ოჰ, კეთილშობილო პირმშო ახალგაზრდებო
ღმერთი გენდობათ თქვენ, აღთქმის შვილებს, დაეხმაროთ მას თავისი შვილების შინ უსაფრთხოდ მიყვანაში.
უხუცესო სტივენსონ, ეს არის კონფერენცია, რომელიც არ უნდა მიეცეს დავიწყებას.
ჩვენს ოჯახს ყოველთვის მოსწონდა წიგნი „ ბავშვების წერილები უფალს“. აი რამდენიმე მათგანი:
„ძვირფასო ღმერთო, იმის მაგივრად, რომ ადამიანები კვდებოდნენ და ახლები იბადებოდნენ, რატომ არ დატოვებ იმათ, რომლებიც ახლა ცოცხლობენ?“
„როგორ მოხდა, რომ შენ გაქვს მხოლოდ ათი წესი, ჩვენს სკოლას კი — მილიონობით?“
„რატომ გვაძლევ გლანდებს, თუ მერე ისინი მაინც უნდა ამოვიღოთ?“
დღეს არ გვაქვს იმდენი დრო, რომ ვუპასუხოთ ყველა ამ შეკითხვას, მაგრამ არის სხვა კითხვა, რომელიც ხშირად მესმის ახალგაზრდებისგან და რომელსაც მინდა ახლა ვუპასუხო. მონღოლეთის დედაქალაქიდან, ულან-ბატორიდან აიდაჰოს ქალაქ თომასამდე გაისმის ერთი კითხვა: „რატომ? რატომ უნდა იცხოვრონ უკანასკნელ დღეთა წმინდანებმა ყველასგან განსხვავებულად?“
ვიცი, ძნელია, იყო განსხვავებული — განსაკუთრებით, როცა ახალგაზრდა ხარ და ძალიან გინდა, სხვებს მოსწონდე. ყველას უნდა, მოერგოს საზოგადოებას და ეს სურვილი დღევანდელ ციფრულ სამყაროში სოციალური მედიისა და კიბერბულინგის ფონზე არაჯანსაღად არის გაზრდილი.
მაშინ, ამ წნეხის გათვალისწინებით, რატომ ცხოვრობენ უკანასკნელ დღეთა წმინდანები ასე განსხვავებულად? გვაქვს ბევრი კარგი პასუხი: იმიტომ, რომ თქვენ ხართ ღვთის შვილი. იმიტომ, რომ თქვენ ხართ გათვალისწინებული უკანასკნელი დღეთათვის. იმიტომ, რომ თქვენ ხართ იესო ქრისტეს მოწაფე.
მაგრამ ეს პასუხები სხვებისგან ყოველთვის არ გამოგარჩევთ. ყველა ღვთის შვილია. ამჟამად დედამიწაზე ყველა გამოგზავნილია უკანასკნელი დღეების დროს. და მაინც ყველა როდი ცხოვრობს სიბრძნის სიტყვითა და უბიწოების კანონით ისე, როგორც შენ მიისწრაფვი, რომ იცხოვრო. არსებობს ქრისტეს მრავალი მამაცი მოწაფე, რომლებიც ამ ეკლესიის წევრები არ არიან. მაგრამ ისინი არ მსახურობენ მისიაში და უფლის სახლებში მათი წინაპრების სახელით არ ასრულებენ წეს-ჩვეულებებს ისე, როგორც თქვენ. ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს უფრო ღრმა ახსნა და აქვს კიდევაც.
დღეს მსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილო დამატებით მიზეზზე, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემს ცხოვრებაში. 1988 წელს, ახალგაზრდა მოციქულმა, სახელად რასელ მ. ნელსონმა, სიტყვა წარმოთქვა ბრიგამ იანგის უნივერსიტეტში სათაურით „მადლობა აღთქმისთვის“. ამ სიტყვაში ჯერ კიდევ უხუცესი ნელსონი ხსნიდა, რომ როდესაც აღთქმების დასადებად და დასაცავად არჩევანის თავისუფლებას ვიყენებთ, ჩვენ ვხდებით მემკვიდრენი მარადიული აღთქმისა, რომელიც ღმერთმა დადო ჩვენს წინაპრებთან ისტორიის სხვადასხვა პერიოდში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვხდებით „აღთქმის შვილები“. ეს ჩვენ გამოგვარჩევს სხვებისგან. ეს გვაძლევს წვდომას იმავე კურთხევებზე, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს, მათ შორის, პირმშოობისაც.
პირმშოობა! ალბათ, გაგიგიათ ეს სიტყვა. ჩვენ საგალობლებსაც კი ვგალობთ ამის შესახებ „ოჰ, კეთილშობილო პირმშო ახალგზარდებო, განაგრძეთ, განაგრძეთ, განაგრძეთ!“ ეს მიმზიდველი სიტყვაა. მაგრამ რას ნიშნავს ის?
ძველი აღთქმის დროში თუ მამა გარდაიცვლებოდა, მისი პირველშობილი ძე პასუხისმგებელი იყო, დედასა და დებზე ეზრუნა. მისი ძმები თავიანთი წილი მემკვიდრეობის მიღების შემდეგ სახლიდან მიდიოდნენ, რათა ამ ქვეყნად თავიანთ გზას დასდგომოდნენ, თავად კი პირველშობილი ძე, არსად მიდიოდა. ის დაქორწინდებოდა და საკუთარ ოჯახს შექმნიდა, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე მამის ქონებას განკარგავდა. ამ დამატებითი პასუხისმგებლობის გამო, მას მემკვიდრეობიდან დამატებითი წილი ეძლეოდა. წინამძღოლობა და სხვებზე ზრუნვა ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობა იყო? არა, როდესაც გაითვალისწინებთ მემკვიდრეობის დამატებით წილს, რომელიც მას ეძლეოდა.
დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ მიწიერ ოჯახებში თქვენი წარმოშობის რიგზე ან ქალისა და მამაკაცის ძველ აღთქმისეულ როლებზე. ჩვენ ვსაუბრობთ მემკვიდრეობაზე, რომელსაც თქვენ იღებთ, როგორც ქრისტეს თანამემკვიდრე იმ აღთქმისეული კავშირის გამო, რომელშიც აირჩიეთ იესოსთან და მამა ღმერთთან. ზედმეტად ბევრს მოელის ღმერთი თქვენგან, როდესაც სურს, რომ მისი სხვა შვილებისგან განსხვავებულად იცხოვროთ, რათა მათ უკეთესად გაუძღვეთ და ემსახუროთ? არა, როდესაც გაითვალისწინებთ კურთხევებს — ხორციელსა და სულიერს — რომლებიც თქვენ მოგეცათ.
ნიშნავს თქვენი პირმშოობა იმას, რომ თქვენ სხვებზე უკეთესი ხართ? არა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ თქვენგან მოელიან, დაეხმაროთ სხვებს, გახდნენ უკეთესნი. თქვენი პირმშოობა ნიშნავს იმას, რომ თქვენ არჩეული ხართ? დიახ, მაგრამ არ ხართ არჩეული, რათა იბატონოთ სხვებზე, არამედ რათა ემსახუროთ სხვებს. თქვენი პირმშოობა არის ღმერთის სიყვარულის სამხილი? დიახ, მაგრამ უფრო მეტად, ეს არის სამხილი მისი ნდობისა.
ერთია, როდესაც უყვარხართ და მეორე, როდესაც ბოლომდე გენდობიან. გზამკვლევში „ ახალგაზრდების გასაძლიერებლად “ , ვკითხულობთ: „თქვენი ზეციური მამა გენდობათ. მან გიბოძათ კურთხევები, მათ შორის, სახარების სისრულე და წმინდა წეს-ჩვეულებები და აღთქმები, რომლებიც გაკავშირებენ უფალთან და მოაქვთ მისი ძალა თქვენს ცხოვრებაში. ამ კურთხევებთან ერთად მოდის დამატებითი პასუხისმგებლობები. მან უწყის, თქვენ შეგიძლიათ, სამყარო შეცვალოთ უკეთესობისკენ და ეს ხშირად მოითხოვს, იყოთ განსხვავებული ყველასგან“.
ჩვენი მიწიერი გამოცდილება შეიძლება შევადაროთ საკრუიზო გემს, რომლითაც ღმერთმა გამოგზავნა ყველა თავისი შვილი ერთი ნაპირიდან მეორეზე მგზავრობისას. მოგზაურობა სავსეა სწავლის, ზრდის, ბედნიერებისა და პროგრესის შესაძლებლობებით, თუმცა ის ასევე სავსეა ხიფათებით. ღმერთს უყვარს ყველა თავისი შვილი და თითოეული მათგანის კეთილდღეობაზე ღელავს. მას არ უნდა არცერთი მათგანის დაკარგვა, ამიტომ ის იწვევს მათ, ვისაც სურვილი აქვთ, გახდნენ მისი გუნდის წევრები — და ეს თქვენ ხართ. თქვენი არჩევანის გამო —დადოთ და დაიცვათ აღთქმები, უფალი გთავაზობთ საკუთარ ნდობას. მას სწამს, რომ ხართ განსხვავებული, წილხვედრილი, დანიშნულებით, შეასრულოთ ის მნიშვნელოვანი საქმე, რომლის კეთებაც მან მოგანდოთ.
დაფიქრდით ამაზე! ღმერთი გენდობათ თქვენ, აღთქმის შვილებს — თავისი გუნდის წევრებს — რათა დაეხმაროთ მას თავისი შვილების შინ უსაფრთხოდ მიყვანაში. არ არის გასაკვირი, რომ პრეზიდენტმა ბრიგამ იანგმა ერთხელ თქვა: „ყველა ანგელოზი ზეცაში, შეჰყურებს ხალხის ამ პატარა ჯგუფს“.
როდესაც ამ გემზე იმყოფებით, რომელსაც დედამიწას უწოდებთ და ირგვლივ ათვალიერებთ, თქვენ შეიძლება, ხედავთ სხვა ადამიანებს მოსასვენებელ სკამებზე, რომლებიც სვამენ, თამაშობენ კაზინოში, იცვამენ გამომწვევ ჩასაცმელს, გამუდმებით არიან ტელეფონში და ელექტრონულ თამაშებზე დიდ დროს ხარჯავენ. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ გაინტერესებდეთ, „რატომ არ შემიძლია მე ამის კეთება?“ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვეულებრივი მგზავრი არ ხართ. თქვენ ხართ გუნდის წევრი. თქვენ გაქვთ პასუხისმგებლობები, რომლებიც მგზავრებს არ აქვთ. როგორც და არდეტ კაპმა ერთხელ თქვა, „შენ ვერ იქნები [მაშველი], თუ ისევე გამოიყურები, როგორც ყველა მოცურავე სანაპიროზე“.
და ვიდრე ზედმეტი ვალდებულებები გულმოდგინებას შეგინელებდეთ, გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ გუნდის წევრები იღებენ იმას, რასაც სხვა მგზავრები არ იღებენ: ანაზღაურებას. უხუცესმა ნილ ლ. ანდერსენმა თქვა, „მართალთათვის არსებობს მაკომპენსირებელი სულიერი ძალა“, მათ შორის, „უდიდესი გარანტია, უდიდესი დამტკიცება და უდიდესი ნდობა“. მსგავსად აბრაამისა ძველად, თქვენ მიიღებთ უდიდეს ბედნიერებასა და მშვიდობას, უდიდეს სამართალსა და უდიდეს ცოდნას. თქვენი კომპენსაცია არ არის ზეცაში სავანე და ქუჩები, ვითარცა ოქროთი მოკირწყლული. იოლი იქნებოდა ზეციური მამისათვის, თქვენთვის მოეცა ყველაფერი, რაც აქვს. მისი სურვილია, რომ დაგეხმაროთ გახდეთ, რაც თვითონ არის. ამგვარად, თქვენი ვალდებულებები მოითხოვს თქვენგან უფრო მეტს, რადგან სწორედ ამ გზით უფალი თქვენ გიქმნით შესაძლებლობას, თქვენი პოტენციალი სრულად გამოავლინოთ.
„ნებისმიერი ადამიანისგან ამის მოთხოვნა მეტისმეტად ბევრია, მაგრამ თქვენ არ ხართ ნებისმიერიადამიანი!“ თქვენ ხართ ახალგაზრდები კეთილშობილი პირმშოობით. თქვენი აღთქმისეული კავშირი ღმერთთან და იესო ქრისტესთან არის სიყვარულისა და ნდობის ურთიერთობა, რომელშიც თქვენ გაქვთ წვდომა უფლისა და მისი ძის მადლის უფრო დიდ წილზე — მათ ღვთიურ დახმარებაზე, ძლიერებით შემოსვასა და მამოქმედებელ ძალაზე. ეს ძალა არ არის მხოლოდ სასურველის რეალობად მიღება, იღბლის თილისმა ან თვითშესრულებადი. ის ნამდვილია.
როდესაც ასრულებთ თქვენი პირმშოობის პასუხისმგებლობებს, თქვენ მარტო არასდროს ხართ. უფალი ვენახისა თქვენთან ერთად იღწვის. თქვენ იღწვით იესო ქრისტეს მხარდამხარ. თითოეულ ახალ აღთქმასთან ერთად — როდესაც უფალთან თქვენი ურთიერთობა ღრმავდება — თქვენ ერთმანეთი უფრო და უფრო მჭიდროდ გიჭირავთ, ვიდრე ბოლოსდაბოლოს ერთმანეთთან მტკიცედ არ დაკავშირდებით. უფლის მადლის ამ წმინდა სიმბოლოში თქვენ ნახავთ ორივეს — სურვილსა და სიძლიერეს — რათა იცხოვროთ სწორედ ისე, როგორც მხსნელი ცხოვრობდა — მთელი სამყაროსგან განსხვავებულად. თქვენ ეს შეგიძლიათ იესო ქრისტეს მხარდაჭერის გამო!
2 ნეფი 2:6 -ში ჩვენ ვკითხულობთ, „ამიტომაც, გამოსყიდვა მოდის წმინდა მესიაში და მისი მეშვეობით, რადგან ის აღსავსეა მადლითა და ჭეშმარიტებით“. რამეთუ უფალი სავსეა ჭეშმარიტებით, ის გხედავთ თქვენ ისეთს, როგორიც ხართ — ნაკლით, სისუსტით, სინანულითა და ყველაფრით. რამეთუ ის არის მადლით აღსავსე, ის გხედავთ ისეთს, როგორიც თქვენ შეგიძლიათ, სინამდვილეში იყოთ. ის გხვდებათ იქ, სადაც თქვენ ხართ და გეხმარებათ მონანიებასა და გაუმჯობესებაში, დაძლევასა და გარდაქმნაში.
„ოჰ, კეთილშობილო პირმშო ახალგაზრდებო, განაგრძეთ, განაგრძეთ, განაგრძეთ!“ მე ვმოწმობ, რომ თქვენ მას უყვარხართ — და ის თქვენ გენდობათ — დღეს, 20 წლის შემდეგ და უკუნისამდე. ნუ გაჰყიდით თქვენს პირმშოობას ოსპის შეჭამანდზე. ნუ გაცვლით ყველაფერს არაფერზე. არ მისცეთ თქვენი შეცვლის საშუალება ამ სამყაროს, როდესაც თქვენ თავად ხართ დაბადებული იმისთვის, რომ შეცვალოთ ის. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.