გენერალური კონფერენცია
ქრისტეს სიტყვები და სულიწმინდა მიგვიყვანს ჭეშმარიტებამდე
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ქრისტეს სიტყვები და სულიწმინდა მიგვიყვანს ჭეშმარიტებამდე

ამ წარმოუდგენელი გეგმის ცოდნა დაგვეხმარება გავიგოთ, რომ ღვთის შვილები ვართ და ჩვენ შეგვიძლია, დავემსგავსოთ მას.

ღმერთი არის ჩვენი ზეციერი მამა. ჩვენ ვართ მისი სულიერი შვილები და შექმნილი ვართ ხატად მისა. მაშასადამე, თითოეულ ჩვენგანში, როგორც ღვთის შვილში, ჩადებულია ღვთიური პოტენციალი, გავხდეთ მისი მსგავსი.

ამ ქვეყნად მოსვლამდე ჩვენ ვცხოვრობდით მასთან, როგორც სულები. ზეციერ მამას, როგორც ჩვენს სულიერ მშობელს, ვუყვარვართ და ჩვენთვის საუკეთესო სურს. მან ჩვენთვის მოამზადა გეგმა, რათა მივიღოთ უდიდესი კურთხევები — უკვდავება და მარადიული ცხოვრება. გეგმის თანახმად, ჩვენ, როგორც სულიერ შვილებს, მოგვეცემა თავისუფალი ნება, ავირჩიოთ მისი გეგმა. ამქვეყნად მოსვლით ჩვენ დავტოვებთ ღვთის გარემოცვას, დავივიწყებთ ჩვენს წინამიწიერ ცხოვრებას, შევისხამთ ხორცსა და ძვლებს, გავმდიდრდებით ჩვენი საკუთარი გამოცდილებით და გავიჩენთ რწმენას. ჩვენი ხორცშესხმული სხეულებით, როგორც ბუნებრივი ადამიანები, ჩვენ ვემორჩილებით ცდუნებას, ვხდებით უწმინდური, ღვთისგან დაშორებული და აღარ შეგვიძლია მის გარემოცვაში დაბრუნება. ზეციერი მამის ჩვენ მიმართ უსაზღვრო სიყვარულის გამო, მან გამოგზავნა თავისი პირმშო, იესო ქრისტე, რათა ყოფილიყო ჩვენი მხსნელი. მისი მსხვერპლის — გამოსყიდვის საშუალებით, იესო ქრისტემ შესაძლებელი გახადა, გამოვსყიდულიყავით ჩვენი ცოდვებისაგან, აღვმდგარიყავით და მიგვეღო მარადიული ცხოვრება.

მე უაღრესად მადლიერი ვარ ამ დიდებული ჭეშმარიტებებისა — რასაც ჩვენ მამის ხსნის გეგმას, მის მოწყალების გეგმას, ბედნიერების დიად გეგმას ვუწოდებთ. ამ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებების შემეცნება დამეხმარა, გამეცნო ჩემი ნამდვილი იდენტობა, ამაღლების დიდებული კურთხევები და მარადიული ცხოვრება, რომელიც ღმერთმა მოგვიმზადა ამაღლებისა და მარადიული ცხოვრებისათვის. წინასწარმეტყველი ნეფი გვასწავლიდა: „ამიტომ … ინადიმეთ ქრისტეს სიტყვებით; რადგან, აჰა, ქრისტეს სიტყვები გეტყვიან ყველაფერს, რაც უნდა გააკეთოთ.“ ნეფი დაგვპირდა: „თუ შეხვალთ ამ გზით და მიიღებთ სულიწმინდას, ის დაგანახებთ ყველაფერს, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ. დღეს მსურს, გაგიზიაროთ, როგორ დამეხმარა იესო ქრისტესა და სულიწმინდის სიტყვები ამ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების პოვნაში ჯერ კიდევ ყმაწვილობისას.

ქრისტეს სიტყვები გეტყვით ყველაფერს, რაც უნდა გააკეთოთ

როგორც ნეფიმ განაცხადა 1 ნეფის წიგნის შესავალ სტროფში, მეც ასევე „კარგი მშობლებისგან დავიბადე“. მე დავიბადე ნაგანოში, (იაპონია), ოჯახში, სადაც წესიერება, სიბეჯითე და თავმდაბლობა მკაცრად იყო წახალისებული, ძველ წეს-ჩვეულებებთან შესაბამისობა კი — მკაცრად დაცული. ჩემი მამა დიდად მორწმუნე კაცი იყო. მე ვხედავდი, როგორ ლოცულობდა იგი შინტოსა და ბუდისტურ საკურთხეველთან ყოველ დილითა და ღამით. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რომელი ღმერთის წინაშე ლოცულობდა ან რაზე ლოცულობდა მე მჯეროდა, რომ რაღაც უხილავ ღვთიურ ძალას ექნებოდა „ხსნის ძალა“ ან დაგვეხმარებოდა, თუ გულწრფელად ვილოცებდით.

სხვა მოზარდების ნაცვლად, მეც ბევრი გაჭირვება გამოვიარე. ვიტანჯებოდი, ვფიქრობდი რა, რომ ცხოვრება უსამართლო იყო და მას ბევრი აღმასვლა და დაღმასვლა ჰქონდა. დაკარგულად ვგრნობდი თავს, რადგან მიმართულება არ მქონდა ცხოვრებაში. ცხოვრება ძალიან წარმავალი ჩანდა, რადგან ჩვენს სიკვდილთან ერთად ისიც დასრულდებოდა. ცხოვრება, ხსნის გეგმის ცოდნის გარეშე, დამაბნეველი იყო.

არც თუ დიდი ხნის შემდეგ, რაც საშუალო სკოლაში ინგლისურის სწავლა დავიწყე, ყველა სტუდენტმა მიიღო ახალი აღთქმის ასლი. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურის სწავლა სულ ახალი დაწყებული გვქონდა, ჩვენმა მასწავლებელმა გვითხრა, კარგი იქნებოდა, ინგლისური კითხვით გვესწავლა. წიგნი გადავშალე და შინაარსს თვალი შევავლე. სიტყვები ახალი აღთქმიდან ძალიან რთული იყო ჩემთვის. ასევე რთული იყო ისინი იაპონურ ენაზეც. და მაინც, მე მიმიზიდა სულის შესახებ კითხვებისა და მტკიცებულებების სიამ, რომელიც ბიბლიის ტექსტის წინ იყო შეტანილი გიდეონის ბიბლიაში — კითხვები, რომლებიც ეხებოდა მარტო ყოფნას, თავდაჯერებულობის ნაკლებობას, დაბნეულობას, განსაცდელის დაპირისპირებასა და ა.შ. ამ სიის თითოეული კითხვა გამყარებული იყო ახალი აღთქმიდან მუხლებისა და გვერდების მითითებით. განსაკუთრებით მიზიდავდა მტკიცებულება: „როცა დაღლილი ხართ“. მითითებამ გადამიყვანა მათე 11:28–30-ზე, რომელშიც იესომ უთხრა თავის მოწაფეებს:

„მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.

„იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და პოვებთ სულის სიმშვიდეს.

„ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი.“

ეს იყო პირველად რომ წავიკითხე იესო ქრისტეს სიტყვები. მიუხედავად იმისა, რომ არ მესმოდა მის მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა, ისინი მე მანუგეშებდა, ჩემს სულს ამხნევებდა და იმედს მაძლევდა. რაც უფრო მეტად ვკითხულობდი მის სიტყვებს, უფრო მეტად ვგრძნობდი, რომ მისი სიტყვების სიკეთე უნდა გამომეცადა. არასდროს არ მიგრძვნია თავი ისე, როგორც იმ დღეს. მე ვიგრძენი, რომ მას ვუყვარდი. მე ვიგრძენი, რომ იესო ქრისტეს ვიცნობდი.

როცა სწავლას ვაგრძელებდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ის პირდაპირ მელაპარაკებოდა, როცა თქვა: „ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან“.

მისი სიტყვები ავსებდა ჩემს გულს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჩემი გრძნობების კარგად აღწერა არ შემეძლო. მიუხედავად იმისა, რომ იესო ქრისტე მრავალი საუკუნის წინ ცხოვრობდა ჩემთვის უცნობ ქვეყანაში, ვფიქრობდი, რომ შემეძლო მთელი გულით მივნდობოდი მის სიტყვებს. ვიმედოვნებდი, რომ ოდესმე მომავალში, იესო ქრისტეს შესახებ უფრო მეტს შევიტყობდი.

სულიწმინდა გაჩვენებთ ყველაფერს, რაც უნდა გააკეთოთ

ერთ დღესაც, სულ რაღაც რამდენიმე წლის შემდეგ, ეს მართლაც ასე მოხდა. მე შევხვდი ბოლო დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ძალიან თავდადებულ, ახალგაზრდა, სრული დატვირთვით მომსახურე მისიონერებს. ასევე მალე შევხვდი უკანასკნელ დღეთა წმინდანთა კეთილი და მხიარული ახალგაზრდების მცირე ჯგუფს, რომელიც ისწრაფოდა იესო ქრისტეს კვალზე სიარულისკენ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დრო დამჭირდა მათ ბოლომდე მივნდობოდი, აღდგენილ სახარებაში დავინახე ის, რაც მწყუროდა ახალი აღთქმის შესწავლისას — იესო ქრისტეს სიტყვები და მათგან მომდინარე იმედი და მშვიდობა.

განსაკუთრებით წმინდა გამოცდილება იყო, როდესაც მისიონერებმა მასწავლეს ლოცვა. გავიგე, რომ ღმერთს სახელით უნდა მივმართოთ. როცა ვლოცულობთ, უნდა ვილაპარაკოთ გულიდან, გამოვხატოთ მადლიერება და გავუზიაროთ ჩვენი იმედები და სურვილები. მას შემდეგ რაც ვიტყვით ყველაფერს, რისი თქმაც გვინდა, ჩვენ ვასრულებთ ლოცვას სიტყვებით: „იესო ქრისტეს სახელით, ამინ“. ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ იესომ გვიბრძანა, ვილოცოთ მისი სახელით. ზეციერი მამისადმი ლოცვა დამეხმარა გამეგო, თუ ვინ არის ის და ჩემი ურთიერთობა მასთან — რომ მე ვიყავი მისი საყვარელი სულიერი შვილი. მე გავიგე, რომ, რადგან ზეციერი მამა მიცნობს და ვუყვარვარ, ის პირადად დამელაპარაკებოდა, გამორჩეულად და ისე, როგორც ჩვენ გვესმის სულიწმინდის მეშვეობით

იყო დრო, როდესაც მე ნამდვილად ვერ ვცნობდი სულიწმიდას. მე არასწორად გავიგე, ვფიქრობდი, რომ ის უნდა გამეკეთებინა, რაც ლოცვაში იყო ნახსენები და რაღაც სასწაული მოხდებოდა. ერთ დღეს, მისიონერებთან გაკვეთილის დროს, დასვენების მიზნით საკლასო ოთახიდან გამოვედი. მე ჯერ კიდევ დაბნეული ვიყავი, რადგან არ ვიცოდი, რა უნდა მექნა ჩემს ცხოვრებაში, თუ იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება მართლაც ჭეშმარიტი აღმოჩნდებოდა.

როცა ოთახში დაბრუნებას ვაპირებდი, სადაც მისიონერები მელოდნენ, ერთ-ერთი მისიონერის ხმა გავიგონე. ჩემი სახელი მომესმა. კარის გაღების ნაცვლად, კარის მეორე მხრიდან ხმას ვუსმენდი. გაოგნებული ვიყავი. ისინი უბრალოდ ლოცულობდნენ ზეციერი მამის მიმართ. ვინც ლოცვას ამბობდა, ღმერთს ევედრებოდა, რომ ესმინა ჩემი ლოცვა. მიუხედავად იმისა, რომ მისი იაპონური ბრწყინვალე არ იყო, მისი გულწრფელი ლოცვის მოსმენამ გული მომილბო. მაინტერესებდა, რატომ ზრუნავდნენ ჩემზე ასე ძალიან. მაშინ მივხვდი, რომ მათი ლოცვა ჩემი სახელით იყო ზეციერი მამისა და მხსნელის ჩემ მიმართ სიყვარულის ასახვა. ამ სიყვარულმა იმედი მომცა და შემდეგ ღმერთს რწმენით და ნამდვილი მოწადინებით დავიწყე თხოვნა. როდესაც ეს გავაკეთე, ვიგრძენი მხიარული და მშვიდობიანი განცდა, რომ მე ნამდვილად ღვთის შვილი ვიყავი და რომ მქონდა ღვთაებრივი პოტენციალი და ბედი. ხსნის გეგმა ღრმად ჩაიბეჭდა ჩემს გულში.

პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა: „რას ფიქრობთ იმაზე, თუ ვინ ხართ, გავლენას ახდენს … ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ოდესმე მიიღებთ“. ეს ასეა ჩემთვის. გადაწყვეტილებამ - მევლო მხსნელი იესო ქრისტეს კვალზე მონათვლითა და სულიწმინდის ძღვენის მიღებით, იმაზე მეტად დალოცა ჩემი ცხოვრება, ვიდრე ეს წარმომედგინა. ღმერთთან ნათლობის აღთქმაში შესვლისას ჩვენ პირობას ვდებთ, რომ მზად ვართ, ავიღოთ იესო ქრისტეს სახელი ჩვენს თავზე, დავიცვათ ღვთის მცნებები და ვემსახუროთ მას ჩვენი სიცოცხლის ბოლომდე. ჩვენი ზეციერი მამა, თავის მხრივ, გვპირდება, რომ მისი სული — უწყვეტი ხელმძღვანელობა სულიწმინდისგან მარადჟამს იქნება ჩვენთან.

მოგიწოდებთ, გქონდეთ რწმენა იმ გზავნილისა, რომელიც ნეფიმ გვასწავლა, რომ ქრისტეს და სულიწმინდის სიტყვები გაჩვენებთ „ყველაფერს, რაც [თქვენ] უნდა გააკეთოთ“. ყველაფერს! ეს არის სასწაული ძღვენი უფლისგან.

ძმებო და დებო, მადლობელი ვარ ჩვენი ზეციერი მამის ბედნიერების გეგმისთვის. იმის გამო, რომ მას ვუყვარვართ, მან მოამზადა გზა, რათა თავისი მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით, თავის გარემოცვაში დაგვაბრუნოს. ამ წარმოუდგენელი გეგმის ცოდნა დაგვეხმარება გავიგოთ, რომ ღვთის შვილები ვართ და ჩვენ შეგვიძლია, დავემსგავსოთ მას. მადლობელი ვარ ამ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებისთვის. მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტეს სიტყვები და სულიწმინდა მიგვიყვანს ყველაფერთან, რაც უნდა გავაკეთოთ მარადიული სიცოცხლის მისაღებად. მე ვიცი, რომ ეს ყოველივე ჭეშმარიტებაა. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.