გენერალური კონფერენცია
არცთუ ისე მრავალი წლის განმავლობაში
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


არცთუ ისე მრავალი წლის განმავლობაში,

თუ არ ვიქნებით ერთგული და მორჩილი, ღვთის მიერ ჩვენთვის ბოძებული კეთილდღეობის კურთხევა შეიძლება გარდაიქმნას ამპარტავნობის წყევლად, რომელიც ყურადღებას გვიფანტავს და გზიდან გადავყავართ.

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, დღეს, ამ სცენიდან ვაკვირდებოდი, რომ პირველად COVID- პანდემიის შემდეგ, ეს დარბაზი სამჯერ მეტად არის შევსებული. თქვენ ხართ იესო ქრისტეს ერთგული მოწაფეები, რომლებსაც სწავლა სწურიათ. თქვენი ერთგულება დასაფასებელია. მიყვარხართ.

ეზრა ტაფტ ბენსონი მსახურობდა უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პრეზიდენტად 1985 2 ნოემბრიდან 1994 წლის მაისამდე. 33 წლის ვიყავი, როცა პრეზიდენტი ბენსონი ეკლესიის პრეზიდენტი გახდა და 42 წლის, როცა ის გარდაიცვალა. მისმა სწავლებამ და დამოწმებამ ჩემზე დიდი და ძლიერი გავლენა მოახდინა.

პრეზიდენტ ბენსონის მსახურების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი მორმონის წიგნის მიზანსა და მნიშვნელობაზე ფოკუსირება იყო. მან არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მორმონის წიგნი „არის ჩვენი რელიგიის სომის ქვა, ჩვენი მოწმობის სომის ქვა, ჩვენი დოქტრინის სომის ქვა და ჩვენი უფლისა და მხსნელის მოწმობის სომის ქვა“. ის ასევე ხშირად ხაზს უსვამდა სწავლებებსა და გაფრთხილებებს ამპარტავნობის ცოდვის შესახებ, რაზედაც იესო ქრისტეს უკანასკნელ დღეთა დამოწმება ასწავლის.

პრეზიდენტ ბენსონის ერთ-ერთმა კონკრეტულმა სწავლებამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და კვლავაც ახდენს, ჩემ მიერ მორმონის წიგნის სწავლაზე. მან თქვა:

„მორმონის წიგნი … ჩვენი დროისთვის დაიწერა. ნეფიელებს არასოდეს ჰქონიათ ეს წიგნი; არც ლამანიელებს ძველ დროში. ის ჩვენთვის იყო გამიზნული. მორმონი აკეთებდა ჩანაწერებს, როცა ნეფიელთა ცივილიზაცია დასასრულს უახლოვდებოდა. ღვთის შთაგონებით, რომელიც ყოველივეს ხედავს დასაბამიდან, მორმონმა შეამოკლა საუკუნოვანი ჩანაწერები, აირჩია ისტორიები, გამოსვლები და მოვლენები, რომლებიც ყველაზე მეტად დაგვეხმარებოდა“.

პრეზიდენტი ბენსონი აგრძელებს: „მორმონის წიგნის ყოველი ძირითადი ავტორი მოწმობდა, რომ მომავალი თაობებისთვის წერდა. … თუკი მათ იხილეს ჩვენი დრო და აირჩიეს ის, რაც ჩვენთვის ყველაზე ღირებული იქნებოდა, განა ასე არ უნდა ვისწავლოთ მორმონის წიგნი? ჩვენ მუდამ უნდა ვეკითხებოდეთ საკუთარ თავს: „რატომ შთააგონა უფალმა მორმონი … ჩაერთო [ეს ისტორია] თავის ჩანაწერში? რას მასწავლის [ეს რჩევა], რა დამეხმარება ამ დროსა და ასაკში ცხოვრებაში“?

პრეზიდენტ ბენსონის მტკიცებულებები გვეხმარება გავიგოთ, რომ მორმონის წიგნი არ არის უბრალოდ ისტორიული ჩანაწერი, რომელიც წარსულს უკავშირდება. ეს წმინდა წერილი უფრო მომავალს უკავშირდება და მოიცავს მნიშვნელოვან პრინციპებს, გაფრთხილებებსა და გაკვეთილებს, რომლებიც თანამედროვე ვითარებასა და გამოწვევებს უკავშირდება. ამგვარად, მორმონის წიგნი უკავშირდება ჩვენს მომავალს, ჩვენს აწმყოსა და დროს, რომელშიც მომავალში ვიცხოვრებთ.

მე ვლოცულობ სულიწმინდის დახმარებისთვის ახლა, როცა ჩვენ განვიხილავთ დღევანდელობისთვის შესაფერის გაკვეთილებს მორმონის წიგნიდან, ჰელამანიდან.

ნეფიელები და ლამანიელები

ჰელამანისა და მისი ვაჟების ჩანაწერი აღწერს ადამიანებს, რომლებიც იესო ქრისტეს დაბადებას ელოდებოდნენ. წმინდა წერილის ჩანაწერში მოხსენიებული ნახევარი საუკუნე, ხაზს უსვამს ლამანიელთა მოქცევასა და პატიოსნებას და ნეფიელთა ბოროტებას, განდგომასა და სისაძაგლეს.

ამ უძველესი ჩანაწერიდან ნეფიელებსა და ლამანიელებს შორის შედარებებისა და კონტრასტების სერია დღეს ყველაზე მეტად ჭკუის სასწავლებელია ჩვენთვის.

„ლამანიელები, მათი უმეტესი ნაწილი, მართალ ხალხად იქცა ისე, რომ მათი სამართლიანობა ნეფიელებისას აღემატებოდა, რწმენაში თავიანთი სიმტკიცითა და ურყეობით.

„[და] იყო მრავალი ნეფიელი, რომლებიც გულქვანი, მოუნანიებელნი და ძალზედ ბოროტნი გახდნენ, ისე, რომ უარყეს ღვთის სიტყვა და ყველა ქადაგება და წინასწარმეტყველება, რაც კი მათში იყო“.

და ამგვარად ვხედავთ, რომ ნეფიელებმა იწყეს ურწმუნოებაში გადაშენება და სიბოროტისა და სისაძაგლის გაღრმავება იმ დროს, როდესაც ლამანიელებმა იწყეს ძლიერად ზრდა თავიანთი ღმერთის ცოდნაში; დიახ, მათ იწყეს მისი წესებისა და მცნებების დაცვა და მის წინაშე იყვნენ ჭეშმარიტნი და კეთილშობილნი.

„და ამგვარად, ვხედავთ, რომ უფლის სულმა დაიწყო ნეფიელებისგან დაშორება, მათი სიბოროტისა და გულქვაობის გამო.

„და ამგვარად, ვხედავთ, რომ უფალმა იწყო თავისი სულის გადმოღვრა ლამანიელებზე მათი მიდრეკილებისა და მზადყოფნისათვის, იწამონ მისი სიტყვები.

ნეფიელების გზიდან გადასვლის და განდგომის ალბათ ყველაზე განსაცვიფრებელი და გამაფრთხილებელი ასპექტია ის ფაქტი, რომ „ყველა ეს ურჯულოება მათ მოევლინათ არცთუ ისე მრავალი წლის განმავლობაში“.

ნეფიელებმა ზურგი შეაქციეს ღმერთს

როგორ უნდა მომხდარიყო ის, რომ ოდესღაც მართალმა ხალხმა გული გაიქვავა და გახდა ბოროტი ასეთ მოკლე დროში? როგორ შეეძლო ხალხს, ასე მალე დაევიწყებინა ღმერთი, რომელმაც ასე უხვად დალოცა ისინი?

ნეფიელთა უარყოფითი მაგალითი დღეს ჩვენთვის დიდად ჭკუის სასწავლებელია.

„მცირე ამპარტავნობ[ა] … შემოიჭრა … იმ ადამიანთა გულებშიც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ღვთის ეკლესიას მიეკუთვნებოდნენ … და ეს იყო მიწაზე მათი დიდძალი სიმდიდრისა და აყვავების გამო“.

„[მათ] მიუძღვ[ნეს] გული სიმდიდრესა და ამქვეყნიურ ამაოებას“ „იმ ამპარტავნობისთვის, რომელსაც ნება დართე[ს], [მათ] გულებში შემოსულიყო, რომლითაც აღზევდ[ნენ] იმაზე, რაც არის კეთილი, … [თავიანთი] მეტისმეტი სიმდიდრის გამო“!

მტვრიდან ამომავალი უძველესი ხმები გვევედრებიან დღეს, ვისწავლოთ ეს მარადიული გაკვეთილი: კეთილდღეობა, ქონება და შვება არის ძლიერი ნაზავი, რომელსაც შეუძლია მართალსაც კი ამპარტავნობის სულიერი შხამი დაალევინოს.

გულში სიამაყის შეშვებით შეიძლება მივცეთ საკუთარ თავს უფლება, დავცინოთ იმას, რაც წმინდაა, არ ვირწმუნოთ წინასწარმეტყველებისა და გამოცხადების სული, ფეხქვეშ გავთელოთ ღვთის მცნებები, უარვყოთ ღვთის სიტყვა, განვდევნოთ, დავცინოთ, და შევურაცხვყოთ წინასწარმეტყველები, დავივივიწყოთ უფალი, ჩვენი ღმერთი, და „არ [მოვისურვოთ], რომ უფალი, [ჩვენი] ღმერთი, რომელმაც [ჩვენ შეგვქმნა, იყოს ჩვენი] მეფე და მმართველი“.

ასე რომ, თუ არ ვიქნებით ერთგული და მორჩილი, ღვთის მიერ ჩვენთვის ბოძებული კეთილდღეობის კურთხევა გარდაიქმნება ამპარტავნობის წყევლად, რაც გვაშორებს მარადიული ჭეშმარიტებისგან და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სულიერ პრიორიტეტებისგან. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიდგეთ სადარაჯოზე, რათა არ დავუშვათ ამპარტავნობით გამოწვეული და გადაჭარბებული თვითმნიშვნელოვნების გრძნობა, საკუთარი თვითკმაყოფილების არასწორი შეფასება და სხვების მსახურების ნაცვლად საკუთარი თავის ძიება.

როდესაც ჩვენ ამპარტავნობით ვამახვილებთ ყურადღებას საკუთარ თავზე, ჩვენ სულიერი სიბრმავე გვემართება და გვაკლდება ბევრი რამ, უმეტესობა ან შესაძლოა ყველაფერი, რაც ჩვენს შიგნით და ჩვენს გარშემო ხდება. ჩვენ ვერ ავიღებთ სწორებას და ვერ ვიქნებით ფოკუსირებულები ქრისტეზე, როგორც „ნიშნულზე“, თუ მხოლოდ საკუთარ თავს ვუმზერთ.

ამგვარმა სულიერმა სიბრმავემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიმართლის გზიდან გადახვევა, აკრძალულ ბილიკებზე გადავარდნა და მარცხი. როდესაც ჩვენ ბრმად „გადა[ვუხვიეთ] საკუთარ გზებზე“ და მივყვებით დამღუპველ შემოვლით გზებს, ჩვენ ვეყრდნობით საკუთარ გაგებას, ვამაყობთ საკუთარი ძალით და დამოკიდებულები ვართ საკუთარ სიბრძნეზე.

ლამანიელმა სამუელმა მოკლედ შეაჯამა ნეფიელების მიერ ღმერთისთვის ზურგის შექცევა: „ეძებდით იმას, რასაც ვერ მიიღებდით; და ეძებდით ბედნიერებას ურჯულოების ჩადენით, რაც არის იმ სამართლიანობის ბუნების წინააღმდეგი, რომელიც არის ჩვენს დიდ და მარადიულ სათავეში“

წინასწარმეტყველმა მორმონმა შენიშნა: „ხალხის უმეტესი ნაწილი იმყოფებოდა საკუთარ ამპარტავნობაში და სიბოროტეში და ხალხის მცირე ნაწილი ღმერთის წინაშე უფრო წინდახედულად მოქმედებდა“.

ნეფიელები ღმერთისკენ შემობრუნდნენ

ჰელამანის წიგნში ვხედავთ, რომ ლამანიელთა მზარდი სამართლიანობა, ნეფიელთა სწრაფ სულიერ დაცემას უქმნის მკვეთრ კონტრასტს.

ლამანიელები მიუბრუნდნენ ღმერთს და მიყვანილ იქნენ ჭეშმარიტების შემეცნებამდე წმინდა წერილებისა და წინასწარმეტყველების სწავლებების რწმენით, უფალი იესო ქრისტესადმი რწმენის გამოვლენით, ცოდვების მონანიებით და გულის ძლიერი შეცვლის გამო.

„ამიტომ, ყოველი, ვინც აქამდე მივიდა, თქვენ თვითონ იცით, არის მყარი და მტკიცე რწმენაში და იმაში, რამაც ისინი გაანთავისუფლა“.

„მათი უმეტესი ნაწილი მოვალეობის გზას ადგას და წინდახედულად დადის ღვთის წინაშე და ყურადღებით იცავს მის მცნებებს, წესებსა და განაჩენს. …

„ … მათი უმეტესი ნაწილი … დაუღალავი სიბეჯითით ისწრაფის, რომ შეძლოს დანარჩენი ძმების მიყვანა ჭეშმარიტების ცოდნასთან“.

ამის შედეგად, „[ლამანიელთა] სამართლიანობა ნეფიელებისას აღემატებოდა, რწმენაში თავიანთი სიმტკიცითა და ურყეობით“.

გაფრთხილება და დაპირება

მორონიმ განაცხადა: „აჰა, უფალმა დამანახა დიდი და საოცარი რამ იმაზე, რაც მალე უნდა მოვიდეს, იმ დღეს, როდესაც ყოველივე ეს მოხდება თქვენ შორის.

„აჰა, მოგმართავთ ისე, როგორც აქ მყოფთ და აქ არ ხართ. მაგრამ, აჰა, იესო ქრისტემ დამანახა თქვენი თავი და ვიცი თქვენი საქმენი“.

გახსოვდეთ, რომ მორმონის წიგნი მომამვალში იყურება და მოიცავს მნიშვნელოვან პრინციპებს, გაფრთხილებებსა და გაკვეთილებს, რომლებიც ჩემთვის და თქვენთვის არის განკუთვნილი, ჩვენი დროის ვითარებისთვის და გამოწვევებისთვის.

განდგომა შეიძლება ორ ძირითად დონეზე მოხდეს - ინსტიტუციურ და ინდივიდუალურ. ინსტიტუციურ დონეზე - უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია არ განადგურდება განდგომით და არ აღიგვება დედამიწის ზურგიდან.

წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა განაცხადა: „ჭეშმარიტების ალამი აღიმართა; ვერცერთი უწმიდური ხელი ვერ შეაჩერებს ამ საქმის წინსვლას; … ღვთის ჭეშმარიტება ივლის წინ თამამად, ღირსეულად და დამოუკიდებლად, სანამ არ შეაღწევს ყოველ კონტინენტზე, მოინახულებს ყოველ მხარეს, მოივლის ყველა ქვეყანას და გაიჟღერებს ყოველ ყურში, სანამ ღვთის მიზნები არ შესრულდება და დიადი იეღოვა არ იტყვის, რომ საქმე შესრულდა“.

ინდივიდუალურ დონეზე, ყოველი ჩვენგანი უნდა „მოერიდ[ოს] ამპარტავნობას, რომ არ [ვ]იქცეთ ძველ ნეფიელებად“.

თუ მე ან თქვენ გვჯერა, რომ საკმარისად ძლიერნი და მტკიცენი ვართ, რათა თავიდან ავიცილოთ ამპარტავნობის ქედმაღლობა, მაშინ ალბათ უკვე ვიტანჯებით ამ მომაკვდინებელი სულიერი დაავადებისგან. უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ; თუ მე ან თქვენ არ გვწამს, რომ ამპარტავნობა შეიძლება შეგვეხოს, ესე იგი რისკის ჯგუფში ვართ და სულიერი საფრთხე გველის. არცთუ ისე ბევრი დღის, კვირის, თვის ან წლის განმავლობაში, ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ჩვენი სულიერი პირმშოობა, ერთი ულუფა ფაფის ნაკლებ ფასში.

თუმცა, თუ მე ან თქვენ გვჯერა, რომ ჩვენ შეიძლება შეგვეხოს ამპარტავნობა, მაშინ ჩვენ მუდმივად გავაკეთებთ პატარა და უბრალო საქმეებს რომლებიც დაგვიცავს და დაგვეხმარება გავხდეთ „როგორც ბავშვი – მორჩილი, თვინიერი, თავმდაბალი, მომთმენი, სიყვარულით აღსავსე, მზადყოფნით დაემორჩილოს ყველაფერს, რასაც უფალი ჩათვლის [ჩვენზედ] მოსავლენად“. „კურთხეულნი არიან ისინი, ვინც თავს იმდაბლებენ იძულების გარეშე თავმდაბლობისთვის“.

ჩვენ თუ ყურს დავუგდებთ პრეზიდენტ ბენსონის რჩევას და ვკითხავთ საკუთარ თავს, რატომ შთააგონა უფალმა მორმონი, ჩაემატებინა ჰელამანის შემოკლებულ წიგნში ამბები, შეგონებები და გაფრთხილებები, გპირდებით, რომ ჩვენ დავინახავთ ამ სწავლებების მორგებას ჩვენი ინდივიდუალური ცხოვრების და ოჯეხების კონკრეტულ პირობებზე. ამ შთაგონებული ჩანაწერის შესწავლისას და დაფიქრებისას ჩვენ დალოცვილები ვიქნებით თვალებით, რომლებიც დაინახავენ, ყურებით, რომლებიც გაიგონებენ, გონებით, რომელიც ჩასწვდება გაკვეთილებს, რომლებიც უნდა ვისწავლოთ, რომ „მო[ვერიდოთ] ამპარტავნობას, რათა ცდუნებაში არ ჩავვარდეთ”.

მე სიხარულით ვმოწმობ, რომ მარადიული მამა ღმერთი არის ჩვენი მამა. იესო ქრისტე არის მისი მხოლოდშობილი საყვარელი ძე. იგი არის ჩვენი მხსნელი. მე ვმოწმობ, რომ თუ უფლის სულის მორჩილებით დავდივართ, ჩვენ თავს ავარიდებთ და დავძლევთ ამპარტავნობას და ვპოვებთ სიმშვიდეს უფალში. მე ამას ვმოწმობ უფალი იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.