გენერალური კონფერენცია
უფლის ხელი მზად არის ჩვენს დასახმარებლად
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


უფლის ხელი მზად არის ჩვენს დასახმარებლად

როცა იესო ქრისტეს რწმენით მივმართავთ, ის ყოველთვის გვეხმარება.

ბავშვობაში ჩემს ქვეყანაში, ჩილეში, სანაპიროზე, ოჯახთან ერთად დასასვენებლად წავედით. გახარებული ვიყავი, რომ ზაფხულის რამდენიმე დღე ოჯახთან ერთად უნდა გამეტარებინა. ასევე აღფრთოვანებული ვიყავი იმის გამო, რომ მეგონა, ჩემს ორ უფროს ძმასთან ერთად შევძლებდი წყალში გართობას.

ერთხელაც, ჩემი ძმები სათამაშოდ წავიდნენ იქ, სადაც დიდი ტალღები იშლებოდა, მე კი მეგონა, რომ უკვე საკმარისად დიდი ვიყავი ტალღებთან გასამკლავებლად. როდესაც იმ ადგილს მივუახლოვდი, მივხვდი, რომ ტალღები უფრო დიდი იყო, ვიდრე ნაპირიდან ჩანდა. მოულოდნელად ტალღა სწრაფად მეკვეთა. ვგრძნობდი, რომ ბუნების ძალა დამეუფლა და ზღვის სიღრმეში მითრევდა. როდესაც ტალღები წინ და უკან მისვრიდნენ, ვერც ვხედავდი და ვერც ვგრძნობდი, სად ვიყავი. ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ვიფიქრე, რომ დედამიწაზე ჩემი თავგადასავალი დასასრულს უახლოვდებოდა, ვიგრძენი ხელი, რომელიც წყლის ზედაპირზე მექაჩებოდა. როგორც იქნა, მზე დავინახე და სული მოვითქვი.

ჩემმა ძმამ, კლაუდიომ, შეამჩნია, როგორ ვცდილობდი ზრდასრულივით მოქცევას და ჩემს საშველად წამოვიდა. ნაპირიდან შორს არ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ წყალი მეჩხერი იყო, ორიენტირი მქონდა დაკარგული და ვერ ვხვდებოდი, რომ თავადვე შემეძლო, საკუთარ თავს დავხმარებოდი. კლაუდიომ მითხრა, რომ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი და თუ მენდომებოდა, ის მე მასწავლიდა. მიუხედავად იმისა, რომ ლიტრობით წყალი ვყლაპე, ჩემი სიამაყე და სურვილი- ვყოფილიყავი დიდი ბიჭი, უფრო ძლიერი იყო და ვთქვი: „რა თქმა უნდა“.

კლაუდიომ მითხრა, რომ ტალღებს უნდა შევჭიდებოდი. მე კი ჩემთვის ვთქვი, რომ დანამდვილებით წავაგებდი ამ ბრძოლას წყლის უზარმაზარ კედელთან.

როდესაც ახალი დიდი ტალღა მოგვიახლოვდა, კლაუდიომ უცბად თქვა: „შემომხედე; აი, ასე უნდა გააკეთო“. კლაუდიო გაიქცა მომავალი ტალღისკენ და ვიდრე ის გაიშლებოდა, ჩაყვინთა. მისმა ჩაყვინთვამ ჩემზე ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მომავალი ტალღა საერთოდ ვერ შევნიშნე. ამგვარად, ისევ ზღვის სიღრმეში ამოვყავი თავი და ბუნების ძალები ისევ წინ და უკან მატრიალებდნენ. რამდენიმე წამის შემდეგ, ისევ ვიგრძენი ხელი, რომელიც ისევ წყლის ზედაპირზე და ჰაერისკენ მექაჩებოდა. ჩემი სიამაყის ცეცხლი ნელდებოდა.

ამ დროს ჩემმა ძმამ შემომთავაზა, მასთან ერთად ჩამეყვინთა. მისი შემოთავაზების თანახმად, მას გავყევი და ჩვენ ერთად ჩავყვინთეთ. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველაზე რთულ გამოწვევას ვძლევდი. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ძალიან ადვილი, მაგრამ მე ეს შევძელი ჩემი ძმის დახმარებითა და მაგალითით. მისმა ხელმა ორჯერ გადამარჩინა; მისმა მაგალითმა მაჩვენა, როგორ გავმკლავებოდი გამოწვევას და იმ დღეს გამარჯვებული გამოვსულიყავი.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა მოგვიწოდა, ვიაზროვნოთ ცელესტიურად, და მე მინდა გავითვალისწინო მისი რჩევა და მივუსადაგო ის ჩემს საზაფხულო თავგადასავალს.

მხსნელის ძალა მტერზე

თუ ვიაზროვნებთ ცელესტიურად გავიგებთ, რომ ჩვენი ცხოვრება დაუპირისპირდება გამოწვევებს, რომლებიც თითქოსდა უფრო დიდია, ვიდრე მათთან გამკლავების ჩვენი შესაძლებლობა. მიწიერი ცხოვრების დროს ჩვენ გვემუქრება მოწინააღმდეგის თავდასხმები. ტალღების მსგავსად, რომლებმაც მე დამძლიეს ზაფხულის იმ დღეს, ჩვენ შეგვიძლია, თავი უძლურად ვიგრძნოთ და გვინდოდეს, უფრო ძლიერ ბედისწერას დავნებდეთ. ამ მავნე ტალღებს შეუძლია წინ და უკან ჩვენი გადატყორცნა. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, ვის აქვს ამ ტალღებზე ძალაუფლება და რეალურად, ყველაფერზე. ეს არის ჩვენი მხსნელი, იესო ქრისტე. მას შესწევს ძალა, დაგვიხსნას ნებისმიერი სავალალო მდგომარეობიდან და არახელსაყრელი სიტუაციიდან. მიუხედავად იმისა, მასთან ახლოს ვგრძნობთ თავს თუ არა, მას მაინც შეუძლია ჩვენთან მოსვლა, სადაც ვართ.

როდესაც მას რწმენით მივმართავთ, ის ყოველთვის გაგვამხნევებს და საჭირო დროს მზად იქნება და მოსურნეც, ხელი მოგვკიდოს და უსაფრთხო ადგილას გადაგვიყვანოს.

მხსნელი და მისი მსახურების მაგალითი

თუ ცელესტიალურად ვიაზროვნებთ, ჩვენ ამოვიცნობთ იესო ქრისტეს, როგორც მსახურების უნაკლო მაგალითს. წმინდა წერილებში ჩვენთვის არის მაგალითი, როდესაც უფალი და მისი მოწაფეები მიმართავენ ადამიანს, რომელსაც დახმარება, გადარჩენა ან კურთხევა სჭირდებოდა, როდესაც ისინი მას დახმარების ხელს უწვდიდნენ. როგორც ჩემს ამბავში, მე ვიცოდი, რომ ჩემი ძმა იქ იყო, მაგრამ იქ ყოფნა საკმარისი არ იყო ჩემთვის. კლაუდიომ იცოდა, რომ მე გასაჭირში ვიყავი და წყლიდან ამომიყვანა.

ხანდახან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანს უნდა მხარში დავუდგეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მას უჭირს და ხშირად ჩვენ უფრო მეტის გაკეთებაც შეგვიძლია. მარადიული პერსპექტივის ქონა დაგვეხმარება გამოცხადების მიღებაში, რათა დროულად შევთავაზოთ დახმარება გაჭირვებულ ადამიანებს. ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ სულიწმინდის ხელმძღვანელობასა და შთაგონებას იმის გასარკვევად, თუ როგორი დახმარებაა საჭირო, იქნება ეს ამქვეყნიური მხარდაჭერა ნუგეშის, საკვების ან ყოველდღიური დახმარების სახით, თუ სულიერი ხელმძღვანელობა, რათა სხვებს დავეხმაროთ მოამზადონ, დადონ და პატივი მიაგონ წმინდა აღთქმებს.

მხსნელი მზად არის ჩვენს დასახსნელად

როდესაც პეტრე, უფროსი მოციქული, „წყალდაწყალ წავიდა, რათა იესოსთან მისულიყო … მაგრამ … შეეშინდა, ჩაძირვა დაიწყო“, შემდეგ „იყვირა: „უფალო, მიხსენი მე“. იესომ უწყოდა ის რწმენა, რომელიც პეტრეს ჰქონდა მასთან წყლით მისასვლელად. მან ასევე უწყოდა პეტრეს შიში. ამ ამბის თანახმად, იესომ „იმ წამსვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა“ [და] უთხრა შემდეგი სიტყვები: „რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?“ მისი სიტყვები სასაყვედურო როდი იყო, არამედ ეს იყო შეხსენება, რომ ის, მესია, იყო მასთან და თავის მოწაფეებთან.

თუ ჩვენ ვიაზროვნებთ ცელესტიურად, ჩვენს გულებში მივიღებთ დამტკიცებას, რომ იესო ქრისტე მართლაც ჩვენი მხსნელია, ჩვენი ქომაგი მამასთან და ჩვენი გამომსყიდველი. როდესაც ჩვენ ვიწამებთ მას, ის დაგვიხსნის ჩვენი დაცემული მდგომარეობიდან, გაგვათავისუფლებს პრობლემებისგან, უძლურებისა და საჭიროებებისგან ამქვეყნიურ ცხოვრებაში და გვიბოძებს ყველაზე დიდ ძღვენს - მარადიულ ცხოვრებას.

მხსნელი არასდროს დაგვტოვებს

ჩემი ძმა არ დანებდა იმ დღეს. ის დაჟინებით მოითხოვდა მესწავლა, როგორ გამეკეთებინა იგივე დამოუკიდებლად. ის დაჟინებით მოითხოვდა, თუმცა ეს ჩემს ორჯერ გადარჩენად დაუჯდა. ის განაგრძობდა დაჟინებას მაშინაც კი, როდესაც თავიდან არ გამომდიოდა. ის მოითხოვდა ამას დაჟინებით, რათა ეს დაბრკოლება გადამელახა და გამემარჯვებინა. თუ ცელესტიალურად ვიაზროვნებთ მივხვდებით, რომ ჩვენი მხსნელი იმდენჯერ დაგვიდგება მხარში, რამდენჯერაც საჭირო იქნება, თუ გვინდა სწავლა, ცვლილება, დაძლევა, გამკლავება ან გამარჯვება ნებისმიერ რამეში, რაც ჭეშმარიტ და მარადიულ ბედნიერებას მოგვიტანს ცხოვრებაში.

მხსნელის ხელები

წმინდა წერილები უკვდავყოფენ მხსნელის ხელების სიმბოლოს და მის მნიშვნელობას. გამომსყიდველი მსხვერპლის გაღებისას მისი ხელები მილურსმული იყო ჯვარზე. მისი აღდგომის შემდეგ, იგი გამოეცხადა თავის მოწაფეებს სრულყოფილი სხეულით, მაგრამ მის ხელებზე ნალურსმევები დარჩა მისი მარადიული მსხვერპლის შემახსენებლად. მისი ხელი ყოველთვის დაგვეხმარება, მაშინაც კი, როდესაც ვერ ვხედავთ ან თავიდანვე ვერ ვგრძნობთ მას, რადგან ის ჩვენი ზეციერი მამის მიერ არჩეული იყო ჩვენს მხსნელად და მთელი კაცობრიობის გამომსყიდველად.

გამოსახულება
ჩვენკენ გაწვდილი მხსნელის ხელები

Within Our Grasp (ჩვენგან ერთ ნაბიჯში), ჯეი ბრაიან ვორდი

გამოსახულება
მხსნელის გადამრჩენი ხელი

The Hand of God [ღვთის ხელი], იონსუნ კიმი

თუ ცელესტიალურად ვიაზროვნებ ვიცი, რომ ამ ცხოვრებაში მარტო არ ვიქნები. ჩვენ აუცილებლად დავუპირისპირდებით გამოწვევებსა და გამოცდებს და ჩვენმა ზეციერმა მამამ იცის ჩვენი შესაძლებლობები და იცის, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სირთულეების ატანა და გადალახვა. ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ნაწილი და მივმართოთ მას რწმენით. მისი საყვარელი ძე, იესო ქრისტე, არის ჩვენი გადამრჩენელი და ყოველთვის დაგვიდგება მხარში. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. რასელ მ. ნელსონი, „იაზროვნეთ ცელესტიალურად!,” Liahona, Nov. 2023, 118.

    „და არჩევანის გაკეთბისას გიწვევთ, გრძელვადიან პერსპექტივაზე იფიქროთ — მარადისობის თვალსაზრისით. პირველ ადგილზე დააყენეთ იესო ქრისტე, რადგან თქვენი მარადიული ცხოვრება დამოკიდებულია თქვენს რწმენაზე მასში და მის გამოსყიდვაში. …

    „როდესაც დილემის წინაშე აღმოჩნდებით, ცელესტიურად იაზროვნეთ! როცა ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით — ცელესტიურად იაზროვნეთ! როცა ცხოვრება ან საყვარელი ადამიანები გაწყენინებენ — ცელესტიურად იაზროვნეთ! როცა ვინმე ნაადრევად გარდაიცვლება — ცელესტიურად იაზროვნეთ. როცა ვინმე მძიმე სენით არის დაავადებული — ცელესტიურად იაზროვნეთ. როცა ცხოვრების წნეხის ქვეშ აღმოჩნდებით — ცელესტიურად იაზროვნეთ! როცა ჩემ მსგავსად უბედური შემთხვევისგან ან ტრავმისგან იკურნებით — ცელესტიურად იაზროვნეთ!”

  2. იხ. მარკოზი 4:35–41.

  3. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვჯერა ჩვენი ზეციერი მამისა და იესო ქრისტეს უნარისა დაგვეხმარონ ყოველთვის, როცა გვჭირდება დახმარება, შეიძლება ეს დახმარება, ყოველთვის იმ გზით არ მოვიდეს, ჩვენ რომ ველოდებით. მნიშვნელოვანია გვწამდეს, რომ ისინი უკეთესად გვიცნობენ, ვიდრე ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავს და უზრუნველგვყოფენ იმ დახმარებითა და მხარდაჭერით, რომლებიც ყველაზე მეტად შეეფერება ჩვენს მდგომარეობას: „იცოდე, ჩემო შვილო, ყოველივე ეს შეგძენს გამოცდილებას და იქნება შენთვის სასარგებლო“.მოძღვრება და აღთქმები 122:7).

    ჩვენ წინაშე არსებული განსაცდელები და გამოწვევები, გვაძლევს ძალას და გვიწრთობს ხასიათს, რათა გავუძლოთ ცდუნებებსა და დავძლიოთ ხორციელი ადამიანი.

  4. იხ. მათე 14:31; მარკოზი 1:31; 5:41; 9:27; საქმენი 3:7; 3 ნეფი 18:36.

  5. როდესაც პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა მოგვიწოდა, გაგვეწია მზრუნველობა განახლებული და უფრო წმინდა გზით (იხილეთ “Ministering (მზრუნველობა)”, ლიახონა, მაისი, 2018, 100), მან ასევე მოგვიწოდა გაგვეგო, რომ მზრუნველობის ეს ახალი გზა არ არის ჩემ შესახებ და იმაზე, თუ რის გაკეთება მსურს მე, არამედ იმის შესახებ, თუ რა სჭირდებათ სხვებს. იესო ქრისტე გვაძლევს შესაძლებლობას, გვიყვარდეს ჩვენი მოყვასი (იხილეთ ლუკა 10:27) უფრო ამაღლებული და წმინდა გზით.

  6. მათე 14:29-30.

  7. მათე 14:31.

  8. ბედნიერების ჭეშმარიტად გასაგებად, ჩვენ უნდა გავიგოთ კურთხევების როლი ჩვენს ცხოვრებაში. კურთხევების განსაზღვრება გვეხმარება ამ ცნების განმარტებაში: „კურთხევა არის მეორე ადამიანისთვის ღვთიური წყალობის მინიჭება. ნებისმიერი რამ, რასაც წვლილი შეაქვს ჭეშმარიტ ბედნიერებაში, კეთილდღეობაში ან წარმატებაში, არის კურთხევა“ (Guide to the Scriptures, “Bless, Blessed, Blessing,” Gospel Library). ჩვენს სამყაროში ჭეშმარიტი ბედნიერება ხშირად ერევათ ხორციელ სიამოვნებასთან, რომელიც ჰბაძავს „ბედნიერებას“, რომელიც ხანმოკლეა.

  9. იხილეთ ესაია 49:16.