წმინდა წერილი
ალმა 35


თავი 35

სიტყვის ქადაგება ანადგურებს ზორამიელთა მზაკვრობას. ისინი დევნიან ახლად მოქცეულებს, რომლებიც შეუერთდებიან ამონის ხალხს იერშონში. ალმა დამწუხრებულია ხალხის სიბოროტის გამო. დაახლოებით 74 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 ახლა, ეს იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც ამულეკმა დაასრულა ეს სიტყვები, ისინი წამოვიდნენ შეკრებილთაგან და მოვიდნენ იერშონის მიწაზე.

2 დიახ, მათი დანარჩენი ძმებიც, მას შემდეგ, რაც მათ უქადაგეს სიტყვა ზორამიელებს, ასევე მოვიდნენ იერშონის მიწაზე.

3 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც ზორამიელთა მეტად რჩეულმა ნაწილმა ერთმანეთში მოითათბირა იმ სიტყვების შესახებ, რომლებიც მათ ექადაგათ, ისინი განრისხდნენ სიტყვის გამო, რადგან მან გაანადგურა მათი მზაკვრობა; ამიტომ, მათ არ სურდათ ამ სიტყვებისთვის ყურის დაგდება.

4 და მათ გაგზავნეს მაცნეები და შეკრიბეს ერთად მთელი ხალხი მთელი მიწიდან და ითათბირეს მათთან იმ სიტყვების შესახებ, რომლებიც ითქვა.

5 ახლა, მათმა მმართველებმა და მათმა მღვდლებმა და მასწავლებლებმა არ შეატყობინეს ხალხს თავიანთი სურვილების შესახებ; ამიტომ, მათ ფარულად შეიტყვეს ხალხის აზრი.

6 და იყო ასე, რომ, მას შემდეგ, რაც მათ შეიტყვეს ხალხის აზრი, ისინი, რომლებიც კეთილად იყვნენ განწყობილნი ალმასა და მისი ძმების სიტყვების მიმართ, მიწიდან გააძევეს; და ასეთნი იყვნენ ბევრნი და ისინიც ასევე იერშონის მიწაზე ჩამოვიდნენ.

7 და იყო ასე, რომ ალმა და მისი ძმები მათ ემსახურნენ.

8 ახლა, ზორამიელთა ხალხი განრისხებული იყო ამონის ხალხზე, რომელიც იერშონში იყო და ზორამიელთა ბელადმა, იყო რა იგი ძალზედ ბოროტი კაცი, შეუთვალა ამონის ხალხს თავისი სურვილი – გაეძევებინათ მიწიდან ყველა, რომლებიც მათ მიწაზე გადავიდნენ.

9 და მან გადმოაფრქვია მრავალი მუქარა მათ წინააღმდეგ. და ახლა, ამონის ხალხს არ შეეშინდა მათი სიტყვების; ამიტომ, არა თუ არ გააძევეს ისინი, არამედ მიიღეს ყველა ღარიბი ზორამიელი, ვინც მათთან მივიდა; და გამოკვებეს, ჩააცვეს და მისცეს მიწები მათი მემკვიდრეობისათვის; და ემსახურებოდნენ მათი მოთხოვნილებების შესაბამისად.

10 ახლა, ამან გააღვივა წყრომა ზორამიელებში ამონის ხალხის წინააღმდეგ და მათ დაიწყეს ლამანიელებთან გაერთიანება და ასევე მათშიც წყრომის გაღვიძება ამონის ხალხის წინააღმდეგ.

11 და ასე, ზორამიელებმა და ლამანიელებმა დაიწყეს ომისთვის მზადება, ამონის ხალხისა და ასევე ნეფიელთა წინააღმდეგ.

12 და ასე დასრულდა ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის მეჩვიდმეტე წელი.

13 და ამონის ხალხი წავიდა იერშონის მიწიდან და მივიდა მილექის მიწაზე; და იერშონში მიწა ნეფიელთა ჯარს დაუთმეს, რათა ისინი ლამანიელთა და ზორამიელთა ჯარებს შებრძოლებოდნენ; და ასე დაიწყო ომი ლამანიელებსა და ნეფიელებს შორის მოსამართლეთა მმართველობის მეთვრამეტე წელს; და ქვემოთ მოყვანილი იქნება ამბავი მათ ომებზე.

14 და ალმა და ამონი და მათი ძმები და ალმას ორი შვილიც ერთად დაბრუნდნენ ზარაჰემლას მიწაზე მას შემდეგ, რაც იყვნენ ღმერთის ხელში იარაღი მრავალი ზორამიელის მონანიებამდე მისაყვანად; და რამდენნიც მიყვანილნი იქნენ მონანიებამდე, იმდენი განდევნეს თავიანთი მიწიდან; მაგრამ მათ აქვთ თავიანთი მემკვიდრეობის მიწები იერშონის მიწაზე და აიღეს იარაღი საკუთარი თავის, ცოლების, შვილებისა და მიწების დასაცავად.

15 ახლა, ალმა, იყო რა დამწუხრებული თავისი ხალხის ურჯულოების გამო, დიახ, ომების, სისხლისღვრისა და განხეთქილებების გამო, რომლებიც იყო მათ შორის; და რადგან მას უნდა ეუწყებინა სიტყვა, ან გაგზავნილიყო, რომ სიტყვა განეცხადებინა, ყოველი ქალაქის ყველა ხალხში; და ხედავდა, რომ ადამიანებმა დაიწყეს გულების გაქვავება და დაიწყეს წყენა სიტყვის სიმკაცრის გამო, მისი გული ძალზედ დამწუხრდა.

16 ამიტომ, მან ბრძანა, რომ მისი ვაჟიშვილები ერთად შეკრებილიყვნენ, რათა სათითაოდ მიეცა მათთვის დარიგება იმის შესახებ, რაც შეეხებოდა სამართლიანობას. და ჩვენ გვაქვს ჩანაწერი მისი ბრძანებების, რომლებიც მან მათ მისცა საკუთარი ჩანაწერის მიხედვით.