გენერალური კონფერენცია
იესო ქრისტეს კვალზე სიარული
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


იესო ქრისტეს კვალზე სიარული

როგორც ქრისტეს მიმდევრები, ჩვენ ვასწავლით და ვმოწმობთ იესო ქრისტეზე, ჩვენს სრულყოფილ მაგალითზე. მოდით, მივყვეთ მას ისე, რომ უარი ვთქვათ კამათზე.

ამ წელს მილიონობით ადამიანი იყო შთაგონებული სახარების შესწავლის გეგმით, რომელიც ცნობილია მხსნელის მოწვევით „მოდი და გამომყევი“. ქრისტეს კვალზე სიარული არ არის შემთხვევითი ან პერიოდული პრაქტიკა. ეს არის უწყვეტი ვალდებულება და ცხოვრების ხერხი, რომელიც ყველგან და ყოველთვის წინ უნდა გვიძღვოდეს. მისი სწავლება და მაგალითი განსაზღვრავს იესო ქრისტეს ყოველი მოწაფის გზას. ყველას იწვევენ ამ გზაზე, რადგან უფალი ეპატიჟება ყველას, მოვიდნენ მასთან - „შავსა თუ თეთრს, მონასა თუ თავისუფალს, მამრსა თუ მდედრს; … და ყველა ერთია ღვთისთვის“.

I.

ქრისტეს კვალზე სიარულის პირველი დიდი ნაბიჯია იყო მორჩილი იმისა, რაც მან განსაზღვრა როგორც „დიდი მცნება რჯულში“

„შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.

„ეს არის პირველი და დიდი მცნება.

„და მეორე ამის მსგავსი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.

„ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი“.

გამოსახულება
მამა და შვილი ფრანს უშვებენ ცაში.

ღვთის მცნებები გვაძლევს წარმმართველ და მუდმივ ძალას ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენი გამოცდილება მიწიერ ცხოვრებაში შეიძლება შევადაროთ პატარა ბიჭუნას და მის მამას, რომლებიც ქარიან დღეს ფრანს უშვებენ ცაში. როდესაც ფრანი უფრო მაღლა ავიდა, ქარმა შემაერთებელი თოკი პატარა ბიჭის ხელში დაჭიმა. რადგან ბიჭუნას მიწიერი ქარის გამოცდილება არ ჰქონდა, მან თოკის გადაჭრა მოისურვა, რათა ფრანი უფრო მაღლა ასულიყო. ბრძენმა მამამ ურჩია, არ მოქცეულიყო ასე, რადგან თოკი იყო ის, რაც ფრანს იჭერდა მიწიერ ქარში. თუ თოკს გავუშვებთ, ფრანი უფრო ზემოთ ვეღარ ავა. მას ქარი აიტაცებს და ის უეჭველად დაემხობა მიწაზე.

ეს საჭირო თოკი წარმოადგენს აღთქმებს, რომლებიც ღმერთთან, მამაზეციერთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან გვაკავშირებს. როცა მათი მცნებების დაცვით ჩვენ ამ აღთქმებს პატივს ვცემთ და გამოსყიდვის მათ გეგმას მივყვებით, მათი დაპირებული კურთხევები საშუალებას გვაძლევენ, ცელესტიალურ სიმაღლეებზე ავფრინდეთ.

მორმონის წიგნი ხშირად აცხადებს, რომ ქრისტე არის „ამა ქვეყნის სინათლე“. ნეფიელებთან გამოჩენისას აღმდგარმა უფალმა მათ ეს სწავლება აუხსნა, თქვა რა: „თვალსაჩინო მაგალითი მოგეცით“. აჰა, მე ვარ სინათლე, რომელიც მაღლა უნდა აღმართოთ ჩემი ნამოქმედარის შესაბამისად, რომელიც თავად იხილეთ“. იგი ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია. წმინდა წერილების შესწავლით და წინასწარმეტყველური სწავლებებით ცხოვრებით, როგორც ეს პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონმა გვირჩია, ჩვენ ვსწავლობთ, რა თქვა უფალმა და რა გააკეთა მან. ზიარების წეს-ჩვეულებაზე ჩვენ ყოველ კვირადღეს ვდებთ აღთქმას, რომ „ყოველთვის [გვეხსომება იგი] და [დავიცავთ] მის მიერ მოცემულ მცნებებს“.

II.

მორმონის წიგნში უფალმა მოგვცა საფუძვლები, რასაც უწოდა „ქრისტეს მოძღვრება“. ეს არის რწმენა უფალ იესო ქრისტეში, მონანიება, ნათლობა, სულიწმინდის ძღვენის მიღება, ბოლომდე გაძლება და ვიქცეთ პატარა ბავშვებად, რაც ნიშნავს უფლის ნდობას და ყოველივეში, რასაც ის ჩვენგან მოითხოვს, დამორჩილებას.

უფლის მცნებები ორი ტიპისაა: მუდმივი, როგორიცაა ქრისტეს მოძღვრება და დროებითი. დროებითი მცნებებია ის, რომლებიც საჭიროა უფლის ეკლესიის საჭიროებებისთვის ან ერთგულებისთვის, დროებით ვითარებაში, მაგრამ როცა ამის საჭიროება აღარ იქნება არც ეს მცნებები იქნება საჭირო. დროებითი მცნებების მაგალითია უფლის მითითებები ეკლესიის ადრეული ხელმძღვანელობისადმი, რომ წმინდანები გადაეყვანათ ნიუ-იორკიდან ოჰაიოში, მისურიში, ილინოისში და ბოლოს, წარემართათ პიონერთა გამოსვლა დასავლეთის შუაგულში. მიუხედავად იმისა, რომ ეს მცნებები მხოლოდ დროებითი იყო, ისინი მაინც ძალაში იყო და მიეცათ იმისთვის, რომ შესრულებულიყო.

ზოგ მუდმივ მცნებას დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ზოგადად დაეცვათ. მაგალითად, პრეზიდენტ ლორენზო სნოუს ცნობილმა ქადაგებამ მეათედის კანონის შესახებ ხაზგასმით აღნიშნა მცნება, რომელიც ადრე იყო მოცემული, მაგრამ ეკლესიის წევრები მას ჯერ კიდევ ზოგადად არ იცავდნენ. იმ ვითარებაში, რომელშიც მაშინ ეკლესია და მისი წევრები იმყოფებოდნენ, საჭირო გახდა ამ კანონზე ხელახლა აქცენტის გაკეთება. უკანასკნელ დღეთა წმინდანები და თავად ეკლესია ამჟამად აღმოჩნდნენ ისეთ ვითარებაში, რომელმაც ხელახლა შეხსენების საჭიროება გამოიწვია ამ ბოლო ხანებში. ეს მოიცავს პრეზიდენტ გორდონ ბ. ჰინკლის მიერ ერთი თაობის წინ გამოქვეყნებულ მოწოდებას ოჯახის შესახებ და პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის მოწოდებას, რომ ეკლესია უფლის მიერ გამოცხადებული სახელწოდებით უნდა იყოს ცნობილი ანუ როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია.

III.

ჩვენი მხსნელის კიდევ ერთი სწავლება, როგორც ჩანს, ასევე საჭიროებს ხელახლა შეხსენებას ჩვენს დროში.

ეს არის მრავალი უხეში და მტკივნეული სიტყვების დრო საჯარო კომუნიკაციებში და ზოგჯერ ჩვენს ოჯახებშიც კი. მკვეთრი განსხვავებები საჯარო პოლიტიკის საკითხებში ხშირად იწვევს მტრულ ქმედებებს, სიძულვილსაც კი, საზოგადოებრივ და პირად ურთიერთობებში. მტრობის ეს ატმოსფერა ხანდახან იწვევს მნიშვნელოვან საკითხებზე კანონშემოქმედების შესაძლებლობების პარალიზებას, სადაც მოქალაქეების უმეტესობა ხედავს გადაუდებელ აუცილებლობას გარკვეული ქმედებების აუცილებლობაზე საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

რას უნდა ასწავლიდნენ და აკეთებდნენ ქრისტეს მიმდევრები ასეთი ტოქსიკური კომუნიკაციის დროს? რა გვასწავლა უფალმა და რა მაგალითები დაგვიტოვა?

გამოსახულება
მხსნელი ასწავლის ნეფიელებს.

მნიშვნელოვანია, რომ იმ პირველ პრინციპებს შორის, რომლებიც იესომ გვასწავლა, როცა ნეფიელებს გამოეცხადა, იყო კამათისგან თავის არიდება. მიუხედავად იმისა, რომ ის ამას ასწავლიდა რელიგიური დოქტრინის შესახებ კამათის კონტექსტში, მის მიერ ნახსენები მიზეზები აშკარად ეხება კომუნიკაციას და ურთიერთობებს პოლიტიკაში, საჯარო პოლიტიკასა და ოჯახურ ურთიერთობებში. იესო გვასწავლიდა:

„ვისაც აქვს განხეთქილების სული, არ არის ჩემგან, არამედ არის ეშმაკისეული, რომელიც არის მამა განხეთქილებისა და უბიძგებს ადამიანთა გულებს, წყრომით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

„აჰა, ეს არ არის ჩემი მოძღვრება – ვუბიძგო ადამიანთა გულებს ერთმანეთის მიმართ წყრომისკენ, არამედ ჩემი მოძღვრებაა – ასეთი რამ უნდა შეწყდეს“.

ნეფიელებს შორის დარჩენილი მსახურების დროს იესო ასწავლიდა სხვა მცნებებს, რომლებიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული კამათის აკრძალვასთან. ჩვენ ბიბლიიდან ვიცით, რომ მან ადრე ასწავლა თითოეული ეს მცნება მთაზე დიადი ქადაგების დროს, ზუსტად იმ ენაზე, რომელზეც მოგვიანებით ნეფიელებთან საუბრობდა. მოვახდენ ციტირებას თქვენთვის ნაცნობ ბიბლიურ ენაზე:

გამოსახულება
მხსნელი ასწავლის იერუსალიმში.

„გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით“.

ეს არის ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მცნება - ყველაზე რევოლუციური და ყველაზე რთული შესასრულებელი. მიუხედავად ამისა, ეს არის მისი მოწვევის ყველაზე ფუნდამენტური ნაწილი, რათა ყველა მიჰყვეს მას. როგორც პრეზიდენტი დევიდ ო. მაკqეი გვასწავლიდა, „არ არსებობს ღმერთისადმი სიყვარულის გამოვლენის უკეთესი გზა, ვიდრე საკუთარი მოყვასისადმი უანგარო სიყვარულის გამოვლენა“.

გამოსახულება
დაპირისპირებული მხარეები შუამავლობის დროს.

აი კიდევ ერთი ფუნდამენტური სწავლება მისგან, ვინც ჩვენთვის მაგალითია: „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან“.

მშვიდობისმყოფელნი! როგორ შეიცვლება პირადი ურთიერთობები, თუ ქრისტეს მიმდევრები უარს იტყვიან უხეშ და მტკივნეულ სიტყვებზე მათ ყველა კომუნიკაციაში.

შარშაn, გენერალურ კონფერენციაზე, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა ამ გამოწვევების წინაშე დაგვაყენა:

იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრის ამოცნობის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ხერხია ის, თუ როგორ ექცევა ეს პიროვნება სხვა ადამიანებს. …

„… იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები მშვიდობისმყოფელნი არიან.

„… მხსნელის მიმართ პატივისცემის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე უკეთესი ხერხია გახდე მშვიდობისმყოფელი.

და მისი სწავლების დასასრული: „კამათი არის არჩევანი. მშვიდობისმყოფლობა არის არჩევანი. თქვენ გაქვთ არჩევანი - აირჩიოთ კამათი ან შემწყნარებლობა. მე მოგიწოდებთ, აირჩიოთ მშვიდობისმყოფლობა, აწ და მარადის“.

პოტენციურმა მოწინააღმდეგე მხარეებმა უნდა დაიწყონ დისკუსია საერთო პოზიციების გამოვლენით, რომლებზედაც ყველა თანხმდება.

ამგვარად, იმისათვის, რომ მივყვეთ ჩვენს სრულყოფილ მაგალითს და მის წინასწარმეტყველს, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის, რაც ცნობილია როგორც ოქროს წესი: „ამიტომ, ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ასევე მოექეცით მათ, ვინაიდან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი“. ჩვენ უნდა ყველა გვიყვარდეს და ყველას სიკეთეს ვუკეთებდეთ. თავი უნდა ავარიდოთ კამათს და ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი ჩვენს კომუნიკაციაში. ეს არ ნიშნავს ჩვენი პრინციპებისა და პრიორიტეტების კომპრომისს, უბრალოდ სხვებზე უხეშ თავდასხმაზე უარის თქმას ნიშნავს. ზუსტად ეს გააკეთა ჩვენმა სრულყოფილმა მაგალითმა მიწიერი მსახურების დროს. ეს არის მაგალითი, რომელიც მან გვიჩვენა და მოგვიწვია, მის კვალზე ვიაროთ.

ოთხი წლის წინ, კონფერენციაზე, პრეზიდენტმა ნელსონმა წინასწარმეტყველური გამოწვევით მოგვმართა:

თქვენ თანახმა ხართ, მიანდოთ ღმერთს პირველობა თქვენს ცხოვრებაში? თქვენ თანახმა ხართ, ღმერთს ჰქონდეს ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა თქვენს ცხოვრებაზე? დართავთ ნებას მის სიტყვებს, მცნებებსა და აღთქმებს, იქონიონ გავლენა თქვენს ყოველდღიურ ქმედებებზე? დაუშვებთ იმას, რომ მისი ხმა ყველაზე პრიორიტეტული გახდეს“?

გამოსახულება
უფალი იესო ქრისტე

როგორც ქრისტეს მიმდევრები, ვასწავლით და ვმოწმობთ იესო ქრისტეზე, ჩვენს სრულყოფილ მაგალითზე. მოდით, მივყვეთ მას ისე, რომ უარი ვთქვათ კამათზე. როდესაც ჩვენს სასურველ პოლიტიკას საჯარო ქმედებებში ვატარებთ, მოდით, მშვიდობისმყოფელთა ენისა და მეთოდების გამოყენებით, ვიყოთ უფლის კურთხევების ღირსნი. მოდით, პირად ურთიერთობებში და ოჯახებში თავი ავარიდოთ სიუხეშესა და სიძულვილს. მოდით, ვეცადოთ, ვიყოთ წმინდანი, უფლის მსგავსნი, რომლის წმინდა სახელით ვმოწმობ და ვის კურთხევებსაც ვითხოვ, რათა წმინდანები გავხდეთ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.