გენერალური კონფერენცია
კვებეთ ფესვები და ტოტები გაიზრდება
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


კვებეთ ფესვები და ტოტები გაიზრდება

თქვენი მოწმობის ტოტები მიიღებენ ძალას მამაზეციერისა და მისი საყვარელი ძის მიმართ თქვენი გაღრმავებული რწმენისგან.

ძველი სამლოცველო ცვიკაუში

2024 წელი ჩემთვის გარკვეულწილად ნიშანსვეტია. უკვე 75 წელია, რაც ცვიკაუში, გერმანიაში, უანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრად მოვინათლე და დავმტკიცდი.

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრობა ჩემთვის ძალზე ძვირფასია. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი პატივია, ვიყო ღვთის აღთქმულ ხალხთან, თქვენთან, ჩემო დებო და ძმებო.

როცა ჩემი მოწაფეობის პირად მოგზაურობაზე ვფიქრობ, გონებას ხშირად უკან, ცვიკაუს ძველ ვილაზე მაბრუნებს, სადაც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ეკლესიის ზიარების შეკრებებზე დასწრების ბავშვობის უძვირფასესი მოგონებებია. ზუსტად იქ მიიღო ჩემი მოწმობის თესლმა ადრეული კვება.

ქალაქ ცვიკაუს სამლოცველოში ძველი, ჰაერზე მომუშავე ორგანი იდგა. ყოველ კვირა დღეს ერთ ახალგაზრდა კაცს დავალებული ჰქონდა, ორგანის საბერველის ოწინარის მყარი სახელურის აწევ-დაწევა, რათა ორგანი აემუშავებინა. რამდენჯერმე მეც მქონდა ამ მნიშვნელოვან საქმეში დახმარების გაწევის დიდი პატივი.

სანამ მრევლი ჩვენს საყვარელ საგალობლებს მღეროდა, მე მთელი ძალითა და ღონით ვტუმბავდი ორგანს, რომ ის ჰაერისგან არ დაცლილიყო. საბერველის მმართავის სკამიდან შესანიშნავი ხედი იხსნებოდა რამდენიმე განსაცვიფრებელ ვიტრაჟზე - ერთზე გამოსახული იყო მხსნელი იესო ქრისტე, მეორეზე კი ჯოზეფ სმითი წმინდა კორომში.

ახლაც მახსოვს ის წმინდა გრძნობები, რომლებიც მიჩნდებოდა, როცა იმ მზით განათებულ ფანჯრებს ვუყურებდი იმ დროს, როცა წმინდანთა დამოწმებებს ვუსმენდი და სიონის ჰიმნებს ვმღეროდი.

იმ წმინდა ადგილას ღვთის სულმა დაუმოწმა ჩემს გულსა და გონებას ეს ჭეშმარიტება: იესო ქრისტე სამყაროს მხსნელია. ეს მისი ეკლესიაა. და ჯოზეფ სმითმა იხილა მამაღმერთი და იესო ქრისტე და გაიგონა მათი ხმა.

წელს, როცა დავალებით ევროპაში ვიმყოფებოდი, ცვიკაუში დაბრუნების საშუალება მქონდა. სამწუხაროდ, ის ძველი სამლოცველო იქ აღარ არის. ის მრავალი წლის წინ დიდი მრავალსართულიანი შენობის ასაშენებლად დაანგრიეს.

რა არის მარადიული და რა - არა?

გამოგიტყდებით: ძალიან დასანანია იცოდე, რომ ჩემი ბავშვობის ეს საყვარელი შენობა ახლა მხოლოდ მოგონებაა. ჩემთვის ის წმინდა შენობა იყო. მაგრამ ის მხოლოდ შენობა იყო.

ამის საპირისპიროდ, სულიერი მოწმობა, რომელიც სულიწმინდისგან მრავალი წლის წინ მივიღე, არ მომკვდარა. ფაქტობრივად, ის უფრო გაძლიერდა. ის, რაც ახალგაზრდობაში იესო ქრისტეს სახარების ფუნდამენტური პრინციპების შესახებ ვისწავლე, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ჩემი მტკიცე საძირკველი იყო. აღთქმის კავშირი, რომელიც მამაზეციერთან და მის საყვარელ ძესთან დავდე, ჩემთან დარჩა - ცვიკაუს სამლოცველოს დანგრევისა და ვიტრაჟების დაშლის მრავალი წლის შემდეგ.

„ცა და მიწა გადაივლიან, - თქვა იესომ, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან“.

„რადგან მთები დაიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი წყალობა კი არ დაიძვრება შენგან და ჩემი მშვიდობის აღთქმა არ შეირყევა, – ამბობს შენი მწყალობელი უფალი“.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეგვიძლია ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, არის მარადიულისა და არამარადიულის გარჩევა. როგორც კი ამას გავიგებთ, ყველაფერი შეიცვლება - ჩვენი ურთიერთობა, არჩევანი, რომელსაც ვაკეთებთ, ჩვენი დამოკიდებულები სხვების მიმართ.

ცოდნა იმისა, რა არის მარადიული და რა არა, არის იესო ქრისტესა და მისი ეკლესიის შესახებ მოწმობის გაძლიერების გასაღები.

ნუ აგერევათ ერთმანეთში ტოტები და ფესვები

იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება, როგორც წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა გვასწავლა, „იღებს ჭეშმარიტებას, ყოველ მის ელემენტს“. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ ჭეშმარიტებას თანაბარი ღირებულება აქვს. ზოგი ჭეშმარიტება არის ძირითადი, არსებითი, ჩვენი რწმენის ფესვი. სხვა - დანამატები ან ტოტებია, ღირებული, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი დაკავშირებულია საფუძვლებთან.

წინასწარმეტყველმა ჯოზეფმა აგრეთვე თქვა: „ჩვენი რელიგიის ფუნდამენტური პრინციპებია მოციქულების და წინასწარმეტყველების დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ, რომ იგი აღესრულა, დაიმარხა და მესამე დღეს კვლავ აღსდგა და ზეცაში ავიდა; და ყველაფერი დანარჩენი, რაც ეხება ჩვენს რელიგიას, არის ყოველივე ამის დანართი.“

სხვა სიტყებით რომ ვთქვათ, იესო ქრისტე და მისი გამომსყიდველი მსხვერპლი არის ჩვენი მოწმობის ფესვი. ყოველივე სხვა რამ არის ტოტები.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტოტები არ არის მნიშვნელოვანი. ხეს ტოტები სჭირდება. მაგრამ, როგორც მხსნელმა უთხრა თავის მოწაფეებს: „ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება“. მაცხოვართან კავშირის ანუ ფესვებში ნაპოვნი საზრდოს გარეშე, ტოტი ხმება და კვდება.

როცა საქმე ეხება იესო ქრისტეში ჩვენი მოწმობების კვებას მაინტერესებს, ხანდახან ტოტები და ფესვები ხომ არ გვერევა ერთმანეთში? ეს იყო ის შეცდომა, რომელიც იესომ შენიშნა ფარისევლებში. ისინი იმდენად დიდ ყურადღებას აქცევდნენ კანონის შედარებით უმნიშვნელო დეტალებს, რომ საბოლოოდ უგულებელყვეს ის, რასაც მაცხოვარი უწოდებდა „რაც უფრო მთავარია“ – ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა „განკითხვა, წყალობა და სარწმუნეობა“.

როცა ხის გამოკვება გსურთ, წყალს ხომ ტოტებზე არ ასხამთ? წყალს ფესვს ვაწვდით. ამის მსგავსად, თუ გსურს, შენი მოწმობის ტოტები გაიზარდოს და ხილი მოისხას, ფესვი კვებეთ. თუ არ ხართ დარწმუნებული კონკრეტულ დოქტრინაში, პრაქტიკაში ან ეკლესიის ისტორიის რომელიმე ელემენტში, ეძიეთ სიცხადე იესო ქრისტეს რწმენით. ეძიეთ, გაიგოთ მის მიერ თქვენთვის გაღებული მსხვერპლი, მისი სიყვარული, მისი ნება თქვენთვის. მორჩილებით იარეთ მის კვალზე. თქვენი მოწმობის ტოტები მიიღებენ ძალას მამაზეციერისა და მისი საყვარელი ძის მიმართ თქვენი გაღრმავებული რწმენისგან.

მაგალითად, თუ გსურთ მორმონის წიგნის შესახებ უფრო ძლიერი დამოწმება, მოახდინეთ ფოკუსირება მის დამოწმებაზე იესო ქრისტეს შესახენ. მიაქციეთ ყურადღება, როგორ მოწმობს მორმონის წიგნი მის შესახებ, რას ასწავლის იგი მის შესახებ და როგორ გიწვევთ და შთაგაგონებთ იგი, მიხვიდეთ უფალთან.

თუ თქვენ ეძებთ უფრო მნიშვნელოვან გამოცდილებას ეკლესიის შეხვედრებზე ან ტაძარში, შეეცადეთ მოძებნოთ მხსნელი წმინდა წეს-ჩვეულებებში, რომლებსაც იქ ვიღებთ. იპოვეთ უფალი მის წმინდა სახლში.

თუ თქვენ ოდესმე იგრძნობთ დაღლილობას ან გადატვირთულობას თქვენი ეკლესიური მოწოდების გამო, სცადეთ თქვენი მსახურების აზრის იესო ქრისტეზე გადაიტანა. გახადეთ თქვენი მსახურება მის მიერ სიყვარულის გამოხატვად.

კვებეთ ფესვი და ტოტება გაიზრდება. და თავის დროზე, ისინი ხილს მოისხამს.

ფესვგადგმულებმა და მისით აღშენებულებმა

იესო ქრისტეში ძლიერი რწმენა ერთ დღეში არ მოდის. ამ მიწიერ სამყაროში იმდენი შემთხვევითი ნარ-ეკალია. რწმენის ჯანმრთელი, მსხმოიარე ხე ძლიერ ძალისხმევას მოითხოვს. და ამ ძალისხმევის უმნიშვნელოვანესი ნაწილია იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენ მყარად გავიდგით ფესვი ქრისტეში.

მაგალითად: თავდაპირველად, ჩვენ შეიძლება მიგვიზიდოს მაცხოვრის სახარებამ და ეკლესიამ, რადგან ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინეს მეგობრულმა წევრებმა, კეთილმა ეპისკოპოსმა ან სამლოცველოს სისუფთავემ. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ეკლესიის ზრდისთვის.

მიუხედავად ამისა, თუ ჩვენი მოწმობის ფესვები ამაზე ღრმად არ ჩავიდა, რა მოხდება, როცა გადავალთ მეურვეობაში, რომელიც უფრო ნაკლებად შთამბეჭდავ შენობაში იკრიბება, წევრებთან, რომლებიც არ არიან იმდენად მეგობრულები და ეპისკოპოსი საწყენ სიტყვას გვეტყვის?

სხვა მაგალითი: განა გონივრული არ არის ვიმედოვნოთ, რომ თუკი მცნებებს დავიცავთ და ტაძარში ჩავიბეჭდებით, გვექნება დიდი, ბედნიერი ოჯახის კურთხევა, ჭკვიანი, მორჩილი, ეკლესიაში აქტიური შვილებით, რომლებიც მისიაში იმსახურებენ, მეურვეობის გუნდში იმღერებენ და ყოველ შაბათს დილით მოხალისედ დაასუფთავებენ ეკლესიის შენობას?

მე, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ ყოველივე ამას ვიხილავთ ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ ვაი და თუ არა? შევინარჩუნებთ კავშირს მხსნელთან ვითარების მიუხედავად - მივენდობით მას და მის დროს?

შეიძლება ვკითხოთ საკუთარ თავს: არის ჩემი მოწმობა დაფუძნებული იმაზე, რაც იმედია, მოხდება ჩემს ცხოვრებაში? დამოკიდებულია ეს სხვების ქმედებებზე ან მათ განწყობაზე? თუ ის მყარად დგას იესო ქრისტეზე, „ფესვგადგმულ[ი] და მისით აღშენებულ[ი]“, მიუხედავად ცხოვრებისეული ცვლილებადი ვითარებებისა?

ტრადიციები, ჩვევები და რწმენა

მორმონის წიგნი გვიყვება ხალხის შესახებ, რომლებიც „მკაცრნი იყვნენ ღმერთის წეს-ჩვეულებების დაცვაში“. მაგრამ შემდეგ სკეპტიკოსი სახელად ყორიჰორი გამოჩნდა, სასაცილოდ იგდებდა მხსნელის სახარებას, უწოდებდა მას „უგუნურს“ და „მამების უგუნურ ჩვეულებებ[ად]“. ყორიჰორმა გზა აუბნია მრავალთა გულებს, უბიძგებდა, თავი აღემართათ თავიანთ სიბოროტეში“. მაგრამ სხვებს ვერ ატყუებდა, რადგან მათთვის იესო ქრისტეს სახარება ტრადიციაზე მეტი იყო.

რწმენა ძლიერია, როცა მას ფესვი ღრმად აქვს გადგმული პირად გამოცდილებაში, იესო ქრისტესადმი პირად ერთგულებაში, მიუხედავად იმისა, თუ რა არის ჩვენი ტრადიციები ან რა შეიძლება თქვან ან გააკეთონ სხვებმა.

ჩვენს მოწმობას გამოცდიან. რწმენა არ იქნება, თუ ის არცერთხელ არ გამოიცდება. რწმენა არ არის ძლიერი, თუ მას არ დაუპირისპირდნენ. ამიტომ, ნუ იქნებით სასოწარკვეთილებაში, თუ თქვენს რწმენას ცდიან ან გაქვთ კითხვები, რომლემზედაც პასუხს ვერ პოულობთ.

ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ყველაფერი უნდა გვესმოდეს, სანამ ვიმოქმედებთ. ეს არ არის რწმენა. როგორც ალმა ასწავლიდა, „რწმენა არ ნიშნავს სრულყოფილ ცოდნას რაიმეს შესახებ“. თუ ჩვენ დაველოდებით, სანამ ყველა ჩვენს კითხვას პასუხი გაეცემა, ჩვენ სასტიკად შევზღუდავთ სიკეთეს, რომლის კეთებაც შეგვიძლია და ჩვენი რწმეენის ძალასაც შევზღუდავთ.

რწმენა ლამაზია, რადგან ის არსებობს მაშინაც კი, როცა არ ვიღებთ კურთხევბს, რომლების იმედიც გვქონდა. ჩვენ ვერ ვხედავთ მომავალს, არ ვიცით ყველა პასუხი, მაგრამ შეგვიძლია ვენდოთ იესო ქრისტეს, როცა წინ და მაღლა მივიწევთ ჩვენს გზაზე, რადგან ის არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი.

რწმენა უძლებს ცხოვრებისეულ განსაცდელებსა და გაურკვევლობას, რადგან მას მტკიცედ აქვს ფესვი გადგმული ქრისტესა და მის მოძღვრებაში. იესო ქრისტე და მამაზეციერი, რომელმაც იგი გამოგზავნა, ერთად არიან ჩვენი ნდობის ერთადერთი უცვლელი, სრულიად საიმედო ობიექტი.

მოწმობა არ არის რაღაც, რასაც ერთხელ მიიღებ და მუდამ შენთან იქნება. ის ხეს ჰგავს, რომელიც მუდამ უნდა კვებო. გულში ღვთის სიტყვის დათესვა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. რეალური სამუშაო იწყება მაშინ, როცა თქვენი მოწმობა ზრდას დაიწყებს. მაშინ „გამოვკვებავთ [მას] დიდი ზრუნვით, რათა ფესვი გაიდგას, გაიზარდოს და მოისხას ნაყოფი“. ამას „დიდი სიბეჯითით“ და „[სიტყვის] მოთმინებით“ უნდა ვაკეთებდეთ. მაგრამ უფლის დაპირება უტყუარია: „თქვენ მოიმკით ჯილდოს თქვენი რწმენის, სიბეჯითის, მოთმინების, სულგრძელობის, მრავალი ტანჯვისა და მოლოდინისთვის – როდის მოისხამს ეს ხე თქვენთვის ნაყოფს“.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მე გარკვეულ წილად მენატრება ძველი ცვიკაუს სამლოცველო და მისი ვიტრაჟები. მაგრამ ბოლო 75 წლის განმავლობაში იესო ქრისტე წინ მიმიძღვოდა ცხოვრების გზაზე მოგზაურობაში, რომელიც იმაზე უფრო ამაღელვებელია, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა. ის მე მრავალ გასაჭირში მანუგეშებდა, მეხმარებოდა საკუთარი სისუსტეების ამოცნობაში, ჩემს სულიერ ჭრილობებს კურნავდა და ჩემი რწმენის ზრდის პროცესში მკვებავდა .

ჩემი გულწრფელი ლოცვა და კურთხევაა, მუდამ ვკვებოთ მხსნელში ჩვენი რწმენის, მისი დოქტრინისა და მისი ეკლესიის ფესვი. მე ვმოწმობ ამას, ჩვენი მხსნელისა და გამომსყიდველის, ჩვენი მოძღვრის—იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. 2024 წელი ასევე არის ჩემი მოციქულობის 30 წლის იუბილე და 25 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჩვენი ოჯახი ამ მოწოდების გამო გერმანიიდან შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. და დაახლოებით 20 წლის წინ - 2004 წლის 2 ოქტობერს, მე მხარი დამიჭირეს თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წევრად და „მსოფლიოში ქრისტეს სახელის განსაკუთრებულ მოწმედ“ (მოძღვრება და აღთქმები 107:23).

  2. გარკვეულწილად, ჩემი გრძნობები ამ შენობის მიმართ ჰგავს ალმას ხალხის გრძნობებს მორმონის წყლების მიმართ – ეს იყო მათთვის მშვენიერი ადგილი, რადგან „იქ [მათ] მიიღეს ცოდნა თავიანთი გამომსყიდველის შესახებ“ (მოსია 18:30).

  3. მათე 24:35; იხ. ასევე ჯოზეფ სმითი - მათე 1:35.

  4. ესაია 54:10; 3 ნეფი 22:10.

  5. პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა ასწავლა იგივე ჭეშმარიტება ამ სიტყვებით: „მე მჯერა, რომ ყველაზე დიდ გაკვეთილებს შორის, რომლებიც უნდა ვისწავლოთ დედამიწაზე ამ ხანმოკლე ყოფნისას, არის გაკვეთილები, რომლებიც გვეხმარება განვასხვავოთ, რა არის მნიშვნელოვანი და რა - არა. გევედრებით, ნუ დაუშვებთ იმას, რომ ამ ყველაზე მნიშვნელოვანმა საქმემ გვერდზე ჩაგიაროთ (“Finding Joy in the Journey,” Liahona, Nov. 2008, 85). ანალოგიურად, როდესაც პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა ცოტა ხნის წინ მოგვიწოდა „ცელესტიალურად ვიფიქროთ“, მან თქვა: „მოკვდავობა არის მასტერკლასი, რომ ვისწავლოთ არჩევანის გაკეთება ყველაზე მნიშვნელოვანი მარადიული საგნებისთვის“ (“იაზროვნეთ ცელესტიალურად!,” ლიახონა, ნოემბერი, 2023, 118).

  6. Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2007), 264; see also Teachings of Presidents of the Church: Brigham Young (1997), 16–18.

  7. Teachings: Joseph Smith, 49.

  8. იოანე 15:4.

  9. მათე 23:23, New Revised Standard Version.

  10. საინტერესოა არქეოლოგიური მსგავსების აღნიშვნა ძველ ამერიკულ კულტურებსა და მორმონის წიგნის ხალხებს შორის? ეს შესაძლებელია. სასარგებლოა თუ არა მწიგნობართა და სხვათა ცნობებიდან შევიტყოთ დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ თარგმნა ჯოზეფ სმითმა მორმონის წიგნი? ზოგისთვის - კი. მაგრამ არცერთი ეს არ წარმოადგენს ხანგრძლივ მოწმობას, რომ მორმონის წიგნი ღვთის სიტყვაა. ამისათვის თქვენ უნდა იპოვოთ მხსნელი მორმონის წიგნში, რომ გაიგონოთ მისი ხმა, რომელიც გესაუბრებათ. როგორც კი ეს მოხდება, თქვენთვის აღარ ექნება მნიშვნელობა იმას, სად მდებარეობდა უძველესი ქალაქი ზარაჰემლა ან როგორ გამოიყურებოდა ურიმი და თუმიმი. ეს არის ტოტები, რომლების აჭრა შესაძლებელია თქვენი ხიდან და ის მაინც ცოცხალი იქნება.

  11. იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:19-20.

  12. იხ. ჯოი დ. ჯონსი, „For Him,” Liahona, Nov. 2018, 50-52.

  13. იხილეთ დაბადება 3:18.

  14. პრეზიდენტმა ნელსონმა ყველას მოგვიწოდა: „აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა იესო ქრისტეს დამოწმებასა და მის სახარაებაზე. იშრომეთ ამისთვის. კვებეთ ის, რათა გაიზარდოს“ („სძლიეთ სოფელს და შეისვენეთ,“ Liahona, ნოემბერი 2022, 97.

  15. კოლოსელთა 2:7.

  16. ალმა 30:3.

  17. იხილეთ ალმა 30:12-16, 31.)

  18. ალმა 30:18.

  19. საინტერესოა, რომ ყორიჰორის არგუმენტები სრულიად არადამაჯერებელი იყო ახლახან მოქცეულ ლამანიელებში, ამონის ხალხში (იხ. ალმა 30:19–20), რომლებიც არ მიჰყვებოდნენ ქრისტეს მამების ტრადიციის გამო.

    ამის საპირისპიროდ, მორმონის წიგნი ასევე მოგვითხრობს ახალგაზრდების თაობაზე, რომლებიც დაშორდნენ უფლის ეკლესიას, რადგან „მათ არ სწამდათ თავიანთი მამების ტრადიცია“ მოსია 26:1-4). კარგია, როცა ოჯახი მართალ ტრადიციებს ქმნის. მაგრამ ოჯახებისთვის აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად ესმოდეთ სიტყვა რატომ რომელიც ამ ტრადიციების უკან დგას. რატომ ვლოცულობთ დილა-საღამოს? რატომ ვსწავლობთ წმინდა წერილს ოჯახთან ერთად? რატომ ვატარებთ ყოველკვირეულ ოჯახურ საღამოებს, ღონისძიებებსა და მსახურების პროექტებს? თუ ჩვენს შვილებს ესმით, როგორ გვაახლოებს ეს ტრადიციები მამაზეციერთან და იესო ქრისესთან, ისინი, სავარაუდოდ, გააგრძელებენ და უკეთესობისკენ შეიცვლებიან საკუთარ ოჯახებში.

  20. ალმა 32:21. რწმენა ძლიერია არა იმის გამო, რაც იცის არამედ იმის გამო, რასაც აკეთებს.

  21. იხ. ებრაელთა 10:23.

  22. ალმა 32:37, 41-43.