მოგესალმებით სიხარულის ეკლესიაში
ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს გამომსყიდველი ცხოვრებისა და მისიის გამო, ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიყოთ ყველაზე მხიარული ხალხი დედამიწაზე!
დაახლოებით 37 წლის წინ, 1987 წლის შობის ღამეს, მე უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრი გავხდი. ეს ჩემი ცხოვრებისა და მარადიული მოგზაურობის მართლაც შესანიშნავი დღე იყო. მე გულწრფელად მადლიერი ვარ ჩემი მეგობრებისა, რომლებმაც გზა მომიმზადეს და ახალი დაბადების წყლებთან მომიყვანეს.
განურჩევლად იმისა, იყო თქვენი ნათლობა გუშინ ან წლების წინ, იკრიბებით დიდ მრავალმრევლიან ეკლესიის შენობაში თუ ჩალით გადახურულ წნულში, იღებთ ზიარებას მხსნელის მოსაგონებლად ტაილანდურ თუ სუაჰილის ენაზე, მინდა გითხრათ: მოგესალმებით სიხარულის ეკლესიაში! მოგესალმებით სიხარულის ეკლესიაში
სიხარულის ეკლესია
ჩვენი მამაზეციერის სიყვარულით სავსე გეგმის გამო თითოეული მისი შვილისთვის და ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს გამომსყიდველი ცხოვრებისა და მისიის გამო, ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიყოთ ყველაზე მხიარული ხალხი დედამიწაზე! მაშინაც კი, როცა ამ ხშირად პრობლემურ სამყაროში ცხოვრებისეული ქარიშხალი გვატყდება თავს, ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ მზარდი და მუდმივი სიხარული და შინაგანი სიმშვიდე, ქრისტესადმი ჩვენი იმედის და ბედნიერების მშვენიერ გეგმაში ჩვენი ადგილის გააზრების გამო.
უფლის მთავარი მოციქული, პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, მას შემდეგ, რაც ეკლესიის პრეზიდენტი გახდა, თითქმის ყოველ თავის გამოსვლაში საუბრობს სიხარულზე, რომელიც მოდის იესო ქრისტეზე ფოკუსირებული ცხოვრებით. მან ეს ისე მოკლედ შეაჯამა: „სიხარული მოდის მისგან და მის გამო. … უკანასკნელ დღეთა წმინდანთათვის იესო ქრისტე სიხარულია“!
ჩვენ იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები ვართ. ჩვენ სიხარულის ეკლესიის წევრები ვართ! და არსად არ უნდა იყოს ჩვენი ადამიანური სიხარული იმაზე აშკარა, ვიდრე მაშინ, როცა ვიკრიბებით ყოველ კვირადღეს ზიარების შეხვედრებზე, რათა თაყვანი ვცეთ ყოველგვარი სიხარულის წყაროს! აქ ჩვენ ვიკრიბებით ჩვენი მეურვეობისა და მრევლის ოჯახებთან ერთად, რათა აღვნიშნოთ უფლის სერობის საიდუმლო, ჩვენი ხსნა ცოდვისა და სიკვდილისგან და მაცხოვრის ძლიერი მადლი! აქ მოვდივართ, რათა იესო ქრისტეს მეშვეობით განვიცადოთ სიხარული, ვიპოვოთ თავშესაფარი, მიტევება, მადლიერება და ჩვენი ადგილი.
ქრისტეში ერთობლივი სიხარულის სულს გრძნობთ? ეს გრძნობა შემოგაქვთ ეკლესიაში? შესაძლოა ფიქრობთ, რომ ამას თქვენთან დიდი კავშირი არ აქვს, ან შესაძლოა უბრალოდ შეჩვეული ხართ რუტინას. მაგრამ ჩვენ ყველას, ასაკისა და მოწოდების განურჩევლად, შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ჩვენი ზიარების შეკრება იყოს სიხარულით აღვსილი, ქრისტეზე ფოკუსირებული და მაქსიმალურად მეგობრული, სასიხარულო მოწიწების სულით.
სასიხარულო მოწიწება
სასიხარულო მოწიწება შეიძლება იკითხოთ: „და ეს შესაძლებელია“? დიახ! ჩვენ ძლიერ გვიყვარს, ვადიდებთ და პატივს ვცემთ ჩვენს ღმერთს და ჩვენი მოწიწება მოდის სულიდან, რომელიც ხარობს ქრისტეს უხვი სიხარულის, მოწყალებისა და ხსნის გამო! ეს სასიხარულო მოწიწება უფლისადმი უნდა ახასიათებდეს ზიარების ჩვენს წმინდა შეკრებებს.
თუმცა, ბევრისთვის მოწიწება ნიშნავს მხოლოდ გულზე ხელების დაკრეფას, თავის დახრას, თვალების დახუჭვას და გაუნძრევლად ჯდომას - განუსაზღვრელი დროით! ეს შეიძლება გამოგვადგეს ენერგიული მცირეწლოვანი ბავშვების სწავლებისთვის, მაგრამ რომ ვიზრდებით და ვსწავლობთ, მოდით შევნიშნოთ, რომ მოწიწება ამაზე ბევრად მეტია. ასე მოვიქცეოდით, მხსნელი რომ ყოფილიყო ჩვენთან? არა, რადგან „სისავსე სიხარულისა [მისი] სახის წინაშე[ა]“!
მრავალ ჩვენგანს ზიარების დროს ასეთი საქციელის გამომუშავებისთვის ვარჯიში დასჭირდება.
თაყვანისცემა თუ დასწრება
ჩვენ არ ვიკრიბებით კვირადღეს მხოლოდ იმისთვის, რომ უბრალოდ დავესწროთ ზიარების შეკრებას და ვალი მოვიხადოთ. ჩვენ ერთად ვიკრიბებით ღვთის თაყვანისცემისთვის. ამ ორ იდეას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. დასწრება ნიშნავს ფიზიკურად ყოფნას. მაგრამ თაყვანისცემა არის ჩვენი ღმერთის გააზრებული ქება-დიდება ისე, რომ ჩვენც შევიცვალოთ ამ პროცესში!
სცენაზე და მრევლში
თუ ჩვენ ვიკრიბებით მხსნელის მოსაგონებლად და გამოსყიდვისთვის, რომელიც უფალმა შესაძლებელი გახადა, ჩვენი სახე ჩვენს სიხარულსა და მადლიერებას უნდა გამოხატავდეს! უხუცესი ფ. ენციო ბუშე მოგვიყვა, რომ ერთხელ, მისი მრევლის პრეზიდენტად ყოფნისას, დარბაზში მჯდარმა პატარა ბიჭუნამ შეხედა მას და ხმამაღლა იკითხა: „რას აკეთებს იქ ის კაცი მოწყენილი სახით“? სცენაზე მყოფნი - გამომსვლელები, ხელმძღვანელები, გუნდის წევრები და ისინი, ვინც მრევლში იკრიბებიან, ესალმებიან ერთმანეთს ეკლესიაში სახის გამომეტყველების მეშვეობით!
ჰიმნის შესრულება
როცა ვმღერით, ერთობლივად ვადიდებთ ჩვენს ღმერთსა და მეფეს, განურჩევლად სიმღერის უნარიანობისა, უბრალოდ ვბუტბუტებთ სიტყვებს, თუ საერთოდ არ ვმღერით? წმინდა წერილი გვასწავლის, რომ მართალთა სიმღერა ლოცვაა ღმერთისთვის და მისი სული ამით ხარობს. ამიტომ, მოდით, ვიმღეროთ! და ვადიდოთ იგი!
გამოსვლები და მოწმობები
ჩვენ უნდა გავამახვილოთ ჩვენი საუბარი და მოწმობები მამაზეციერზე, იესო ქრისტეზე და მათი სახარებით თავმდაბლად ცხოვრების ნაყოფზე - ნაყოფზე, რომელიც „არის უტკბესი ტკბილთა შორის“. შემდეგ ჩვენ ჭეშმარიტად „და[ვ]ნაყრდებით …, სანამ არ და[ვ]ნაყრდებით ისე, რომ არ მოგ[ვ]შივდეს, არც [ვ]იყოთ მწყურვალნი“, და ჩვენი ტვირთი შემსუბუქდება, ძის სიხარულის მეშვეობით.
ზიარება
ჩვენი ღვთისმსახურების ცენტრალური ნაწილია უშუალოდ ზიარების კურთხევა და მიღება; პური და წყალი წარმოადგენს ჩვენი უფლის გამომსყიდველ ძღვენს და ჩვენი შეკრების მიზანს. ეს არის „სულიერი განახლების წმინდა დრო“, როდესაც თავიდან ვმოწმობთ, რომ მზად ვართ, საკუთარ თავზე ავიღოთ იესო ქრისტეს სახელი და ისევ დავდოთ აღთქმა, ყოველთვის გვახსოვდეს მხსნელი და დავიცვათ მისი მცნებანი.
ცხოვრების ზოგიერთ პერიოდში შეიძლება მოვიდეთ ზიარებაზე დამძიმებული გულით და დიდი ტვირთით. სხვა დროს კი გალაღებული, ზრუნვისა და შფოთვის ტვირთისგან თავისუფალნი. როდესაც ყურადღებით ვუსმენთ პურისა და წყლის დალოცვას და ვიღებთ ამ წმინდა სიმბოლოებს, შეიძლება ვიფიქროთ მხსნელის მსხვერპლზე, მის ტანჯვაზე გეთსიმანიაში, მის წამებაზე ჯვარზე და მწუხარებასა და ტკივილზე, რომელიც მან გადაიტანა ჩვენი სახელით. როდესაც საკუთარ ტანჯვას მის ტანჯვას ვუკავშირებთ, ეს ჩვენს სულს ათავისუფლებს. სხვა დროს, მადლიერი მოწიწებით აღვიქვამთ დახვეწილ და ტკბილ სიხარულს იმისა, თუ რა გახადა შესაძლებელი იესომ თავისი ბრწყინვალე ძღვენით ჩვენს ცხოვრებაში და მარადისობაში! ჩვენ გავიხარებთ მომავლით - ჩვენი დიდებული გაერთიანებით საყვარელ მამასა და აღმსდგარ მხსნელთან.
შესაძლოა მიგვაჩვიეს იმ აზრს, რომ ზიარების მიზანია იჯდე და ფიქრობდე მხოლოდ იმაზე, რა დავაშავეთ მთელი კვირის განმავლობაში. მოდით, ეს პრაქტიკა სწორად განვიხილოთ. სიჩუმეში შეგვიძლია ვიფიქროთ იმ მრავალ გზაზე, რომლითაც უფალი დაუღლელად გვავსებდა თავისი მშვენიერი სიყვარულით გასული კვირის განმავლობაში! ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ იმაზე, რას ნიშნავს სიხარული „ყოველდღიურ მონანიებაში“. ჩვენ შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ იმ დროისთვის, როდესაც მხსნელი შემოვიდა ჩვენს ბრძოლებსა თუ ტრიუმფებში და იმ შემთხვევებისთვის, როდესაც გვიგრძვნია მისი მადლი, მიტევება და ძალა, რომელიც გვაძლევს უნარს, დავძლიოთ ჩვენი სირთულეები და ავიტანოთ ჩვენი ტვირთი მოთმინებითა და მხიარულებითაც კი.
დიახ, ჩვენ ვფიქრობთ გამომსყიდველისთვის მიყენებულ ტანჯვასა და უსამართლობაზე, რომლებიც მან ჩვენი ცოდვებისთვის გამოიარა და ეს გვაფხიზლებს. თუმცა ზოგჯერ აქ ვიჭედებით - ბაღში, ჯვარზე, სამარხში. ჩვენ ვერ ვახერხებთ საფლავის გახსნის, სიკვდილის დამარცხებისა და ქრისტეს გამარჯვების ყველაფერზე, რაც ხელს შეგვიშლიდა მშვიდობის მოპოვებასა და ჩვენს ზეციურ სახლში დაბრუნებაში, სიხარულში ამაღლებას. რა ცრემლებსაც არ უნდა ვღვრიდეთ ზიარების დროს - მწუხარების თუ მადლიერების, დაე, ეს უკავშირდებოდეს გასაოცარ სასიხარულო ამბავს - მამის მიერ საკუთარი ძის ჩვენთვის საჩუქრად ბოძებას.
მცირეწლოვანი ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლები
მცირეწლოვანი ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებისთვის, ზიარების დროს ხშირად არ არსებობს სიმშვიდისა და მშვიდი ფიქრის დრო. მაგრამ მთელი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ მაგალითით ასწავლოთ სიყვარული, მადლიერება და სიხარული, რომელსაც გრძნობთ მხსნელისგან, როცა მუდმივად ზრუნავთ მის პატარა კრავებზე. არცერთი მცდელობა ამ მიმართულებით არ იკარგება. ღმერთმა ძალიან კარგად იცის თქვენ შესახებ.
ოჯახური, მეურვეობის და მრევლის საბჭო
ისევე სახლში შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი იმედებისა და მოლოდინების გამყარება ეკლესიაში გატარებული დროისთვის. ოჯახურ საბჭოებზე ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, როგორ შეუძლია ყოველ ადამიანს შეიტანოს თავისი წვლილი, სიხარულის ეკლესიაში მოსულთა მისალმების საქმეში. ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ და ველოდოთ სასიხარულო გამოცდილების მიღებას ეკლესიაში.
მეურვეობის და მრევლის საბჭოს შეუძლია წარმოიდგინოს და შექმნას ზიარების საათის სასიხარულო მოწიწების კულტურა, გამოავლინოს დახმარებისთვის საჭირო პრაქტიკული ნაბიჯები და ვიზუალური ნიშნები.
სიხარული
ყოველ ადამიანს თავისი წარმოდგენა აქვს სიხარულზე. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება იყოს კართან სიხარულით დახვედრა. სხვებისთვის ეს შეიძლება იყოს ჩუმად დაეხმარო ადამიანს, გაუღიმო ან გვერდით მიუჯდე გახსნილი გულით, რათა თავი კომფორტულად იგრძნოს. მიტოვებულთა და ზღვარზე მყოფთათვის, ამ მისალმების სითბო შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს. და ბოლოს, შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს, როგორი ზიარების შეკრება სურს ჩვენგან უფალს. როგორ სურს მას, რომ ყოველ მის შვილს მივესალმოთ, ვიზრუნოთ მასზე, ვასწავლოთ და სიყვარული გავუზიაროთ? როგორ სურს მას, ვიგრძნოთ თავი, როცა მოვდივართ, რათა მისი მოგონებისა და თაყვანისცემის მეშვეობით განვახლდეთ?
დასასრული
ჩემი რწმენის მოგზაურობის დასაწყისში, იესო ქრისტეში სიხარული იყო ჩემი პირველი დიდი აღმოჩენა და მან ჩემი სამყარო შეცვალა. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ აღმოაჩინეთ ეს სიხარული, დაიწყეთ მისი ძებნა. ეს არის მოწვევა, მიიღოთ მაცხოვრის მშვიდობის, სინათლისა და სიხარულის ძღვენი - იმხიარულოთ მასში, გაოცდეთ და იხაროთ მასში ყოველ კვირადღეს.
ამონი მორმონის წიგნიდან გამოხატავს ჩემი გულის გრძნობებს, როცა ამბობს:
„ახლა, ნუთუ არ გვაქვს მიზეზი, გავიხაროთ? დიახ, მე გეუბნებით, არ ყოფილა ასეთი [ხალხი], რომელსაც, სიხარულის ჩვენზე უფრო დიდი მიზეზი ჰქონია ქვეყნის დასაბამიდან; დიახ, და ჩემი სიხარული ტრაბახში გადაიზარდა, ჩემი ღმერთის მიმართაც კი, რადგან მას აქვს მთელი ძალა, მთელი სიბრძნე და გონიერება; იგი სწვდება ყველაფერს და არის მოწყალე არსება მათ ხსნისათვის, რომლებიც მოინანიებენ და იწამებენ მის სახელს.
„ახლა, თუ ეს არის ტრაბახი, მაშინ მე ვიტრაბახებ, რადგან ეს არის ჩემი სიცოცხლე და ჩემი სინათლე, სიხარული და ხსნა და ჩემი გამოსყიდვა მარადიული ვარამიდან“.
მოგესალმებით სიხარულის ეკლესიაში იესო ქრისტეს სახელით, ამინ.