გენერალური კონფერენცია
უბრალოა იესო ქრისტეს სწავლება
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


უბრალოა იესო ქრისტეს სწავლება

მე ვმოწმობ მამაზეციერის შვილებისთვის იესო ქრისტეს უბრალო სწავლების სიწმინდეზე.

ყოველ ჩვენგანს ჰყავს ოჯახის წევრები, რომლებიც გვიყვარს და რომლებსაც სატანა, დამანგრეველი, თითქოს და მუდამ აცდუნებს და ცდის, რადგან სურს, რომ ყველა ღვთის შვილი უბედური გახადოს. მრავალი ჩვენგანს უძილო ღამეების თენება მოუწია. ყველანაირად ვცდილობდით, საფრთხეში მყოფი საყვარელი ადამიანები მათსავე საკეთილდღეოდ დაგვეცვა. ჩვენ თავდადებულად ვლოცულობდით მათთვის. ჩვენ ისინი გვიყვარდა. ჩვენ შევეცადეთ, მათთვის საუკეთესო მაგალითი ვყოფილიყავით.

ძველი დროის წინასწარმეტყველი, ალმა, იგივე სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. ადამიანებს, რომლებსაც ის ხელმძღვანელობდა და უყვარდა, ხშირად ესხმოდა სასტიკი მტერი, მაგრამ ისინი მაინც ცდილობდნენ მართალი შვილების აღზრდას ბოროტების სამყაროში. ალმამ იგრძნო, რომ გამარჯვების ერთადერთი იმედი იყო ძალა, რომელსაც ზოგჯერ სათანადოდ არ ვაფასებთ და ძალიან იშვიათად ვიყენებთ. ის ღმერთს დახმარებას ევედრებოდა.

ალმამ იცოდა, რომ ღმერთის დასახმარებლად მონანიება იყო საჭირო მათგან, ვისაც ის ხელმძღვანელობდა, ისევე როგორც მისი მოწინააღმდეგეებისგან. ამრიგად, მან ბრძოლის სხვა მიდგომა აირჩია.

მორმონის წიგნი ასე აღწერს მის ხერხს: „და ახლა, ვინაიდან სიტყვის ქადაგებას ჰქონდა დიდი თვისება – ხალხს გაძღოლოდა იმის საკეთებლად, რაც მართალია – დიახ, მას ჰქონდა უფრო ძლიერი გავლენა ხალხის შეგნებაზე, ვიდრე ხმალს ან სხვა რაიმეს, რაც მათ თავს გადახდომიათ; ამიტომ, ალმამ იფიქრა, რომ საჭირო იყო, გამოეცადათ ღვთის სიტყვის ძალა“..

ღმერთის სიტყვა არის მოძღვრება, რომელსაც გვასწავლის იესო ქრისტე და მისი წინასწარმეტყველები. ალმამ იცოდა, რომ მოძღვრების სიტყვებს აქვს დიდი ძალა.

მოძღვრება და აღთქმების მე-18 ნაწილშიუფალმა გაამხილა თავისი სწავლების საფუძვლები:

„აჰა, ვუბრძანებ ყოველ ადამიანს ყველგან, რომ მოინანიოს. …

„ვინაიდან, აჰა, უფალი, შენი გამომსყიდველი, მოკვდა ხორციელად; ასე რომ, გადაიტანა ყოველი ადამიანის ტკივილი, რათა ყოველმა ადამიანმა შეძლოს მონანიება და მასთან მისვლა.

„და აღდგა იგი მკვდრეთით, რათა მიიყვანოს ყველა ადამიანი თავისთან, მონანიების პირობით“.

„და ძირს დაემხობით და ჩემი სახელით თაყვანს სცემთ მამას.

„ … თქვენ უნდა მოინანიოთ და მოინათლოთ იესო ქრისტეს სახელით“.

სთხოვეთ მამას ჩემი სახელით, რწმენით, რომ მიიღებთ და თქვენთან იქნება სულიწმინდა“.

„და ახლა, მას შემდეგ, რაც ამას მიიღებთ, თქვენ უნდა დაიცვათ ჩემი მცნებები ყველაფერში“.

„საკუთარ თავზე აიღეთ ქრისტეს სახელი და ილაპარაკეთ ჭეშმარიტება კეთილგონივრულად.

და ისინი გადარჩებიან, რომლებიც მოინანიებენ და მოინათლებიან ჩემი სახელით, რომელიც არის იესო ქრისტე და გაძლებენ ბოლომდე“.

ამ რამდენიმე ამონარიდში მხსნელი გვაძლევს თავისი მოძღვრების სწავლების სრულყოფილ მაგალითს. ამ მოძღვრების არსია ის, რომ უფალი ისეო ქრისტესადმი რწმენა, მონანიება, მონათვლა, სულიწმინდის ძღვენი და ბოლომდე გაძლება ღვთის ყოველ შვილს დალოცავს.

როცა ამ პრინციპებს საყვარელ ადამიანებს ვასწავლით, სულიწმინდა გვეხმარება ჭეშმარიტების ამოცნობაში. რადგან ჩვენ გვჭირდება სულიწმინდის კარნახი, თავი უნდა ავარიდოთ მოსაზრებებს ან პირად ინტერპრეტაციას, რაც სცდება ჭეშმარიტი მოძღვრების სწავლებას.

ამის გაკეთება შეიძლება რთული იყოს, როცა გიყვარს პიროვნება, რომელზედაც ცდილობ, გავლენა მოახდინო. შეიძლება მან მოძღვრებას არ მოუსმინა. არის იმის ცდუნება, რომ ვცადოთ რამე ახალი ან სენსაციური. მაგრამ სულიწმინდა გაგვიცხადებს ჭეშმარიტების სულს მხოლოდ მაშინ, როცა ვფრთხილობთ და ფაქიზად ვცდილობთ, არ გავცდეთ ჭეშმარიტი სწავლების საზღვრებს. ერთ-ერთი საიმედო გზა იმისათვის, რომ არც კი მივუახლოვდეთ ცრუ მოძღვრებას არის ის, რომ სწავლებისას შევეცადოთ ვიყოთ უბრალონი. უსაფრთხოება ამ უბრალოებით მიიღწევა. და დიდად არაფერს ვკარგავთ ამით.

უბრალოდ სწავლება გვაძლევს საშუალებას, ადრევე გავუზიაროთ ადამიანს ხსნის მოძღვრება, როცა ბავშვებს ჯერ არ შეეხოთ მატყუარას ცდუნება, რომელიც მოგვიანებით მათ დაუპირისპირდება, გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ჭეშმარიტება, რომელიც მათ უნდა ისწავლონ, ჩაიძირება სოციალური მედიის, თანატოლებისა და პირადი ბრძოლების ხმაურში. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და გავუზიაროთ იესო ქრისტეს სწავლებები ბავშვებს. სწავლების ეს მომენტები ძვირფასია და გაცილებით ნაკლებია მოწინააღმდეგე ძალების შეუპოვარ ძალისხმევასთან შედარებით. ვინაიდან ბავშვის ცხოვრებაში დოქტრინის დანერგვაზე დახარჯულ ყოველ ერთ საათზე მოდის შეტყობინებებითა და სურათებით სავსე წინააღმდეგობის უთვალავი საათი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებენ ან უგულებელყოფენ ხსნის ამ ჭეშმარიტებას.

ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება აინტერესებდეს, ჯობია თუ არა შვილებთან დაახლოება უბრალოდ გართობის გზით ან შეიძლება იკითხოთ, ხომ არ გადაიტვირთება ბავშვი თქვენი სწავლებით. ამის ნაცვლად უნდა ვფიქრობდეთ შემდეგზე: „ასე ცოტა დროითა და მცირე შესაძლებლობებით, მოძღვრების რომელი სიტყვები გაამაგრებს მათ სულს, რათა გაუძლოს მათ რწმენაზე გარდაუვალ შემოტევებს?” დღეს თქვენი ნათქვამი სიტყვები შეიძლება გახდეს ის სიტყვები, რომლებსაც ისინი სულ გულში ატარებენ, დღევანდელი დღე კი მალე ჩაივლის.

მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი დიდი ბებიის, მერი ბომელის, ერთგულებით, რომლითაც ის იესო ქრისტეს მოძღვრებას აზიარებდა. მის ოჯახს მისიონერებმა შვეიცარიაში უქადაგეს, როდესაც ის 24 წლის იყო.

ნათლობის შემდეგ მერიმ მოისურვა ამერიკის წმინდანებს შეერთებოდა, ასე რომ იგი შვეიცარიიდან ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად, იქ კი ერთმა ქალბატონმა ის ფეიქრად აიყვანა, საოჯახო ტანსაცმლის ქსოვილებში. მერი მოსამსახურის ოთახში ცხოვრობდა; მან საქსოვი დაზგა სახლის სასტუმრო ოთახში დადგა.

იმ დროს ბერლინში უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის მოძღვრების სწავლება აკრძალული იყო. მაგრამ მერის არ შეეძლო შეძენილი ცოდნა სხვებისთვის არ გაეზიარებინა. სახლის დიასახლისი და მისი მეგობარი ქალები ერთად იკრიბებოდნენ საქსოვი დაზგის გარშემო, რომ მერისთვის მოესმინათ. იგი საუბრობდა ჯოზეფ სმითზე, როგორ გამოეცხადნენ მას ზეციერი მამა და იესო ქრისტე, ანგელოზების სტუმრობაზე და მორმონის წიგნზე. მერი, ახსოვდა რა ალმას ისტორია, აღდგომის შესახებ ასწავლიდა. ის მოწმობდა, რომ ოჯახებს ცელესტიალურ სასუფეველში ერთად შეუძლიათ ყოფნა.

მერის მიერ აღდგენილი სახარების ენთუზიაზმით გაზიარებამ მალე მას პრობლემა შეუქმნა. მერი მალე პოლიციამ დააპატიმრა. გზაში მან პოლიციელს ჰკითხა იმ მოსამართლის სახელი, რომელიც მის საკითხს განიხილავდა მეორე დილით. მან ასევე ჰკითხა პოლიციელს მისი ოჯახის შესახებ, იყო თუ არა ის კარგი მამა და მეუღლე. პოლიციელმა უპასუხა, რომ მოსამართლე ჩვეულებრივი ამაქვეყნიური მამაკაცი იყო.

ციხეში მერიმ კალამი და ფურცელი მოითხოვა. მან ღამე წერილის წერაში გაატარა. ის მოწმობდა მოსამართლისთვის იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ, როგორც ეს აღწერილია მორმონის წიგნში, სულების სამყაროსა და მონანიებას ხსნიდა. ის წერდა, რომ მოსამართლეს დრო სჭირდებოდა იმისთვის, რომ თავის ცხოვრებაზე დაფიქრებულიყო, სანამ სამსჯავროზე აღმოჩნდებოდა. მერიმ ასევე მისწერა, რომ იცოდა, მას მრავალი რამ უნდა მოენანიებინა, რაც მის ოჯახსაც და მასაც დიდ მწუხარებას მოუტანდა. დილით, როცა წერილი დაასრულა, მან სთხოვა პოლიციელს, ის წერილი მოსამართლესთან მიეტანა და ისიც დათანხმდა.

მოგვიანებით მოსამართლემ პოლიციელი ოფისში გამოიძახა. მერის დაწერილი წერილი უდავო ნივთმტკიცება იყო იმისა, რომ იგი აღდგენილ სახარებას ასწავლიდა ანუ არღვევდა კანონს. მიუხედავად ამისა, დიდი ხანი არ გასულა, როდესაც პოლიციელი მერის საკანში დაბრუნდა. მან მერის უთხრა, რომ მის მიმართ ყველა ბრალდება მოხსნილია და ის თავისუფალი იყო. იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების სწავლებამ ის ციხეში გამოამწყვდია. მოსამართლისთვის მონანიების სწავლების განცხადებამ კი ის ციხიდან იხსნა.

მერი ბომელის სწავლება მისი გათავისუფლების შემდეგ არ დასრულებულა. მისი სიტყვების ჩანაწერმა ჭეშმარიტი დოქტრინა გადასცა თაობებს, მათაც კი, რომლებიც ჯერ არ დაბადებულან. მისმა რწმენამ, რომ ახალმოქცეულსაც კი შეეძლო იესო ქრისტეს მოძღვრების სწავლება, უზრუნველყო, რომ მისი შთამომავლები საკუთარ ბრძოლებში გაძლიერდებიან.

როდესაც ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვასწავლოთ მათ, ვინც გვიყვარს, იესო ქრისტეს მოძღვრების შესახებ, ზოგიერთის გულში ამან შეიძლება მაინც არ იპოვოს გამოძახილი. შეიძლება გონებაში ეჭვი შემოგვეპაროს. შეიძლება იკითხოთ, იცით თუ არა საკმარისად კარგად მხსნელის დოქტრინა, რომ ეფექტურად ასწავლოთ იგი. და თუ თქვენ უკვე გქონდათ სწავლების მცდელობა, შეიძლება გაგიკვირდეთ, რატომ არ არის უფრო თვალსაჩინო ამის დადებითი შედეგი. არ წამოეგოთ ასეთ ეჭვზე. მიმართეთ ღმერთს დახმარებისთვის.

„დიახ, შეჰღაღადე ღმერთს ყოველგვარი დახმარებისათვის; … დაე, შენი გულის სიყვარული უფლისაკენ იყოს მიმართული უკუნისამდე“.

და ახლა, მე მინდა, რომ იყოთ თავმდაბალნი და იყოთ მორჩილნი და კეთილნი; გულისხმიერნი თხოვნისადმი; მოთმინებითა და სულგრძელობით აღსავსენი; იყოთ ზომიერნი ყველაფერში, ყოველთვის იყოთ ბეჯითნი ღმერთის მცნებების დაცვაში; სთხოვეთ ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ, როგორც სულიერი, ისე მიწიერი; ყოველთვის გადაუხადეთ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, რასაც იღებთ“.

თუ ლოცულობთ, თუ ესაუბრებით ღმერთს და თუ ევედრებით დახმარებას თქვენი საყვარელი ადამიანისთვის და თუ მადლობას უხდით მას არა მხოლოდ დახმარებისთვის, არამედ მოთმინებისა და სიმშვიდისთვის, რაც მოდის მაშინ, როცა მაშინვე ან საერთოდ არ მიიღებთ სასურველს, მე გპირდებით, რომ უფრო დაუახლოვდებით მას. თქვენ გახდებით ბეჯითი და სულგრძელი. და მაშინ გეცოდინებათ, რომ გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლოთ, რათა დახმარებოდით მათ, ვინც გიყვართ და ვისზეც ლოცულობთ, რომ არ წამოეგებონ სატანის მცდელობაზე, გაანადგუროს ისინი.

„უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ; ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები, გაიქცევიან და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან“.

თქვენ შეგვიძლიათ იპოვოთ იმედი წმინდა წერილში აღწერილ ჩანაწერებში ოჯახების შესახებ. იქ ჩვენ ვკითხულობთ მათ შესახებ, ვინც ყური არ უგდო სწავლებას ან ღმერთთან ჭიდილში იყვნენ მიტევების მიღების გამო, როგორც ალმა უმცროსი, მოსიას ვაჟები და ენოსი. გაჭირვების დროს მათ გაიხსენეს თავიანთი მშობლების სიტყვები, იესო ქრისტეს მოძღვრების სიტყვები. ამან ისინი გადაარჩინა. თქვენ მიერ ნაქადეგები წმინდა სწავლებაც ეხსომებათ.

მე ვმოწმობ მამაზეციერის შვილებისთვის იესო ქრისტეს უბრალო მოძღვრების სწავლების წმინდა საქმის შესახებ, რაც გვაძლევს საშუალებას სულიერად განვიწმინდოთ და საბოლოო ჯამში ღვთის სასუფეველში ვიქნეთ მიღებულნი, რათა მასთან და მის ძესთან მარადჟამს ვიცხოვროთ ბრწყინვალებაში ოჯახებთან ერთად. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.