გენერალური კონფერენცია
განიწმიდე
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


განიწმიდე

ყოველდღიური მონანიება საშუალებას გვაძლევს, სულიწმინდის საშუალებით ამოვიცნოთ უფლის ხელმძღვანელობა.

როდესაც დაახლოებით ხუთი წლისა ვიყავი, ჩემს პატარა სოფელში, კოტ-დ’ივუარში, ეკლესიის უკან, მეგობრებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი. ცხადად მახსოვს, როგორ მოუწოდებდა მღვდელი თავის მრევლს, გაეწმინდათ სამოსი მხსნელის მოსვლისთვის მოსამზადებლად. ბავშვი ვიყავი და ეს მოწოდება პირდაპირი გაგებით გავიგე. სახლში უსწრაფესად გავიქეცი, რამდენადაც ჩემს პატარა ფეხებს შეეძლოთ და დედას ვთხოვე, გაესუფთავებინა ჩემი ტანსაცმელი, რათა მეორე დღეს, მხსნელის მოსვლისთვის, უმწიკვლო ვყოფილიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მხსნელის გარდაუვალ დაბრუნებას დედაჩემი სკეპტიკურად უყურებდა, მან ჩემი საუკეთესო სამოსი მაინც გარეცხა.

მეორე დღეს ჩავიცვი ჯერ კიდევ ისევ ცოტა სველი სამოსი და მონდომებით ველოდებოდი მხსნელის მოსვლის შესახებ გამოცხადებას. დღე ილეოდა და არაფერი ხდებოდა, მაშინ გადავწყვიტე, სამლოცველოში წავსულიყავი. ძალიან ვიყავი იმედგაცრუებული, როცა ეკლესია ცარიელი დამხვდა და მხსნელიც არ იყო მოსული. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩემი განცდები, როცა სახლში ნელ-ნელა მივდიოდი.

წლების შემდეგ, როდესაც მისიონერების გაკვეთილებზე დავდიოდი, რათა მოვმზადებულიყავი უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრად გახდომისთვის, წავიკითხე შემდეგი: „და ვერცერთი უწმინდური ვერ შევა მის სასუფეველში; ამიტომ, არაფერი შედის მის სავანეში, მათ გარდა, რომლებმაც ჩემი სისხლით გაირეცხეს სამოსელი, საკუთარი რწმენითა და ყოველი ცოდვის მონანიებით და საკუთარი ბოლომდე ერთგულებით“.

ახსნა, რომელიც მაშინ მივიღე, დამეხმარა, გამეგო მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება, რომელიც ჩემს ახალგაზრდა გონებას წლების განმავლობაში გაურბოდა. მქადაგებლის გზავნილი ეფუძნებოდა სულიერი სიწმინდის მნიშვნელობას. იგი მოუწოდებდა მრევლს, მოენანიებინათ, შეეცვალათ თავიანთი ცხოვრებანი და მხსნელისთვის მიემართათ გამოსყიდვისთვის.

ჩვენს ზეციერ მამას ესმის ჩვენი მიწიერი თავგადასავალი და ცოდვის გარდაუვალობა ჩვენს ცხოვრებაში. მე ძალიან მადლობელი ვარ, რომ მან მოგვცა მხსნელი ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად. მხსნელის გამოსყიდვითი მსხვერპლის საშუალებით, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მოინანიოს, ეძიოს პატიება და განიწმინდოს. მონანიება, სახარების ფუნდამენტური პრინციპი, არსებითია ამ ცხოვრების გამოწვევებით აღსავსე გზაზე ჩვენი სულიერი განვითარებისა და გამძლეობისთვის.

2022 წლის აპრილის გენერალურ კონფერენციაზე პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა მოუწოდა ეკლესიის ყველა წევრს, ყოველდღიურად გაეხარათ მონანიებით. მან თქვა:

გთხოვთ, არ შეშინდეთ და არ გადადოთ მონანიება. სატანა ხარობს თქვენი უბედურებით. ნუ გაახარებთ მას. უარი თქვით, გავლენა მოახდინოს თქვენს ცხოვრებაზე! დღეს დაიწყეთ, რათა განიცადოთ ხორციელ ადამიანზე უარის თქმის სიხარული. მხსნელს ყოველთვის ვუყვარვართ, თუმცა განსაკუთრებით მაშინ, როცა ვინანიებთ. …

„თუ ფიქრობთ, რომ ძალიან შორს ან ძალიან დიდი ხნით გადაუხვიეთ აღთქმის გზიდან და ვერ დაბრუნდებით, ეს ასე არ არის“.

თუ არის რამე თქვენს ცხოვრებაში, რაც ჯერ ბოლომდე არ მოგინანიებინათ, მე მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ პრეზიდენტ ნელსონის მოწოდება და არ გადადოთ მონანიება. ამან შეიძლება მოითხოვოს გარკვეული გამბედაობა; თუმცა, გარწმუნებთ, რომ სიხარული, რომელიც გულწრფელი მონანიებით მოდის, ბევრად აღემატება ჩვენს გაგებას. მონანიების საშუალებით დანაშაულის ტვირთი გვიმსუბუქდება და მას სიმშვიდისა და სიწყნარის გრძნობა ჩაენაცვლება. როდესაც ჩვენ გულმოდგინედ ვინანიებთ, ჩვენ ვიწმინდებით მხსნელის სისხლით, რაც ზრდის ჩვენს მგრძნობელობას სულიწმინდის მითითებებისა და გავლენის მიმართ.

ჩემი მარადიული კომპანიონი სმენის დაქვეითებით დაიბადა, რის შედეგად ის სმენის აპარატს ატარებს. მტვერმა და ოფლმა შეიძლება იმოქმედოს ამ აპარატის მუშაობაზე, ამიტომ ყოველ დილას მე ვხედავ, როგორ გულმოდგინედ ასუფთავებს ის შემაერთებელ მილებს, ვიდრე ყურზე მოირგებს მას. მარტივი, მაგრამ სისტემატური მოქმედება ხელს უშლის ჭუჭყის დაგროვებას, ტენიანობასა და კონდენსაციას, რის შედეგადაც მას უკეთესად ესმის და უკეთესად ურთიერთობს ადამიანებთან. როდესაც ამ ყოველდღიურ რუტინას უგულებელყოფს, მისი სმენის უნარი კლებულობს დღის განმავლობაში, წარმოთქმული სიტყვები ეტაპობრივად ბუნდოვანი ხდება და საბოლოოდ მას აღარაფერი ესმის. ისევე როგორც მისი ყოველდღიური სმენის აპარატის წმენდა მას საშუალებას აძლევს, ესმოდეს მკაფიოდ, ყოველდღიური მონანიებაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, ამოვიცნოთ უფლის ხელმძღვანელობა სულიწმინდის საშუალებით.

უფლის მიწიერი მსახურების დასასრულს და გეთსიმანიის ბაღში წასვლამდე, მან მოამზადა თავისი მოწაფეები მომავალ განსაცდელთან გასამკლავებლად. იგი არწმუნებდა მათ და ამბობდა: „ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმინდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს“.

სულიწმინდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა გაფრთხილება, გაძღოლა და ხელმძღვანელობა ნებისმიერი ადამიანისა, რომელიც უსმენს ნაზ, შინაგან ხმას. ისევე როგორც სმენის აპარატის დახშულ საკომუნიკაციო მილებს შეუძლია სათანადო ფუნქციონირების შეფერხება, ჩვენი სულიერი კავშირიც ზეციერ მამასთან შეიძლება იყოს დაზიანებული, რაც გამოიწვევს სახიფათო გაუგებრობას ან ხელს შეგვიშლის მისი რჩევის მიღებაში. ინტერნეტმა ინფორმაციის მიღება უფრო ხელმისაწვდომი გახადა ვიდრე ოდესმე. შედეგად, ჩვენ შეიძლება სამყაროს მივმართოთ დახმარებისთვის, ღმერთის ნაცვლად. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ასწავლიდა: „მომავალში შეუძლებელი იქნება სულიერი გადარჩენა სულიწმინდის გაძღოლის, მითითების, ნუგეშისა და მუდმივი გავლენის გარეშე“.

მე მადლიერი ვარ, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია სულიწმინდის ძღვენის მიღება ჩვენი წევრად დამტკიცების დროს. თუმცა, პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი გვაფრთხილებს, რომ „კურთხევების მიღება, რომლებიც მოგვეცემა სულიწმინდის ძღვენის საშუალებით, დამოკიდებულია, თუ რამდენად ღირსნი ვართ და „უფლის სული არ ცხოვრობს უწმიდურ ტაძრებში“.[ჰელამანი 4:24].”

როდესაც შეგნებულად ვირჩევთ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა დარიგებას, ჩვენი შესაძლებლობა — გვყავდეს სულიწმინდა მუდმივ მეგზურად, იზრდება. სულიწმინდა გვაძლევს სიცხადეს გადაწყვეტილების მიღებისას, გვაწვდის აზრებსა და შთაბეჭდილებებს, რომლებიც ჩვენი ზეციერი მამის ნებას შეესაბამება. სულიწმინდის მუდმივ მეგზურად ყოლა ჩვენი სულიერი ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია.

ბოლოს დავალებული მქონდა ერთ-ერთი პალოს კონფერენციის გაძღოლა სოლთ-ლეიქ გრეინჯერ ვესტ-ის პალოში, იუტაში. ამ ღონისძიებაზე შევხვდი პალოს პრეზიდენტს, რომელმაც გულმოდგინედ შეიმუშავა უნარი, ამოეცნო სულიწმინდის მინიშნებები მართალი ცხოვრებითა და ყოველდღიური მონანიებით. მზრუნველობის მცდელობათა ფარგლებში ჩვენ დავგეგმეთ სამი სახლის მონახულება. ჩვენი ბოლო ვიზიტის დასრულებისას აღმოვაჩინეთ, რომ მომდევნო ღონისძიებამდე დაახლოებით 30 წუთი გვქონდა დარჩენილი. როდესაც უკან ვბრუნდებოდით პალოს ცენტრში, პრეზიდენტ ჩესნათს ენიშნა, რომ კიდევ ერთი ოჯახი მოგვენახულებინა. ჩვენ ორივე დავთანხმდით ამ მინიშნებას.

ჩვენ მოვინახულეთ ჯოუნების ოჯახი, და იქ შევიტყვეთ, რომ და ჯოუნსი ლოგინს იყო მიჯაჭვული. ნათელი იყო, რომ მას მღვდლობის კურთხევა სჭირდებოდა. მისი ნებართვით, ჩვენ ის ვაკურთხეთ. როდესაც წასასვლელად მოვემზადეთ, და ჯოუნსმა იკითხა, თუ საიდან ვიცოდით, რომ მას ასე გადაუდებლად სჭირდებოდა კურთხევა. სიმართლე ის არის, რომ ჩვენ არ ვიცოდით. თუმცა, ზეციერმა მამამ, რომელმაც იცოდა მისი საჭიროებების შესახებ, იცოდა ეს და პრეზიდენტი ჩესნათი შთააგონა, იმ დის სახლში მისულიყო. როდესაც ჩვენ ვიღებთ წყნარი, ჩუმი ხმის დარიგებას, ჩვენ უკეთ ვართ აღჭურვილი, ვემსახუროთ ადამიანებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.

მე ვმოწმობ კეთილ და მოსიყვარულე ზეციერ მამაზე. იესო ქრისტე არის მხსნელი და კაცობრიობის გამომსყიდველი. მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტეს გამოსყიდვა არის ნამდვილი და როდესაც ვაგრძელებთ სულიწმინდის ხელმძღვანელობის მოსმენასა და გათვალისწინებას, ის გაგვიძღვება მონანიებისკენ და ჩვენს ცხოვრებაში მხსნელის გამოსყიდვის ძალის გამოყენებისკენ. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი არის ჭეშმარიტი და ცოცხალი წინასწარმეტყველი უფლისა, ყველა მღვდლობის გასაღებებით ამ დედამიწაზე. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.