თავი 42
მიწიერი ცხოვრება არის გამოცდის ჟამი, რათა ადამიანმა მოინანიოს და ღმერთს ემსახუროს. დაცემამ კაცობრიობას მოუტანა ხორციელი და სულიერი სიკვდილი. გამოსყიდვა მოდის მონანიების მეშვეობით. თავად ღმერთი გამოისყიდის ამა ქვეყნის ცოდვებს. წყალობა მათია, ვინც ინანიებს. დანარჩენნი ექვემდებარებიან ღმერთის სამართალს. წყალობა მოდის გამოსყიდვის შედეგად. მხოლოდ ჭეშმარიტად მომნანიებელი გადარჩება. დაახლოებით 74 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და ახლა, შვილო ჩემო, მე მესმის, რომ კიდევ რაღაც აშფოთებს შენს გონებას, რაც არ შეგიძლია გაიგო; და ეს ეხება ღმერთის სამართალს ცოდვილის დასჯაში; რადგან ცდილობ იფიქრო, რომ ეს არ არის სამართალი, რომ ცოდვილი განწირულია უბედური მდგომარეობისათვის.
2 ახლა, აჰა, შვილო ჩემო, მე აგიხსნი ყოველივე ამას. რადგან, აჰა, მას შემდეგ, რაც უფალმა ღმერთმა გააძევა ჩვენი პირველი მშობლები ედემის ბაღიდან, რათა დაემუშავებინათ მიწა, რომლიდანაც ისინი იყვნენ შექმნილნი; დიახ, მან გააძევა ადამიანი და დააყენა ედემის ბაღის აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი მახვილი, რომელიც მიმართულია ყველა მხარეს, რათა დაიცვას სიცოცხლის ხე –
3 ახლა, ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი გახდა, როგორც ღმერთი, შეიცნო რა კეთილი და ბოროტი; და რომ არ გაიწოდოს ხელი და არ აიღოს ასევე სიცოცხლის ხიდან და არ იგემოს და არ იცოცხლოს მარად, უფალმა ღმერთმა დააყენა ქერუბიმები და ცეცხლოვანი მახვილი, რომ მან არ იგემოს ნაყოფისგან –
4 და ამგვარად, ვხედავთ, რომ ადამიანს მიეცა დრო მოსანანიებლად, დიახ, გამოცდის ჟამი, დრო მონანიებისა და ღმერთისადმი მსახურების.
5 რადგან, აჰა, ადამს რომ დაუყოვნებლივ ხელი გაეწოდა და ეგემა სიცოცხლის ხისაგან, ის სამუდამოდ იცოცხლებდა ღმერთის სიტყვის შესაბამისად, არ ექნებოდა რა დროის მონაკვეთი მონანიებისათვის; დიახ, ღვთის სიტყვაც იქნებოდა ფუჭი და ხსნის დიადი გეგმაც ჩაიშლებოდა.
6 მაგრამ, აჰა, ადამიანს არგუნეს სიკვდილი, ამიტომ, როგორც ისინი მოკვეთილ იქნენ სიცოცხლის ხისგან, მოკვეთილნი უნდა ყოფილიყვნენ დედამიწის პირიდანაც და ადამიანი გახდა სამუდამოდ დაკარგული, დიახ, ისინი იქცნენ დაცემულ ადამიანებად.
7 და ახლა, შენ ამით ხედავ, რომ ჩვენი პირველი მშობლები მოკვეთილ იქნენ უფლის გარემოცვიდან, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად; და ამგვარად ვხედავთ, რომ ისინი მიჰყვნენ საკუთარი ნების მორჩილებას.
8 ახლა, აჰა, არ იყო საჭირო, რომ ადამიანი დაბრუნებულიყო ამ ხორციელი სიკვდილიდან, რადგან ეს დაანგრევდა ბედნიერების დიად გეგმას.
9 ამიტომ, რადგან სული არასდროს არ კვდება და დაცემამ მთელ კაცობრიობას მოუტანა სულიერი სიკვდილი ისევე, როგორც მიწიერი ანუ მოკვეთილ იქნენ უფლის გარემოცვიდან, საჭირო იყო, რომ კაცობრიობა დაბრუნებულიყო ამ სულიერი სიკვდილიდან.
10 ამიტომ, რადგან ისინი იქცნენ, ბუნებით, ხორციელნი, ავხორცნი და ეშმაკისეულნი, ეს გამოსაცდელი ჟამი მათთვის იქცა მოსამზადებელ დროდ; ის იქცა მოსამზადებელ მდგომარეობად.
11 და ახლა, დაიმახსოვრე, შვილო ჩემო: რომ არ ყოფილიყო გამოსყიდვის გეგმა (გვერდზე გადავდოთ იგი) მაშინ მათი სულები უბედურნი იქნებოდნენ გარდაცვლისთანავე, იქნებოდნენ რა მოკვეთილნი უფლის გარემოცვიდან.
12 და ახლა, არ იყო არანაირი საშუალება, ადამიანი დაბრუნებულიყო ამ დაცემული მდგომარეობიდან, რომელიც ადამიანმა მოავლინა საკუთარ თავზე თავისი დაუმორჩილებლობით.
13 ამიტომ, სამართალის შესაბამისად, გამოსყიდვის გეგმა ვერ აღსრულდებოდა მხოლოდ ამ გამოსაცდელ მდგომარეობაში, ადამიანის მონანიების პირობით, დიახ, ამ მოსამზადებელ მდგომარეობაში; ვინაიდან, რომ არ ყოფილიყო ეს პირობები, წყალობას არ ექნებოდა შედეგი გარდა იმისა, რომ გაანადგურებდა სამართლის საქმეს. ახლა, სამართლის საქმე ვერ განადგურდება; ასე რომ იყოს, ღმერთი აღარ იქნებოდა ღმერთი.
14 და ამგვარად ვხედავთ, რომ მთელი კაცობრიობა იყო დაცემული და სამართალის მიერ შეპყრობილი; დიახ, ღმერთის სამართლის, რომელმაც განწირა ისინი, მოკვეთილნი ყოფილიყვნენ სამუდამოდ მისი გარემოცვიდან.
15 და ახლა, წყალობის გეგმა ვერ აღსრულდებოდა, რომ არ მომხდარიყო გამოსყიდვა; ამიტომ, თავად ღმერთი გამოისყიდის ამა ქვეყნის ცოდვებს, რათა აღსრულდეს მოწყალების გეგმა, რათა დააკმაყოფილოს სამართალის მოთხოვნა, რათა ღმერთი იყოს სრულყოფილი მართალი ღმერთი და ასევე მოწყალე ღმერთი.
16 ახლა, მონანიება არ მოვიდოდა ადამიანებში, რომ არ ყოფილიყო სასჯელი, რომელიც ასევე იყო მარადიული, როგორც სულის სიცოცხლე, ბედნიერების გეგმის საწინააღმდეგოდ დანიშნული, რომელიც ასევე იყო მარადიული, როგორც სულის სიცოცხლე.
17 ახლა, როგორ უნდა მოენანიებინა ადამიანს, რომ არ შეეცოდა? როგორ შესცოდავდა, რომ არ ყოფილიყო კანონი? როგორ იქნებოდა კანონი, რომ არ ყოფილიყო სასჯელი?
18 ახლა, დაინიშნა სასჯელი და მოცემულ იქნა მართალი კანონი, რომელმაც ადამიანს სინდისის ქეჯნა მოუტანა.
19 ახლა, რომ არ ყოფილიყო მოცემული კანონი – თუ ადამიანი მოკლავს, ის უნდა მოკვდეს – შეეშინდებოდა მას სიკვდილის, თუ მკვლელობას ჩაიდენდა?
20 და ასევე, რომ არ ყოფილიყო მოცემული კანონი ცოდვის წინააღმდეგ, ადამიანს არ შეეშინდებოდა ცოდვის.
21 და რომ არ ყოფილიყო მოცემული კანონი ადამიანის შეცოდების შემთხვევაში, რა უნდა ექნა სამართალს ან წყალობას, რადგან სარჩელს ვერ წაუყენებდნენ ადამიანს?
22 მაგრამ მოცემულია კანონი და დანიშნულია სასჯელი და ნაბოძებია მონანიება; მონანიება, რომელიც წყალობით მიიღება; სხვაგვარად, სამართალი მოითხოვს თავისას ადამიანის მიმართ და ასრულებს კანონს; და კანონი აღასრულებს სასჯელს; რომ არა ეს, სამართალის საქმენი იქნებოდა განადგურებული და ღმერთი აღარ იქნებოდა ღმერთი.
23 მაგრამ ღმერთი არ წყვეტს ღმერთად ყოფნას, წყალობა თავისას მოითხოვს მომნანიებლის მიმართ; და მოწყალება მოდის გამოსყიდვის გამო და გამოსყიდვას მოაქვს მკვდართა აღდგომა; და მკვდართა აღდგომა ადამიანებს აბრუნებს ღმერთის გარემოცვაში; და ასე ბრუნდებიან მის გარემოცვაში, რათა განკითხულნი იქნენ თავიანთი საქმეების შესაბამისად, კანონისა და სამართლის მიხედვით.
24 რადგან, აჰა, სამართალი აღასრულებს თავის ყველა მოთხოვნას; და ასევე წყალობა მოითხოვს, რაც მას ეკუთვნის; და ამგვარად, ჭეშმარიტად მომნანიებლის გარდა, არავინ გადარჩება.
25 როგორ, ნუთუ გგონია, რომ წყალობას შეუძლია ძარცვოს სამართალი? მე გეუბნები: არა, არაფრით. ასე რომ იყოს, ღმერთი აღარ იქნებოდა ღმერთი.
26 და ასე აღასრულებს ღმერთი თავის დიდ და მარადიულ მიზნებს, რომლებიც მომზადებული იყო ამა ქვეყნის დასაბამიდან. ასე მოდის ადამიანთა ხსნა და გამოსყიდვა და ასევე მათი განადგურება და უბედურება.
27 ამიტომ, შვილო ჩემო, ყოველი, ვინც მოვა, შეუძლია მოვიდეს და თავისუფლად შესვას სიცოცხლის წყლებიდან; და ვინც არ მოვა, არ აიძულებენ, რომ მოვიდეს, მაგრამ უკანასკნელ დღეს მას მიეზღვება საკუთარი საქმეების შესაბამისად.
28 თუ მას სურდა სიბოროტის კეთება და არ მოინანია თავის დღეებში, აჰა, სიბოროტე მოევლინება მას, ღმერთის აღდგენის შესაბამისად.
29 და ახლა, შვილო ჩემო, მე მსურს, აღარ დაუშვა, რომ ყოველივე ამან კიდევ აგაღელვოს; დაე, მხოლოდ შენი ცოდვები გაღელვებდეს იმ მღელვარებით, რომელიც მონანიებამდე მიგიყვანს.
30 ჩემო შვილო, მე მსურს, რომ აღარ უარყო ღმერთის სამართალი. არ შეეცადო თავი გაიმართლო შენი ცოდვების ყველაზე მცირედშიც კი, ღმერთის სამართალის უარყოფით; არამედ დაუშვი შენს გულში, მთელი ძალით იმოქმედოს ღმერთის სამართალმა, მისმა წყალობამ და სულგრძელობამ; დაე, მტვრამდე დაგამდაბლოს ამან თავმდაბლობაში.
31 და ახლა, შვილო ჩემო, ღმერთისგან ხარ მოწოდებული, სიტყვა უქადაგო ამ ხალხს. და ახლა, შვილო ჩემო, იარე შენი გზით, გამოაცხადე სიტყვა ჭეშმარიტებითა და სიფხიზლით, რათა შეძლო სულების მონანიებამდე მიყვანა, რომ წყალობის დიადმა გეგმამ მათზე იქონიოს ძალა, დაე, ღმერთმა გიბოძოს ჩემი სიტყვების შესაბამისად. ამინ.