გენერალური კონფერენცია
„თქვენ ხართ ჩემი მეგობრები“
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


„თქვენ ხართ ჩემი მეგობრები“

მხსნელის განცხადება: „თქვენ ხართ ჩემი მეგობრები“ არის ნათელი მოწოდება, ღვთის ყველა შვილს შორის უფრო ამაღლებული და წმინდა ურთიერთობების დამყარებისკენ.

კამათითა და განხეთქილებით სავსე სამყაროში, სადაც სამოქალაქო დისკურსი განკითხვითა და ზიზღით შეიცვალა, ხოლო მეგობრობა განისაზღვრება -იზმებითა და -ისტებით, მე მივხვდი, რომ არსებობს ნათელი, მარტივი და ღვთიური მაგალითი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ ერთიანობის, სიყვარულისა და კუთვნილებისთვის. ეს მაგალითია იესო ქრისტე. მე ვმოწმობ, რომ ის არის უდიდესი გამაერთიანებელი.

ჩვენ მისი მეგობრები ვართ

1832 წლის დეკემბერში, როდესაც „ერთა შორის მღელვარების ნიშნები“ „უფრო თვალსაჩინო“ ხდებოდა, ვიდრე ეს იყო იქამდე, სანამ ეკლესია დაარსდებოდა, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ხელმძღვანელები კირტლანდში, ოჰაიოში, კონფერენციაზე შეიკრიბნენ. მათ ილოცეს „განმარტოებულად და ხმამაღლა უფლისადმი, რათა მას გაენდო საკუთარი ნება [მათთვის]“. ამ ურთულეს პერიოდში ერთგული წევრების ლოცვის აღიარების მიზნით უფალმა ისინი ანუგეშა, სამჯერ მიმართა რა წმინდანებს ორი ძლევამოსილი სიტყვით: „ჩემო მეგობრებო“.

იესო ქრისტე უკვე დიდი ხანი უწოდებდა თავის ერთგულ მიმდევრებს მეგობრებს. მოძღვრებასა და აღთქმებში მხსნელი თოთხმეტჯერ იყენებს ტერმინს მეგობარი რათა განსაზღვროს წმინდა და სანუკვარი ურთიერთობა. მე არ ვსაუბრობ სიტყვა მეგობარზე როგორც ამას დღეს მსოფლიო განსაზღვრავს — სოციალური მედიის მიმდევრებისა ან „ლაიქების“ ელემენტს. მისი აღბეჭდვა შეუძლებელია „ჰეშთეგში“, Instagram-ზე ან X-ზე მითითებულ რიცხვებში.

მართალია, თინეიჯერობისას მახსოვს საშინელი საუბრები, როდესაც მესმოდა ეს მტკივნეული სიტყვები: „შეიძლება, უბრალოდ მეგობრები ვიყოთ? ან „მოდი, დავრჩეთ მეგობრებად“. წმინდა წერილში არსად გვესმის უფლის ნათქვამი: „თქვენ მხოლოდ ჩემი მეგობრები ხართ“. პირიქით, იგი ასწავლიდა, რომ „იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის“. და „ხართ ისინი, რომლებიც მამამ მიბოძა; თქვენ ხართ ჩემი მეგობრები“.

აზრი ნათელია: მხსნელი თითოეულ ჩვენგანს ითვლის და თვალყურს გვადევნებს. ეს მეთვალყურეობა არ არის ტრივიალური ან უმნიშვნელო. ის ამაღლებული და მარადიულია. მე ვხედავ მხსნელის განცხადებას „თქვენ ხართ ჩემი მეგობრები“, როგორც ნათელ მოწოდებას ღვთის ყველა შვილს შორის უფრო ამაღლებული და წმინდა ურთიერთობების დამყარებისკენ „რათა ჩვენ ვიყოთ ერთიანნი“. ჩვენ ამას ვაკეთებთ, როცა ვიკრიბებით და ვეძიებთ შესაძლებლობებს, როგორ გავერთიანდეთ და გავზარდოთ მიკუთვნებულობის გრძნობა ყველასთვის.

ჩვენ ერთიანნი ვართ მასში

მხსნელმა ეს ლამაზად აჩვენა თავის მოწოდებაში „მოდი და გამომყევი“. მან გამოიყენა მიმდევრების მრავალფეროვანი ჯგუფის ნიჭი და ინდივიდუალური თვისებები, რათა მათთვის თავისი მოციქულები ეწოდებინა. მან მოიხმო მეთევზეები, მოშურნეები, ძმები, რომლებიც ცნობილი არიან თავიანთი მქუხარე პიროვნული თვისებებით და გადასახადების ამკრეფიც კი. მათმა რწმენამ მხსნელის მიმართ და მასთან მიახლოების სურვილმა ისინი გააერთიანა. მათ შეხედეს მას, მასში დაინახეს ღმერთი და „მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას.“

მეც დავინახე, როგორ ვხდებით ერთიანნი უფრო ამაღლებული და წმინდა ურთიერთობების დამყარებით. მე და ჩემი მეუღლე, ჯენიფერი, კურთხეული ვიყავით, რომ ჩვენი ხუთი შვილი ნიუ-იორკში აღვზარდეთ. იქ, იმ გადატვირთულ მეტროპოლისში, ჩვენ დავამყარეთ ძვირფასი და წმინდა ურთიერთობები მეზობლებთან, სკოლის მეგობრებთან, ბიზნეს პარტნიორებთან, რელიგიურ წინამძღოლებთან და წმინდანებთან.

2020 წლის მაისში, სწორედ მაშინ, როდესაც მსოფლიო გლობალური პანდემიის გავრცელებას ებრძოდა, ნიუ-იორკის რელიგიურ წინამძღოლთა კომიტეტის წევრები ვირტუალურად შეხვდნენ მოულოდნელად დანიშნულ შეხვედრაზე. არ იყო დღის წესრიგი. არც სპეციალურად მოწვეული სტუმრები. მხოლოდ თხოვნა, შევკრებილიყავით და განგვეხილა ის გამოწვევები, რომლებსაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით, როგორც რელიგიური წინამძღოლები. დაავადებათა კონტროლის ცენტრს ახალი გავრცელებული ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჩვენი ქალაქი კოვიდ-19-ის პანდემიის ეპიცენტრი იყო შეერთებულ შტატებში. ეს ნიშნავდა შეკრებების შეწყვეტას. ერთმანეთს ვეღარ შევხვდებოდით.

ამ რელიგიური წინამძღოლებისთვის პირადი მზრუნველობის, სამრევლო შეკრებებისა და ყოველკვირეული თაყვანისცემის მათი საქმიანობიდან ამოღება გამანადგურებელი დარტყმა იყო. ჩვენი მცირე ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ კარდინალი, მეუფე, რაბი, იმამი, პასტორი, მონსინორი და უხუცესი, უსმენდნენ, ანუგეშებდნენ და მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. იმის ნაცვლად, რომ ჩვენს განსხვავებებზე გაგვემახვილებინა ყურადღება, ჩვენ დავინახეთ, რა გვქონდა საერთო. ჩვენ ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე და შემდეგ ალბათობაზე. ჩვენ შევიკრიბეთ და ვუპასუხეთ კითხვებს რწმენისა და მომავლის შესახებ. ხოლო შემდეგ ვილოცეთ. ოჰ, როგორ ვილოცეთ.

ძალიან მრავალფეროვან ქალაქში, რომელიც სავსეა სირთულეებითა და საპირისპირო კულტურებით, ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი განსხვავებები გაქრა, როდესაც, როგორც მეგობრები, ერთი ხმით, ერთი მიზნითა და ერთი ლოცვით გავერთიანდით.

ჩვენ მაგიდის გადაღმა აღარ ვუყურებდით ერთმანეთს, არამედ ერთად შევცქეროდით ზეცას. ყოველი მომდევნო შეხვედრა უფრო გაერთიანებულებმა დავტოვეთ და მზად ვიყავით, ჩვენი „ნიჩბები“ აგვეღო და სამუშაოდ წავსულიყავით. ამის შედეგად მიღებულმა თანამშრომლობამ და ათასობით ნიუ-იორკელისთვის გაწეულმა მომსახურებამ მასწავლა, რომ სამყაროში, რომელიც მოუწოდებს განხეთქილების, დისტანციისა და გათიშვისკენ, ყოველთვის უფრო მეტია ის, რაც გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს. მხსნელი ევედრებოდა: „იყავით ერთიანნი, თუ არ იქნებით ერთიანნი, მაშინ ჩემი არ ხართ.“

ძმებო და დებო, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ გაყოფის მიზეზების ძიება და ამის ნაცვლად ვეძიოთ შესაძლებლობები, რომ „ვიყოთ ერთიანნი“. უფალმა გვაკურთხა უნიკალური ნიჭითა და თვისებებით, რომლებიც გვიწვევენ, ვისწავლოთ ერთმანეთისგან და გავიზარდოთ პიროვნულად. ჩემს უნივერსიტეტის სტუდენტებს ხშირად ვეუბნებოდი, რომ თუ მე ვაკეთებ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ და თქვენ აკეთებთ იმას, რასაც მე ვაკეთებ, ჩვენ ერთმანეთი არ გვჭირდება. მაგრამ რადგან თქვენ არ აკეთებთ იმას, რასაც მე ვაკეთებ და მე არ ვაკეთებ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი. ეს საჭიროება ჩვენ გვაერთიანებს. გაყოფა და ბატონობა არის მოწინააღმდეგის გეგმა, გაანადგუროს მეგობრობა, ოჯახები და რწმენა. მხსნელი გვაერთიანებს.

ჩვენ მას ვეკუთვნით

ერთიანობის ერთ-ერთი დაპირებული კურთხევა არის მიკუთვნებულობის გრძნობა. უხუცესი ქუენტინ ლ. კუკი ასწავლიდა, რომ „ჭეშმარიტი კუთვნილების არსი არის ერთობა იესო ქრისტესთან“.

ცოტა ხნის წინ ჩემს ოჯახთან ერთად დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში, განაში ვიზიტისას, ადგილობრივი ჩვეულება შემიყვარდა. ეკლესიაში ან სახლში მისვლისას ჩვენ გვხვდებოდნენ სიტყვებით „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“. როცა საჭმელს მოგვართმევდნენ, ჩვენი მასპინძელი გამოაცხადებდა: „დაპატიჟებული ბრძანდებით“. ამ უბრალო მისალმებებს ჰქონდა დანიშნულება და მიზანმიმართულება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. დაპატიჟებული ბრძანდებით.

ჩვენ მსგავს წმინდა განცხადებებს ჩვენი სამლოცველოების კარებზე ვათავსებთ. მაგრამ წარწერა „მნახველებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“ საკმარისი არ არის. თბილად მივესალმებით ყველას ვინც კარში შემოდის? ძმებო და დებო, საკმარისი არ არის უბრალოდ ეკლესიის სკამზე ჯდომა. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მხსნელის მოწოდებას, დავამყაროთ უფრო ამაღლებული და წმინდა ურთიერთობები ღვთის ყველა შვილთან. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ჩვენი რწმენით! მამაჩემი ხშირად მახსენებდა, რომ კვირაობით ეკლესიაში სკამზე უბრალოდ ჯდომა კარგ ქრისტიანად არ გაქცევს ისევე, როგორც ავტოფარეხში ძილი არ გაქცევს მანქანად.

ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ სამყარომ ჩვენ კი არ დაგვინახოს, არამედ დაინახოს უფალი ჩვენი მეშვეობით. ეს კი მხოლოდ კვირაობით არ ხდება. ეს ხდება სასურსათო მაღაზიაში, ბენზინ-გასამართ სადგურებში, სკოლის შეხვედრაზე, სამეზობლოში, ყველა იმ ადგილას, სადაც ჩვენი ოჯახის მონათლული და მოუნათლავი წევრები მუშაობენ და ცხოვრობენ.

კვირის თაყვანისცემა არის შეხსენება, რომ ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი და ჩვენ ერთად გვჭირდება უფალი. ჩვენი ინდივიდუალური ნიჭი და ძღვენი, რომელიც გვასხვავებს ამქვეყნიურ სამყაროში, გვაერთიანებს წმინდა ადგილას. მაცხოვარმა მოგვიწოდა, დავეხმაროთ ერთმანეთს, აღვამაღლოთ ერთმანეთი და გავანათლოთ. სწორედ ასე მოიქცა იგი, როდესაც განკურნა ქალი სისხლდენით, განწმინდა კეთროვანი, რომელიც მის მოწყალებას ითხოვდა, დაარიგა ახალგაზრდა თავადი, რომელმაც ჰკითხა, თუ კიდევ რის გაკეთება შეეძლო, შეიყვარა ნიკოდემოსი, რომელმაც იცოდა, მაგრამ ეჭვი ეპარებოდა და ჭასთან დაჯდა ქალთან, რომელიც იმ დროის ტრადიციებს არ შეეფერებოდა, თუმცა სწორედ მას განუცხადა თავისი მესიანური მისიის შესახებ. ჩემთვის ეს არის ეკლესია — თავშეყრისა და აღდგენის, გამოსწორებისა და ხელახალი ფოკუსირების ადგილი. როგორც პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ასწავლიდა: „სახარების ქსელი მსოფლიოში ყველაზე დიდი ქსელია. ღმერთი იწვევს ყველას მივიდნენ მასთან. … ადგილი ყველასთვის მოიძებნება“.

ზოგს შეიძლება, გქონიათ გამოცდილება, როცა გაგრძვნიათ, რომ თქვენი ადგილი იქ არ იყო. მხსნელის გზავნილი თქვენთვისაც და ჩემთვისაც იგივეა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“. იესო ქრისტეს სახარება ჩვენთვის სრულყოფილი ადგილია. ეკლესიაში მოსვლა გვაძლევს უკეთესი დღეების იმედს, დაპირებას, რომ მარტო არ ხართ და ოჯახს, რომელსაც ჩვენ ვჭირდებით ისევე, როგორც ჩვენ გვჭირდება ის. უხუცესი დ. ტოდ კრისტოფერსონი ამტკიცებს, რომ „მამასთან, ძესთან და სულიწმინდასთან ერთიანობა უდავოდ არის კუთვნილების უმაღლესი გამოვლინება“. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გზას ჩამოშორდა და ეძებს დაბრუნების შესაძლებლობას, მე ვთავაზობ მარადიულ ჭეშმარიტებასა და მოწვევას: აქ არის თქვენთვის ადგილი. დაბრუნდით. დროა.

ამ კამათით აღსავსე და დაყოფილ სამყაროში, მე ვმოწმობ, რომ მხსნელი იესო ქრისტე არის უდიდესი გამაერთიანებელი. ნება მიბოძეთ, მოვუწოდო თითოეულ ჩვენგანს, იყოს ღირსი მხსნელის მოწოდებისა „ვიყოთ ერთიანნი“ და თამამად გამოვაცხადო, როგორც მან: „თქვენ ხართ ჩემი მეგობრები“. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.