გენერალური კონფერენცია
არასდროს ჩამცხრალა ქარი
2024 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


არასდროს ჩამცხრალა ქარი

ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს, ღვთის დალოცვების მიღების გზაზე მოგზაურობისას.

2015 წელს ბრაზილიის პერნამბუკოს შტატში, ჯ. რუბენ კლარკის სამართლებრივი საზოგადოების 62 წევრი შტატის პროკურატურასთან მოხუცთა ოთხ სხვადასხვა თავშესაფარში მცხოვრებთა სამართლებრივი პრობლემების გამოსაძიებლად თანამშრომლობდა. ერთ შაბათს, ხუთი საათის განმავლობაში ამ ადვოკატებმა სათითაოდ გამოჰკითხეს 200-ზე მეტი მცხოვრები, რომელთაგან ყველა ფაქტობრივად დავიწყებული იყო საზოგადოების მიერ.

ამ ინტერვიუების დროს მათ აღმოაჩინეს რამდენიმე დანაშაული, რომლებიც ჩადენილი იყო ხანდაზმული მაცხოვრებლების მიმართ, ესენია: მიტოვება, არასათანადო მოპყრობა და თანხების მითვისება. ამ სამართლებრივი საზოგადოების მთავარი საყრდენი არის ღარიბებსა და გაჭირვებულებზე ზრუნვა. სულ რაღაც ორი თვის შემდეგ პროკურორმა პასუხისმგებელ მხარეებს ბრალი წაუყენა.

მათი დახმარება არის მეფე ბენიამინის სწავლების შესანიშნავი მაგალითი, „რომ როდესაც ემსახურებით მოყვასს, თქვენ ემსახურებით მხოლოდ თქვენს ღმერთს“.

ერთი მცხოვრები, რომელიც მე პირადად გამოვკითხე პრო ბონო პროექტის დროს, იყო გულკეთილი 93 წლის ქალი, სახელად ლუსია. ჩვენი მომსახურებით მადლიერმა,მან ხუმრობით წამოიძახა: „ცოლად მომიყვანე!“

შეცბუნებულმა ვუპასუხე: „შეხედე, იქ, იმ ლამაზ ახალგაზრდა ქალს! ის ჩემი მეუღლე და სახელმწიფო პროკურორია“.

მან სწრაფად მიპასუხა: „მერე რა, ის ახალგაზრდაა, ლამაზი და იოლად გათხოვდება ხელახლა. მე კი მხოლოდ შენ მყავხარ!“

ამ თავშესაფარში მცხოვრებ მშვენიერ ადამიანებს იმ დღეს ყველა პრობლემა არ მოუგვარებიათ. რა თქმა უნდა, მათ დროდადრო ისევ ჰქონდათ გაჭირვება, როგორც იარედიელებს, თავიანთი ნავებით აღთქმული მიწისკენ რთულ მოგზაურობისას, „[იმარხებოდნენ] ზღვის სიღრმეებში მთისხელა ტალღების გამო, რომლებიც ზემოდან აცხრებოდათ“.

მაგრამ იმ შაბათს მოხუცთა სახლის მაცხოვრებლებმა იცოდნენ, რომ მიწიერი ანონიმურობის მიუხედავად, მათ პირადად იცნობდა მოსიყვარულე ზეციერი მამა, რომელიც უმარტივეს ლოცვებსაც კი პასუხობს.

ბატონთა ბატონმა გამოიწვია „მძვინვარე ქარი“, რათა იარედიელებისთვის აღთქმული კურთხევებისკენ დაებერა. ანალოგიურად, ჩვენ შეგვიძლია, გადავწყვიტოთ ვიმოქმედოთ როგორც ქარის მოკრძალებულმა მონაბერმა უფლის ხელში. ისევე, როგორც „არასდროს ჩამცხრალა ქარი“, რომელიც იარედელებს აღთქმული მიწისაკენ უბერავდა, ჩვენ შეგვიძლია, სხვებს დავეხმაროთ თავიანთ მოგზაურობაში ღვთის კურთხევის მისაღებად.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც მე და კრისს, ჩემს ძვირფას მეუღლეს, გაგვესაუბრნენ ეპისკოპოსად მოწოდების გამო, ჩვენმა პალოს პრეზიდენტმა მთხოვა, ლოცვით განმეხილა სახელები, რომლებიც მრჩევლად უნდა დამესახელებინა. ჩემ მიერ დასახელებული სახელების მოსმენის შემდეგ მან თქვა, რომ ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია, რაც მე უნდა მცოდნოდა ერთ-ერთი ძმის შესახებ.

უპირველეს ყოვლისა, ამ ძმამ კითხვა არ იცოდა. მეორე, მას არ ჰყავდა მანქანა, რომლის საშუალებითაც ის წევრებს მოინახულებდა. მესამე, მას ყოველთვის —ყოველთვის– ეკეთა მზის სათვალე ეკლესიაში. პრეზიდენტის მიერ თავისი შიშის გულწრფელი გაზიარების მიუხედავად, მე მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული, რომ მაინც ის უნდა ამერჩია მრჩევლად და პალოს პრეზიდენტმა მხარი დამიჭირა.

კვირას, როცა მე და ჩემი მრჩევლები ზიარების კრებაზე წარვდექით, წევრების სახეზე გაოცება აშკარა იყო. ეს ძვირფასი ძმა ნელ-ნელა ავიდა სცენაზე, სადაც ზემოდან მიმართული შუქი მკვეთრად აირეკლებოდა მის სათვალეზე.

როცა ის ჩემ გვერდით დაჯდა, მე ვკითხე: „ძმაო, მხედველობის პრობლემა გაქვს?“

„არა“, მიპასუხა მან.

„მაშინ, რატომ ხმარობ მზის სათვალეს ეკლესიაში?“ ვკითხე მას. „ჩემო მეგობარო, წევრებმა უნდა დაინახონ შენი თვალები და შენც უნდა შეგეძლოს მათი უკეთ დანახვა.“

მაშინ მოიხსნა მან მზის სათვალე და ეკლესიაში აღარასდროს გაუკეთებია.

ეს სათნო ძმა ჩემ გვერდით მსახურობდა, ვიდრე მე ეპისკოპოსი ვიყავი. დღეს ის აგრძელებს ეკლესიაში ერთგულად მსახურებას და არის უფალი იესო ქრისტესადმი თავდადებისა და ერთგულების მაგალითი. ხოლო წლების წინ ის იყო უცნობი ადამიანი მზის სათვალეებით, რომელიც არსებითად მივიწყებული იჯდა სამლოცველოში. ხშირად ვფიქრობ, რამდენი ერთგული ძმა და და არის მივიწყებული დღეს ჩვენ შორის?

მიუხედავად იმისა, ცნობილი ვართ თუ დავიწყებული, განსაცდელი აუცილებლად მოაკითხავს თითოეულ ჩვენგანს. როდესაც ჩვენ მივმართავთ მაცხოვარს, მას შეუძლია, „აკურთხოს [ჩვენი] გაჭირვება [ჩვენსავე] სასარგებლოდ“ და დაგვეხმაროს, ვუპასუხოთ ჩვენს განსაცდელებს ისე, რომ ხელი შეეწყოს ჩვენს სულიერ წინსვლას. მოხუცთა სახლის მაცხოვრებლებისთვის, ეკლესიის არასწორად შეფასებული წევრისა თუ ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ „ქარი, [რომელიც] არასდროს ჩამცხრალა“, და რომელსაც მოაქვს იმედი და წარმართავს სხვებს აღთქმის გზაზე.

ჩვენმა საყვარელმა წინასწარმეტყველმა, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა, ამაღელვებელი და შთამაგონებელი მოწოდებით მიმართა ახალგაზრდებს: „მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ უფალმა სთხოვა ყველა ღირსეულ, უნარიან ახალგაზრდა მამაკაცს, მოემზადოს მისიისთვის და იმსახუროს მასში. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ახალგაზრდა მამაკაცებისთვის მისიონერული მსახურება მღვდლობის პასუხისმგებლობაა. … თქვენთვის, ახალგაზრდა და უნარიანო დებო, მისია აგრეთვე ძლიერი, თუმცა არჩევითი, შესაძლებლობაა.“

ყოველდღე ათასობით ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი პასუხობს უფლის წინასწარმეტყველურ მოწოდებას მისიონერებად მსახურების შესახებ. თქვენ ბრწყინვალე ადამიანები ხართ და როგორც პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა, შეგიძლიათ „უფრო მეტი გავლენა იქონიოთ სამყაროზე, ვიდრე ნებისმიერ წინა თაობას!“ რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მისიონერთა მომზადების ცენტრში ფეხის დადგმისთანავე თქვენ იქნებით საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

ამის ნაცვლად, თქვენ შეიძლება თავი ნეფის მსგავსად იგრძნოთ, თითქოს „წინ [მიგიძღოდეთ] სული და წინასწარ არ [იცოდეთ], რა უნდა [იღონოთ]. მიუხედავად ამისა, [მიდიოდეთ] წინ“.

იქნებ, როგორც იერემია, არ იყოთ საკუთარ თავში დარწმუნებული და გინდოდეთ, თქვათ: „მე არ ვიცი ლაპარაკი, რადგან ყმაწვილი ვარ“.

შესაძლოა, იერემიას მსგავსად დაინახოთ თქვენი ნაკლი და გინდოდეთ შესძახოთ, როგორც მოსემ: „გევედრები, უფალო! მე არ ვყოფილვარ კაცი ენამჭევრი…: ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ“.

თუ რომელიმე თქვენგანს, სათნო და ძლევამოსილ ახალგაზრდა მამაკაცსა და ქალს, ახლა მსგავსი აზრი აქვს, გახსოვდეთ, როგორ უპასუხა უფალმა: „ნუ იტყვი: ’ყმაწვილი ვარო,‘ რადგან ყველგან, სადაც კი მიგავლენ, წახვალ“. და ჰპირდება: „ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან, და გასწავლი, რაც უნდა თქვა“.

თქვენი გარდაქმნა ბუნებრივი მდგომარეობიდან სულიერში მოხდება „სტრიქონ[ი] სტრიქონზე, სწავლება სწავლებაზე“, როდესაც თქვენ გულმოდგინედ ცდილობთ, ემსახუროთ იესო ქრისტეს მისიის ველზე ყოველდღიური მონანიებით, რწმენით, ზედმიწევნითი მორჩილებითა და ბეჯითი შრომით, რათა „პოულობდეთ განუწყვეტლივ, ასწავლიდეთ მონანიებას და ნათლავდეთ მოქცეულებს“.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ატარებთ სახელს სამკერდე „ნიშნით“, ზოგჯერ, შეიძლება, გრძნობდეთ, რომ ვერავინ გცნობთ ან მივიწყებული ხართ. თუმცა, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ გყავთ სრულყოფილი ზეციერი მამა, რომელიც გიცნობთ პირადად და მხსნელი, რომელსაც უყვარხართ. თქვენ გეყოლებათ მისიის ხელმძღვანელები, რომლებიც, მიუხედავად მათი არასრულყოფილებისა, მოგემსახურებიან, როგორც „ქარი, [რომელიც] არასდროს ჩამცხრალა“, რათა გაგიძღვეთ თქვენი პირადი მოქცევის გზაზე.

„ქვეყანა[ში], სადაც რძე და თაფლი მოედინება“, თქვენ მისიაში იმსახურებთ, ხელახლა დაიბადებით სულიერად და რაც უფრო მეტად მიუახლოვდებით იესო ქრისტეს, მისი მარადიული მოწაფე გახდებით. შეგიძლიათ გაიგოთ, რომ არასდროს ხართ დავიწყებული.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა, შეიძლება, „დიდი ხანი“ელოდოს შვებას, რადგან „კაცი არა [ჰყავს]“, რომელსაც შეუძლია დახმარება, უფალმა იესო ქრისტემ გვასწავლა, რომ მის მიერ არასოდეს იქნება ვინმე დავიწყებული. პირიქით, ის იყო შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ ეძიებდა თითოეულ მათგანს თავისი მიწიერი მსახურების ყოველ წუთს.

თითოეული ჩვენგანი და ჩვენ გარშემო მყოფი— უპირისპირდება წინააღმდეგობის საკუთარ ქარიშხალსა და განსაცდელის ტალღებს, რომლებშიც ვეფლობით ყოველდღიურად. თუმცა, „არასდროს [ჩაცხრება] ქარი, რომელიც აღთქმული მიწისკენ [გვიბერავს] … , და ასე [მიგვაქანებს ჩვენ] ზურგის ქარი“.

თითოეულ ჩვენგანს შეუძლია იყოს ამ ქარის ნაწილი — იგივე ქარი, რომელმაც აკურთხა იარედიელები მათ მოგზაურობისას და იგივე ქარი, რომელიც ჩვენი დახმარებით, აკურთხებს, ვისაც არ ცნობენ და დავიწყებულთ, რათა მიაღწიონ საკუთარ აღთქმულ მიწას.

მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი ქომაგი მამის წინაშე. ის ცოცხალი ღმერთია და მოქმედებს როგორც ძლიერი ქარი, რომელიც აღთქმის გზაზე ყოველთვის გვიხელმძღვანელებს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. J. Reuben Clark Law Society არის არაკომერციული ასოციაცია, რომელიც ჩამოყალიბდა იურისტებისა და სამართლის სტუდენტების მიერ და მოქმედებს ასზე მეტ განყოფილებაში მთელ მსოფლიოში. მას სახელი ეწოდა ჯოშუა რუბენ კლარკ უმცროსის პატივსაცემად, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდა მრჩევლად უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პირველ პრეზიდენტობაში.

  2. მოსია 2:17.

  3. პრო ბონო არის ლათინური ფრაზის – pro bono publico– შემოკლებული ფორმა, რაც ნიშნავს „საზოგადოებრივი სიკეთისთვის“ ან „საზოგადოების სასარგებლოდ“. ეს არის ნებაყოფლობითი მუშაობის ფორმა, რომელიც, ტრადიციული მოხალისეობისგან განსხვავებით, მოითხოვს პროფესიულ კვალიფიკაციას, თუმცა არ არის ანაზღაურებადი.

  4. ეფერი 6:6.

  5. ეფერი 6:5.

  6. იხილეთ 2 ნეფი 2:14, 16.

  7. ეფერი 6:8.

  8. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 84:106.

  9. იხილეთ აბრაამი 3:25.

  10. 2 ნეფი 2:2; ასევე იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 122:7.

  11. Russell M. Nelson, “Preaching the Gospel of Peace,” Liahona, May 2022, 6.

  12. Russell M. Nelson, “Hope of Israel” (worldwide youth devotional, June 3, 2018), Gospel Library.

  13. 1 ნეფი 4:6–7.

  14. იერემია 1:6.

  15. გამოსვლა 4:10.

  16. იერემია 1:7.

  17. გამოსვლა 4:12.

  18. იხ. მოსია 3:19.

  19. 2 ნეფი 28:30.

  20. იხილეთ ალმა 26:22.

  21. ნილ ლ. ანდერსენი, “The Faith to Find and Baptize Converts” (address given at the seminar for new mission presidents, June 25, 2016), 6.

  22. იხილეთ მეორე რჯული 11:8–9.

  23. იხილეთ “Becoming Lifelong Disciples of Jesus Christ [მთელი ცხოვრების მანძილზე ვიყოთ იესო ქრისტეს მოწაფენი],” იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო 2023, 76-100.

  24. იოანე 5:6-7.

  25. იხილეთ ლუკა 10:29.

  26. ეფერი 6:8.

  27. პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა ახსენა მეინარდ დიქსონის ნახატი სახელად Forgotten Man [დავიწყებული კაცი], რომელიც სოლთ-ლეიქ-სითიში ეკლესიის ადმინისტრაციულ შენობაში მისი კაბინეტის კედელზე ჰკიდია: „თქვენ ხედავთ მზის სხივებს მის თავზე. მისმა ზეციერმა მამამ იცის, ის აქ არის. ის დავიწყებულია გამვლელების მიერ, მაგრამ ბრძოლების დროს, მისმა ზეციერმა მამამ იცის, რომ ის აქ არის. მე დაახლოებით 40 წელია, ამ ნახატთან ვარ, ის მელაპარაკება და მახსენებს იმას, რაც უნდა მახსოვდეს“ ((in Sarah Jane Weaver, “What I Learned from President Oaks about the ‘Forgotten Man,’” Church News, Sept. 18, 2022, thechurchnews.com).