იმედის ტრიუმფი
იმედი არის ცოცხალი ძღვენი, რომელიც იზრდება, როცა იესო ქრისტეში რწმენას ვზრდით.
ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო მთელ მსოფლიოში, როდესაც იწყება ეს განსაკუთრებული დრო - გენერალური კონფერენცია, ზეცის მზერა ჩვენზეა მიმართული. ჩვენ მოვისმენთ უფლის ხმას მისი მსახურების მეშვეობით; ჩვენ ვიგრძნობთ სულიწმინდის „მმართველობას, ხელმძღვანელობასა და ნუგეშისცემას“ და ჩვენი რწმენა გაძლიერდება.
სამი წლის წინ პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გენერალური კონფერენცია დაიწყო შემდეგი სიტყვებით: „სუფთა გამოცხადება თქვენს გულში არსებულ კითხვებზე ამ კონფერენციას დამაჯილდოებელს და დაუვიწყარს გახდის. თუ ჯერ კიდევ არ გიცდიათ სულიწმინდის მსახურება, რათა დაგეხმაროთ გაიგონოთ ის, რაც უფალს სურდა, რომ მოგესმინათ ამ ორი დღის განმავლობაში, გიწვევთ, ახლა გააკეთოთ ეს. გთხოვთ, აქციოთ ეს კონფერენცია უფლის გზავნილების ტკბობის დროდ მისი მსახურების მეშვეობით“.
წმინდა წერილი ძლიერად აკავშირებს სამ სიტყვას: რწმენა, იმედი, მოწყალება. იმედის ძღვენი არის ღმერთისგან ბოძებული ფასდაუდებელი საჩუქარი.
სიტყვა იმედი გამოიყენება, როცა გვაქვს რაღაცის ახდენის სურვილი. მაგალითად, „იმედია, არ იწვიმებს“ ან „იმედია, ჩვენი გუნდი მოიგებს“. ჩემი განზრახვაა ვისაუბრო ჩვენს წმინდა და მარადიულ იმედებზე, რომლებიც ფოკუსირებულია იესო ქრისტესა და აღდგენილ სახარებაზე და ჩვენს „დარწმუნებულ მოლოდინ(ებ)ზე … სიმართლის დაპირებული კურთხევების შესახებ“.
ჩვენი მარადიული სიცოცხლის იმედი
ჩვენი მარადიული სიცოცხლის იმედი გარანტირებულია ქრისტეს მადლითა და ჩვენი მრავალი არჩევანით, რაც გვაძლევს ზეციურ სახლში დაბრუნებისა და მამაზეციერთან, მის საყვარელ ძესთან, ოჯახის ერთგულ წევრებთან და მეგობრებთან, ყველა დროისა და კონტინენტის მართალ ქალებთან და მამაკაცებთან ერთად სიმშვიდეში და ბედნიერების მდგომარეობაში მარადიული ცხოვრების საშუალებას.
დედამიწაზე ჩვენ განვიცდით სიხარულს და მწუხარებას, რადგან გვცდიან. ჩვენი გამარჯვება მოდის იესო ქრისტეს რწმენით, როდესაც ჩვენ ვიმარჯვებთ ჩვენს ცოდვებზე, სირთულეებზე, ცდუნებებზე, უსამართლობაზე და ამ მიწიერი ცხოვრების გამოწვევებზე.
როცა იესო ქრისტეში რწმენას ვაძლიერებთ, ჩვენ სირთულეების მიღმა ვიყურებით და ვხედავთ მარადისობის კურთხევებსა და დაპირებებს. შუქის მსგავსად, რომლის ბრწყინვალებაც იზრდება, იმედი ანათებს ჩაბნელებულ სამყაროს და ჩვენ ჩვენს დიდებულ მომავალს ვხედავთ.
იმედი ღმერთისგან მოდის
დასაბამიდანვე ჩვენი ზეციერი მამა და მისი საყვარელი ძე მოუთმენლად აკურთხებდნენ მართალთ იმედის ძვირფასი ძღვენით.
ბაღიდან გამოსვლის შემდეგ ანგელოზი ასწავლიდა ადამსა და ევას იესო ქრისტეს დაპირების შესახებ. იმედის ძღვენმა მათი ცხოვრება გაანათა. ადამმა განაცხადა: „ამეხილა თვალები, მექნება სიხარული ამ ცხოვრებაში“. ევამ ისაუბრა „[მათი] გამოსყიდვის სიხარულსა და მარადიულ სიცოცხლე[ზე], რომელსაც ღმერთი უბოძებს ყოველ მორჩილს“.
როგორც სულიწმინდამ მოუტანა იმედი ადამს, ისე უფლის სულის ძალა უნათებს მორწმუნეებს დღეს და აკაშკაშებს მარადიული ცხოვრების რეალობას.
მხსნელი გვიგზავნის ნუგეშისმცემელს, სულიწმინდას - თანმხლებს, რომელსაც რწმენა, იმედი და სიმშვიდე მოაქვს, თუმცა ისე არე, „სოფელი რომ იძლევა“.
„სოფელში“ - თქვა მხსნელმა, „გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით [იქონიეთ კაშკაშა იმედი], მე ვძლიე სოფელს.“
რთულ მომენტებში ჩვენ ვირჩევთ რწმენით მივენდოთ უფალს. ჩვენ ჩუმად ვლოცულობთ: „ჩემი ნება კი არა, შენი იყოს.“ ჩვენ ვგრძნობთ უფლის მოწონებას ჩვენი თავმდაბალი სურვილის გამო და ველოდებით დაპირებულ მშვიდობას, რომელსაც უფალი გამოგვიგზავნის თავის არჩეულ დროს.
როგორც პავლე მოციქული გვასწავლიდა, „სასოების ღმერთმა აგავსოთ … სიხარულით და მშვიდობით რწმენაში“, „რათა … იუხვოთ სასოებაში; „იხარ[ო]თ იმედში, მომთმენნი იყ[ოთ] გასაჭირში“, „სულიწმინდის ძალით“.
იმედის გაკვეთილი
წინასწარმეტყველმა მორონმა საკუთარ თავზე გამოსცადა, რას ნიშნავს გქონდეს ქრისტეს იმედი გასაჭირის ჟამს. მან განმარტა თავისი შემზარავი სიტუაცია:
„ვარ მარტო. … არც ადგილი [მაქვს] წასასვლელი“.
„არ ვუმხელ თავს, რათა არ გამანადგურონ“.
აღსანიშნავია, რომ ამ ბნელ და მარტოობის საათში მორონი ჩაწერს მამამისის იმედის სიტყვებს:
„თუ ადამიანს აქვს რწმენა, მას უნდა ჰქონდეს იმედი; ვინაიდან რწმენის გარეშე შეუძლებელია რაიმე იმედი“.
“და რა არის ის, რისი იმედიც უნდა გქონდეთ”? … „გექნებათ იმედი, რომ ქრისტეს გამოსყიდვით და მისი აღდგომის ძალით აღდგებით მარადიული სიცოცხლისთვის“.
ჩემო დებო და ძმებო, იმედი არის ცოცხალი ძღვენი, რომელიც იზრდება, როცა იესო ქრისტეში რწმენას ვზრდით. „რწმენა არის მტკიცე [დარწმუნება] იმაში, რასაც ვესავთ“. ჩვენ ვაშენებთ ჩვენი რწმენის დამადასტურებელ კედლებს ლოცვით, სატაძრო აღთქმებით, მცნებების დაცვით, წმინდა წერილებითა და თანამედროვე წინასწარმეტყველების სიტყვებით გამუდმებით ნადიმით, ზიარების მიღებით, სხვებისთვის მსახურებით და ყოველკვირეული თაყვანისცემით ჩვენს მეგობარ წმინდანებთან ერთად.
იმედის სახლი
მზარდი ბოროტების დროს ჩვენი იმედის გასამყარებლად, უფალმა მიუთითა თავის წინასწარმეტყველს, დედამიწა თავისი ტაძრებით მოეფინა.
უფლის სახლში შესვლისას ჩვენ ვგრძნობთ ღვთის სულს, რომელიც ჩვენს იმედს ადასტურებს.
ტაძარი მოწმობს ცარიელი საფლავის შესახებ და რომ ცხოვრება საბურველის მიღმა ყველასთვის გრძელდება.
მათთვის, ვისაც არ ჰყავს მარადიული თანამგზავრი, წეს-ჩვეულებები ძლიერად ადასტურებს, რომ ყოველი მართალი ადამიანი ყველა დაპირებულ კურთხევას მიიღებს.
არსებობს ამაღლებული იმედი, როდესაც ახალგაზრდა წყვილი მუხლს იყრის საკურთხეველთან, რათა ჩაიბეჭდოს არა მხოლოდ ამ ჟამისთვის არამედ მარადისობისთვის.
ჩვენს შთამომავლობისთვის მიცემულ დაპირებებში უსაზღვრო იმედია, როგორიც არ უნდა იყოს მათი ამჟამინდელი ვითარება.
არ არის ტკივილი, ავადმყოფობა, უსამართლობა, ტანჯვა, არაფერი, რაც დაჩრდილავს ჩვენს იმედს, თუკი გვწამს და მაგრად ჩავეჭიდეთ ჩვენს აღთქმებს ღმერთთან უფლის სახლში. ეს არის სინათლის სახლი, სახლი იმედისა.
როცა იმედი არსად არ არის
ჩვენ მწუხარების ცრემლებს ვღვრით როცა ვხედავთ მოწყენილობას და სასოწარკვეთას მათში, ვისაც ქრისტეს იმედი არ აქვს.
ცოტა ხნის წინ შორიდან ვაკვირდებოდი წყვილს, რომელსაც ერთ დროს ქრისტეს რწმენა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ რწმენაზე. ისინი წარმატებულები იყვნენ საერო ცხოვრებაში, ტკბებოდნენ საკუთარი ინტელექტით და რწმენის უარყოფით.
ყველაფერი თითქოს კარგად იყო, სანამ ქმარი, ახალგაზრდა და ენერგიული, უცებ ავად არ გახდა და გარდაიცვალა. მზის დაბნელების მსგავსად, მათ ძის სინათლე დაჩრდილეს და ამის შედეგად იმედის დაბნელება მოხდა. ცოლმა, თავის ურწმუნობაში, ახლა არ იცოდა, რა ექნა, ის მოუმზადებლად შეხვდა ამ ტკივილს და შვილებსაც ვერ ანუგეშებდა. ინტელექტმა მიახვედრა, რომ მისი ცხოვრება სრულყოფილად აწყობილი იყო, სანამ უეცრად მან ხვალინდელი დღის ხილვა დაკარგა. სასოწარკვეთამ სიბნელე და დაბნეულობა შემოიტანა მის ცხოვრებაში.
იმედი ტრაგედიის დროს
მოდით, შევადაროთ მისი მტკივნეული სასოწარკვეთილება მეორე ოჯახის იმედს ქრისტეში, გულგატეხილობის ჟამს.
ოცდაერთი წლის წინ, ჩემი ძმისშვილის, ბენ ანდერსენის ვაჟი და მისი მეუღლე, რობი, სასწრაფო დახმარებამ აიდაჰოს ფერმიდან სოლთ-ლეიქ სითიში გადაიყვანა. საავადმყოფოში მივედი. ბენმა ამიხსნა ძალიან მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში გართულებები ახალშობილის გულზე. ჩვენ მის შვილს, თრეის, ხელები დავასხით პატარა თავზე. უფალმა იგი ხანგრძლივი სიცოცხლით დალოცა.
მას სიცოცხლის პირველ კვირას გულის ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ კიდევ ჰქონდა ოპერაციები. წლები გადიოდა და უფრო და უფრო აშკარა ხდებოდა, რომ თრეის გულის ტრანსპლანტაცია დასჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ფიზიკური აქტიურობა შეეზღუდა, მისი რწმენა გაიზარდა. მან დაწერა: „არასოდეს მეცოდებოდა საკუთარი თავი, რადგან ყოველთვის ვიცოდი იესო ქრისტეში რწმენის მნიშვნელობა და ხსნის გეგმის მოწმობა მქონდა“.
თრეის ტელეფონში პრეზიდენტ ნელსონის კარგად ცნობილი ციტატა ჰქონდა: „სიხარული, რომელსაც განვიცდით, დიდად არ არის დაკავშირებული ჩვენი ცხოვრების ვითარებასთან და მთლიანად უკავშირდება ჩვენი ცხოვრების ფოკუსს“.
თრეიმ დაწერა: „ყოველთვის მინდოდა სრული დროის მისიაში მსახურება, მაგრამ … ექიმები არ გამიშვებენ სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ტრანსპლანტაციის შემდეგ. … მე ქრისტეს მივენდე“.
თრეი აღფრთოვანებული იყო BYU-ში ბუღალტრული აღრიცხვის ფაკულტეტზე ჩაბარების გამო ამ სემესტრის დასაწყისში, მაგრამ კიდევ უფრო აღელვებული იყო ივლისის ბოლოს, როდესაც მიიღო ნანატრი სატელეფონო ზარი - ის საავადმყოფოში უნდა მისულიყო გულის გადანერგვისთვის.
„ერთი წელი“ - ამბობდა თრეი, „და მისიაში წავალ“.
საოპერაციოში ის დიდი მოლოდინით შევიდა. თუმცა, ოპერაციას საშინელი გართულებები მოჰყვა და თრეი გონზე ვეღარ მოვიდა.
მისმა დედამ, რობიმ, თქვა: „პარასკევი ყველაზე გულსატკენი დღე იყო … უბრალოდ ვცდილობთ აზრზე მოსვლას. … გვიანობამდე არ დავიძინე, უბრალოდ ვცდილობდი ყველაფრის „გადახარშვას“. … მაგრამ შაბათს აბსოლუტური სიხარულის გრძნობით გავიღვიძე. ეს სიმშვიდე არ იყო; არც უარყოფა იყო. მე შვილის სიხარულს ვგრძნობდი, მე სიხარულს ვგრძნობდი, როგორც მისი დედა. … ბენი ჩემზე დიდად ადრე ადგა და როცა საუბრის შანსი მოგვეცა აღმოჩნდა, რომ ბენიც იგივე გრძნობით გაიღვიძა“.
ბენმა ახსნა: „სულში სიცხადე შემოვიდა, როცა ღმერთი მასწავლიდა თავისი სულიწმიდის მეშვეობით. დილის 4:00 სთ-ზე გავიღვიძე, ენით აღუწერელი სიმშვიდისა და სიხარულის გრძნობა მავსებდა. განა ეს შესაძლებელია? … თრეის გარდაცვალება ისეთი მტკივნეულია, მე ის ძალიან მენატრება. მაგრამ უფალი არ გვტოვებს ნუგეშის გარეშე. … მოუთმენლად ველი ჩვენს მხიარულ შეხვედრას“.
იმედის დაპირება
მათ შვილის დღიურში პრეზიდენტ ნელსონის სიტყვები იპოვეს გენერალური კონფერენციიდან: „თითქოს და შეუძლებელია იგრძნო სიხარული, როცა შენი შვილი განუკურნებელი სენით არის დაავადებული ან სამსახურს კარგავ ან მეუღლე გღალატობს. თუმცა ეს ზუსტად ის სიხარულია, რომელსაც მხსნელი გვთავაზობს. მისი სიხარული მუდმივია, იგი გვარწმუნებს, რომ ჩვენი „ტანჯვა მხოლოდ ერთი მომენტია [მოძღვრება და აღთქმები 121:7] და ჩვენს სასიკეთოდაა“.
დებო და ძმებო, სიმშვიდე, რომელსაც ეძიებთ, შეიძლება არ მოვიდეს ისე ჩქარა, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ გპირდებით, რომ როცა უფალს მიენდობით, მისი სიმშვიდე მოვა.
დაე, აღვზარდოთ ჩვენი ძვირფასი რწმენა და წინ მივიწევდეთ იმედის სრულყოფილი სიკაშკაშით. მე ვმოწმობ, რომ ჩვენი მხსნელი, იესო ქრისტე, ჩვენი იმედია. მისი მეშვეობით ყოველი ჩვენი მართალი ოცნება ახდება. ის არის იმედის ღმერთი, იმედის ტრიუმფი. იგი ცოცხალია და თქვენ მას უყვარხართ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.