გენერალური კონფერენცია
იესო ქრისტესთან დაკავშირებულნი: მიწის მარილად გადაქცევა
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


იესო ქრისტესთან დაკავშირებულნი: მიწის მარილად გადაქცევა

ვრჩებით რა დაკავშირებულნი უფალთან, ჩვენი ცხოვრება ბუნებრივად ასახავს მის ნათელს და ჩვენ ვხდებით „მარილი მიწისა“.

მხსნელი ასწავლიდა, რომ როდესაც ჩვენ „მოწოდებულნი [ვართ მისი] მარადიული სახარებისთვის და მარადიული აღთქმით [ვდებთ] აღთქმას, [ჩვენ ვითვლებით] მიწის მარილად“. მარილი შექმნილია ორი ელემენტის დაკავშირებით. ჩვენ ვერ ვიქნებით მარილი თავისთავად; თუ უნდა ვიყოთ მიწის მარილი, მაშინ უნდა დავუკავშირდეთ უფალს და ზუსტად ამას ვხედავ, მსოფლიოს ყველა კუთხის ეკლესიის წევრებთან შეხვედრისას - უფალთან დაკავშირებულ ეკლესიის ერთგულ წევრებს, რომლებიც გულმოდგინედ ემსახურებიან სხვებს და მიწის მარილად გვევლინებიან.

თქვენი შეურყეველი ერთგულება ამის ბრწყინვალე მაგალითია. თქვენი მსახურება ფასეულია და ჩვენ მას ვუფრთხილდებით.

ჩვენმა ახალგაზრდებმა განსაცვიფრებელი გამბედაობა და ერთგულება გვიჩვენეს. ისინი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ოჯახური ისტორიის საქმეში. მათი უფლის სახლში ხშირი სტუმრობა დიდი ერთგულების მოწმობაა. მათი მზაობა, ერთგულად დაუთმონ დრო და ენერგია მსოფლიო მასშტაბით მისიებში მსახურებას, მათ ღრმა და მორჩილ რწმენას ასახავს. ისინი არა მხოლოდ მონაწილეობენ, არამედ გზას კვალავენ, რათა გახდნენ ქრისტესთან დაკავშირებული მოწაფენი. მათი მსახურება ნათელსა და იმედს ასხივებს, ეხება რა უამრავ სიცოცხლეს. ჩვენო ეკლესიის ახალგაზრდობავ, თქვენი შთამაგონებელი მსახურებისთვის გულმხურვალე მადლობას გიხდით. თქვენ ხართ არა მხოლოდ ეკლესიის მომავალი, არამედ მისი აწმყოც. თქვენ მართლაც მიწის მარილი ხართ!

მე მიყვარს უფალი იესო ქრისტე და კურთხეული ვარ შესაძლებლობით, თქვენ გვერდით უფლის ეკლესიაში ვიმსახურო. ჩვენი ერთობა და სიძლიერე, ჩვენს საზიარო რწმენაზე დამყარებული, გვარწმუნებს, რომ ამ მოგზაურობაში მარტო არასდროს ვართ. ერთად ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ღვთის სასუფევლის შენება, რომელიც მსახურებაზე, სიყვარულსა და შეურყეველ რწმენაზეა დაფუძნებული.

როდესაც იესო ქრისტე გალილეის ზღვასთან ასწავლიდა, იგი ხშირად იყენებდა თავისი მსმენელებისთვის ნაცნობ ყოველდღიურ საგნებს, რათა ღრმა სულიერი ჭეშმარიტება გადმოეცა. ერთ-ერთი ასეთი ელემენტი მარილი იყო. იესომ თქვა: „თქვენ ხართ მარილი მიწისა“ . ეს განაცხადი ღრმა შინაარსისა და მნიშვნელობის არის, განსაკუთრებით მისი თანამედროვე ხალხისთვის, რომელთაც ესმოდათ მარილის მრავალწახნაგოვანი ღირებულება.

მარილის მოპოვების უძველესი ხელობა ალგარვში, ჩემი მშობლიური ქვეყნის, პორტუგალიის სამხრეთ მხარეში, ათასობით წლების წინ, რომის იმპერიის პერიოდით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ მარნოტოს სახელით ცნობილი მარილის მუშაკების მიერ გამოყენებული მეთოდები მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა. ეს ერთგული ხელოსნები იყენებენ ტრადიციულ მეთოდებს და საქმეს მთლიანად ხელით ასრულებენ და ამგვარად, ინარჩუნებენ საუკუნეებს გადარჩენილ მემკვიდრეობას.

ეს უძველესი მეთოდი მოიპოვებს „მარილის ყვავილს“. იმისათვის, რათა ბოლომდე დავაფასოთ მარილის ყვავილის მოპოვების ეს ურთულესი პროცესი არსებითია გავიგოთ ის გარემო, რომელშიც ის წარმოიშობა. ალგარვის სანაპიროს მარილიანი ჭაობები მარილის წარმოების იდეალურ პირობებს იძლევა. ზღვის მარილი მიმართულია მეჩხერ გუბურებში, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც მარილის ქვაბები, სადაც მარილი ილექება, წყალი კი ინტენსიური მზის ქვეშ ორთქლდება. მას შემდეგ, რაც წყალი აორთქლდება, მარილის ყვავილი ქვაბების ზედაპირზე ფაქიზ კრისტალებს აყალიბებს. ეს კრისტალები არის უაღრესად წმინდა და აქვთ უნიკალური, ხრაშუნა ფაქტურა. მარნოტოები ფრთხილად აცილებენ კრისტალებს წყლის ზედაპირიდან სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით. ეს პროცესი საქმის დიდ ცოდნასა და სიზუსტეს საჭიროებს. პორტუგალიაში ამ უმაღლესი ხარისხის მარილს ეწოდება „მარილის ნაღები“, რადგან მისი მოხსნა ზედაპირიდან შესაძლებელია ფაქიზად, როგორც რძიდან ნაღების. ამ ფაქიზ მარილს აფასებენ მისი სიწმინდისა და გამორჩეული გემოსთვის, რის გამოც ის სამზარეულო ხელოვნებაში დაფასებული ინგრედიენტია.

ისევე როგორც მარნოტოები დებენ თავდაუზოგავ შრომას, რათა მოიპოვონ უმაღლესი ხარისხის მარილი, ასევე ჩვენც, როგორც უფლის აღთქმული ხალხი, ყოველთვის ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ჩვენი სიყვარული და მაგალითი, რამდენადაც შესაძლებელია, ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს წმინდა ანარეკლი იყოს.

ძველ სამყაროში, მარილი მხოლოდ სანელებელი როდი იყო — ის მნიშვნელოვანი კონსერვანტი, სიწმინდისა და აღთქმის სიმბოლო იყო. ადამიანებმა იცოდნენ, რომ მარილს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საჭმლის შესანახად და გემოს გასაუმჯობესებლად. მათ ასევე ესმოდათ სავალალო შედეგები, თუ დაბინძურების ან განზავების გამო მარილი მარილიანობას ან გემოს დაკარგავდა.

როგორც მარილს შეუძლია დაკარგოს თავისი არსი, ასევე ჩვენც შეგვიძლია დავკარგოთ ჩვენი სულიერი ცხოვრების ძალა, თუ იესო ქრისტეს მიმართ ჩვენი რწმენა ჩვეულებრივი გახდება. ჩვენ, შეიძლება, გარეგნულად ისევ ისე გამოვიყურებოდეთ, მაგრამ ძლიერი შინაგანი რწმენის გარეშე ჩვენ ვკარგავთ უნარს, სამყარო და ჩვენ გარშემო მყოფნი უკეთესობისკენ შევცვალოთ.

ამგვარად, როგორ მივმართოთ ჩვენი ენერგია და მცდელობები სამყაროს გაუმჯობესებისკენ და დღევანდელი მსოფლიო საჭიროებები როგორ შევცვალოთ? როგორ შევინარჩუნოთ მოწაფეობა და გავაგრძელოთ დადებითი ზეგავლენის მოხდენა?

ჩვენი ძვირფასი წინასწარმეტყველის სიტყვები ისევ ექოსავით ჩამესმის: „ღმერთს სურს, ერთად ვიმოქმედოთ და ერთმანეთს დავეხმაროთ. ამიტომ გვგზავნის ის დედამიწაზე ოჯახებით და გვაყალიბებს მეურვეოებად და პალოებად. აი, ამიტომ გვთხოვს ის, რომ ვიმსახუროთ და ვემსახუროთ ერთმანეთს. აი, ამიტომ გვთხოვს ის, ვიცხოვროთ ამ სამყაროში, მაგრამ არ ვიყოთ მისი ნაწილი“.

როდესაც ჩვენი ცხოვრება სავსეა მიზნითა და მსახურებით, ჩვენ თავს ვარიდებთ სულიერ აპათიას; მეორე მხრივ, როდესაც ჩვენი ცხოვრება დაცლილია ღვთიური მიზნისგან, სხვათა მსახურებისგან, არ გვაქვს წმინდა შესაძლებლობები, რათა ვიმსჯელოთ მათზე და გავაცნობიეროთ ისინი, ჩვენ ნელ-ნელა ვიგუდებით ჩვენი საკუთარი ქმედებებით, თვითინტერესითა და ჩვენი გემოს დაკარგვის საშიშროების წინაშე ვდგებით. ამის ანტიდოტია მსახურებაში ჩაბმულობა— კეთილი საქმეების კეთება და საკუთარი თავისა და იმ საზოგადოების გაუმჯობესება, რომელშიც ვცხოვრობთ.

ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ კურთხეულნი ვართ დღეს, რომ იესო ქრისტეს ეკლესიას ვეკუთვნით და გვაქვს შესაძლებლობა, მის ეკლესიაში ვიმსახუროთ. ჩვენი გარემოებები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ჩვენ ყველას შეგვიძლია, უკეთესობისკენ შევცვალოთ ეს სამყარო.

გახსოვდეთ მარნოტოები, მარილის მუშაკები; ისინი მარტივ ხელსაწყოებს იყენებენ მარილის საუკეთესო კრისტალების, საუკეთესო მარილის მოსაპოვებლად! ჩვენც შეგვიძლია მარტივი რაღაცების კეთება, რომლებსაც, პატარა და მნიშნველოვან საქმეებში გამუდმებული მცდელობებით, შეუძლიათ ჩვენი მოწაფეობისა და იესო ქრისტესადმი ერთგულების გაღრმავება. აი, ოთხი მარტივი, მაგრამ გამორჩეული გზა, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ, რათა ვიყოთ „მარილი მიწისა“:

  1. უფლის სახლი ყოველთვის იყოს ჩვენი ერთგულების ამოსავალი წერტილი. დღეს, როდესაც ტაძრები, ისე როგორც არასდროს, ახლოს არის განლაგებული, უფლის სახლში რეგულარული სიარული დაგვეხმარება, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რასაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს და ხელს შეგვიწყობს, ჩვენი ცხოვრება ქრისტეზე იყოს დაფუძნებული. ტაძარში ჩვენ ვპოულობთ იესო ქრისტეში ჩვენი რწმენის გულს და მის მიმართ ჩვენი ერთგულების სულს.

  2. ცნობიერად მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა იმაზედ, რომ სახარების ცხოვრებით სხვა ადამიანები გავაძლიეროთ . ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ოჯახების გაძლიერება გამუდმებული და გამიზნული მცდელობებით, მოვიზიდოთ სახარების პრინციპები ჩვენს ცხოვრებასა და სახლებში.

  3. ვიყოთ მზად, მივიღოთ მოწოდება და ვიმსახუროთ ეკლესიაში. ჩვენს ადგილობრივ მრევლში მსახურება საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთი გავამხნევოთ და ერთად გავიზარდოთ. შეიძლება, მსახურება ყოველთვის მოსახერხებელი არ იყოს, მაგრამ ის ყოველთვის მომგებიანია.

  4. და ბოლოს, კომუნიკაციის ციფრული ხელსაწყოების მიზნობრივი გამოყენება. დღეს კომუნიკაციის ციფრული ხელსაწყოები საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთთან ვიყოთ უფრო დაკავშირებული, ვიდრე ოდესმე. როგორც თითქმის ყველა თქვენგანი, მეც ვიყენებ ამ ხელსაწყოებს, რათა ძმებსა და დებს ეკლესიიდან, ჩემს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს დავუკავშირდე. როდესაც მათ ვუკავშირდები ვგრძნობ, რომ მათთან უფრო ახლოს ვარ; ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს მზრუნველობა გავუწიოთ გაჭირვების დროს, როცა ფიზიკურად ვერ ვიმყოფებით მათთან. ეს ხელსაწყოები უდავოდ კურთხევაა, თუმცა მათ ასევე შეუძლია დაგვაშორონ მნიშვნელოვან ურთიერთქმედებას და შედეგად ისეთ ქრონიკულ ქცევებში ჩაგვითრიონ, რომლებიც ნაკლებ მნიშვნელოვანი საქმეების კეთებით ჩვენი დროის ფლანგვას იწვევენ. მიწის მარილად ყოფნისკენ სწრაფვა ნიშნავს გაცილებით მეტს, ვიდრე მოკლე ვიდეოების უსასრულო ყურება 15-სმ-იან ეკრანზე.

როდესაც უფლის სახლი ცენტრალურია ჩვენს ცხოვრებაში, სახარებით ცხოვრებით გამიზნულად ვაძლიერებთ სხვებს, ვთანხმდებით მსახურების მოწოდებებზე და ციფრულ ხელსაწყოებს მიზნობრივად ვიყენებთ, ჩვენ ჩვენი ცხოვრების სულიერ ძალას ვინარჩუნებთ. როგორც მარილს თავისი უწმინდესი ფორმით აქვს კონსერვაციის ძალა, ისე აქვს ძალა ჩვენს რწმენას იესო ქრისტესადმი, როდესაც ის ჩვენი ერთგულებით, ქრისტესმიერი მსახურებითა და სიყვარულით არის გამოკვებილი და დაცული.

ვრჩებით რა დაკავშირებულნი უფალთან, ჩვენი ცხოვრება ბუნებრივად ასახავს მის ნათელს და ჩვენ ვხდებით „მარილი მიწისა“. ამ მცდელობით, ჩვენ არა მხოლოდ ვამდიდრებთ ჩვენს ცხოვრებას, არამედ ასევე ვაძლიერებთ ჩვენს ოჯახებსა და თემს. დაე, ვიღწვოდეთ, რომ შევინარჩუნოთ ეს კავშირი უფალთან და არასდროს დავკარგოთ გემო და ვიყოთ მარილის პატარა კრისტალი, როგორიც უფალს სურს, რომ ვიყოთ! იესო ქრისტეს სახელით, ამინ.