გენერალური კონფერენცია
ჩვენი ნების მის ნებასთან ჰარმონიაში მოყვანა
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ჩვენი ნების მის ნებასთან ჰარმონიაში მოყვანა

უფლის ნების შესრულება ჩვენს ცხოვრებაში მოგვცემს საშუალებას, ვიპოვოთ მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი მარგალიტი - ცათა სასუფეველი.

ერთხელ მხსნელმა ისაუბრა ვაჭარზე, რომელიც „ლამაზ მარგალიტს“ ეძებდა. ეს ვაჭარი „ძვირფას მარგალიტს“ წააწყდა. მაგრამ ამ შესანიშნავი მარგალიტის შესაძენად ამ კაცს ყველაფრის გაყიდვა მოუწევდა, რაც მან მალევე სიხარულით გააკეთა.

ამ მოკლე, გააზრებული იგავით მხსნელმა ლამაზად ასწავლა, რომ ცათა სასუფეველი შედარებულია ფასდაუდებელ მარგალიტთან, ჭეშმარიტად ყველაზე ძვირფას საგანძურთან, რომელიც ყველაფერზე მეტად უნდა იყოს სასურველი. ის ფაქტი, რომ ვაჭარმა მყისიერად გაყიდა მთელი თავისი ქონება ამ ძვირფასი მარგალიტის შესაძენად, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი გონება და სურვილები ჰარმონიაში უნდა მოვიყვანოთ უფლის ნებასთან და ნებაყოფლობით გავაკეთოთ ყველაფერი, რაც კი შეგვიძლია ჩვენი მიწიერი მოგზაურობის დროს, რათა მივაღწიოთ ღვთის სასუფევლის მარადიულ კურთხევებს.

იმისთვის, რომ ამ დიდი ჯილდოს ღირსი ვიყოთ, ჩვენ, სხვა საკითხებთან ერთად, რა თქმა უნდა, გვჭირდება მაქსიმალური ძალისხმევა, რომ თავი დავანებოთ ყველა ეგოისტურ სწრაფვას და უარი ვთქვათ ნებისმიერ წინააღმდეგობაზე, რომელიც ხელს გვიშლის უფლისა და მისი უფრო მაღალი და წმინდა გზების ერთგულებაში. პავლე მოციქული მოიხსენიებს ამ განწმენდ სწრაფვას როგორც „უფლის აზრი[ს]“ შეცნობას“. იესო ქრისტეს მაგალითზე ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაში „მუდამ იმას ვაკეთებ, რაც [უფლისთვის] არის მოსაწონი“ ან როგორც დღეს ზოგი ამბობს, „აკეთო ის, რაც უფლისთვის არის მისაღები“.

სახარებისეული გაგებით, „მუდამ იმას ვაკეთებ, რაც [უფლისთვის] არის მოსაწონი“ უკავშირდება ჩვენი ნების მის ნებას დამორჩილებას. მაცხოვარი გააზრებულად ასწავლიდა ამ პრინციპის მნიშვნელობას, როცა თავის მოწაფეებს მოძღვრავდა:

„რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა.

„ეს არის ნება იმისი, ვინც მე მომავლინა, რათა რაც მომცა, არაფერი დამეკარგოს, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს.

„ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.“.

მხსნელმა მიაღწია მამისადმი მორჩილების სრულყოფილ და ღვთაებრივ დონეს იმით, რომ დაუშვა, რომ თავისი ნება მამის ნებით შთანთქა. ერთხელ მან თქვა: „ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის მოსაწონი“. მხსნელმა, როდესაც წინასწარეტყველ ჯოზეფ სმითს ასწავლიდა გამოსყიდვის ტანჯვისა და აგონიის შესახებ, თქვა:

„ვინაიდან, აჰა, მე, ღმერთი, ყველასთვის დავიტანჯე ყოველივე ამით, რათა არ იტანჯონ, თუ მოინანიებენ; …

„ტანჯვით, რომელმაც მე, თავად ღმერთი, ყველაზე დიადი, მაიძულა ტკივილისგან მეკანკალა, სისხლი წამომსვლოდა ყოველი ფორიდან და დავტანჯულიყავი სხეულითა და სულით – და მსურდა, არ შემესვა მწარე ფიალიდან და თავი ამერიდებინა -

„ამისდა მიუხედავად, დიდება მამას, მივიღე ფიალა და დავასრულე ჩემი მზადება ადამიანთა შვილებისთვის“.

მიწიერი მოგზაურობის დროს ჩვენ ხშირად ვებრძვით იმას, რაც გვგონია, რომ ვიცით, რაც გვგონია, საუკეთესოა და რაც ჩვენი აზრით, გვადგება, ნაცვლად იმისა, რომ გავიგოთ, რა იცის სინამდვილეში მამაზეციერმა, რა არის მარადიულად საუკეთესო და რა არის მის გეგმაში ყველაზე გამოსადეგი მისი შვილებისთვის. ეს დიდი ჭიდილი შეიძლება ძალიან გართულდეს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ წმინდა წერილებში ჩვენი დროისთვის მოცემულ წინასწარმეტყველებებს: „ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში … ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავის მოყვარენი, … უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა“.

ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც მიუთითებს ამ წინასწარმეტყველების შესრულებაზე, არის მსოფლიოში მიმდინარე მზარდი ტენდენცია, რომელიც მრავალმა ადამიანმა აიტაცა, როცა ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და გამუდმებით აცხადებენ: „რაც არ უნდა იყოს, მე ჩემი სიმართლით ვცხოვრობ ან ვაკეთებ იმას, რაც მე მაწყობს.” როგორც პავლე მოციქულმა თქვა: „ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია“. ასეთ აზროვნებას ხშირად ამართლებენ, როგორც „ავთენტურს“ ისინი, ვინც ეგოისტური ცხოვრებით ცხოვრობენ, პიროვნულ პრეფერენციებზე ფოკუსირებით ან სურთ, გაამართლონ გარკვეული სახის საქციელი, რომელიც ხშირად არ ემთხვევა ღვთის სიყვარულის გეგმას და მის ნებას ადამიანების მიმართ. თუ ჩვენს გულსა და გონებას მივცემთ უფლებას, მიიღონ ასეთი აზროვნება, ჩვენ მნიშვნელოვან დაბრკოლებებს შევიქმნით ყველაზე ფასდაუდებელი მარგალიტის შესაძენად, რომელიც ღმერთმა სიყვარულით მოამზადა თავისი შვილებისთვის, რაც არის მარადიული სიცოცხლე.

თითოეული ჩვენგანი მოგზაურობს აღთქმის გზის ინდივიდუალური მოწაფეობის ბილიკზე, ქრისტე იესოსკენ მიმართული გულითა და გონებით, მაგრამ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ფხიზლად, რათა არ გვაცდუნონ და არ მივიღოთ ამ ტიპის ამქვეყნიური ფილოსოფია. უხუცესმა ქუენტინ ლ. კუკმა თქვა, რომ „გულწრფელად ცდილობდე დაემსგავსო ქრისტეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მიზანია, ვიდრე ავთენტურობა“.

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ვირჩევთ, ღმერთს ჰქონდეს ყველაზე ძლიერი გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე და არა ჩვენს თავმოყვარეობას, ჩვენ გვექნება წინსვლა ჩვენი მოწაფეობის გზაზე და გაიზრდება მაცხოვართან ჩვენი გონებისა და გულის გაერთიანება. მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ ხელს ვუშლით ღვთის პირველობას ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ საკუთარ ნებაზე ვართ მიშვებულები და უფლის შთმაგონებელი ხელმძღვანელობის გარეშე შეგვიძლია გავამართლოთ თითქმის ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ან არ ვაკეთებთ. ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია საკუთარი თავის გამართლება იმით, რომ ჩვენებურად ვაკეთებთ საქმეს ანუ ფაქტობრივად ვამბობთ: „უბრალოდ ჩემებურად ვაკეთებ ყველაფერს“.

ერთხელ, როცა მხსნელი აცხადებდა თავის მოძღვრებას, ზოგიერთმა, განსაკუთრებით სათავისოდ მართალმა ფარისეველმა, უარყო მისი გზავნილი და გაბედულად აცხადებდა, რომ ისინი აბრაამის შვილები იყვნენ ანუ მათი შთამომავლობა მათ განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებდა ღვთის წინაშე. ამ მენტალიტეტით ისინი მივიდნენ საკუთარ გაგებაზე დაყრდნობამდე და არ სჯეროდათ ის, რასაც მხსნელი ასწავლიდა. ფარისეველთა რეაქცია იესოზე იყო აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ მათი თავხედური დამოკიდებულება არ ტოვებდა მათ გულებში ადგილს მხსნელის სიტყვებისთვისა და ღვთის გზისთვის. საპასუხოდ, იესომ ბრძნულად და გაბედულად განაცხადა, რომ თუ ისინი აბრაამის აღთქმის ჭეშმარიტი შვილები იყვნენ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდნენ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ „აბრაამის ღმერთი“ მათ წინაშე იდგა და ჭეშმარიტებას ასწავლიდა იმ მომენტში.

ძმებო და დებო, როგორც ხედავთ, „რაც უფლისთვის არის მოსაწონის“ ნაცვლად, „როგორც მე მაწყობს“ გონებრივი ვარჯიშით მოქმედება არ არის ჩვენი დროისთვის უცხო, ახალი ტენდენცია. ეს არის საუკუნოვანი მენტალიტეტი, რომელიც ხშირად აბრმავებს საკუთარ თვალში ბრძენ ხალხს, აბნევს და ძალას აცლის ღვთის ბევრ შვილს. ეს მენტალიტეტი, ფაქტობრივად, მოწინააღმდეგის ძველი ხრიკია; ეს არის მცდარი გზა, რომელსაც ფრთხილად გადაჰყავს ღვთის შვილები ჭეშმარიტი და ერთგული აღთქმის გზიდან. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნული გარემოებები, როგორიცაა გენეტიკა, გეოგრაფია და ფიზიკური და გონებრივი გამოწვევები გავლენას ახდენს ჩვენს მოგზაურობაზე, ისეთ საკითხებში, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის შინაგანი სივრცე, სადაც ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ავირჩიოთ, მივყვებით თუ არა იმ მაგალითს, რომელიც უფალმა მოგვიმზადა ცხოვრებაში. ჭეშმარიტად, „მან გვიჩვენა გზა ჭეშმარიტი და ბილიკზე გაგვიძღვა, მას მივდიოთ“.

ჩვენ, როგორც ქრისტეს მოწაფეებს, გვსურს ვიაროთ იმ გზაზე, რომელიც მან მოგვინიშნა თავისი მიწიერი მსახურების დროს. ჩვენ არა მხოლოდ გვსურს შევასრულოთ მისი ნება და ყველაფერი, რაც მას ახარებს, არამედ ვცდილობთ მივბაძოთ მას. როდესაც ვცდილობთ ვიყოთ ერთგული ყველა აღთქმის მიმართ, რომელიც დავდეთ და ვცხოვრობთ „ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით“, ჩვენ დაცული ვიქნებით და არ გავხდებით ამა ქვეყნის ცოდვებისა და შეცდომების მსხვერპლი, იმ ფილოსოფიისა და შეცდომებისა, რომლებიც გვაშორებს იმ ყველაზე ძვირფასი მარგალიტებისგან.

მე პირადად შთაგონებული ვარ იმით, თუ როგორ იმოქმედა ღმერთისადმი ამგვარმა სულიერმა მორჩილებამ ქრისტეს ერთგული მოწაფეების ცხოვრებაზე, რადგან მათ აირჩიეს აკეთონ ის, რაც უფალს სურს და სასიამოვნოა უფლის თვალში. მე ვიცნობ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი მისიაში წასვლა, მაგრამ იგრძნო შთაგონება, წასულიყო და ემსახურა უფლისთვის, როცა მოუსმინა ეკლესიის ხელმძღვანელს, რომელმაც პირადი დამოწმება და მისიაში მსახურების წმინდა გამოცდილება გაუზიარა.

მისივე თქმით, ამ ახალგაზრდამ, ახლა უკვე დაბრუნებულმა მისიონერმა, თქვა: „როცა მხსნელი იესო ქრისტეს მოციქულის დამოწმებას ვუსმენდი, ჩემ მიმართ ღვთის სიყვარული ვიგრძენი და ამ სიყვარულის სხვებისადმი გაზიარება მოვისურვე. იმ მომენტში ვიცოდი, რომ შიშის, ეჭვისა და შფოთვის მიუხედავად მისიაში უნდა მემსახურა. სრულიად დარწმუნებული ვიყავი ღვთის კურთხევებსა და დაპირებებში თავისი შვილებისთვის. დღეს სულ სხვა ადამიანი ვარ; მაქვს მოწმობა, რომ ეს სახარება ჭეშარიტია და რომ იესო ქრისტეს ეკლესია აღდგენილ იქნა დედამიწაზე“. ამ ახალგაზრდამ უფლის გზა აირჩია და ყოველ ასპექტში ჭეშმარიტი მოწაფის მაგალითი გახდა.

ერთგულმა ახალგაზრდა ქალმა გადაწყვიტა, კომპრომისზე არ წასულიყო და თავისი სტანდარტები არ დაერღვია, როდესაც მას სთხოვეს არამოკრძალებულად ჩაცმულიყო, რათა მოდის კომპანიის ბიზნეს განყოფილებას მორგებოდა. იმის გაგებით, რომ მისი სხეული არის წმინდა ძღვენი ზეციერი მამისგან და ადგილი, სადაც სული სუფევს, მას სურდა ეცხოვრა სამყაროზე მაღალი სტანდარტით. მან არა მხოლოდ მოიპოვა მათი ნდობა, ვინც ხედავდა, რომ ის იესო ქრისტეს სახარების ჭეშმარიტებით ცხოვრობდა, არამედ შეინარჩუნა სამსახური, რომელიც ცოტა რომ არ დაკარგა. მისმა მზადყოფნამ გაეკეთებინა ის, რაც სასიამოვნო იყო უფლის თვალში და არა ის, რაც ამასოფელს აწყობს, მას აღთქმის ნდობა შესძინა რთული არჩევანის გაკეთბისას.

დებო და ძმებო, ჩვენ მუდამ ვდგებით მსგავსი გადაწყვეტილებების წინაშე ჩვენს ყოველდღიურ მოგზაურობაში. ჩვენს ცხოვრებაში ხორციელი სისუსტეების აღიარება გაბედულ და ნებაყოფლობით გულს მოითხოვს, რომელიც შეჩერდება, ალალად და თვინიერად ჩაატარებს თვითანალიზს და აღიარებს, რამ შეიძლება შეაფერხოს ჩვენი უნარი, დავემორჩილოთ ღმერთს და საბოლოოდ მის და არა ჩვენს გზაზე სიარული. ჩვენი მოწაფეობის საბოლოო გამოცდა ვლინდება ჩვენს მზადყოფნაში, დავთმოთ საკუთარი თავი და დავუმორჩილოთ ჩვენი გული და მთელი სული ღმერთს, რათა მისი ნება ჩვენი გახდეს.

მიწიერი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მომენტი დგება მაშინ, როდესაც ჩვენ აღმოვაჩენთ სიხარულს, რომელიც მოდის, როცა ყოველთვის ვაკეთებთ იმას, რაც „სურს და ახარებს უფალს“ და ეს ემთხვევა იმას, „რაც გვაწყობს“ ჩვენ! იმისთვის, რომ შეუპოვრად და უდავოდ შევასრულოთ უფლის ნება, საჭიროა დიდებული და გმირული მოწაფეობა! ამ ამაღლებულ მომენტში ჩვენ ვემორჩილებით უფალს და მთლიანად ვთმობთ ჩვენს ნებას. ასეთი სულიერი მორჩილება მშვენიერი, ძლიერი და გარდამქნელია.

მე ვმოწმობ, რომ უფლის ნების შესრულება ჩვენს ცხოვრებაში მოგვცემს საშუალებას, ვიპოვოთ მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი მარგალიტი - ცათა სასუფეველი. მე ვლოცულობ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, თავის დროზე და თავის რიგზე, შეძლოს აღთქმის დაჯერებულობით გამოუცხადოს ჩვენს მამაზეციერსა და მხსნელს, იესო ქრისტეს, რომ „მე მაწყობს ის, რაც შენ გსურს“. მე ვამბობ ამას მხსნელი იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.