დღეები, რომელნიც არ უნდა მიეცეს დავიწყებას
ეს მოახლოებული წუთები მისცემს ეკლესიის წევრებს მსოფლიოს ყველა კუთხეში იესო ქრისტეს სახარების სასიხარულო ამბის გაზიარების უფრო მეტ შესაძლებლობას.
შესავალი
ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლსიის ისტორია ამ წყობაში კაშკაშობს ღვთიური შემთხვევებით, რომლებიც გვიჩვენებს, როგორ ხელმძღვანელობდა უფალი თავის ეკლესიას. თუმცა, ჩვენს ისტორიაში არის ერთი ათწლეული, რომელიც, ნებისმიერ სხვაზე საოცრად მაღლა დგას და ეს არის 1820 - 1830 წწ ათწლეული. დაწყებული წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის გამოცდილებით წმინდა ტყეში 1820 წლის გაზაფხულზე, როდესაც მან მამა ღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე, იხილა, გაგრძელებული 1830 წლის 6 აპრილამდე, ეს ათწლეული არცერთ სხვას არ ჰგავს.
განიხილეთ ეს შესანიშნავი მოვლენები! ახალგაზრდა წინასწარმეტყველი ესაუბრა ანგელოზ მორონის, გადათარგმნა ოქროს ფირფიტები და გამოაქვეყნა მორმონის წიგნი! ის იყო იარაღი, რომლის მეშვეობითაც აარონისა და მელქიცედეკის მღვდლობა აღდგა, და შემდეგ მან ეკლესია დააარსა. ოლივერ ქაუდერიმ კარგად აღწერა ის ერა: „ეს იყო დღეები, რომელნიც არ უნდა მიეცეს დავიწყებას“. სასწაულებრივი მოვლენები დღემდე გრძელდება.
გავბედავ და ვიტყვი, რომ წელს დაიწყო ათწლეული, რომელიც შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, როგორც ის, რომელიც იმ უპრეცედენტო ათწლეულს მოჰყვა თითქმის ორი საუკუნის წინ.
ჩვენი ათწლეული
ნება მიბოძეთ, აგიხსნათ. 2024 - 2034 წლებში ჩვენ გავხდებით მნიშვნელოვანი მოვლენების მოწმენი, რაც გამოიწვევს მსახურების, წევრებთან და მეგობრებთან გაერთიანების განსაკუთრებულ შესაძლებლობებს და უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის უფრო მეტი ადამიანსთვის წარდგენის საშუალებას, ვიდრე ოდესმე.
ჩვენ ახლახან შევესწარით ჭეშმარიტად ისტორიული მომენტის ძალას, როდესაც ათობით მილიონ ადამიანთან ერთად აღვნიშნეთ პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის 100 წლის დაბადების იუბილე.
პრეზიდენტ ნელსონის დაბადების დღესთან დაკავშირებით ჟურნალმა ნიუსვიკ გამოაქვეყნა რეპორტაჟი სათაურით: „მსოფლიოს ყველაზე ხნიერი რელიგიური ხელმძღვანელი 100 წლის გახდა“. შემდეგ მათ ჩამოთვალეს მსოფლიოს 10 ყველაზე ხანდაზმული რელიგიური წინამძღოლი - პრეზიდენტი ნელსონი პირველი იყო სიაში, რომელშიც შედიოდნენ პაპი ფრანცისკე და დალაი ლამა.
New York Times -ის სტატიის ეს განცხადება ასახავს საერთაშორისო გაშუქების დიდი ნაწილის სულისკვეთებას: „[შეერთებული შტატების] საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, წამოიჭრა საკითხი ხანდაზმულობისა და ხელმძღვანელობის შესახებ. ბ-ნ ნელსონის მიღწევები გვიჩვენებს, რომ ყოველ შემთხვევაში მის ეკლესიაში სამნიშნა დაბადების დღე არ იწვევს დიდ შეშფოთებას. ბ-ნი ნელსონი ეკლესიის წევრებს შორის პოპულარული ფიგურაა, ისინი თავიანთ პრეზიდენტს განიხილავენ არა მხოლოდ როგორც აღმასრულებელს, არამედ როგორც „წინასწარმეტყველს, წინასწარმჭვრეტსა და განმცხადებელს“.
რაოდენ მადლობლები ვართ, რომ პრეზიდენტ ნელსონის დაბადების დღემ მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეცნო მსოფლიო აუდიტორიისთვის ღმერთის წინასწარმეტყველი — დღესასწაული, რომელიც არ უნდა მიეცეს დავიწყებას.
ამ გაზაფხულს, ტაძრის მოედანზე განახლებული მოედანი გაიხსნა, რომელზეც წარმოდგენილია იმ ქვეყნების დროშები, სადაც ეკლესია აღიარებულია. მოედნის შესასვლელში გრანიტის მონუმენტი დგას წინასწარმეტყველური სიტყვებით: „და იქნება, უკანასკნელ დღეებში განმტკიცდება მთა უფლის სახლისა, მთების სათავეში დადგინდება, და ამაღლდება ბორცვებზე, და დინებას დაიწყებს მისკენ ყველა ერი“.
რა თქმა უნდა, გრანდიოზული მოვლენები, რომლებსაც ადგილი ექნება მომდევნო 10 წლის განმავლობაში, არის ერთ-ერთ გამოვლინება იმისა, რომ ესაიას წინასწარმეტყველება სრულდება.
დაფიქრდით ტაძრების ღია კარის დღეებისა და მიძღვნის ცერემონიების უპრეცედენტო რაოდენობაზე, რომელიც მომდევნო ათწლეულის განმავლობისთვის დაიგეგმა, 164 პოტენციურ ტაძარზე და ეს რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. წარმოიდგინეთ, ათობით მილიონი ადამიანი - თქვენ და თქვენი მეგობრები, რომლებიც უფლის სახლში შედიან. ამ მოვლენების სიმბოლური ცენტრი იქნება სოლთ-ლეიქის ტაძრის ხელახალი მიძღვნა და ამასთან დაკავშირებული ღონისძიებები. ეს, უეჭველად, იქნება დღეები, რომელნიც არ უნდა მიეცეს დავიწყებას.
2030 წელი მოგვცემს საშუალებას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღვნიშნოთ ეკლესიის დაარსების ორასი წლისთავი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორ აღიარებს ეკლესია ამ ეტაპს, ეს ნამდვილად მოგვცემს საშუალებას მოვიწვიოთ ოჯახი, მეგობრები, კოლეგები და გამორჩეული სტუმრები, რათა „მოვიდნენ და ნახონ“ და უკეთ გაიგონ, რა ძლიერი გავლენა აქვს მას ეკლესიის წევრების ცხოვრებაზე.
2034 წელს ათასობით გამოჩენილი ადამიანი, სტუმარი და სპორტსმენი მთელი მსოფლიოდან აღავსებს სოლთ-ლეიქ სითის ქუჩებს - ზამთრის ოლიმპიური თამაშების ადგილს. ალბათ არ არსებობს მსოფლიო ერთიანობის იმაზე დიდი დემონსტრირება, ვიდრე ოლიმპიურ თამაშებში. მსოფლიოს მზერა ეკლესიასა და მის წევრებზე იქნება მიპყრობილი. ეს მისცემს მათ მოხალისეობის, მსახურებისა და კარგი ამბის გაზიარების უამრავ საშუალებას კეთილი საქმეების მეშვეობით და ეს მოვლენა არ უნდა მიეცეს დავიწყებას.
ეს მოახლოებული წუთები მისცემს ეკლესიის წევრებს ყველგან იესო ქრისტეს სახარების სასიხარულო ამბის გაზიარების უფრო მეტ შესაძლებლობას - როგორც სიტყვით, ისე საქმით და ეს არის ათწლეული, რომელიც არასოდეს უნდა მიეცეს დავიწყებას.
სასიხარულო ამბავი
დაბადების დღემდე რამდენიმე კვირით ადრე გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ნელსონმა გააზიარა მიზეზი, რომლის გამოც ის ძალზედ აფასებდა ფრაზას „სასიხარულო ამბავი“. გაგონებისთანავე, - აღნიშნა მან, ფრაზა სიხარულსა და ბედნიერებას შთაგაგონებს. მაგრამ „სასიხარულო ამბავი“ გაცილებით მეტს ნიშნავს. მან განმარტა, რომ ეს ფრაზა მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან euangelion, რაც სიტყვასიტყვით „სასიხარულო ამბავს“ ანუ „სახარებას“ ნიშნავს. ბედნიერება და სიხარული ამ ცხოვრებაში და მომდევნოში ყოველთვის იესო ქრისტეს სახარებას უკავშირდება. ამრიგად, ფრაზა „სასიხარულო ამბავი“ შესანიშნავად ასახავს ამ ორმაგ მნიშვნელობას.
„ადამიანები არსებობენ, რათა განიცადონ სიხარული“. მამაზეციერმა უზრუნველყო ბედნიერების გეგმა, რომელიც მისი კურთხევებით იძლევა სიხარულს. ეს მოიცავს ოჯახების მარადიულად ცხოვრებას მის გარემოცვაში. იესო ქრისტეს გამოსყიდვა ჩვენი გამოსყიდვის ღმერთის გეგმის ცენტრალური ნაწილია. მარადიული ცხოვრების მისაღებად ჩვენ უნდა მივიდეთ ქრისტესთან. და როცა ასე ვიმოქმედებთ „და ვეხმარებით სხვებს, იგივე გაკეთონ, ამით ჩვენ ღვთის ხსნისა და ამაღლების საქმეში ვმონაწილეობთ“.
იესო ქრისტეს სახარების ეს სასიხარულო ამბის გზავნილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი დედამიწაზე. და აქ უკვე ეკლესიის ახალგაზრდები და ახალგაზრდა ზრდასრულები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს.
ახალგაზრდების გასაძლიერებლად
მიუხედავად იმისა, რომ ეს მომავალი ათწლეული ეკლესიის ყოველი წევრისთვის შეიძლება იყოს აღვსილი დღეებით, რომელნიც არ უნდა მიეცეს დავიწყებას ეს შეიძლება მართალი იყოს განსაკუთრებით თქვენთვის - მომავალი თაობისთვის. თქვენ ამჟამად იმყოფებით დედამიწაზე, რადგან თქვენ აგირჩიეს, იყოთ ამჟამად აქ. თქვენ გაქვთ ძალა და შესაძლებლობა, იყოთ ქრისტეს მოწაფეები უპრეცედენტო გზით.
პრეზიდენტი ჯორჯ ქ. ქენონი გვასწავლიდა: „ღმერთმა დაიტოვა სულები ამ წყობისთვის, რომლებსაც აქვთ გამბედაობა და განზრახვა, შეებრძოლონ სამყაროს და ბოროტის ყველა ძალას, [და] … უშიშრად, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, აშენონ ჩვენი ღმერთის სიონი“.
ამ მიზნით, მსურს გესაუბროთ თქვენ, მომავალ თაობას, მოგიწვიოთ წარმოიდგინოთ, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს თქვენთვის ეს შემდეგი ათწლეული, რომელიც თქვენარასოდეს უნდა დაივიწყოთ. მე ასევე შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ რჩევასა და გამამხნევებელ სიტყვას, რომელმაც შეიძლება გაგაძლიეროთ მომავალი ათწლეულის განმავლობაში.
როგორც მრავალ თქვენგანს, მეც მაქვს სმარტფონი, რომელიც დროდადრო და ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე მიჩვენებს ფოტოების რგოლს, სადაც ნაჩვენებია, რას ვაკეთებდი გარკვეულ დღეს. ყოველთვის გასაკვირია იმის დანახვა, თუ რამდენი რამ შეიცვალა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სულ რამდენიმე წელიწადში.
წარმოიდგინეთ სურათები თქვენს ტელეფონში 10 წლის შემდეგ! შეიძლება დაინახოთ, რომ ამთავრებთ საშუალო სკოლას ან კოლეჯს, იღებთ შემოსვას, მიდიხართ მისიაში, ქორწინდებით ან პირველი შვილი გეყოლათ. პირადად თქვენთის ეს იქნება ათწლეული, რომელიც არ უნდა მიეცეს დავიწყებას. მაგრამ ეს იქნება ორმაგად სასარგებლო, თუ თქვენ აქტიურად ეცდებით გახდეთ სინათლე სამყაროსთვის და ამცნოთ სხვებს, თუ როგორ შეუძლია იესო ქრისტეს სახარების სასიხარულო ამბავს გაამდიდროს და გააუმჯობესოს არა მხოლოდ თქვენი, არამედ თქვენი ოჯახის, მეგობრებისა და სოციალური მედიის მიმდევრების ცხოვრებაც.
თქვენ ალბათ გაინტერესებთ, როგორ მოახერხოთ ეს.
ღვთის წინასწარმეტყველებმა გვასწავლეს, რომ ეს კეთდება ოთხი მარტივი მოქმედებით, რაც მოხსენიებულია, როგორც ღვთაებრივად დანიშნული პასუხისმგებლობა: პირველი - იესო ქრისტეს სახარების მიხედვით ცხოვრება; მეორე - გაჭირვებულებზე ზრუნვა; მესამე - ყველას მოწვევა სახარების მისაღებად; და მეოთხე - სამარადისოდ ოჯახების გაერთიანება. აღსანიშნავია, რომ თითოეული პუნქტის შესრულება შესაძლებელია ყველაზე ნორმალური და ბუნებრივი გზებით.
ღვთაებრივად დანიშნული პასუხისმგებლობები
გპირდებით, რომ ეს იქნება თქვენთვის დაუვიწყარი ათწლეული, თუ თქვენ მიიღებთ ამ ოთხ ღვთიურად დანიშნულ პასუხისმგებლობას. განვიხილოთ, რას მოითხოვს ეს.
პირველი: იცხოვრეთ იესო ქრისტეს სახარების მიხედვით. შეისწავლეთ წინასწარმეტყველების სიტყვები და შეიყვარეთ მამაზეციერი. მიაბრუნეთ მისკენ გული და ეცადეთ იაროთ მის კვალზე. აღამაღლეთ „აღთქმის ნდობა“ რომელიც უხუცესმა ულისეს სოარესმა აღწერა. ეს ნდობა მოდის, როცა დებთ აღთქმას, იაროთ ქრისტეს კვალზე, გეცოდინებათ რა, რომ მხსნელი ამის სანაცვლოდ გაგაძლიერებთ და მხარში დაგიდგებათ.
ნება მიეცით თქვენს მეგობრებს დაინახონ სიხარული, რომელსაც გრძნობთ სახარების მიხედვით ცხოვრების გამო და თქვენ იქნებით სახარების საუკეთესო გზავნილი, რომელიც მათ ოდესმე მიუღიათ.
მეორე: თანაგრძნობის ხელი გაუწოდეთ გაჭირვებულებს. თქვენი თაობა უჩვეულოდ ზრუნავს ნაკლებად იღბლიანებზე. კატასტროფების დროს ეკლესიის წევრები ჩქარობენ, რათა დაეხმარონ ნამსხვრევების გაწმენდაში და დაზარალებულების დასამშვიდებლად. როგორც ჩანს, მათ უმრავლესობას აცვია „დამხმარე ხელების“ მაისურები და ისინი არიან თინეიჯერები და ოცდაათ წელს გადაცილებულები. თქვენ ბუნებრივად გსურთ „ატაროთ ერთმანეთის ტვირთი“ და „ანუგეშოთ ისინი, რომლებსაც სჭირდებათ ნუგეში“.. და როცა ასე ვიქცევით, ჩვენ „აღ[ვ]ასრულებთ ქრისტეს რჯულს“.
ევანმა, დაწყებითი საზოგადოების ასაკის ბიჭუნამ, გადაწყვიტა ზაფხულის არდადეგები გაეტარებინა მიწის თხილის კარაქისა და ჟელეს სენდვიჩებისთვის საჭირო ინგრედიენტების შეგროვებაში, რათა შემოწირულობა გაეკეთებინა ადგილობრივ კვების ბანკში. მან ეს პროექტი JustServe -ის ვებგვერდზე იპოვა. პატარა ევანმა მთელი თავისი კლასი დაარეგისტრირა, რათა ჟელეს 700 ქილა შეეგროვებინა! აგრძნობინეთ ადამიანებს, რომლებსაც ემსახურებით, რომ თქვენი მათზე ზრუნვა მოდის ღვთის სიყვარულიდან და თქვენი სურვილიდან, მოეპყროთ მოყვასს, როგორც საკუთარ თავს.
მესამე: მოიწვიოთ ყველანი, მიიღონ სახარება. წელს ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 36 ახალი მისია გავხსენით, რათა განვათავსოთ ყველა, ვისაც სრული დროის მისიაში მსახურება სურს. იმ ეპოქაში, როდესაც მრავალი ახალგაზრდა საერთოდ უარს ამბობს ოფიციალურ რელიგიურ საქმიანობაზე, ეს გასაოცარია და მეტყველებს თქვენი დამოწმებების ბრწყინვალე ბუნებაზე. სრული დროის მისიაში მსახურობთ თუ არა, გთხოვთ, გააცნობიეროთ თქვენი უზარმაზარი უნარი - მოახდინოთ გავლენა თანატოლებზე სიყვარულით, გაზიარებით და მოწვევით - აღმოაჩინონ იესო ქრისტეს სახარება.
მეოთხე: ოჯახების გაერთიანება სამარადისოდ. როცა ტაძრებს ვსტუმრობ მთელ მსოფლიოში, მაოცებს სანათლავებთან რიგში მდგომი ახალგაზრდების რაოდენობა და ზრდასრული ახალგაზრდების გაზრდილი რაოდენობა, რომლებიც წეს-ჩვეულებების შემსრულებლებად მსახურობენ. ახლახან 600-ზე მეტი ახალგაზრდა ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი შოტლანდიიდან და ირლანდიიდან პრესტონის ინგლისის ტაძარში გაემგზავრა, 4000-ზე მეტი წეს-ჩვეულების შესასრულებლად, რომელთაგან უმრავლესობა მათი გარდაცვლილი წინაპრებისთვის შესრულდებოდა! მე მოგიწოდებთ, ჩაერთოთ ოჯახურ ისტორიაში, გაატაროთ დრო ტაძარში და ფრთხილად მოემზადოთ იმისთვის, რომ იყოთ ისეთი მამაკაცი ან ქალი, რომელიც მზად არის დაქორწინდეს თანაბრად ღირსეულ მეწყვილეზე ტაძარში. ახლა შეიმუშავეთ ნიმუში თქვენს ცხოვრებაში, რათა გახადოთ ტაძარი თქვენი ცხოვრების რეგულარული ნაწილი.
დასასრული
ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ყოველ ჩვენგანს მომავალში სირთულეები გველის. თუმცა, როდესაც უპრეცედენტო მომენტების ამ მომავალ ათწლეულში შევდივართ, დაე გავუზიაროთ სხვებს სასიხარულო ამბავი ცხოვრების, ზრუნვის, მოწვევისა და გაერთიანების მარტივი საქმიანობით. და როცა ასე მოვიქცევით, უფალი დაგვლოცავს გამოცდილებით, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება.
მე ვმოწმობ, რომ ვინც უფალს წრფელი გულითა და ჭეშმარიტი განზრახვით უახლოვდება, ვისაც ბაგეზე მხსნელის სახელი აქვს, სულში კი სულიწმიდა ჰყავს, ვინც ამ გრანდიოზულ და დიდებულ მომლოცველობას იწყებს, ის აღმოაჩენს და უხვად მიიღებს ცელესტიალურ კურთხევებს და მიიღებს მოწმობას იმისა, რომ ღმერთი გისმენთ, გიცნობთ და უყვარხართ. თქვენ გექნებათ დღეები, რომელნიც არ უნდა მიეცეს დავიწყებას. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.