ეძიეთ იგი მთელი თქვენი გულით
თუ იესო ქრისტე მშვიდ დროს ეძებდა ღმერთთან სასაუბროდ და გასაძლიერებლად, გონივრული იქნებოდა, ჩვენც იგივე გაგვეკეთებინა.
რამდენიმე წლის წინ მე და ჩემი მეუღლე ტოკიოში (იაპონია), მისიაში ვმსახურობდით. იმ დროს უხუცეს რასელ მ. ნელსონის მიერ ჩვენი მისიის მონახულების დროს, ერთ-ერთმა მისიონერმა ჰკითხა მას, როგორ ეპასუხათ ადამიანებისთვის, რომლებიც მათ ეუბნებიან, რომ ძალიან დაკავებულები არიან მათ მოსასმენად. მცირე დაყოვნების შემდეგ, უხუცესმა ნელსონმა თქვა: „მე ვკითხავდი, მათ, სამხარის საჭმელადაც ასევე ძალიან დაკავებული თუ არიან; და შემდეგ ავუხსნიდი, რომ მათ აქვთ ორივე — სხეულიც და სულიც და როგორც მათი სხეული მოკვდება გამოკვების გარეშე, ასევე მოკვდება მათი სულიც, თუ არ გამოიკვებება ღმერთის კეთილი სიტყვით“.
საინტერესოა, რომ იაპონური სიტყვა „დაკავებული“, ისოგაში, გამოისახება იეროგლიფით, რომელიც ორი სიმბოლოსგან შედგება (忙). მარცხენა მხარეს განთავსებული სიმბოლო ნიშნავს „გულს“ ან „სულს“, ხოლო მარჯვენა მხარეს კი „სიკვდილს“ — რაც შესაძლოა, ნიშნავს იმას, რაც პრეზიდენტმა ნელსონმა გვასწავლა: თუ დროს ვერ გამოვნახავთ ჩვენი სულის გამოსაკვებად, ამან, შეიძლება, სულიერ სიკვდილამდე მიგვიყვანოს.
უფალმა უწყოდა, ამ სწრაფი ტემპის მქონე სამყაროში, სადაც ამდენი რამ ყურადრებას გვიფანტავს და რომელიც მღელვარებით არის სავსე, უფლისთვის საკმარისი დროის გამონახვა დღევანდელ დღეს, ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. წინასწარმეტყველ ესაიას საშუალებით, მან გვითხრა დარიგებისა და გაფრთხილების ეს სიტყვები, რომლებიც შეიძლება შევადაროთ იმ მშფოთვარე დღეებს, რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ:
„ მოქცევასა და სიმშვიდეში გადარჩებოდით; სიმყუდროვესა და მინდობაში იქნებოდა თქვენი ძალა, მაგრამ თქვენ არ ინდომეთ.
„ამბობდით: ‘არა, რადგან ცხენით გავიქცევით’, ამიტომაც გაიქცევით; „ჩვენ სწრაფი ცხენებით გავჭენდებით!“ ამიტომ სწრაფნი იქნებიან თქვენი მდევარნი“.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ხსნა დამოკიდებულია მასთან ხშირად მოქცევასა და სიმშვიდეზე ამქვეყნიური საზრუნავისგან, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. და მიუხედავად იმისა, რომ მინდობა მოვა სიძლიერიდან, რომელიც სიმყუდროვეში უფალთან ურთიერთობისას და ფიქრისას წარმოიშობა, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. რატომ არ ვაკეთებთ? იმიტომ, რომ ვამბობთ, „არა, ჩვენ სხვა რაღაცებით ვარ დაკავებული — თითქოს ცხენებით მივეჭენებით. შედეგად, უფრო და უფრო ვშორდებით ღმერთს; უფრო და უფრო ავუჩქარებთ, და რაც უფრო სწრაფად გავჭენდებით, მით უფრო სწრაფად დაგვედევნება სატანა.
შეიძლება, პრეზიდენტი ნელსონი სწორედ ამიტომ გვთხოვდა არაერთგზის, რომ ჩვენს ცხოვრებაში დრო უფლისათვის —“ ყოველდღე“ გამოგვენახა. ის გვახსენებს, რომ „მყუდრო დრო არის წმინდა დრო — დრო, რომელიც ხელს შეუწყობს პირად გამოცხადებასა და მშვიდობის დანერგვას“. თუმცა უფლის წყნარი ხმის გასაგონად გვარიგებდა ის: „თქვენც უნდა იყოთ წყნარად“.
წყნარად ყოფნა თუმცაღა ნიშნავს უფრო მეტს, ვიდრე უფლისთვის დროის გამონახვას — ეს ნიშნავს, განთავისუფლდეთ თქვენს ეჭვებითა და შიშით სავსე ფიქრებისგან და თქვენი გული და გონება მთლიანად მიაპყროთ უფალს. როგორც უხუცესი დევიდ ა. ბედნარი ასწავლიდა, „უფლის შეგონება ’იყავით წყნარად’ იმაზე მეტს მოითხოვს, ვიდრე უბრალოდ არ ლაპარაკობდე ან არ მოძრაობდე“. „წყნარად ყოფნა“, ასწავლიდა იგი, „შეიძლება იყოს ჩვენთვის შეხსენება, უღალატოდ ვახდენდეთ ფოკუსირებას მხსნელზე“.
წყნარად ყოფნა რწმენის აქტია და ძალისხმევას მოითხოვს. ლექციები რწმენაზე აცხადებს: „როდესაც ადამიანი მუშაობს რწმენით, ის მუშაობს გონებრივი ძალისხმევით“. პრეზიდენტმა ნელსონმა განაცხადა: „ჩვენი ყურადღება მხსნელსა და მის სახარებაზე უნდა იყოს მიპყრობილი. გონებაში მკაცრად უნდა ვაკონტროლებდეთ იმას, რომ ყოველ ფიქრში უფალზე გვქონდეს სწორება. მაგრამ როდესაც ასე ვაკეთებთ, ჩვენი ეჭვები და შიში ქრება“. ჩვენი გონების კონცენტრირების საჭიროებაზე საუბრისას, პრეზიდენტმა დევიდ ო. მაკქეიმ თქვა: „მე ვფიქრობ, ჩვენ არ ვუთმობთ საკმარის ყურადღებას მედიტაციის მნიშვნელობას, ერთგულების პრინციპს. … მედიტაცია არის ერთ-ერთი … ყველაზე უფრო წმინდა კარი, რომლის გავლითაც წარვდგებით უფლის წინაშე“.
იაპონურ ენაში არის სიტყვა მუი, რაც პირადად ჩემთვის აღწერს „წყნარად ყოფნის“ მეტად რწმენით აღვსილ, დამაფიქრებელ გრძნობას. ის შედგება ორი სიმბოლოსგან (無為). სიმბოლო მარცხენა მხარეს ნიშნავს „არაფერს“ ან „არარაობას“, ხოლო მარჯვენა მხარეს განთავსებული სიმბოლო ნიშნავს „კეთებას“. ეს ორი სიმბოლო ერთად კი ნიშნავს „არკეთებას“. სიტყვასიტყვით თუ ავიღებთ, შეიძლება ეს სიტყვა მცდარად გავიგოთ, როგორც „არაფრის გაკეთება“, ისევე როგორც „წყნარად ყოფნა“ შეიძლება იყოს მცდარად გაგებული, როგორც „არლაპარაკი და არმოძრაობა“. თუმცა, როგორც ფრაზას „წყნარად ყოფნა“, მასაც აქვს უფრო ღრმა მნიშვნელობა; ჩემთვის ეს არის შეხსენება, შევანელოთ ტემპი და უფრო დიდი სულიერი ცნობიერებით ვიცხოვროთ.
უხუცეს ტაკაში ვადასთან ერთად აზიის ჩრდილოეთ რეგიონის პრეზიდენტობაში მსახურობისას გავიგე, რომ მისი მეუღლე, და ნაომი ვადა, წარმატებული იაპონელი კალიგრაფია. მე ვკითხე და ვადას, დამიხატავდა თუ არა იაპონურ სიმბოლოებს სიტყვისთვის მუი. მინდოდა კედელზე დამეკიდა ეს კალიგრაფია, როგორც შეხსენება, რომ მშვიდად ვიყო და ყურადღება მაცხოვარზე გავამახვილო. გამიკვირდა, როდესაც იგი არ დათანხმდა ამ ერთი შეხედვით მარტივ თხოვნას.
მეორე დღეს, იცოდა რა, რომ მე, სავარაუდოდ, არასწორად გავიგე მისი ყოყმანი, უხუცესმა ვადამ ამიხსნა, რომ ამ სიმბოლოების დაწერა მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვდა. მას დასჭირდება დაფიქრება და მედიტაცია კონცეფციასა და სიმბოლოებზე, ვიდრე ღრმად არ ჩასწვდება მათ მნიშვნელობას თავის სულში და შეძლებს, გამოსახოს ეს მგრძნობიარე ნიშნები ფუნჯის თითოეული მოსმით. მე შემრცხვა, რომ ასე უბრალოდ ვთხოვე მას ასეთი რთული რამ გაეკეთებინა. ვთხოვე, ბოდიში გადაეცა მისთვის ჩემი უცოდინარობის გამო და ეცნობებინა, რომ ჩემი თხოვნა უკან მიმქონდა.
წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება და მადლიერება, როდესაც იაპონიიდან წამოსვლისას, და ვადამ, თხოვნის გარეშე, მაჩუქა კალიგრაფიის ეს მშვენიერი ნიმუში, რომელშიც იაპონური სიმბოლოებით გამოსახულია სიტყვა მუი. ის ახლა თვალსაჩინოდ ჰკიდია ჩემი კაბინეტის კედელზე და მახსენებს, ვიყო წყნარად და ყოველდღე ვეძიო უფალი მთელი გულით, ძალით, გონებითა და სიძლიერით. მან, ამ უანგარო საქციელით, ასახა სიტყვა მუისმნიშვნელობა იმაზე უკეთ, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა შეძლებდა ამის გაკეთებას. იმის მაგივრად, რომ დაუფიქრებლად და მორჩილად დაეხატა სიმბოლოები, იგი კალიგრაფიას გულის მთელი მონდომებითა და ჭეშმარიტი განზრახვით მიუდგა.
ანალოგიურად, ღმერთს სურს, რომ ჩვენც მისთვის დროის გამოყოფის საკითხს ისეთივე გულწრფელი ერთგულებით მივუდგეთ. როდესაც ამას ვაკეთებთ, ჩვენი თაყვანისცემა მისი სიყვარულის გამოხატულება ხდება.
მას სურს, მასთან გვქონდეს კავშირი. ერთხელ, პირველი პრეზიდენტობის შეხვედრაზე ლოცვის შემდეგ, პრეზიდენტი ნელსონი მომიბრუნდა და მითხრა: „როდესაც ლოცულობდი, ვფიქრობდი, რამდენად დიდად უნდა აფასებდეს ღმერთი, როდესაც ჩვენი დატვირთული განრიგიდან გამოვნახავთ დროს მისთვის პატივის მისაგებად“. ეს იყო მარტივი, მაგრამ ძლიერი შეხსენება იმის შესახებ, თუ რამხელა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს უფლისთვის იმას, როდესაც ვყოვნდებით მასთან სასაუბროდ.
რამდენადაც არ უნდა უნდოდეს მას ჩვენი ყურადღება, ის მასთან მისვლას არასდროს გვაიძულებს. აღმდგარმა იესომ ნეფიელებს უთხრა, „რამდენჯერ უნდა შემეკრიბეთ ისე, როგორც კრუხი იკრებს წიწილებს, მაგრამ თქვენ ეს არ ისურვეთ.“ მან მოაყოლა ამას იმედიანი მოწოდება, რომელიც ასევე ვრცელდება ჩვენზეც დღეს: „რამდენჯერ უნდა შეგკრიბოთ ისე, როგორც კრუხი იკრებს წიწილებს საკუთარი ფრთების ქვეშ, თუ მოინანიებთ და [დამიბრუნდებით] გულის მთელი მოწადინებით “.
იესო ქრისტეს სახარება შესაძლებლობას გვაძლევს, ხშირად დავუბრუნდეთ მას. ეს შესაძლებლობები მოიცავს ყოველდღიურ ლოცვებს, წმინდა წერილების შესწავლას, ზიარების წეს-ჩვეულებებს, კვირადღეს და ტაძარში თაყვანისცემას. რა მოხდება, თუ ამ წმინდა შესაძლებლობებს ჩვენი „გასაკეთებელი“ სიებიდან ამოვიღებთ და მოვათავსებთ სიაში, სადაც „არ გასაკეთებელი“ საკითხებია; ვგულისხმობ იმას, რომ მივუდგეთ ამ შესაძლებლობებს იმავე გონებითა და ყურადღებით, რომლითაც და ვადა თავის კალიგრაფიას მიუდგა?
შეიძლება, ფიქრობთ, „მე ამის დრო არ მაქვს“. მე ხშირად მიგრძნია ეს. მაგრამ ნება მომეცით, გირჩიოთ, რომ ის, რაც შეიძლება, გჭირდებოდეთ, არის არა მაინცდამაინც მეტი დრო, არამედ მეტი ცოდნა ღმერთისა და მასზე მეტი ფოკუსირება იმ დროს, რომელიც მისთვის უკვე გამოვყავით.
მაგალითად, ლოცვისას რა მოხდება, თუ ნაკლებ დროს დავუთმობთ საუბარს და მეტ დროს უბრალოდ ღმერთთან ყოფნას; და როცა დაველაპარაკებით, უფრო კონკრეტულად და გულწრფელად გამოვხატავთ მადლიერებასა და სიყვარულს?
პრეზიდენტმა ნელსონმა გვირჩია, რომ ჩვენ წმინდა წერილების მხოლოდ წაკითხვას როდი უნდა დავჯერდეთ, არამედ უნდა დავტკბეთ მათით. რა შეიცვლებოდა, თუ ნაკლებს წავიკითხავდით და უფრო მეტად დავტკბებოდით მათით?
რა მოხდებოდა, თუ ჩვენ უფრო მეტად მოვამზადებდით ჩვენს გონებას ზიარების მისაღებად და სიხარულით დავფიქრდებოდით იესო ქრისტეს გამოსყიდვის კურთხევებზე ამ წმინდა წეს-ჩვეულების დროს?
„შაბათს“, რაც ებრაულად „დასვენებას“ ნიშნავს, რა მოხდებოდა, თუ სხვა საზრუნავისაგან დავისვენებდით და დროს გამოვყოფდით უფალთან ჩუმად ჯდომისთვის, რათა მივაგოთ ქება-დიდება უზენაესს?
ტაძარში თაყვანისცემის დროს რა მოხდებოდა, თუ უფრო მოწესრიგებული ძალისხმევით მივაპყრობდით ყურადღებას ან ცელესტიალურ ოთახში ცოტა უფრო დიდი ხნით დავყოვნდებოდით წყნარად დასაფიქრებლად?
როდესაც ყურადღებას ნაკლებად ვამახვილებთ კეთებაზე და უფრო მეტად ზეციერ მამასთან და იესო ქრისტესთან ჩვენი აღთქმის კავშირის განმტკიცებაზე, მე ვმოწმობ, რომ თითოეული ეს წმინდა მომენტი გამდიდრდება და ჩვენ ჩვენს პირად ცხოვრებაში საჭირო ხელმძღვანელობას მივიღებთ. ჩვენ, ისევე როგორც მართა ლუკას მონათხრობში, ხშირად „ბევრ რამეზე [ვზრუნავთ] და [ვწუხვართ]“. თუმცა, თუ ჩვენ ყოველდღიურად ვესაუბრებით უფალს, ის დაგვეხმარება იმის გაგებაში, რაც ყველაზე მეტად აუცილებელია.
მხსნელმაც კი შეისვენა თავისი მსახურებიდან, რათა სიმშვიდეში ყოფილიყო. წმინდა წერილები სავსეა მაგალითებით, როდესაც უფალი განმარტოვდა — მთაზე, უდაბნოში, უკაცრიელ ადგილას ან წავიდა „შორიახლოს“, მამისადმი სალოცავად. თუ იესო ქრისტე მშვიდ დროს ეძებდა ღმერთთან სასაუბროდ და გასაძლიერებლად, გონივრული იქნებოდა, ჩვენც იგივე გაგვეკეთებინა.
როდესაც ჩვენს გულსა და გონებას ზეციერ მამასა და იესო ქრისტეს მივაპყრობთ და ვუსმენთ სულიწმინდის წყნარ, ჩუმ ხმას, ჩვენ უფრო მეტი სიცხადით დავინახავთ, რა არის ყველაზე საჭირო, განვივითარებთ უფრო ღრმა თანაგრძნობას და ვიპოვით მასში სიმშვიდესა და ძალას. პარადოქსია, მაგრამ ღმერთის ხსნისა და ამაღლების საქმის დასაჩქარებლად შეიძლება, საჭირო გახდეს ჩვენ მიერ ცხოვრების ტემპის შენელება. მუდამ მოძრაობაში ყოფნა, შესაძლოა, ჩვენს ცხოვრებას მღელვარებას მატებდეს და გვართმევდეს სიმშვიდეს, რომელსაც ვეძიებთ.
მე ვმოწმობ, რომ როდესაც ხშირად ვბრუნდებით უფალთან გულის მთელი მოწადინებით, ჩვენ სიმყუდროვესა და მინდობაში გავიცნობთ მას და შევიგრძნობთ მის უსაზღვრო აღთქმისეულ სიყვარულს.
უფალი დაგვპირდა:
„მომიახლოვდით და მოგიახლოვდებით; ბეჯითად მეძებეთ და მიპოვით“.
მეძიეთ მე და მიპოვნით, როდესაც მეძიებთ მთელი თქვენი გულით“
მე ვმოწმობ, რომ ეს დაპირება ჭეშმარიტია. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.