარგვის მწუხარება ქრისტეს სიხარულმა შთანთქა! მე ვსწავლობ, რომ „იაზროვნეთ ცელესტიალურად“ და „მიანდეთ ღმერთს პირველობა“ მოიცავს ქრისტეში მოცემულ სიხარულზე ფოკუსირებას.

ის სიხარულით გვიწვევს: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.