გენერალური კონფერენცია
ღმერთს უყვარს თავისი ყველა შვილი
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ღმერთს უყვარს თავისი ყველა შვილი

იესო ქრისტე ყოველთვის მოგვიხმობს და გვიყენებს ჩვენ, თავის ჩვეულებრივ მსახურებს, რათა დავეხმაროთ მას თავისი შვილების შინ მიყვანაში.

რა სურს ჩვენს ზეციურ მამას თქვენგან? თქვენ გესმით, რომ თქვენი წინამიწიერი არსებობის დროს ზეციური მამა გამზადებდათ ცხოვრებისთვის დედამიწაზე? ახალგაზრდებთან საუბრისას პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ასწავლიდა, „ჩვენი ზეციური მამა ინახავს თავის ყველაზე კეთილშობილ სულებს — შეიძლება … თავის რჩეულ გუნდს — ამ საბოლოო ეტაპისთვის“. რადგან ჩვენ ამ უკანასკნელი დღეებისთვის მოგვიტოვეს, უმნიშვნელოვანესია, ვისწავლოთ იესო ქრისტეს მოწაფეობა.

უფალი იესო ქრისტე არის მწყემსი კეთილი და იცნობს თავის სამწყსოს და სამწყსო იცნობს თავის მწყემსს, რადგან „იგი სახელით მოუხმობს თავის ცხვრებს“. ის ყოველთვის მოგვიხმობს და გვიყენებს ჩვენ, მის ჩვეულებრივ მსახურებს, რათა დავეხმაროთ მას თავისი შვილების შინ მიყვანაში.

გარკვეული ხნის წინ, პალოს პრეზიდენტი და მე ადგილობრივ სამეზობლოში ეკლესიის წევრებს ვსტუმრობდით. დანიშნული ვიზიტების დასრულების შემდეგ, პალოს პრეზიდენტმა მკითხა, შეიძლებოდა თუ არა, კიდევ ერთი ოჯახი მოგვენახულებინა. მან იგრძნო, რომ კიდევ ერთ ოჯახს უნდა შევხვედროდით.

ჩვენ დავაკაკუნეთ და კარი დამ გაგვიღო. მან შემომხედა, მაგრამ არ იცოდა, ვინ ვიყავი, ამიტომ არაფერი გამოუხატავს. მე ხელით მივუთითე პალოს პრეზიდენტისკენ, რომელიც მას სახელით მიესალმა. როგორც კი მან მისი ხმა გაიგონა და იგი დაინახა, გაუხარდა. კარებთან მდგარნი ერთმანეთს გადაეხვივნენ და ტიროდნენ. ამან განსაზღვრა ჩვენი ვიზიტის ხასიათი. ჩვენ არ ვიცოდით, რომ დას ქიმიოთერაპია ჰქონდა წინა დღეს ჩატარებული. იგი თავს ძალიან სუსტად გრძნობდა და თავისი ზრდასრული ვაჟიშვილის მოვლა უჭირდა. ამგვარად, მე დავეხმარე პალოს პრეზიდენტს, ამ დის შვილი შეემოსა და ჩვენ ის თავის ინვალიდის ეტლში ჩავსვით. ჩვენ მას ვაჭამეთ საჭმელი, რომელიც სხვა მზრუნველ დას მეურვეობიდან მოეტანა და სხვა საქმეების შესრულებაშიც დავეხმარეთ. წამოსვლამდე ჩვენ ისინი დავლოცეთ.

ერთადერთი, რაც ჩემს გონებაში ტრიალებდა ამ ვიზიტის დროს, იყო დასტური, რომ იესო ქრისტეს ისინი ძალიან უყვარდა. მას ესმოდა მათი და იცოდა მათი კონკრეტული მტკივნეული მდგომარეობა. თითქმის მთელმა ვიზიტმა სიჩუმეში ჩაიარა. ამ შემთხვევაში ჩვენ ბევრი არ გვიქადაგია და არც ჩვენი რჩეული წმინდა წერილი გაგვიზიარებია, თუმცა უფალმა თავისი სულიწმინდით უხვად დაგვლოცა.

ერთ-ერთი დიდი მიზანი, რის გამოც ზეციურმა მამამ ამ დროს აქ გამოგგზავნათ არის ის, რომ თქვენი პოტენციალი სრულად გამოიყენოთ. იქადაგე ჩემი სახარება გვასწავლის, რომ ჩვენ, როგორც ქრისტეს მოწაფეებმა, ერთმანეთისთვის თავის შედარებას თავი უნდა ავარიდოთ. თქვენი სულიერი შესაძლებლობები არის უნიკალური, ინდივიდუალური, თანდაყოლილი და თქვენს ზეციურ მამას სურს, მათ განვითარებაში დაგეხმაროთ. ყოველთვის იქნება ვინმე, ვისაც შეგიძლიათ დაეხმაროთ, იგრძნოს ზეციური მამის სიყვარული. თქვენი პოტენციალი საღვთოა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მოემზადოთ ამ კონკურენციით აღვსილ სამყაროში წარმატების მისაღწევად, მაგრამ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი მისია უნდა იყოს, გახდეთ იესო ქრისტეს მოწაფე და სულიწმინდის კარნახით იმოქმედოთ. როდესაც ამას აკეთებთ, ღმერთი დალოცავს თქვენს ცხოვრებას; ის დალოცავს თქვენს ახლანდელ ან მომავალ ოჯახს და ის დალოცავს თავისი შვილების ცხოვრებას, რომელთაც თქვენ შეხვდებით.

ჩვენ ვცხოვრობთ დიდი შესაძლებლობების დროში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მრავალ სირთულეს ვუპირისპირდებით, მე ვიცი, რომ ისინი არსებობენ ნაწილობრივ იმიტომ, რომ სხვებს დავეხმაროთ ზეციური მამის სიყვარული იგრძნონ. პრეზიდენტი ნელსონი ასწავლიდა, რომ „ახლო მომავალში ჩვენ ვიხილავთ მხსნელის უდიდეს გამოვლინებას, რაც სამყაროს ოდესმე უნახავს. ჩვენ გვაქვს პრივილეგია ვიზრუნოთ ადამიანებზე, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, ჩახუტება, ნუგეში ან უბრალოდ მათთან ერთად სიჩუმეში ყოფნა. თუ ჩვენ შევძლებთ მათი ტვირთის შემსუბუქებას, თუნდაც სულ ერთი წუთით, მაშინ ჩვენ შევძლებთ დავინახოთ მხსნელის ძალის უდიდესი გამოვლენა მათ ცხოვრებაში.

როგორც იესო ქრისტეს მოწაფეებს, უკანასკნელ დღეთა წმინდანებს შეუძლიათ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სიხარულის წყარო, რომელიც აისახება ჩვენს გამომეტყველებაზე, სიხარულისა, რომელსაც სხვებს სიყვარულის სიტყვებითა და კეთილი საქმეებით ვუზიარებთ. მოდით, ვიყოთ კარგი მეზობლები, კარგი თანამშრომლები და კარგი მუშაკები. მოდით, ვეცადოთ, ყოველთვის კარგი ქრისტიანები ვიყოთ.

უფალმა თავისი სახარება აღადგინა აუცილებელი წეს-ჩვეულებებით, რათა ზეციური მამის შვილებს ჰქონოდათ ყველა დაპირება, რომელიც ჩვენ მასთან გვაკავშირებს. როდესაც ჩვენს დებსა და ძმებს ყოველდღიური გამოწვევების დროს ვეხმარებით, მოდით, გვახსოვდეს, დავეხმაროთ მათ, დადონ ეს წმინდა დაპირებები ღვთის წინაშე და შეასრულონ ისინი, რამეთუ ის თავის მხრივ ჰპირდება მათ უმდიდრეს კურთხევებს ამ და მარადიულ ცხოვრებაში. ეს დაპირებები შესაძლებელი ხდება იესო ქრისტეს სახარების აღდგენისა და მისი მღვდლობის გასაღებების საშუალებით.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია, სხვებს დავეხმაროთ აღთქმის გზაზე დარჩენაში. ზოგიერთი ჩვენგანი დროდადრო ამ გზიდან გადაუხვევს, ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ზეციური მამისგან ჩვენ ყოველთვის გვაქვს დაბრუნების შესაძლებლობა. მაშინაც კი, თუ ჩვენი გზა არ არის სრულყოფილი, მხსნელი ყოველთვის გვახსენებს, რომ „როდესაც [ვინანიებთ] და [ვითხოვთ] პატიებას, ნამდვილი მოწადინებით — [ჩვენ მოგვეტევება]“.

მოწინააღმდეგის ერთ-ერთი ეშმაკობა დღეს არის ის, რომ გვაფიქრებინოს და დაგვაჯეროს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შეცვლა ან აღარ გვაქვს იმედი. ასეთი დესტრუქციული აზროვნება ბევრ ჩვენგანს აიძულებს, შეწყვიტონ მცდელობები. ეს არის სწორედ ის დრო, როდესაც ჩვენს სიყვარულს, ჩვენს გამხნევებასა და მხარდაჭერას, ჩვენს დროსა და დახმარებას შეუძლია, დააიმედოს მეორე ადამიანი, რომ მან ხელახლა სცადოს.

იქნებ თქვენ ფიქრობთ: „კი, მაგრამ მე ვინ გამიწევს მზრუნველობას?“ ჩვენი ძმებისა და დების ცხოვრების დალოცვით, ჩვენ შევაგროვებთ მოწმობებს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას უფალ იესო ქრისტეს მიმართ რწმენით შეავსებს. ეს მოწმობები გამოგვაცოცხლებს, რათა ხელახლა ვცადოთ. სულიწმინდა გაგვაცოცხლებს და დაგვეხმარება განახლებული მოწმობებით, რათა ცხოვრება ჩვენი საკუთარი სირთულეებითა და პერსონალური მცდელობებით გავაგრძელოთ. ყოველთვის, როდესაც მონდომებული ვართ, სხვათა ცხოვრება ვაკურთხოთ, უფალი უფრო მეტად გვწყალობს. ის გვაძლიერებს და გვეხმარება ჩვენს ცხოვრებაში.

გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ უფალი იესო ქრისტე არის თქვენი მხსნელი და ესმის თქვენი. მან იცის, თუ რას ნიშნავს მოწოდების შესრულება და საკუთარი საქმის მიტოვება ღვთის შვილების დასახმარებლად. მას აქვს ძალა, დაგლოცოთ ყველაფერში, თუ იწამებთ მას და ეჭვი არ შეგეპარებათ.

ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, იმ დღეს, როდესაც მღვდლობის ხელმძღვანელმა იგრძნო შთაგონება, ვესტუმროთ დედა-შვილს, რომელნიც ჩვენს გეგმაში არ იყვნენ, მე ვაცხადებ, რომ ღმერთმა იცოდა, რომ მათ ვჭირდებოდით. შედეგად კი, მე ვიყავი ის, ვისაც მზრუნველობა გაუწიეს. იმ დღეს, მე მივიღე მხსნელის ჩვენ მიმართ სიყვარულის უდიდესი გაკვეთილი.

მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის სამყაროს მხსნელი, რომ ის ცოცხალია, ცხოვრობდა და აღესრულა თქვენთვის და ჩემთვის და აღდგა თქვენთვის და ჩემთვის, რათა ვისწრაფოდეთ სიხარულით აღსავსე ცელესტიალური გაერთიანებებისკენ იმ ადამიანებთან, რომლებიც საბურველის მეორე მხარეს არიან. მე ვიცი, რომ მას ძალიან კარგად ესმის თქვენი და ჩემი. მას ესმის ჩვენი თითოეული რთული მომენტი და მას აქვს ძალა, დაგვეხმაროს ასეთ დროს, როდესაც ყველაზე მეტად დაუცველნი ვართ. მე ვიცი, რომ უფალი იესო ქრისტე და ზეციური მამა მოევლინნენ ჯოზეფ სმითს ჩვენს დროში სახარების აღსადგენად. მე ვიცი, რომ რასელ მ. ნელსონი, ჩვენი ძვირფასი წინასწარმეტყველი, უფლის წინასწარმეტყველია და მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.