წმინდა წერილი
ალმა 43


თავი 43

ალმა და მისი შვილები სიტყვას ქადაგებენ. ზორამიელნი და ნეფიელთა სხვა განდგომილები ხდებიან ლამანიელები. ლამანიელები მოდიან ნეფიელების წინააღმდეგ საომრად. მორონი აიარაღებს ნეფიელებს თავდაცვის ჯავშნით. უფალი ალმას გაუმხელს ლამანიელთა სტრატეგიას. ნეფიელები იცავენ საკუთარ სახლებს, თავისუფლებასა და სარწმუნოებას. მორონისა და ლეხის ჯარები ალყაში მოაქცევენ ლამანიელებს. დაახლოებით 74 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, ალმას შვილები მივიდნენ ხალხში, რათა მათთვის სიტყვა ეუწყებინათ და ალმამ ვერ მოისვენა და ასევე თვითონ მივიდა.

2 ახლა, ჩვენ მეტს აღარ ვიტყვით მათ ქადაგებაზე, გარდა იმისა, რომ ისინი ქადაგებდნენ სიტყვასა და ჭეშმარიტებას, წინასწარმეტყველებისა და გამოცხადების სულის მიხედვით; და ისინი ქადაგებდნენ ღმერთის წმინდა წესის შესაბამისად, რომლითაც იყვნენ მოწოდებულნი.

3 და ახლა, დავუბრუნდეთ ჩანაწერებს ომების შესახებ ლამანიელებსა და ნეფიელებს შორის, მოსამართლეთა მმართველობის მეთვრამეტე წელს.

4 რადგან, აჰა, იყო ასე, რომ ზორამიელები გახდნენ ლამანიელები; ამიტომ, მეთვრამეტე წლის დასაწყისში, ნეფიელთა ხალხმა იხილა, რომ ლამანიელები მათზე მოდიოდნენ; ამიტომ, მათ დაიწყეს ომისათვის მზადება; დიახ, მათ შეკრიბეს თავიანთი ჯარები იერშონის მიწაზე.

5 და იყო ასე, რომ ლამანიელები მოვიდნენ თავიანთი ათასეულებით; და ისინი შემოვიდნენ ანტიონუმის მიწაზე, რომელიც ზორამიელთა მიწა იყო; და კაცი, სახელად ზერაჰემნა, იყო მათი წინამძღვარი.

6 და ახლა, რადგან ამალეკიელები ლამანიელებზე მეტად ბოროტნი და მკვლელობების მოსურნენი იყვნენ, ზერაჰემნამ დანიშნა მთავარსარდლები ლამანიელებთან და ისინი ყველანი ამალეკიელები და ზორამიელები იყვნენ.

7 ახლა, ის ასე მოიქცა, რათა შეენარჩუნებინა მათი სიძულვილი ნეფიელების მიმართ, რომ დაემორჩილებინა ისინი საკუთარი მიზნების განსახორციელებლად.

8 რადგან, აჰა, მისი მიზანი იყო, გაეღვივებინა წყრომა ლამანიელებში ნეფიელების წინააღმდეგ და ეს მან გააკეთა, რათა დიდი ძალით მიიტაცოს მათზე ხელისუფლება; და ასევე, რათა მოეპოვებინა ძალაუფლება ნეფიელებზე, მათი მონობაში ჩაგდებით.

9 და ახლა, ნეფიელთა მიზანი იყო, დაეცვათ საკუთარი მიწები, სახლები, ცოლები და შვილები, რათა ისინი გადაერჩინათ მტრის ხელიდან; ასევე, რომ შეენარჩუნებინათ უფლებები და უპირატესობები, დიახ, ასევე თავისუფლება, რომ თაყვანი ეცათ ღმერთისათვის თავიანთი სურვილის შესაბამისად.

10 რადგან მათ იცოდნენ: ლამანიელთა ხელში თუ ჩავარდებოდნენ, ყველას, ვინც ღმერთს ეთაყვანება სულითა და ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტსა და ცოცხალ ღმერთს, ლამანიელები გაანადგურებდნენ.

11 დიახ, მათ ასევე იცოდნენ ლამანიელების განსაკუთრებული სიძულვილის შესახებ მათი ძმების, ანტი-ნეფი-ლეხის ხალხის მიმართ, რომელსაც ეწოდებოდა ამონის ხალხი; და ისინი არ აიღებდნენ იარაღს, დიახ, მათ დადეს აღთქმა და ისინი მას არ დაარღვევდნენ. ამიტომ, ლამანიელთა ხელში თუ ჩავარდებოდნენ, განადგურდებოდნენ.

12 და ნეფიელები ვერ დაუშვებდნენ, რომ ისინი განადგურებულიყვნენ; ამიტომ, მისცეს მათ თავიანთი მემკვიდრეობის მიწა.

13 და ამონის ხალხმა მისცა ნეფიელებს საკუთარი ქონების დიდი ნაწილი, რათა დახმარებოდნენ მათ ჯარებს; და ამგვარად, ნეფიელები იძულებულები იყვნენ, მარტოდ გაეწიათ წინააღმდეგობა ლამანიელთათვის, რომლებიც შედგებოდნენ ლამანის, ლემუელის და ისმაელის შვილების შთამომავლებისგან და მათგან, რომლებიც ნეფიელებს განუდგნენ, რომლებიც იყვნენ ამალეკიელები და ზორამიელები და ნოეს მღვდლების შთამომავლები.

14 ეს შთამომავლები ისევე მრავალრიცხოვანნი იყვნენ, როგორც ნეფიელნი; და ამგვარად, ნეფიელები იძულებულნი იყვნენ, თავიანთ ძმებს დაპირისპირებოდნენ, სისხლისღვრითაც კი.

15 და იყო ასე: როდესაც ლამანიელთა ჯარები შეიკრიბნენ ერთად ანტიონუმის მიწაზე, აჰა, ნეფიელთა ჯარები მზად იყვნენ მათ დასახვედრად იერშონის მიწაზე.

16 ახლა, ნეფიელთა წინამძღვარი ანუ კაცი, რომელიც დანიშნული იყო ნეფიელების მთავარსარდლად – ახლა, ნეფიელთა ჯარებზე მეთაურობა აიღო მთავარსარდალმა – და მისი სახელი იყო მორონი;

17 და მორონიმ აიღო მთელი მეთაურობა და მათ ომებზე მმართველობა. და ის იყო მხოლოდ ოცდახუთი წლის, როდესაც დაინიშნა ნეფიელთა ჯარების მთავარსარდლად.

18 და იყო ასე, რომ იგი შეხვდა ლამანიელებს იერშონის საზღვრებთან და მისი ხალხი იყო შეიარაღებული ხმლებით, მახვილებითა და ყველანაირი საომარი იარაღით.

19 და როდესაც ლამანიელთა ჯარებმა დაინახეს, რომ ნეფის ხალხმა ანუ მორონიმ, მოამზადა საკუთარი ხალხი სამკერდულებითა და საომარი ფარებით, დიახ, ასევე თავის დამცავი ჩაჩქანები და იყვნენ სქელი ტანსაცმლით შემოსილები –

20 ახლა, ზერაჰემნას ჯარებს მსგავსი არაფერი არ გააჩნდათ, მათ ჰქონდათ მხოლოდ ხმლები და მახვილები, მშვილდები და ისრები, ქვები და შურდულები და იყვნენ შიშველნი, ტყავის გარდა, რომელიც წელზე ერტყათ; დიახ, ყველანი შიშვლები იყვნენ, ზორამიელებისა და ამალეკიელების გარდა;

21 მაგრამ არ იყვნენ შეიარაღებულნი სამკერდულებით, არც ფარებით, ამიტომ მათ ძალზედ ეშინოდათ ნეფიელთა ჯარების, მათი ჯავშნების გამო, იმისდა მიუხედავად, რომ რაოდენობით ბევრად აღემატებოდნენ ნეფიელებს.

22 აჰა, იყო ასე, რომ მათ ვერ გაბედეს ნეფიელების წინააღმდეგ გამოსვლა იერშონის საზღვრებთან; ამიტომ, ისინი გავიდნენ ანტიონუმის მიწიდან უდაბნოში და გაემართნენ შემოვლითი გზით უდაბნოში, შორს, მდინარე სიდონის სათავისკენ, რათა შეძლებოდათ მანტის მიწაზე მისვლა და მიწის დაუფლება; რადგან მათ არ ეგონათ, რომ მორონის ჯარებს ეცოდინებოდათ, სად წავიდნენ ისინი.

23 მაგრამ იყო ასე, რომ, როგორც კი ისინი წავიდნენ უდაბნოში, მორონიმ უდაბნოში გააგზავნა მზვერავები, რათა თვალყური ედევნებინათ მათი ბანაკისათვის; და მორონიმ, იცოდა რა ალმას წინასწარმეტყველებები, მასთანაც გააგზავნა რამდენიმე კაცი სურვილით, რომ მას ეკითხა უფლისათვის, საით უნდა წასულიყვნენ ნეფიელთა ჯარები, რათა ლამანიელებისგან დაეცვათ თავი.

24 და იყო ასე, რომ უფლის ხმა მოვიდა ალმასთან და ალმამ აცნობა მორონის წარგზავნილებს, რომ ლამანიელთა ჯარები შემოვლითი გზით მოდიოდნენ უდაბნოში, რათა მანტის მიწაზე მოსულიყვნენ, რათა ხალხის სუსტი ნაწილისთვის შეეტიათ. და ეს წარგზავნილები წავიდნენ და ეს შეტყობინება მორონის მიუტანეს.

25 ახლა, მორონიმ, დატოვა რა თავისი ჯარის ნაწილი იერშონის მიწაზე და ლამანიელთა ნაწილი როგორღაც რომ არ მოსულიყო და არ აეღო ქალაქი, მან თავისი ჯარის დარჩენილი ნაწილი წაიყვანა და მანტის მიწისკენ გაემართა.

26 და მან ბრძანა, რომ მიწის იმ ნაწილში ყველა ადამიანი ერთად შეკრებილიყო, რათა ლამანიელების წინააღმდეგ ებრძოლათ, დაეცვათ საკუთარი მიწა და სამშობლო, თავიანთი უფლებები და თავისუფლება; ამიტომ, ისინი მომზადებულნი იყვნენ ლამანიელთა მოსვლის დროისთვის.

27 და იყო ასე: მორონიმ ბრძანა, რომ მისი ჯარები ხეობაში დამალულიყვნენ მდინარე სიდონის ნაპირის შორიახლოს, რომელიც მდებარეობდა მდინარე სიდონის დასავლეთით უდაბნოში.

28 და მორონიმ გარშემო მზვერავები დააყენა, რათა შეეტყო, როდის ჩამოდგებოდა ლამანიელთა ბანაკი.

29 და ახლა, მორონიმ იცოდა რა ლამანიელთა ჩანაფიქრი, რომ მათ სურდათ თავიანთი ძმების განადგურება ან დაქვემდებარება და მათი მონობაში ჩაგდება, რათა მთელს მიწაზე ჩამოეყალიბებინათ თავიანთი სამეფო;

30 და მან ასევე იცოდა, რომ ნეფიელების ერთადერთი სურვილი იყო თავიანთი მიწის, თავისუფლებისა და ეკლესიის დაცვა, ამიტომ ცოდვად არ თვლიდა სამხედრო ფანდით მათ დაცვას, ამიტომ მან შეიტყო თავისი მზვერავების მეშვეობით, საით მიდიოდნენ ლამანიელები.

31 ამიტომ, მან გაყო თავისი ჯარი და ერთი ნაწილი მიიყვანა ხეობაში და დამალა მთა რიპლას აღმოსავლეთითა და სამხრეთით;

32 და დანარჩენები დამალა დასავლეთ ხეობაში, მდინარე სიდონის დასავლეთით და ქვევით მანტის მიწის საზღვრებთან.

33 და ამგვარად, განათავსა რა თავისი ჯარი საკუთარი სურვილის შესაბამისად, იგი მზად იყო მათ დასახვედრად.

34 და იყო ასე, რომ ლამანიელები მოვიდნენ მთის ჩრდილოეთიდან, სადაც მორონის ჯარის ნაწილი იმალებოდა.

35 და როგორც კი ლამანიელები გასცდნენ რიპლას მთას და ხეობაში შემოვიდნენ და დაიწყეს მდინარე სიდონის გადალახვა, ჯარი, რომელიც იმალებოდა მთის სამხრეთით, რომელსაც მიუძღოდა კაცი სახელად ლეხი და მან გამოიყვანა თავისი ჯარი და ლამანიელებს ალყა შემოარტყა აღმოსავლეთიდან და ზურგიდან.

36 და იყო ასე, რომ როდესაც ლამანიელებმა დაინახეს, რომ ნეფიელები მოდიოდნენ მათზე ზურგიდან, მოტრიალდნენ და დაიწყეს ლეხის ჯართან ბრძოლა.

37 და სასიკვდილო საქმე დაიწყო ორთავე მხარეს, მაგრამ ლამანიელთა მხარეს უფრო საზარელი იყო, რადგან მათი სიშიშვლე დაუცველი იყო ნეფიელთა მძიმე დარტყმებისგან, მათი ხმლებისგან და მახვილებისგან, რომლებსაც, თითქმის ყოველ დარტყმისას, სიკვდილი მოჰქონდა.

38 იმ დროს, როდესაც მეორე მხარეს მხოლოდ ხანდახან ეცემოდა კაცი ნეფიელთა შორის, მათი ხმლებისგან და სისხლის დაკარგვისგან, რადგან დაცული ჰქონდათ სხეულის უფრო მნიშვნელოვანი ნაწილები ლამანიელთა დარტყმებისგან, თავიანთი სამკერდულებით და ფარებითა და ჩაჩქანებით; და ამგვარად, ნეფიელნი აგრძელებდნენ სასიკვდილო საქმეს ლამანიელთა შორის.

39 და იყო ასე, რომ ლამანიელებს შეეშინდათ მათ შორის დიდი განადგურების გამო, იქამდეც კი, რომ დაიწყეს მდინარე სიდონისკენ გაქცევა.

40 და მათ მისდევდნენ ლეხი და მისი ხალხი; და ლეხიმ შერეკა ისინი სიდონის წყლებში და მათ გადალახეს სიდონის წყლები. და ლეხიმ შეაჩერა თავისი ჯარები სიდონის ნაპირთან, რომ არ გადაელახათ.

41 და იყო ასე, რომ მორონი და მისი ჯარი ლამანიელებს დახვდნენ ხეობაში, მდინარე სიდონის მეორე მხარეს და დაიწყეს მათზე თავდასხმა და მათი ხოცვა.

42 და ლამანიელები კვლავ გაიქცნენ მათგან, მანტის მიწის მიმართულებით; და მათ კვლავ წინ მორონის ჯარები დახვდათ.

43 ახლა, ამ ჯერზე ლამანიელები ძალზედ გაცხარებულნი იბრძოდნენ; დიახ, არასდროს არ ყოფილა, დასაწყისიდანვე, რომ ლამანიელებს ასეთი დიდი ძალითა და სიმამაცით ეომათ.

44 და ისინი შთაგონებულნი იყვნენ ზორამიელებისა და ამალეკიელების მიერ, რომლებიც იყვნენ მათი მთავარსარდლები და წინამძღოლები და ზერაჰემნას მიერ, რომელიც იყო მათი მთავარსარდალი ანუ მათი მთავარი მეთაური და სარდალი; დიახ, ისინი ურჩხულებივით იბრძოდნენ და მრავალი ნეფიელი დაიხოცა მათი ხელით, დიახ, რადგან მათ შუაზე გადაჭრეს მრავალი მათი ჩაჩქანი და განგმირეს მრავალი მათი სამკერდული; და მრავალს მოჰკვეთეს ხელი; და ასე იბრძოდნენ ლამანიელები თავიანთ საშინელ მრისხანებაში.

45 ამისდა მიუხედავად, ნეფიელები შთაგონებულები იყვნენ უფრო კეთილშობილური მიზნებით, რადგან ისინი არ იბრძოდნენ არც მონარქიისათვის და არც ძალაუფლებისათვის, არამედ იბრძოდნენ საკუთარი სახლებისთვის და თავისუფლებისთვის, ცოლებისთვის და შვილებისთვის; და ყველაფრისთვის, რაც საკუთარი იყო, დიახ, თავიანთი თაყვანისცემის წეს-ჩვეულებებისა და ეკლესიისათვის.

46 და ისინი აკეთებდნენ იმას, რაც მათი შეგრძნებით ღმერთის წინაშე მოვალეობას წარმოადგენდა; რადგან უფალმა უთხრა მათ, ასევე მათ მამებს: რამდენადაც არ ხართ დამნაშავენი არც პირველ თავდასხმაში და არც მეორეში, თქვენ არ დაუშვებთ, რომ მტრის ხელით დაიხოცოთ.

47 და კვლავ, უფალმა თქვა: თქვენ დაიცავთ საკუთარ ოჯახებს სისხლისღვრითაც კი. ამიტომ, ამ მიზეზით, ნეფიელები ებრძოდნენ ლამანიელებს, რათა დაეცვათ საკუთარი თავი და ოჯახები, მიწები და სამშობლო და თავიანთი უფლებები და სარწმუნოება.

48 და იყო ასე, რომ როდესაც მორონის მეომრებმა იხილეს ლამანიელთა მრისხანება და რისხვა, ისინი მზად იყვნენ უკან დაეხიათ და გამოქცეულიყვნენ. და მორონიმ, იგრძნო რა მათი განზრახვა, მიაგზავნა მათთან და შთააგონა ისინი გულში ამ ფიქრებით, დიახ, ფიქრებით თავიანთ მიწებზე და თავისუფლებაზე, დიახ, მონობიდან თავისუფლებაზე.

49 და იყო ასე, რომ ისინი მიუბრუნდნენ ლამანიელებს და უფალს, თავიანთ ღმერთს, ერთხმად, შეჰღაღადეს დამოუკიდებლობისათვის და მონობისაგან განთავისუფლებისთვის.

50 და მათ დაიწყეს ლამანიელებზე ძალით შეტევა; და იმავე საათს, როდესაც მათ შეჰღაღადეს უფალს თავისუფლებისათვის, ლამანიელებმა იწყეს მათგან გაქცევა და ისინი სიდონის წყლების იქითაც კი გაიქცნენ.

51 ახლა, ლამანიელები იყვნენ უფრო მრავალნი, დიახ, ნეფიელებზე სიმრავლით ორჯერ მეტნი; ამისდა მიუხედავად, მათ ისე დევნიდნენ, რომ ერთ ჯგუფად შეკრიბეს ხეობაში, მდინარე სიდონის ნაპირზე.

52 ამიტომ, მორონის ჯარებმა მათ ალყა შემოარტყეს, დიახ, მდინარის ორივე მხარეს, რადგან, აჰა, აღმოსავლეთიდან ლეხის ჯარისკაცები იყვნენ.

53 ამიტომ, როდესაც ზერაჰემნამ იხილა ლეხის ჯარისკაცები, მდინარე სიდონის აღმოსავლეთით და მორონის ჯარები მდინარე სიდონის დასავლეთით, რომ გარშემორტყმულები იყვნენ ნეფიელების მიერ, ისინი შეძრწუნებულნი იყვნენ საშინელებით.

54 ახლა, როდესაც მორონიმ იხილა მათი შეძრწუნება, თავის ჯარისკაცებს უბრძანა, შეეწყვიტათ სისხლისღვრა.