ჯანყის იარაღის დამარხვა
დაე, დავმარხოთ — ძალიან, ძალიან ღრმად, ღმერთის წინააღმდეგ აჯანყების ნებისმიერი ელემენტი ჩვენს ცხოვრებაში, შევცვალოთ ის მოსურნე გულითა და გონებით.
მორმონის წიგნში ჩაწერილია, რომ ქრისტეს დაბადებამდე დაახლოებით 90 წლით ადრე, მეფე მოსიას ვაჟებმა 14-წლიანი მისია დაიწყეს ლამანიელებთან. ლამანიელთა მრავალი თაობის ქრისტეს სწავლებამდე მიყვანა წარუმატებელი აღმოჩნდა. თუმცა ამჯერად, სულიწმიდის სასწაულებრივი ჩარევით, ათასობით ლამანიელი მოიქცა და იესო ქრისტეს მოწაფე გახდა.
ჩვენ ვკითხულობთ: „და ისე, როგორც ცოცხალია უფალი, ისევე ჭეშმარიტია, რომ მათ, ვინც იწამეს ანუ ყველა, ვინც მიყვანილი იქნა ჭეშმარიტების ცოდნამდე, ამონისა და მისი ძმების ქადაგებების მეშვეობით, შესაბამისად გამოცხადების სულისა და წინასწარმეტყველებისა და ღმერთის ძალის, რომელიც მათში სასწაულებს ახდენს – დიახ, მე გეუბნებით: ისე, როგორც ცოცხალია უფალი, ისე ყველა ლამანიელი, რომელმაც იწამა მათი ქადაგება და მოქცეულ იქნა უფლის რწმენაში, არასდროს აღარ ასცდენია გზას“.
ამ ხალხის გრძელვადიანი მოქცევის ახსნა მოცემულია შემდეგ მუხლში: „რადგან იქცნენ მართალ ხალხად; დათმეს თავიანთი ჯანყის იარაღი, ისე, რომ მეტად აღარ იბრძოდნენ არც ღმერთისა, არც რომელიმე თავიანთი ძმების წინააღმდეგ“.
მითითება „ჯანყის იარაღ[ზე]“ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობის არის. ეს ნიშნავს მათ ხმლებსა და საომარ იარაღს, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს ღმერთსა და მისი მცნებებისადმი დაუმორჩილებლობას.
ამ მოქცეული ლამანიელების მეფემ ასე გამოხატა ეს: „და ახლა, აჰა, ჩემო ძმებო, … ეს არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, რომ მოვინანიოთ ყველა ჩვენი ცოდვა და მრავალი მკვლელობა, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ და შევთხოვოთ ღმერთს, მოგვაცილოს ისინი გულიდან, რადგან ეს იყო ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, რათა საკმარისად მოგვენანიებინა ღმერთის წინაშე, რომ მას მოეცილებინა ჩვენი ლაქა“.
ყურადღება მიაქციეთ მეფის სიტყვებს - მათმა გულწრფელმა მონანიებამ გამოიწვია არა მხოლოდ მათი ცოდვების მიტევება, არამედ ღმერთმა ასევე მათ გულიდან მოაშორა ამ ცოდვების ლაქა და ცოდვის ჩადენის სურვილიც კი. მოგეხსენებათ, იმისთვის, რომ არ დაეშვათ ღმერთის წინააღმდეგ აჯანყების წინა მდგომარეობაში შესაძლო დაბრუნება, მათ თავიანთი ხმლები დამარხეს. და შეცვლილი გულით ფიზიკური იარაღის დამარხვისას მათ აგრეთვე დამარხეს ცოდვის ჩადენის განწყობა.
ჩვენ შეიძლება ვკითხოთ საკუთარ თავს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მივბაძოთ ამ ნიმუშს, „დავთმოთ [ჩვენი] ჯანყის იარაღი“ როგორიც არ უნდა იყოს ის და ისე გავხდეთ „უფლისადმი მოქცეულნი“, რომ ცოდვის ლაქა და ცოდვის სურვილი გაქრეს ჩვენი გულებიდან და არასდროს არ ჩამოვშორდეთ გზას.
ჯანყი შეიძლება იყოს აქტიური ან პასიური განზრახ აჯანყების კლასიკური მაგალითია ლუციფერი, რომელიც წინამიწიერ სამყაროში შეეწინააღმდეგა მამის გამოსყიდვის გეგმას და სხვებიც წააქეზა, დაპირისპირებოდნენ მას, „და იმ დღეს, მრავალი გაჰყვა მას“. ძნელი არ არის იმის დანახვა, თუ რა გავლენას ახდენს მისი აჯანყება ჩვენს დროში.
მორმონის წიგნის ანტიქრისტეს უწმინდური ტრიო - შერემი, ნეჰორი და ყორიჰორი - გთავაზობთ ღმერთის წინააღმდეგ აქტიური აჯანყების კლასიკურ შესწავლას. ნეჰორისა და ყორიჰორის ყოვლისმომცველი დევიზი იყო, რომ ცოდვა არ არსებობს; ამიტომ, არ არის საჭირო მონანიება და არ არსებობს მხსნელი. „ყოველი ადამიანი აღწევს საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად და … ყოველი ადამიანი იმარჯვებს საკუთარი ძალის შესაბამისად; და რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა – არ ჩაითვლება დანაშაულებად“. ანტიქრისტე უარყოფს რელიგიურ უფლებამოსილებას, ახასიათებს წეს-ჩვეულებებსა და აღთქმებს როგორც „გადმოცემულ[ს] … უძველესი მღვდლების მიერ, რათა მათზე მიიტაცონ ხელისუფლება და უფლებამოსილება“.
უკანასკნელი დღეების განზრახ აჯანყების მაგალითი ბედნიერი დასასრულით არის უილიამ ვ. ფელფსის ისტორია. ფელფსი ეკლესიის წევრი 1831 წ. გახდა და ეკლესიის მბეჭდავად დაინიშნა. მან დაარედაქტირა ეკლესიის რამდენიმე ადრეული პუბლიკაცია, დაწერა მრავალი საგალობელი და ჯოზეფ სმითის მწერლად მსახურობდა. სამწუხაროდ, ის ეკლესიისა და წინასწარმეტყველის წინააღმდეგ წავიდა, ჯოზეფ სმითის წინააღმდეგ მისურის სასამართლოში ცრუ ჩვენებაც კი მისცა, რამაც ხელი შეუწყო წინასწარმეტყველის იქ დაპატიმრებას.
მოგვიანებით ფელფსმა ჯოზეფს მისწერა და პატიებას სთხოვდა. „მე ვიცი ჩემი სიტუაცია, შენც იცი, ღმერთმაც იცის და მინდა გადავრჩე, თუ მეგობრები დამეხმარებიან“.
წინასწარმეტყველმა ასე უპასუხა: „მართალია, ჩვენ ბევრი ვიტანჯეთ შენი საქციელის გამო. … თუმცა, თასი შეისვა, ჩვენი ზეციერი მამის ნება შესრულდა და ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ. … მოდი, ძვირფასო ძმაო, რადგან ომი დამთავრდა, რამეთუ თავში მეგობრები ბოლოშიც მეგობრებად რჩებიან“.
გულწრფელი მონანიებით, უილიამ ფელფსმა დამარხა თავისი „ჯანყის იარაღი“, ის კიდევ ერთხელ მიიღეს სრული თანამეგობრობით და მას არასოდეს აღარ გადაუხვევია გზიდან.
ალბათ ღმერთის წინააღმდეგ აჯანყების უფრო მზაკვრული ფორმაა პასიური ვერსია - მისი ნების იგნორირება ჩვენს ცხოვრებაში. მრავალი ადამიანი, რომელიც არასოდეს განიხილავს აქტიურ აჯანყებას, შეიძლება მაინც ეწინააღმდეგებოდეს ღმერთის ნებასა და სიტყვას, ღვთიური მითითების გარეშე საკუთარ გზაზე სიარულით. მახსენდება წლების წინ მომღერალ ფრენკ სინატრას მიერ შესრულებული ცნობილი სიმღერა, კულმინაციური ხაზით: „მე ეს ჩემებურად გავაკეთე“. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში უამრავი ადგილია პირადი პრეფერენციებისთვის და ინდივიდუალური არჩევანისთვის, მაგრამ როდესაც საქმე ხსნას და მარადიულ სიცოცხლეს ეხება, ჩვენი სიმღერა უნდა იყოს „მე ეს ღვთის გზით გავაკეთე“, რადგან სხვა გზა ნამდვილად არ არსებობს.
აიღეთ, მაგალითად, მაცხოვრის ნათლობა. მან ნათლობა მიიღო, როგორც მამისადმი ერთგულების დემონსტრირება და ჩვენთვის მაგალითი:
„ის დაანახებს ადამიანთა შვილებს, რომ ხორციელის თანახმად მამის წინაშე თავს იმდაბლებს და მოწმობს მამისათვის, რომ მორჩილი იქნება მისი მცნებების დაცვაში. …
და მან უთხრა ადამიანთა შვილებს: გამომყევით. ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, შევძლებთ მივყვეთ იესოს, თუ არ ვიქნებით მზად დავიცვათ მამის მცნებანი“?
არ არსებობს „ჩემებურად“, თუ ჩვენ ქრისტეს მაგალითს ვბაძავთ. ზეცისკენ მიმავალი განსხვავებული კურსის პოვნის მცდელობა ბაბილონის გოდოლზე მუშაობის ამაოებას ჰგავს, ნაცვლად ქრისტესა და მისი ხსნის ძიებისა.
ხმლები და სხვა იარაღი, რომელიც ლამანიელმა მოქცეულებმა დამარხეს, ჯანყის იარაღი იყო, იმის გამო, თუ როგორ იყენებდნენ მას. მათი ვაჟების ხელში არსებული იგივე იარაღი, რომელსაც იყენებდნენ ოჯახისა და თავისუფლების დასაცავად, საერთოდ არ იყო ღმერთის წინააღმდეგ აჯანყების იარაღი. იგივე ითქმის იმავე იარაღზე ნეფიელთა ხელში: „ისინი არ იბრძოდნენ არც მონარქიისათვის და არც ძალაუფლებისათვის, არამედ იბრძოდნენ საკუთარი სახლებისთვის და თავისუფლებისთვის, ცოლებისთვის და შვილებისთვის; და ყველაფრისთვის, რაც საკუთარი იყო, დიახ, თავიანთი თაყვანისცემის წეს-ჩვეულებებისა და ეკლესიისათვის“.
ანალოგიურად, ჩვენს ცხოვრებაშიც არის რაღაც – შეიძლება ნეიტრალური ან თუნდაც არსებითად კარგი, მაგრამ არასწორად გამოყენებული, „ჯანყის იარაღი“ ხდება. მაგალითად, ჩვენმა საუბარმა შეიძლება გაანათლოს ან დააკნინოს ვინმე. როგორც იაკობმა თქვა:
„ენის მოთვინიერება კი [როგორც ჩანს] კაციშვილს არ შეუძლია. დაუოკებელია ეს ბოროტება და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე.
„მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მით ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს.
„ერთი პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევა და წყევლა. ასე არ უნდა იყოს, ჩემო ძმებო“.
დღეს საჯარო და პირად დისკუსიებში ბევრი რამ არის მავნებელი და ბოროტი. უამრავი საუბარი ვულგარული და უხამსია, ახალგაზრდებშიც კი. ასეთი მეტყველება არის „ჯანყის იარაღი“ ღმერთის წინააღმდეგ, „მომაკვდინებელი გესლით სავსე“.
განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რაც არსებითად კარგია, მაგრამ შეიძლება შემობრუნდეს ღვთიური მითითებების წინააღმდეგ - ადამიანის კარიერა. შეგიძლიათ იპოვოთ ნამდვილი კმაყოფილება პროფესიაში, ხელობაში ან სამსახურში და ყველა ჩვენგანი სარგებლობს იმით, რასაც ერთგულმა და ნიჭიერმა ადამიანებმა მრავალ სფეროში მოღვაწეობით მიაღწიეს და შექმნეს.
და მაინც, შესაძლებელია, რომ კარიერისადმი ერთგულება ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანი გახდეს. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება, მათ შორის ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც მხსნელმა შეიძლება წარადგინოს პიროვნების დროსთან და ნიჭთან მიმართებით. როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის, ქორწინების ლეგიტიმური შესაძლებლობების უგულებელყოფა, მეუღლის გვერდში არდგომა და არამაღლება, შვილების აღზრდაში მონაწილეობის არმიღება ან თუნდაც შვილების ყოლის კურთხევაზე და ვალდებულებაზე განზრახ უარის თქმა მხოლოდ კარიერული წინსვლისთვის, შეიძლება საამაყო მიღწევა აჯანყების ფორმად გადააქციოს.
სხვა მაგალითი ჩვენს ფიზიკურ კეთილდღეობას ეხება. პავლე მოციქული გვახსენებს, რომ უნდა ვადიდოთ ღმერთი ხორცითა და სულით და რომ სხეული სულიწმიდის ტაძარია, „რომელიც ღვთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით“. ამრიგად, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ინტერესი, სხეულის საუკეთესოდ მოვლისთვის გამოვყოთ დრო. რამდენიმე ჩვენგანი მიაღწევს შესრულების პიკს, რომელიც ახლახან ვიხილეთ ოლიმპიური და პარაოლიმპიური სპორტსმენების მიღწევებში და ზოგიერთი ჩვენგანი განიცდის ასაკის ეფექტს ანუ რასაც პრეზიდენტმა მ. რასელ ბალარდმა უწოდა „მოქლონების დაშლა“.
მიუხედავად ამისა, მე მჯერა, რომ ჩვენს შემოქმედს უხარია, როდესაც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვიზრუნოთ მის შესანიშნავ ძღვენზე - ფიზიკურ სხეულზე. აჯანყების ნიშანი იქნებოდა საკუთარი სხეულის დამახინჯება, მისი ბოროტად გამოყენება ან თუ არ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაცავად არის შესაძლებელი. ამავდროულად, ამაოება და საკუთარი აღნაგობით, გარეგნობითა თუ ჩაცმულობით გატაცება შეიძლება მეორე უკიდურესობის აჯანყების ფორმა იყოს, როცა ადამიანი ღმერთის ნაცვლად ღვთის ძღვენს სცემს თაყვანს.
ბოლოსდაბოლოს, ჯანყის იარაღის დათმობა უბრალოდ ნიშნავს დაუთმო სულიწმიდის მოპატიჟებას, არ დათმო ხორციელი ადამიანი და „გახდ[ე] წმინდანი, უფალი ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით“. ეს ნიშნავს, პირველი მცნების პირველ ადგილზე დაყენებას ჩვენს ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, დაუთმო ღმერთს პირველობა. თუ ჩვენი სიყვარული ღმერთისადმი და ჩვენი მონდომება, ვემსახუროთ მას მთელი ძალით, გონებითა და ღონით, გახდება სასინჯი ქვა, რომლითაც განვსჯით ყველაფერს და მივიღებთ ყველა ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ დავმარხავთ ჯანყის იარაღს. ქრისტეს მადლით ღმერთი მოგვიტევებს წარსულის ცოდვებსა და ჯანყს და წაიღებს ამ ცოდვებისა და აჯანყების ლაქას ჩვენი გულებიდან. დროთა განმავლობაში ის ჩვენს გულებიდან ბოროტების ჩადენის ნებისმიერ სურვილსაც კი გააქრობს, როგორც მან ეს მოქცეულ ლამანიელებთან მოახდინა წარსულში. ამის შემდეგ, ჩვენც „არასდროს [ავცდებით] გზას“.
ჯანყის იარაღის დამარხვა უნიკალურ სიხარულამდე მოგვიყვანს. ყველანი, ვინც უფლისკენ მოიქცნენ, „მოყვანილნი [ვართ], რათა [ვიგალობოთ] გამომსყიდველი სიყვარული“. ჩვენმა ზეციერმა მამამ და მისმა ძემ, ჩვენმა გამომსყიდველმა, დაადასტურეს თავიანთი დაუსრულებელი ერთგულება ჩვენი საბოლოო ბედნიერებისთვის ყველაზე ღრმა სიყვარულისა და მსხვერპლის მეშვეობით. ჩვენ ყოველდღიურად განვიცდით მათ სიყვარულს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ სიყვარულითა და ერთგულებით. დაე, დავმარხოთ — ძალიან, ძალიან ღრმად, ღმერთის წინააღმდეგ აჯანყების ნებისმიერი ელემენტი ჩვენს ცხოვრებაში და შევცვალოთ ის მოსურნე გულითა და გონებით. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.