მიწიერი ცხოვრება ამაო არ არის!
მიუხედავად გამოწვევებისა, რომლებსაც ყველანი ვუპირისპირდებით, ჩვენმა მოსიყვარულე ზეციურმა მამამ ბედნიერების გეგმა შექმნა იმგვარად, რომ ჩვენ წარუმატებლობისათვის განწირული არ ვართ.
რამდენიმე წლის განმავლობაში მე ჩვენი მეურვეობის ასაკოვანი დის შინა მასწავლებელი ვიყავი. მისი ცხოვრება მარტივი არ იყო. ბავშვობაში სათამაშო მოედანზე დაშავების გამო მას ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები აწუხებდა და მთელი ცხოვრება ტკივილში ჰქონდა გატარებული. 32 წლისა მეუღლეს გაშორდა და ოთხ მცირეწლოვან ბავშვს ზრდიდა. 50 წლის ასაკში კი – ხელახლა შექმნა ოჯახი. როდესაც ის 66 წლისა იყო, მისი მეორე მეუღლე გარდაიცვალა. ამის შემდეგ მან კიდევ 26 წელი იცხოვრა, როგორც ქვრივმა.
მიუხედავად მისი ერთმანეთზე მიყოლებული განსაცდელებისა, ის ბოლომდე თავისი აღთქმების ერთგული იყო. ეს და გენეალოგიით გატაცებული იყო, ტაძარში მოსიარულე, ოჯახის ისტორიების შემგროვებელი და მწერალი. მიუხედავად იმისა, რომ მას უამრავი რთული გამოცდა ჰქონდა გამოვლილი და ბუნებრივია, ხანდახან ის სევდასა და მარტოობას გრძნობდა, მას მხიარული სახე ჰქონდა და ის კეთილი და სასიამოვნო პიროვნება იყო.
მისი გარდაცვალებიდან ცხრა თვის შემდეგ მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა განსაცვიფრებელი გამოცდილება მიიღო ტაძარში. მან სულიწმინდის ძალით შეიტყო, რომ დედამისს მისთვის გზავნილი ჰქონდა. ის ესაუბრებოდა თავის შვილს, მაგრამ არა ხილვით ან სიტყვებით, რომელთა მოსმენაც შესაძლებელია. დედის შემდეგმა შეუმცდარმა გზავნილმა გაიელვა მისი ვაჟის თავში: „მინდა იცოდე, რომ მიწიერი ცხოვრება ამაო არ არის და მინდა იცოდე, რომ ახლა მესმის, რატომ მოხდა ყველაფერი [ჩემს ცხოვრებაში], როგორც მოხდა — და რომ ყველაფერი რიგზეა“.
ეს გზავნილი უფრო მეტად განსაცვიფრებელია, თუ გავითვალისწინებთ მის მდგომარეობასა და იმ სირთულეებს, რომლებსაც ამ დამ გაუძლო და გადალახა.
ძმებო და დებო, მიწიერი ცხოვრება ამაო არ არის! ის შექმნილია იმისთვის, რომ ამაო არ იყოს! მიუხედავად გამოწვევებისა, წინააღმდეგობებისა და სირთულეებისა, რომლებსაც ჩვენ ყველანი ვუპირისპირდებით, ჩვენს მოსიყვარულე, ბრძენ და სრულყოფილ ზეციურ მამას ბედნიერების გეგმა შექმნილი აქვს იმგვარად, რომ ჩვენ წარუმატებლობისათვის განწირული არ ვართ. მისი გეგმა უზრუნველყოფს გზას ჩვენთვის, რათა ჩვენს მიწიერ მარცხზე ავმაღლდეთ. უფალმა გვითხრა: „ეს არის ჩემი საქმე და ბრწყინვალება — აღვასრულო ადამიანის უკვდავება და მარადიული სიცოცხლე“.
მიუხედავად ამისა, ვართ თუ არა ჩვენ უფლის „საქმ[ისა] და ბრწყინვალებ[ის]“ მიმღებნი, თვით „უკვდავებ[ისა] და მარადიული სიცოცხლ[ის]“, ჩვენ უნდა მოველოდოთ წვრთნასა და სწავლებას და გამომდნობელის ცეცხლში გავლას — ხანდახან ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზეც კი. ამქვეყნიური პრობლემების, გამოწვევებისა და სირთულეების სრულად არიდება იქნებოდა იმ პროცესის გვერდის ავლა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ მიწიერება ამაო არ იყოს.
ამგვარად, არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც თავს სირთულეები დაგვატყდება. ჩვენ აღმოვჩნდებით სიტუაციებში, რომლებიც გამოგვცდიან ჩვენ და იმ ადამიანებს, რომლებიც ჭეშმარიტი გულმოწყალებისა და მოთმინების გამოვლენაში გვეხმარებიან. თუმცა ჩვენ მედგრად უნდა გადავლახოთ წინააღმდეგობები და გვახსოვდეს, რომ უფალმა თქვა:
„და ვინც სიცოცხლეს შესწირავს ჩემს საქმეს, ჩემი სახელისთვის, კვლავ იპოვის მას, მარადიულ სიცოცხლესაც კი.
„ამიტომ, ნუ შეუშინდებით მტრებს [ან თქვენს პრობლემებს, გამოწვევებს ან ცხოვრებისეულ გამოცდებს], ვინაიდან გულში გადავწყვიტე … – ამბობს უფალი, – რომ გამოგცდით ყოველივეში, დაიცავთ თუ არა ჩემს აღთქმას … რათა ღირსეულად გცნონ“.
როდესაც ჩვენ დაბნეული და აღელვებული ვართ ჩვენი პრობლემების გამო ან ვგრძნობთ, რომ ვუპირისპირდებით იმაზე მეტ ცხოვრებისეულ სირთულეს ვიდრე გვეკუთვნის, შეგვიძლია გავიხსენოთ, რა უთხრა უფალმა ისრაელის შვილებს:
„გახსოვდეს მთელი გზა, რომლითაც გატარა უფალმა, შენმა ღმერთმა, ეს ორმოცი წელიწადი უდაბნოში, რათა მოეთვინიერებინე და გამოეცადე, რათა შეეტყო, თუ რა გიდევს გულში, დაიცავდი მის მცნებებს თუ არა“.
როგორც ლეხი ასწავლიდა თავის ძეს, იაკობს:
„იგემე გაჭირვება და საკმაო დარდი. … მიუხედავად ამისა, [ღმერთი] აკურთხებს შენს გაჭირვებას შენსავე სასარგებლოდ. … ვინაიდან ვიცი, გამომსყიდველის სამართლიანობის გამო ხარ გამოსყიდული“.
რამეთუ ეს ცხოვრება გამოსაცდელი ადგილია და „როცა გასაჭირის წუთები გვიახლოვდება, გვამწუხრებს“, გვახსოვდეს ცხოვრების გამოწვევების შესახებ ეს რჩევა და დაპირება, რომელსაც ვკითხულობთ მოსია 23 -ში: „ამისდა მიუხედავად, ვინც მას ანდობს თავის სასოებას, იგი ამაღლდება უკანასკნელ დღეს“.
როგორც ახალგაზრდამ, მე პირადად გამოვცადე დიდი ემოციური ტკივილი და სირცხვილი, რაც შედეგი იყო მეორე ადამიანის უსამართლო საქციელისა, რომელიც დიდი ხანი ზემოქმედებდა ჩემს თვითშეფასებასა და უფლის წინაშე საკუთარი ღირსების შეგრძნებაზე. მიუხედავად ამისა, მე ვმოწმობ, რომ უფალს შეუძლია გაგვაძლიეროს და მხარი დაგვიჭიროს ნებისმიერი სირთულის დროს, რომლის გავლაც ამ ცრემლებიან ტანჯულ გზაზე გვიწევს.
ჩვენ ვიცით პავლე მოციქულის გამოცდილება:
„ხოლო რათა არ გავმედიდურდე მეტისმეტი გამოცხადებებით, ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქეჯნოს, რათა არ გავმედიდურდე.
„სამჯერ შევევედრე უფალს, რომ განეშორებინა იგი.
„და მითხრა: საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, რადგან უძლურებაში სრულიქმნება ჩემი ძალა. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში“.
ჩვენ არ ვიცით, რა იყო პავლე მოციქულის „ეკალი … სხეულში“. მან არჩია, არ აღეწერა, იყო ეს ფიზიკური სნეულება, ფსიქოლოგიური თუ ემოციური სისუსტე ან ცდუნება. მაგრამ არ არის საჭირო ვიცოდეთ ეს დეტალი, რათა ვუწყოდეთ, რომ მას უჭირდა და უფალს შესთხოვდა დახმარებას და რომ სწორედ უფლის ძალა და ძალმოსილება იყო, რაც მას დაეხმარა.
ისევე როგორც პავლე მოციქული, მეც უფლის შეწევნით გავძლიერდი ემოციურად და სულიერად და ბოლოს, წლების შემდეგ გავაცნობიერე, რომ ყოველთვის ვიყავი ღირსეული ადამიანი და სახარების კურთხევების ღირსი. მხსნელი დამეხმარა უღირსობის გრძნობის დაძლევაში და შეურაცხმყოფლის პატიებაში. ბოლოსდაბოლოს გავიაზრე, რომ მხსნელის გამოსყიდვა იყო ჩემი პირადი ძღვენი და რომ ზეციურ მამასა და მის ძეს სრულყოფილად ვუყვარვარ. მხსნელის გამოსყიდვის გამო, მიწიერი ცხოვრება ამაო არ არის!
მას შემდეგ, რაც როგორ იქნა, მივიღე კურთხევა, გამეცნობიერებინა, მხსნელმა როგორ გამომიხსნა და იდგა ჩემ გვერდით ამ განსაცდელების დროს, მე ცხადად მესმის, რომ ჩემი მოზარდობის სამწუხარო სიტუაცია იყო ჩემი ინდივიდუალური მოგზაურობა და გამოცდილება, რომლის გადაწყვეტა და საბოლოო შედეგები ვერ იქნება მიმართული იმ ადამიანებზე, ვინც იტანჯა და აგრძელებს ტანჯვას სხვა ადამიანების უსამართლო ქმედებების გამო.
მე ვაღიარებ, ცხოვრების გამოცდილებები — ცუდი თუ კარგი — გვასწავლის მნიშვნელოვან გაკვეთილებს. მე ვიცი და ვმოწმობ, რომ მიწიერი ცხოვრება ამაო არ არის! ვიმედოვნებ, რომ ჩემი ცხოვრების გამოცდილებების — კარგისა თუ ცუდისა — შეჯამების შედეგად მე შემებრალება სხვა ადამიანის ქმედებების უდანაშაულო მსხვერპლი და თანავუგრძნობ დაჩაგრულებს.
მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩემი ცხოვრების გამოცდილებების — კარგისა თუ ცუდისა — შეჯამების შედეგად მე უფრო კეთილი ვარ სხვა ადამიანების მიმართ, სხვებს ისე ვეპყრობი, როგორც მხსნელი მოეპყრობოდა, უფრო კარგად მესმის ცოდვილებისა და ვარ აბსოლუტურად წესიერი ადამიანი. როდესაც მივენდობით მხსნელის მადლს და დავიცავთ აღთქმებს, ჩვენ შევძლებთ, როგორც მხსნელის გამოსყიდვის შორს გამიზნულმა ზეგავლენის მაგალითებმა, ისე ვიმსახუროთ.
მე გაგიზიარებთ ერთ ბოლო მაგალითს იმისა, რომ მიწიერი ცხოვრება ამაო არ არის!
ჩემს დედას მიწიერი ცხოვრების იოლი გზა არ გაუვლია. მას არ მიუღია შექება ან ამქვეყნიური პატივი და არც განათლება მიუღია, საშუალო სკოლის გარდა. მან ბავშვობაში პოლიომიელიტი გადაიტანა, რის შედეგადაც მთელი ცხოვრება მარცხენა ფეხის ტკივილსა და დისკომფორტში გაატარა. მან, უკვე ზრდასრულმა, ბევრი რთული და გამომწვევი ფიზიკური და ფინანსური განსაცდელი გამოიარა, მაგრამ მაინც თავისი აღთქმების ერთგული იყო და უყვარდა უფალი.
როდესაც დედა 55 წლისა გახდა, ჩემი მომდევნო უფროსი და გარდაიცვალა და 8 თვის თოთო გოგონა, ჩემი დისშვილი, უდედოდ დარჩა. სხვადასხვა მიზეზის გამო, დედა ზრდიდა ჩემს დისშვილს მომდევნო 17 წლის განმავლობაში, ხშირად ძალიან რთულ პირობებში. თუმცა, მიუხედავად ამ განსაცდელებისა, ის სიხარულითა და ნებაყოფლობით ემსახურებოდა თავის ოჯახს, მეზობლებსა და მეურვეობის წევრებს და მრავალი წლის განმავლობაში ტაძარში მსახურობდა, როგორც წეს-ჩვეულების მუშაკი. მისი ცხოვრების ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დედა იტანჯებოდა დემენციით, ხშირად იყო დაბნეული და მოხუცებულთა სახლში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ის მარტო იყო, როდესაც მოულოდნელად გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მე ვნახე სიზმარი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ჩემს სიზმარში, მე ეკლესიის ადმინისტრაციის შენობაში, ჩემს ოფისში, ვიჯექი. დედა შემოვიდა კაბინეტში. ვიცოდი, რომ ის სულების სამყაროდან იყო. ყოველთვის მემახსოვრება გრძნობები, რომლებიც მაშინ მქონდა. მას არაფერი უთქვამს, მაგრამ ასხივებდა ისეთ სულიერ მშვენიერებას, რომლის მსგავსიც მანამდე არაფერი მენახა და რომლის აღწერა ახლაც მიჭირს.
მისი გამომეტყველება და არსება გამაოგნებელი იყო! მახსოვს, ვუთხარი მას: „დედა, რა ლამაზი ხარ!“ – ვგულისხმობდი რა მის სულიერ ძალასა და სილამაზეს. იგი გამომეხმაურა — ისევ უსიტყვოდ. ვიგრძენი მისი სიყვარული და ვიცოდი, რომ ის ბედნიერი და განკურნებული იყო ამქვეყნიური საზრუნავისგან, განსაცდელებისგან და მტკიცედ დაიმედებული ელის „დიდებულ აღდგომას“. მე ვიცი, რომ დედასთვის მიწიერი ცხოვრება ამაო არ იყო — და ის ჩვენთვისაც ამაო არ იქნება.
ღვთის საქმე და ბრწყინვალებაა, აღასრულოს ადამიანის უკვდავება და მარადიული სიცოცხლე. მიწიერი გამოცდილებანი არის მოგზაურობის ნაწილი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიზარდოთ და მივიწევდეთ უკვდავებისა და მარადიული ცხოვრებისკენ. ჩვენ აქ დამარცხებისთვის კი არ ვართ მოვლენილი, არამედ იმისთვის, რომ ღვთის გეგმაში მოვიპოვოთ გამარჯვება.
მეფე ბენიამინი გვასწავლიდა: „ამის გარდა, მე მსურს, რომ იფიქროთ მათ კურთხეულ და ბედნიერ მდგომარეობაზე, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს. რადგან, აჰა, ისინი კურთხეულნი არიან ყველაფერში – ხორციელშიც და სულიერშიც; და თუ ისინი დარჩებიან ერთგულნი ბოლომდე, მათ მიიღებენ ზეცაში, რათა ამგვარად იყვნენ ღმერთთან, მარადიული ბედნიერების მდგომარეობაში“. სხვა სიტყვებით, მიწიერება მოქმედებს!
მე ვმოწმობ, რომ როდესაც ვიღებთ სახარების წეს-ჩვეულებებს, აღთქმებს ვდებთ ღმერთთან, შემდგომ ვიცავთ მათ, ვინანიებთ, ვემსახურებით სხვებსა და ბოლომდე დავითმენთ განსაცდელს, ჩვენც შეგვიძლია, სრულიად მივენდოთ უფალს და გვჯეროდეს: მიწიერი ცხოვრება ამაო არ არის! მე ვმოწმობ იესო ქრისტეზე და რომ ჩვენი დიდებული მომავალი ზეციურ მამასთან ერთად არის შესაძლებელი მხსნელის მადლისა და მისი გამოსყიდვის საშუალებით. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.