გენერალური კონფერენცია
„მე ვარ“
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


„მე ვარ“

ქრისტეს გულმოწყალება - ასეთი ცხადი ღვთიური ნების სრულ მორჩილებაში, არ შეწყვეტილა და კვლავაც გრძელდება.

კვირა დღეა და ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ქრისტეზე ანუ მასზე ვისაუბროთ, ვინც ჯვარს აცვეს. მე ვიცი, რომ ჩემი მხსნელი ცოცხალია.

წარმოიდგინეთ სცენა იესოს მიწიერი ცხოვრების ბოლო კვირიდან. შეიკრიბა უამრავი ხალხი, მათ შორის რომაელი ჯარისკაცები, კეტებითა და ხმლებით შეიარაღებულნი. მღვდელმთავრების ხელმძღვანელობით, რომლებსაც ხელში ჩირაღდნები უჭირავთ, ეს გულმოდგინე ასეული არ აპირებს ქალაქის დაპყრობას. იმ ღამეს ისინი მხოლოდ ერთ კაცს ეძებენ - კაცს, რომელიც არ ატარებს იარაღს, არ არის გაწვრთნილი ჯარისკაცი და არასოდეს თავის ცხოვრებაში არ ყოფილა ჩართული ფიზიკურ ბრძოლაში.

ჯარისკაცების მოახლოებისას იესო, რათა თავისი მოწაფეები დაიცვას, წინ გამოდის და კითხულობს: „ვის ეძებთ“? მიუგეს მას: „იესო ნაზარეველს“. მიუგო იესომ: „მე ვარ“. … როცა უთხრა, მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხენ“.

ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი სტრიქონია მთელ წმინდა წერილში. სხვა საკითხებთან ერთად, პირდაპირ მეუბნება, რომ მხოლოდ იყო ღვთის ძის - ძველი აღთქმის დიდი იეჰოვას და ახალი აღთქმის მწყემსი კეთილის გარემოცვაში, რომელიც არ ატარებს რაიმე სახის იარაღს - მხოლოდ ამ ნიაღვრისგან თავშესაფრის, მშვიდობის მთავრის ხმის გაგონება საკმარისია იმისთვის, რომ ანტაგონისტებმა უკან დაიხიონ, ერთ გროვად შეიკრიბონ და მთელმა ჯგუფმა ინატროს, რომ იმ ღამით მათთვის სამზარეულოს მოვალეობა დაევალებინათ.

სულ რამდენიმე დღის წინ, როცა ის საზეიმოდ შემოვიდა ქალაქში, „მთელი ქალაქი შეიძრა“, ჰკითხეს რა, „ეს ვინარისო“? წარმომიდგენია, რომ „ეს ვინ არისო“? არის კითხვა, რომელსაც ახლა ეს დაბნეული ჯარისკაცები სვამდნენ!

ამ კითხვაზე პასუხს მის გარეგნობაში ვერ იპოვიდით, ვინაიდან შვიდი საუკუნით ადრე ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ „არც ტანადობა აქვს მას, არც სილამაზე; და როდესაც ვიხილავთ მას, არც მშვენებით იქნება მიმზიდველი“. ის არც მის დახვეწილ გარდერობში და არც დიდ სიმდიდრეში (რომელიც მას არ ჰქონდა) არ იქნებოდა. არც ადგილობრივი სინაგოგების პროფესიული სწავლებიდან მოვიდოდა, რადგან ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ის ოდესმე სწავლობდა რომელიმე მათგანში, თუმცა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მას შეეძლო საოცრად მომზადებული მწიგნობრები და იურისტები დაებნია და აოცებდა მათ თავისი დოქტრინით „როგორც ხელმწიფების მქონე“.

ტაძარში სწავლებიდან დაწყებული, იერუსალიმში მისი ტრიუმფალურ შესვლამდე და ამ საბოლოო, უსამართლო დაპატიმრებამდე, იესო რეგულარულად ხვდებოდა რთულ, ხშირად მზაკვრულ სიტუაციებში, რომლებშიც ის ყოველთვის იმარჯვებდა - და ამ გამარჯვებებს არ აქვს სხვა ახსნა, გარდა ღვთიური დნმ-ისა.

თუმცა, ისტორიის მანძილზე ბევრმა გაამარტივა, ტრივიალურიც კი გახადა მისი და მისი მოწმობის ჩვენი აღქმა. მისი სიმართლე უბრალო წინდახედულობამდე დაიყვანეს, მისი სამართლიანობა - უბრალო რისხვამდე, მისი წყალობა კი უბრალო ნებადართულობამდე. ჩვენ არ უნდა მიგვიძღვოდეს ბრალი ნებისმიერ ასეთ გაუბრალოებაში, რომელიც მოხერხებულად უგულებელყოფს სწავლებებს, რომლებიც ჩვენთვის არაკომფორტულია. ასეთი „დაჩლუნგება“ ხდება მაშინაც კი, როცა საქმე ეხება მის უდიდეს განმსაზღვრელ სათნოებას - მის სიყვარულს.

იესო, თავისი მიწიერი მისიის დროს, ასწავლიდა, რომ იყო ორი დიდი მცნება. ეს მცნებები ამ კონფერენციაზე გვასწავლეს და მათი სწავლება მარადიული იქნება: „გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი [და] გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“. თუ გვსურს, ერთგულად მივყვეთ მხსნელს ამ ორ გადამწყვეტ და განუყოფლად დაკავშირებულ წესს, ჩვენ მტკიცედ უნდა დავიცვათ ის, რაც მან სინამდვილეში თქვა. და რაც მან სინამდვილეში თქვა, არის: „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით.” იმავე საღამოს მან თქვა: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“.

ამ ამონარიდებში ფრაზები, რომლებიც განსაზღვრავს ჭეშმარიტ, ქრისტესმიერ სიყვარულს, რომელსაც ზოგჯერ გულმოწყალებასაც უწოდებენ, აბსოლუტურად აუცილებელია.

რას განსაზღვრავს ისინი? როგორ უყვარდა ქრისტეს?

პირველ რიგში, მთელი „გულით, ძალით, გონებითა და სიძლიერით“, რაც აძლევდა მას უძლიერესი ტკივილის განკურნებისა და მწარე სიმართლის განცხადების უნარს. მოკლედ რომ ვთქვათ, მას შეეძლო ერთდროულად მადლის გამოჩენა და სიმართლის დაჟინებით მოთხოვნა. როგორც ლეხიმ უთხრა თავის ვაჟს, იაკობს, როდესაც დალოცა იგი: „გამოსყიდვა მოდის წმინდა მესიაში, რადგან ის აღსავსეა მადლითა და ჭეშმარიტებით“. მისი სიყვარული უზრუნველყოფს გამამხნევებელ ჩახუტებას, როდესაც ეს საჭიროა და მწარე სასმისს, როდესაც ის უნდა შევსვათ. ამიტომაც ვცდილობთ გვიყვარდეს - მთელი გულით, ძალით, გონებითა და სიძლიერით - რადგან ასე ვუყვარვართ მას ჩვენ.

იესოს ღვთიური გულმოწყალების მეორე მახასიათებელი იყო მისი მორჩილება ყოველი სიტყვის მიმართ, რომელიც ღვთის ბაგიდან გამოდიოდა, და მისი ნება და საქციელი ყოველთვის ჰარმონიაში იყო მამაზეციერთან.

როდესაც ქრისტე თავისი აღდგომის შემდეგ დასავლეთ ნახევარსფეროში მოევლინა, მან უთხრა ნეფიელებს: „აჰა, მე ვარ იესო ქრისტე. … და შევსვი ის მწარე თასი, რომელიც მამამ მიბოძა … რითიც აღვასრულე მამის ნება ყოველივე ამაში დასაბამიდან“.

იესომ, საკუთარი თავის წარდგენის მილიონობით სხვადასხვა გზიდან, არჩია მამის ნებისადმი თავისი მორჩილების გამოცხადება—მიუხედავად იმისა, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ, უდიდესი გასაჭირის ჟამს, ღვთის ამ მხოლოდშობილმა ძემ თავი იგრძნო სრულიად მიტოვებულად მამისგან. ქრისტეს მოწყალება,რომელიც აშკარად გამოიხატებოდა ღვთიური ნების სრულ ერთგულებაში, ახლაც გრძელდება, არა მხოლოდ მსუბუქ და კომფორტულ დღეებში, არამედ ყველაზე ბნელ და რთულ დღეებშიც.

წმინდა წერილი ამბობს, რომ იესო იყო „გატანჯული“ . განიცდიდა სევდას, დაღლილობას, იმედგაცრუებას და საშინელ მარტოობას. ამ და ნებისმიერ სხვა დროს იესოს სიყვარული უცვლელია, აგრეთვე მისი მამისაც. ასეთი მოწიფული სიყვარულით, რომელიც არის სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი, აძლიერებს და რაღაცას გვანიჭებს, ჩვენი სიყვარულიც არ დაიკარგება.

ასე რომ, თუ ხანდახან რაც უფრო მეტს ცდილობთ, მით უფრო ძნელია; თუ, იმ დროს, როცა ცდილობთ იმუშაოთ თქვენს შეზღუდვებზე და ნაკლოვანებებზე, აღმოაჩენთ ვინმეს ან რამეს, რაც თქვენს რწმენას ცდის; თუ თავდადებულად შრომობთ, მაგრამ მაინც გრძნობთ, რომ შიში შემოგეპარათ, გახსოვდეთ, რომ ეს ყველაზე ერთგულ და საოცარ ადამიანებსაც ემართებოდათ ყოველ ეპოქაში. ასევე დაიმახსოვრეთ, რომ სამყაროში არის ძალა, რომელიც გადაწყვეტილია დაუპირისპირდეს ყოველ კარგ საქმეს , რომლის გაკეთებასაც ცდილობთ.

ასე რომ, სიუხვესა და სიღარიბეში, კერძო აღიარებასა და საზოგადოებრივ კრიტიკაში, აღდგენის ღვთაებრივი ელემენტებით, ისევე როგორც ადამიანური ნაკლოვანებებით, რომლებიც აუცილებლად იქნება მისი ნაწილი, ჩვენ ვრჩებით ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის მიერ აღებულ კურსზე. რატომ? რადგან ჩვენი გამომსყიდველის მსგავსად, ჩვენ ჩავეწერეთ მთელ სემესტრზე, იმაზე კი არა, რომელიც პირველი მოკლე კითხვარით მთავრდება, არამედ იმაზე, რომელსაც საბოლოო გამოცდამდე მივყავართ. ამაში სასიხარულოა ის, რომ დირექტორმა კურსის დაწყებამდეწიგნი გადაგვიშალა და ყველა პასუხი გაგვცა. ამის გარდა, ჩვენ გვყავს უამრავი დამრიგებელი, რომელიც გვახსენებს ამ პასუხებს გზაზე რეგულარული გაჩერებების დროს. მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფერი არ იმუშავებს ჩვენთვის, თუ გავაგრძელებთ გაკვეთილების გამოტოვებას.

„ვის ეძებთ“? მთელი გულით ვპასუხობთ: „იესო ნაზარეველს“. როცა ამბობს „მე ვარ“, ჩვენ მუხლს მოვიყრით და ვაღიარებთ ენით, რომ ის არის ცოცხალი ქრისტე, რომ მან მარტომ გამოისყიდა ჩვენი ცოდვები, რომ ის ხელში აყვანილს გვატარებდა მაშინ, როცა გვეგონა, რომ მიგვატოვა. როდესაც მის წინაშე ვდგებით და ვხედავთ ჭრილობებს მის ხელებსა და ფეხებზე, ჩვენ დავიწყებთ იმის გაგებას, თუ რას ნიშნავდა მისთვის, ეტარებინა ჩვენი ცოდვები და ეგემა მწუხარება და მაინც მამისადმი სრული მორჩილება ჰქონოდა—ყოველივე ეს ჩვენდამი სუფთა სიყვარულის გამო. იმისთვის, რომ გავაცნოთ ადამიანს რწმენა, მონანიება, ნათლობა, სულიწმინდის ძღვენი და უფლის სახლში ჩვენს წმინდა კურთხევებზე უფლებების განცხადება - ეს არის ფუნდამენტური „პრინციპები და წეს-ჩვეულებები“, რომლებიც საბოლოოდ აცხადებს ჩვენს სიყვარულს ღმერთისა და მოყვასის მიმართ და სასიხარულოდ ახასიათებს ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას.

დებო და ძმებო, მე ვმოწმობ, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია არის ის მექანიზმი, რომელიც ღმერთმა უზრუნველყო ჩვენი ამაღლებისთვის. სახარება, რომელსაც ის ასწავლის - ჭეშმარიტია და სამღვდელოება, რომელიც მას კანონიერად ხდის, არ არის წარმოებული. მე ვმოწმობ, რომ რასელ მ. ნელსონი არის ღვთის წინასწარმეტყველი, აგრეთვე მისი წინამორბედები და მემკვიდრეები. და მოვა დღე, როცა წინასწარმეტყველური ხელმძღვანელობა წინ გაუძღვება თაობას, რათა იხილონ „მაცნე ხსნისა“, რომელიც მოევლინება ზემოდან, „როგორც ელვა … აღმოსავლეთიდან“, და ჩვენ წამოვიძახებთ: „იესო ნაზარეველი“. ის კი მუდამ გაშლილი მკლავებითა და უტყუარი სიყვარულით გვიპასუხებს: „მე ვარ“. მე ამას გპირდებით როგორც მისი წმინდა სახელის ძალისა და უფლებამოსილების მქონე მოციქული, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.