გენერალური კონფერენცია
უფალი იესო ქრისტე ისევ მოვა
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


უფალი იესო ქრისტე ისევ მოვა

ახლა არის დრო თქვენთვის და ჩემთვის, მოვემზადოთ ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს, მეორე მოსვლისთვის.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მადლიერი ვარ იმისთვის, რომ უფალმა დამლოცა, სიტყვით მოგმათოთ დღეს.

ამ კონფერენციაზე უფალი გვესაუბრებოდა თავისი მსახურების მეშვეობით, მე მოგიწოდებთ, შეისწავლოთ მათი გზავნილები. მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გამოიყენეთ ისინი, როგორც ლაკმუსის ტესტი რათა ამოიცნოთ, რა არის ჭეშმარიტი და რა - არა.

თითქმის ხუთი წელია გრძელდება სოლთ-ლეიქ ტაძრისა და ტაძრის მოედნის მიდამოების განახლება და დაცვა. ამჟამინდელი გათვლები გვიჩვენებს, რომ ეს სამუშაოები დამთავრდება 2026 წლის ბოლოს. ჩვენ მადლიერები ვართ ყველა იმ ადამიანის, ვინც მონაწილეობს ამ მასიურ პროექტში.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ ჩავატარეთ ცხრა ტაძრის მიძღვნის და ხელახლა მიძღვნის ცერემონია ხცრა ქვეყანაში. წლის ბოლომდე ჩვენ კიდევ ხუთი ტაძრის მიძღვნის ჩატარებას ვაპირებთ.

დღეს სიამოვნებით ვაცხადებთ კიდევ 17 ტაძრის მშენებლობას. გთხოვთ, მოწიწებით მოუსმინოთ ამ ადგილების განცხადებას.

  • ხუჩიტან დე სარაგოსა, მექსიკა

  • სანტა ანა, ელ სალვადორი

  • მედელინი, კოლუმბია

  • სანტიაგო, დომინიკის რესპუბლიკა

  • პუერტო მონტი, ჩილე

  • დუბლინი, ირლანდია

  • მილანი, იტალია

  • აბუჯა, ნიგერია

  • კამპალა, უგანდა

  • მაპუტო, მოზამბიკი

  • კორ დ’ალენი, აიდაჰო

  • ქვინ კრიკი, არიზონა

  • ელ პასო, ტეხასი

  • ჰუნტსვილი, ალაბამა

  • მილვაუკი, ვისკონსინი

  • სამიტი, ნიუ ჯესი

  • პრაისი, იუტა

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ხედავთ, რა ხდება უშუალოდ ჩვენს თვალწინ? ვლოცულობ იმაზედ, რომ არ გამოვტოვოთ ამ მომენტის სიდიადე! უფალი მართლაც აჩქარებს თავის საქმეს.

რატომ ვაშენებთ ტაძრებს ასეთი უპრეცედენტო სისწრაფით? რატომ? იმიტომ, რომ უფალმა მიგვითითა ეს. ტაძრის კურთხევები გვეხმარება ისრაელის შეკრებაში საბურველის ორივე მხარეს. ეს კურთხევები აგრეთვე ეხმარება იმ ხალხის მომზადებაში, რომლებიც დაეხმარებიან სამყაროს, უფლის მეორე მოსვლისთვის!

გამოსახულება
მხსნელის მეორედ მოსვლა.

როგორც წინასწარმეტყველმა ესაიამ იწინასწარმეტყველა და როგორც ეს ჰენდელის მესიაშიარის აღბეჭდილი, ქრისტეს დაბრუნებისას „გამოჩნდება უფლის დიდება და იხილავს მას ყველა ხორციელი ერთიანად“.

იმ დღეს „იქნება მთავრობა მის მხრებზე; და უწოდებენ მას სახელად: საკვირველს, მრჩეველს, ძლიერ ღმერთს, საუკუნო მამას, მთავარს მშვიდობისა“.

იესო ქრისტე იმეფებს როგორც ძველ ისე ახალ იერუსალიმში, რომელიც „დაფუძნდება ამერიკის კონტინენტზე“. ამ ორი ცენტრიდან ის უხელმძღვანელებს ეკლესიის ყოველ საქმეს.

იმ დღეს უფალი ეცოდინებათ როგორც „უფალთ უფალი და მეფეთ მეფე“. მასთან მყოფი „მოწოდებულნი რჩეულნი და სარწმუნონი არიან“.

დებო და ძმებო, ახლა არის დრო თქვენთვის და ჩემთვის, მოვემზადოთ ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს, მეორე მოსვლისთვის. ახლა არის დრო, გავხადოთ ჩვენი მოწაფეობა ყველაზე მაღალ პრიორიტეტად. თავბრუდამხვევი ყურადღების გამფანტველი ფაქტორებით სავსე სამყაროში როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

გამოსახულება
რომის ტაძარი იტალიაში.

ტაძარში რეგულარული მსახურება დაგვეხმარება. უფლის სახლში ჩვენ ფოკუსირებას ვახდენთ იესო ქრისტეზე. ჩვენ ვსწავლობთ მის შესახებ. ჩვენ აღთქმებს ვდებთ, რათა მის კვალზე ვიაროთ. ჩვენ მას შევიცნობთ. როცა სატაძრო აღთქმებს ვდებთ, ჩვენ უფრო დიდად მიგვიწვდება ხელი უფლის გამაძლიერებელ ძალაზე. ტაძარში ჩვენ ვიღებთ დაცვას ამაქვეყნიური შემოტევებისგან. ჩვენ უხვად ვგრძნობთ მამაზეციერისა და იესო ქრისტეს წმინდა სიყვარულს. ჩვენ ვგრძნობთ სიწყნარესა და სულიერ სიმშვიდეს, საპირისპიროდ ამაქვეყნისა.

აი ჩემი დაპირება: იესო ქრისტეს ყოველი გულწრფელი მაძიებელი მას ტაძარში იპოვის. თქვენ იგრძნობთ მის წყალობას. თქვენ იგრძნობთ პასუხებს თქვენს ყველაზე შემაშფოთებელ პრობლემებზე. თქვენ უკეთ გაიაზრებთ მისი სახარების სიხარულს.

მე შევიტყვე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელსაც ყოველმა ჩვენგანმა უნდა გასცეს პასუხი, არის: ვის ან რას მივუძღვნი ცხოვრებას?

გამოსახულება
პრეზიდენტი ნელსონი ქირურგის როლში.

გადაწყვეტილება - ვიარო იესო ქრისტეს კვალზე, არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ოდესმე მიმიღია. სამედიცინოზე სწავლის დროს მე მივიღე მოწმობა მამა ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, ღვთიური ბუნების შესახებ. იმ დროიდან, ჩვენი მხსნელი იყო კლდე, რომელზედაც მე ჩემი ცხოვრება ავაშენე. ამ გადაწყვეტილებამ ყველაფერი შეცვალა! ამ გადაწყვეტილებამ უამრავი სხვა გადაწყეტილების მიღება გაამარტივა. ამ გადაწყვეტილებამ მიზანი და მიმართულება მომცა. ის ასევე დამეხმარა ცხოვრების ქარიშხლების ჩაწყნარებაში. მოდით, ორ მაგალითს გაგიზიარებთ.

პირველი: როცა ჩემი მეუღლე, დენცელი, მოულოდნელად გარდაიცვალა, მე ვერცერთ ჩვენს შვილს ვერ ვუკავშირდებოდი. სულ მარტო ვიყავი, სასოწარკვეთილი და დახმარებისთვის შევღაღადებდი. საბედნიეროდ, უფალმა, თავისი სულიწმინდით, გამიმხილა, რატომ იქნა წაყვანილი სახლში ჩემი ძვირფასი დენცელი. ამ ცოდნამ ნუგეში მომიტანა. დროთა განმავლობაში მე უკეთ შემეძლო გლოვის გამკლავება. მოგვიანებით მე ჩემი საყვარელი მეუღლე, ვენდი, შევირთე ცოლად. ის ჩემი მეორე მაგალითის ცენტრალური ნაწილია.

როცა მე და ვენდი შორეულ ქვეყანაში დავალებით ვიმყოფებოდით, შეიარაღებულმა მძარცველებმა თავზე იარაღი მომადეს და ჩახმახს გამოსდეს თითი. თუმცა თოფმა არ გაისროლა. ამ შემთხვევაში ორივე ჩვენგანის სიცოცხლე საფრთხეში იყო. მიუხედავად ამისა მეც და ვენდიმაც უდავო სიმშვიდე ვიგრძენით. ეს იყო სიმშვიდე, რომელიც „ყოველგვარ გონებას აღემატება“.

დებო და ძმებო, უფალი თქვენც განუგეშებთ! ის გაგაძლიერებთ. ქაოსში ყოფნის დროსაც კი ის სიმშივიდით დაგლოცავთ.

გამოსახულება
უფალი იესო ქრისტე.

გთხოვთ, მოუსმინოთ იესო ქრისტეს დაპირებას: „მე ვიქნები თქვენ მარჯვნივ და მარცხნივ, ჩემი სული იქნება თქვენს გულებში და ჩემი ანგელოზები – თქვენ გარშემო, რათა მხარში ამოგიდგნენ“.

მხსნელის დახმარება უსასრულოა. მისი გონებისთვის მიუწვდომელი ტანჯვა გეთსიმანიაში და გოლგოთაზე თქვენთვის იყო! მისი უსაზღვრო გამოსყიდვა თქვენთვის არის!

მე გიწვევთ, ცხოვრების ბოლომდე, ყოველ კვირას დაუთმოთ დრო იესო ქრისტეს გამოსყიდვის უფრო ღრმად წვდომას. გული მტკივა მათ გამო, ვინც ცოდვებშია ჩაძირული და არ იცის, როგორ დააღწიოს მათ თავი. ვტირი მათ გამო, ვინც სულიერად იტანჯება ან მარტო ატარებს მძიმე ტვირთს, რადგან მათ არ ესმით, რა გააკეთა მათთვის იესო ქრისტემ.

იესო ქრისტემ აიღო საკუთარ თავზე თქვენი ცოდვები, თქვენი ტკივილი, თქვენი გულისტკივილი და თქვენი უძლურობა. არ არის აუცილებელი, მარტო ატაროთ ყოველივე ეს. ის მოგიტევებთ, თუკი მოინანიებთ. იგი დაგლოცავთ თქვენი საჭიროებების უზრუნველყოფით. ის განკურნავს თქვენს დაჭრილ სულს. როცა მის უღელში ჩაებმებით, თქვენი ტვირთი შემსუბუქდება. თუ დადებთ აღთქმას - იაროთ ქრისტეს კვალზე და დაიცავთ მას, თქვენ აღმოაჩენთ, რომ თქვენი ცხოვრების მტკივნეული მომენტები დროებითია. თქვენი ტანჯვა „შთაინთქება ქრისტეს სიხარულში“.

თქვენთვის არც ძალიან ადრე და არც ძალიან გვიანია, გახდეთ იესო ქრისტეს ერთგული მოწაფე. შემდეგ თქვენ სრულად გამოსცდით გამოსყიდვის კურთხევებს. თქვენ აგრეთვე უფრო შედეგიანად დაეხმარებით ისრაელის შეკრებაში.

გამოსახულება
იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, დადგება დღე, როცა იესო ქრისტე დაბრუნდება დედამიწაზე როგორც ათასწლიანი მესია. ასე რომ დღეს მოგიწოდებთ, კვლავ მიუძღვნათ ცხოვრება იესო ქრისტეს. მე მოგიწოდებთ, დაეხმაროთ გაფანტული ისრაელის შეკრებაში და მოამზადოთ სამყარო უფლის მეორედ მოსვლისთვის. მე მოგიწოდებთ, ისაუბროთ ქრისტეზე, დაამოწმოთ ქრისტეზე, იქონიოთ რწმენა ქრისტეში და იხაროთ ქრისტეში!

მოდით ქრისტესთან და „მიუძღვენით [მას] მთელი თქვენი სული“. ეს არის ხალისიანი ცხოვრების საიდუმლო!

საუკეთესო წინ გელით, ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, რადგან მხსნელი კვლავ მოვა! საუკეთესო წინ გელით, რადგან უფალი აჩქარებს თავის საქმეს. საუკეთესო წინ გელით, თუკი სრულად შემოვუბრუნებთ გულს და ცხოვრებას იესო ქრისტეს.

მე საზეიმოდ ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა. მე მისი მოწაფე ვარ. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო მისი მსახური. უფლის მეორე მოსვლისას „გამოჩნდება უფლის დიდება და იხილავს მას ყველა ხორციელი ერთიანად“. ის დღე აღვსილი იქნება სიხარულით მართალთათვის.

წმინდა მღვდლობის გასაღებების ძალით, რომელთაც ვფლობ, მე ვაცხადებ ამ ჭეშმარიტებას თქვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის! იესო ქრისტეს სახელით, ამინ.