წმინდა წერილი
ალმა 18


თავი 18

მეფე ლამონი თვლის, რომ ამონი არის დიადი სული. ამონი ასწავლის მეფეს შექმნის შესახებ, ღმერთის ადამიანისადმი ურთიერთობის შესახებ და გამოსყიდვაზე, რომელიც ქრისტეს მეშვეობით მოდის. ლამონი იწამებს და მიწაზე დაეცემა, ვითარცა მკვდარი. დაახლოებით 90 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ მეფე ლამონმა ბრძანა, რომ მისი მსახურები წარმსდგარიყვნენ და დაემოწმებინათ ყველაფერზე, რაც მათ იხილეს ამ საქმის შესახებ.

2 და როდესაც ყველამ დაამოწმა იმაზე, რაც იხილეს და მან გაიგო ამონის ერთგულების შესახებ მისი ფარის შენახვისას და ასევე მის დიდ ძალაზე მათთან ბრძოლაში, რომლებსაც მისი მოკვლა სურდათ, იგი ძალზედ გაოცებული იყო და თქვა: ნამდვილად, ის უფრო მეტია, ვიდრე ადამიანი. აჰა, ნუთუ ეს არ არის დიადი სული, რომელიც უგზავნის ამ ხალხს ასეთ დიდ სასჯელს მათი მკვლელობების გამო?

3 და მათ მეფეს უპასუხეს და უთხრეს: დიადი სულია იგი თუ ადამიანი – ჩვენ არ ვიცით; მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მას ვერ მოკლავენ მეფის მტრები; ისე, როგორც ვერ გაფანტავენ მეფის ფარას, როდესაც ის ჩვენთან არის, მისი შესაძლებლობისა და დიდი ძალ-ღონის გამო; ამიტომ, ჩვენ ვიცით, რომ ის არის მეფისათვის მეგობარი. და ახლა, მეფეო, ჩვენ არ გვწამს, რომ ადამიანს აქვს ასეთი დიდი ძალა, რადგან ვიცით: მისი მოკვლა შეუძლებელია.

4 და ახლა, როდესაც მეფემ მოისმინა ეს სიტყვები, მან მათ უთხრა: ახლა მე ვიცი, რომ ეს არის დიადი სული; და ის მოგვევლინა ამ დროს, რათა გადაერჩინა თქვენი სიცოცხლე, რომ არ დამეხოცეთ თქვენი ძმებივით. ახლა, ეს არის დიადი სული, რომელზეც ჩვენი მამები ლაპარაკობდნენ.

5 ახლა, ეს იყო ლამონის ჩვეულება, რომელიც მან მისი მამისგან მიიღო, რომ არსებობდა დიადი სული. იმისდა მიუხედავად, რომ სწამდათ დიადი სულის, ისინი ფიქრობდნენ, რომ რასაც არ აკეთებდნენ, ყველაფერი სწორი იყო; მიუხედავად ამისა, ლამონი ძალზედ შეშინდა იმის შიშით, რომ არასწორად იქცეოდა თავისი მსახურების ხოცვისას;

6 რადგან მან ბევრი მათგანი დახოცა იმის გამო, რომ მათმა ძმებმა ფარა გაუფანტეს წყლიან ადგილზე; ასე რომ, ისინი დახოცეს იმის გამო, რომ ფარა გაუფანტეს.

7 ახლა, ამ ლამანიელების ჩვევა იყო – სებუსის წყლებთან დგომა, რათა გაეფანტათ ამ ხალხის ფარა, რომ ამგვარად გაეტაცათ ბევრი გაფანტული თავიანთ მიწაზე და ასეთი იყო მათი ძარცვის ჩვევა.

8 და იყო ასე, რომ მეფე ლამონმა ჰკითხა თავის მსახურებს: სად არის ეს კაცი, რომელსაც აქვს ასეთი დიდი ძალა?

9 და მათ უთხრეს მას: აჰა, ის აჭმევს შენს ცხენებს. ახლა, მეფემ უბრძანა თავის მსახურებს, რომ სანამ წყლის სასმელად მიიყვანდნენ თავიანთ ფარას, მისი ცხენები და ეტლები მოემზადებინათ და გაეცილებინათ იგი ნეფის მიწისკენ; რადგან ნეფის მიწაზე დანიშნული იყო დიდი ნადიმი ლამონის მამის მიერ, რომელიც იყო მთელი მიწის მეფე.

10 ახლა, როდესაც მეფე ლამონმა შეიტყო, რომ ამონი ამზადებდა თავის ცხენებსა და ეტლებს, იგი უფრო მეტად გაოცდა ამონის ერთგულებით და თქვა: ნამდვილად, არ ყოფილა არც ერთი მსახური, ყველა ჩემს მსახურთა შორის, რომელიც იყო ისე ერთგული, როგორც ეს კაცი, რადგან მას ჩემი ყოველი ბრძანებაც კი ახსოვს, რათა შეასრულოს ისინი.

11 ახლა, მე ნამდვილად ვიცი, რომ ის არის დიადი სული და მე მსურს მისგან, რომ იგი ჩემთან შემოვიდეს, მაგრამ ვერ ვბედავ.

12 და იყო ასე, რომ როდესაც ამონმა მოამზადა ცხენები და ეტლები მეფისა და მისი მსახურებისთვის, იგი მივიდა მეფესთან და დაინახა, რომ მეფეს იერსახე შეეცვალა, ამიტომ იგი ლამის უკან გაბრუნდა მისგან.

13 და მეფის ერთ-ერთმა მსახურმა მას უთხრა: რაბანა, რაც ითარგმნება როგორც ძლიერი ან დიდი მეფე, თვლიდა რა თავის მეფეებს ძლიერებად, და ასე მიმართა მას: რაბანა, მეფეს სურს, რომ შენ დარჩე.

14 ამიტომ, ამონი მიუბრუნდა მეფეს და უთხრა: რა გსურს, რომ შენთვის გავაკეთო, მეფევ? და მეფემ მას არ უპასუხა ერთი საათის განმავლობაში, მათი დროის მიხედვით, რადგან მან არ იცოდა, რა ეთქვა მისთვის.

15 და იყო ასე, რომ ამონმა მას კვლავ უთხრა: რა გსურს ჩემგან? მაგრამ მეფემ არ უპასუხა.

16 და იყო ასე, რომ ამონმა, იყო რა აღსავსე ღმერთის სულით, გაიგო მეფის ფიქრები. და მას უთხრა: ეს იმის გამო, რომ გაიგე, მე დავიცავი შენი მსახურები, შენი ფარა და შურდულითა და მახვილით დავხოცე მათი შვიდი ძმა და დანარჩენებს ხელები მოვკვეთე, რათა დამეცვა შენი ფარა და მსახურნი; აჰა, ეს არის ის, რაც იწვევს შენს გაოცებას?

17 მე გეუბნები: რატომ არის, რომ ასეთი დიდია შენი გაოცება? აჰა, მე ვარ კაცი და ვარ შენი მსახური; ამიტომ, რასაც კი ისურვებ, რაც იქნება სამართლიანი, მე გავაკეთებ.

18 ახლა, როდესაც მეფემ მოისმინა ეს სიტყვები, იგი კვლავ გაოცდა, რადგან დაინახა, რომ ამონს შეეძლო მისი ფიქრების ამოცნობა; მაგრამ ამის მიუხედავად, მეფე ლამონმა გახსნა ბაგე და მას უთხრა: ვინ ხარ? შენ ხარ ის დიადი სული, რომელმაც ყველაფერი იცის?

19 ამონმა უპასუხა და თქვა: მე არ ვარ.

20 და მეფემ თქვა: როგორ გაიგე ჩემი გულის ფიქრები? შეგიძლია თამამად ილაპარაკო და მითხრა ამის შესახებ, ასევე მითხარი, როგორი ძალით დახოცე და მოჰკვეთე ხელები ჩემს ძმებს, რომლებმაც ჩემი ფარა გაფანტეს –

21 და ახლა, თუ მომიყვები ყოველივე ამაზე, რასაც კი მოისურვებ – მოგცემ; და თუ საჭირო იქნება, მე ჩემი ჯარებით დაგიცავ; მაგრამ ვიცი, რომ შენ მათზე ყველაზე ძლიერი ხარ; მიუხედავად ამისა, რასაც კი მოისურვებ ჩემგან, მე შენ გიბოძებ.

22 ახლა, ამონი, იყო რა ბრძენი, მაგრამ უწყინარი, უთხრა ლამონს: დაუგდებ ყურს ჩემს სიტყვებს, თუ გეტყვი, რა ძალით ვაკეთებ ამას? და ეს არის ის, რაც მსურს შენგან.

23 და მეფემ მას უპასუხა და თქვა: დიახ, მე ვიწამებ ყოველ შენს სიტყვას. და ასე ეშმაკურად იქნა იგი სიტყვით დაჭერილი.

24 და ამონმა თამამად დაუწყო ლაპარაკი და უთხრა: გწამს, რომ არსებობს ღმერთი?

25 და მან უპასუხა: მე არ ვიცი, ეგ რას ნიშნავს.

26 და შემდეგ ამონმა უთხრა: თუ გწამს, რომ არსებობს დიადი სული?

27 და მან თქვა: დიახ.

28 და ამონმა უთხრა: ეს ღმერთია. და ამონმა კვლავ უთხრა მას: გწამს, რომ ამ დიადმა სულმა, რომელიც არის ღმერთი, შექმნა ყველაფერი, რაც არის ზეცაში და დედამიწაზე?

29 და მან თქვა: დიახ, მე მწამს, რომ მან შექმნა ყველაფერი, რაც არის დედამიწაზე, მაგრამ არ ვიცი ზეცის შესახებ.

30 და ამონმა მას უთხრა: ზეცა არის ადგილი, სადაც იმყოფება ღმერთი და მისი ყველა წმინდა ანგელოზი.

31 და მეფე ლამონმა თქვა: ეს არის მიწის ზევით?

32 და ამონმა მიუგო: დიახ, და ის ქვევით ადამიანთა შვილებს უყურებს და იცის მათი გულის ყოველი ფიქრი და ზრახვა; რადგან ისინი ყველანი მისი ხელით იყვნენ შექმნილნი დასაბამიდან.

33 და მეფე ლამონმა თქვა: მე მწამს ეს ყველაფერი, რაც შენ ილაპარაკე. შენ ღმერთისგან მოვლენილი ხარ?

34 ამონმა მიუგო: მე ვარ ადამიანი; და ადამიანი დასაბამიდან შექმნილ იქნა ღმერთის ხატად და მოწოდებული ვარ მისი სულიწმინდით ვასწავლო ეს ამ ხალხს, რომ შესაძლებელი იქნეს მათი მიყვანა იმის ცოდნამდე, რაც მართალი და ჭეშმარიტია;

35 და ამ სულის ნაწილი ჩემში იმყოფება, რაც მაძლევს ცოდნას, ასევე ძალას, ღმერთში ჩემი რწმენისა და სურვილების შესაბამისად.

36 ახლა, როდესაც ამონმა თქვა ეს სიტყვები, მან დაიწყო ქვეყნის დასაბამიდან და ასევე ადამის შექმნიდან და უთხრა მას ყველაფერი ადამიანის დაცემაზე, მოუთხრო და განუმარტა ხალხის ჩანაწერები და წმინდა წერილები, რომლებზეც ლაპარაკობდნენ წინასწარმეტყველები, იმ დრომდეც კი, როდესაც მათმა მამამ, ლეხიმ, დატოვა იერუსალიმი.

37 და მან ასევე მოუთხრო მათ (მეფესა და მის მსახურებს) მათი მამების უდაბნოში ყველა მოგზაურობის შესახებ და ყოველ მათ გაჭირვებაზე შიმშილისა და წყურვილისგან და მათ მძიმე შრომაზე და ასე შემდეგ.

38 და მან ასევე მოუთხრო ლამანის, ლამუელისა და ისმაელის შვილების აჯანყების შესახებ, დიახ, მათი ყოველი აჯანყების შესახებ მოუყვა მათ; და განუმარტა ყველა მაშინდელი ჩანაწერი და წმინდა წერილი, იმ დროიდან, როდესაც ლეხიმ დატოვა იერუსალიმი, დღევანდელ დღემდე.

39 მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, რადგან მან განუმარტა მათ გამოსყიდვის გეგმა, რომელიც მომზადებულ იქნა ქვეყნის დასაბამიდან; ასევე მან აუწყა მათ ქრისტეს მოსვლის შესახებ და უფლის ყველა საქმეზე აუწყა მათ.

40 და იყო ასე, რომ, მას შემდეგ, რაც მან თქვა ეს ყველაფერი და მეფეს განუმარტა, მეფემ იწამა მისი ყოველი სიტყვა.

41 და დაიწყო უფლისადმი ღაღადი, სიტყვებით: უფალო, შემიწყალე; შენი გულუხვი წყალობისამებრ, რომელიც შენ გადმოღვარე ნეფის ხალხზე, მოავლინე ჩემზე და ჩემს ხალხზე.

42 და ახლა, როდესაც მან ეს თქვა, ის დაეცა მიწაზე, ვითარცა მკვდარი.

43 და იყო ასე, რომ მისმა მსახურებმა აიყვანეს იგი და მიიყვანეს ცოლთან და საწოლზე დააწვინეს; და ის იწვა ორი დღისა და ღამის განმავლობაში, ვითარცა მკვდარი; და მისი ცოლი, ვაჟები და ქალიშვილები გლოვობდნენ მას ლამანიელთა წესის მიხედვით, მწარედ გოდებდნენ მის დაკარგვას.