წმინდა წერილი
ალმა 1


ალმას შვილი
ალმას წიგნი

ალმას მონათხრობი, რომელიც იყო ალმას შვილი, ნეფის ხალხის პირველი და მთავარი მოსამართლე, ასევე ეკლესიის მღვდელმთავარი. ამბავი მოსამართლეთა მმართველობის და ხალხს შორის ომებსა და განხეთქილებებზე. ასევე ამბავი ომის შესახებ ნეფიელებსა და ლამანიელებს შორის, პირველი და მთავარი მოსამართლის, ალმას ჩანაწერების მიხედვით.

თავი 1

ნეჰორი ასწავლის ცრუ მოძღვრებებს, აარსებს ეკლესიას, იწყებს სამღვდელოებაში ვერცხლისმოყვარეობას და კლავს გიდეონს. ნეჰორი სიკვდილით ისჯება თავის დანაშაულებების გამო. სამღვდელოების მზაკვრობა და დევნა ვრცელდება ხალხში. მღვდლები თავად უზრუნველყოფენ საკუთარ თავს, ხალხი ზრუნავს ღარიბებზე და ეკლესია ყვავის. დაახლოებით 91–88 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 ახლა, იყო ასე, ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის პირველი წლიდან მეფე მოსიას, იარა რა ყოველი მიწიერის გზით, იყო კარგი მეომარი, ღმერთის წინაშე უბიწოდ მავალი, არავინ არ დაუტოვებია მმართველად; მიუხედავად ამისა, მან დააწესა კანონები და ხალხმა ისინი სცნო; ამიტომ, ხალხი ვალდებული იყო დამორჩილებოდა კანონებს, რომლებიც მან დააწესა.

2 და იყო ასე, რომ მოსამართლის სავარძელზე ალმას მმართველობის პირველ წელს, მასთან მოიყვანეს კაცი განსასჯელად – კაცი ტანმოსული და ჯან-ღონით ცნობილი.

3 და ის დადიოდა ხალხში, უქადაგებდა მათ იმას, რასაც თვითონ უწოდებდა ღვთის სიტყვას, გამოდიოდა რა ეკლესიის წინააღმდეგ, ხალხს უცხადებდა, რომ ყოველი მღვდელი და მასწავლებელი უნდა გახდეს პატივსაცემი და საკუთარი ხელით კი არ უნდა შრომობდეს, არამედ ხალხი უნდა ინახავდეს მას.

4 და ის ასევე ხალხში მოწმობდა, რომ უკანასკნელ დღეს გადარჩებოდა მთელი კაცობრიობა და არ იყო საჭირო შიში და კანკალი, რომ შეეძლოთ თავი მაღლა აეწიათ და გაეხარათ; რადგან უფალმა შექმნა ყველა ადამიანი და ასევე გამოისყიდა ყველა ადამიანი; და ბოლოს, ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს მარადიული სიცოცხლე.

5 და იყო ასე, რომ ის იმდენს ასწავლიდა ამ ყველაფერს, რომ მრავალმა დაიჯერა მისი სიტყვები, იმდენმაც კი, რომ მათ დაიწყეს მისი შენახვა და ფულის მიცემაც კი დაიწყეს.

6 და დაიწყო მან საკუთარი გულის ამპარტავნობით აღზევება და ძალზედ ძვირფასი ტანსაცმლის ტარება, დიახ, ეკლესიის დაარსებაც კი წამოიწყო საკუთარი მოძღვრების შესაბამისად.

7 და იყო ასე, როდესაც ის მიდიოდა საქადაგებლად მათთვის, ვისაც მისი სიტყვების სწამდა, მას შეხვდა კაცი, რომელიც ღვთის ეკლესიას მიეკუთვნებოდა, დიახ, იყო ერთ-ერთი მასწავლებელი; და მან მწვავედ დაიწყო მასთან კამათი, რათა გადაებირებინა ეკლესიის ხალხი; მაგრამ კაცი უპირისპირდებოდა, არიგებდა რა მას, ღმერთის სიტყვით.

8 ახლა, ამ კაცის სახელი გახლდათ გიდეონი; და ეს იყო ის, რომელიც ლიმხის ხალხის მონობიდან გამოხსნისას წარმოადგენდა იარაღს ღმერთის ხელში.

9 ახლა, რადგან გიდეონი უპირისპირდებოდა მას ღმერთის სიტყვებით, ის განრისხდა გიდეონზე, ამოიღო მახვილი და დაიწყო მისი ჩეხვა. რადგან გიდეონი იყო ხანდაზმული, ამიტომ ვერ შეძლო მისი დარტყმების მოგერიება და ამიტომ ის მახვილით იქნა მოკლული.

10 და ადამიანი, რომელმაც ის მოკლა, ეკლესიის ხალხმა შეიპყრო და ალმასთან მიიყვანა, რათა განსჯილიყო იმ დანაშაულების შესაბამისად, რომლებიც მან ჩაიდინა.

11 და იყო ასე, რომ ის წარსდგა ალმას წინ და დიდი თავდაჯერებით თავს იცავდა.

12 მაგრამ ალმამ მას უთხრა: აჰა, ამ ხალხში პირველად წამოიჭრა სამღვდელოების ვერცხლისმოყარეობა. აჰა, შენ დამნაშავე ხარ არა მარტო სამღვდელოების ვერცხლისმოყვარეობაში, არამედ იმაში, რომ ცდილობდი მათი მახვილის მეშვეობით თავზე მოხვევას; და სამღვდელოების მზაკვრობების ამ ხალხში განმტკიცებას, რაც მოიტანდა მათ მთლიან განადგურებას.

13 და შენ დაღვარე სამართლიანი კაცის სისხლი, დიახ, კაცის, რომელმაც ბევრი სიკეთე გააკეთა ამ ხალხში; და ჩვენ რომ შეგინდოთ, მისი სისხლი ჩვენზედ გადმოვა შურისძიებისათვის.

14 ამიტომ, შენ მოგესაჯა სიკვდილი, იმ კანონის მიხედვით, რომელიც გვიბოძა მოსიამ, ჩვენმა უკანასკნელმა მეფემ; და კანონი მიღებულ იქნა ამ ხალხის მიერ; ამიტომ, ამ ხალხმა უნდა დაიცვას ეს კანონი.

15 და იყო ასე, რომ მათ ის შეიპყრეს; და მისი სახელი იყო ნეჰორი; და წაიყვანეს ის მანტის გორაკის წვერზე და იქ ის იძულებული იყო, თუმცა უფრო აღიარა, ზეცასა და მიწას შორის, რომ რასაც იგი ასწავლიდა ხალხს, იყო ღვთის სიტყვის წინააღმდეგ; და იქ მან იწვნია სამარცხვინო სიკვდილი.

16 ამისდა მიუხედავად, ამან ბოლო არ მოუღო იმ მიწაზე სამღვდელოებაში ვერცხლისმოყვარეობის გავრცელებას, რადგან იქ მრავალნი იყვნენ, რომლებსაც უყვარდათ ამქვეყნიური ამაოებანი და ისინი მიდიოდნენ და ქადაგებდნენ ცრუ მოძღვრებებს; და აკეთებდნენ ამას სიმდიდრისა და პატივისათვის.

17 ამისდა მიუხედავად, ვერ ბედავდნენ ტყუილის თქმას, ვინიცობაა ეს ცნობილი გამხდარიყო, ეშინოდათ რა კანონის, ვინაიდან მატყუარებს სჯიდნენ; ამიტომაც თავი მოჰქონდათ, რომ ქადაგებდნენ საკუთარი რწმენის შესაბამისად და კანონს არ ჰქონდა ძალა ადამიანზე მისი რწმენის გამო.

18 და ისინი ვერ ბედავდნენ ქურდობას, ეშინოდათ რა კანონის, რადგან ასეთნი ისჯებოდნენ, ვერც ძარცვას ვერ ბედავდნენ, ვერც მკვლელობას, რადგან ის, ვინც კლავდა, სიკვდილით ისჯებოდა.

19 მაგრამ იყო ასე, რომ მათ, რომელნიც არ მიეკუთვნებოდნენ ღმერთის ეკლესიას, დაიწყეს მათი დევნა, რომლებიც ღმერთის ეკლესიას მიეკუთვნებოდნენ და თავიანთ თავზე ქრისტეს სახელი ჰქონდათ აღებული.

20 დიახ, ისინი მათ დევნიდნენ და ჩაგრავდნენ ყველანაირი სიტყვებით და ეს მათი თავმდაბლობის გამო; რადგან არ იყვნენ ამპარტავანნი საკუთარ თვალში და იმიტომ, რომ ერთმანეთს ღვთის სიტყვას უფულოდ და უსასყიდლოდ უზიარებდნენ.

21 ახლა, ეკლესიის ხალხს შორის იყო მკაცრი კანონი, რომ არცერთ ადამიანს, რომელიც ეკლესიას მიეკუთვნებოდა, არ დაეწყო მათი დევნა, რომელნიც ეკლესიას არ მიეკუთვნებოდნენ და რომ არ ყოფილიყო თავად მათ შორის დევნა.

22 მიუხედავად ამისა, მათ შორის იყვნენ ბევრნი, რომლებიც ხდებოდნენ ამპარტავანნი და მწვავედ კამათობდნენ თავიანთ მოწინააღმდეგეებთან, მუშტი-კრივითაც კი; დიახ, ისინი ერთმანეთს მუშტებით სცემდნენ.

23 ახლა, ეს იყო ალმას მმართველობის მეორე წელს და ეს იყო ეკლესიისთვის მრავალი გაჭირვების მიზეზი; დიახ, ეს იყო ეკლესიისთვის დიდი გამოცდის მიზეზი.

24 რადგან მრავალთა გული გაქვავებული იყო და მათი სახელები ამოიშალა, ისე რომ მათ აღარ იხსენიებდნენ ღმერთის ხალხს შორის. ასევე მრავალი თავად წავიდა მათგან.

25 ახლა, ეს იყო დიდი გამოცდა მათთვის, რომლებიც მტკიცედ იდგნენ რწმენაში; ისინი იყვნენ მტკიცენი და ურყევნი ღმერთის მცნებების დაცვაში და მოთმინებით იტანდნენ დევნას, რომელიც მათ თავს დაატყდა.

26 და როდესაც მღვდლები ტოვებდნენ თავიანთ სამუშაოს, რათა გაეზიარებინათ ღვთის სიტყვა, ხალხიც ასევე ტოვებდა თავის სამუშაოს, რათა მოესმინათ ღვთის სიტყვა. და როდესაც მღვდელი აუწყებდა მათ ღვთის სიტყვას, ისინი კვლავ ბეჯითად უბრუნდებოდნენ სამუშაოს; და მღვდელი არ აყენებდა საკუთარ თავს თავის მსმენელებზე ზევით, რადგან მქადაგებელი არ იყო მსმენელზე უკეთესი, არც მასწავლებელი არ იყო მოსწავლეზე უკეთესი; და ამგვარად ისინი თანასწორნი იყვნენ და აკეთებდნენ ყველა სამუშაოს, ყოველი ადამიანი საკუთარი ძალის შესაბამისად.

27 და ისინი უზიარებდნენ საკუთარ ქონებას, ყოველი ადამიანი, რაც მას გააჩნდა, ღარიბებისა და ღატაკებისთვის, ავადმყოფისთვის და გაჭირვებულთათვის; და ისინი არ ატარებდნენ ძვირფას ტანსაცმელს, თუმცა სუფთად და ფაქიზად გამოიყურებოდნენ.

28 ამგვარად მათ განამტკიცეს ეკლესიის საქმენი; და ამგვარად, მათ კვლავ ჰქონდათ უწყვეტი მშვიდობა, მიუხედავად მათი ყოველგვარი დევნისა.

29 და ახლა, ეკლესიის სიმტკიცის გამო, მათ დაიწყეს მეტისმეტად გამდიდრება, ყველაფერი უხვად ჰქონდათ, რაც სჭირდებოდათ – უხვად წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, ყველანაირი ნასუქალი პირუტყვი, ასევე უხვად ხორბალი და ოქრო და ვერცხლი და ძვირფასი ნივთები და უხვად აბრეშუმი და გრეხილი ბისონი და ყველანაირი კარგი სადა ქსოვილი.

30 და ასე, თავიანთ აყვავებულ პირობებში, ისინი არ ტოვებდნენ არავის, ვინც იყო შიშველი ან მშიერი, მწყურვალი ან ავადმყოფი, ან კვებას იყო მოკლებული; და არ უძღვნიდნენ სიმდიდრეს საკუთარ გულებს, ამიტომ იყვნენ დიდსულოვანნი ყველას მიმართ – მოხუცისა და ახალგაზრდისადმი, მონებისა და თავისუფლებისადმი, მამაკაცებისა და ქალებისადმი, ყოფილიყვნენ ეკლესიის თუ არა ეკლესიის, არ ჰქონდათ არანაირი მიკერძოება არავის მიმართ, ვინც გაჭირვებაში იმყოფებოდა.

31 და ამგვარად, ისინი ყვაოდნენ და მათზე ბევრად უფრო მეტად მდიდრდებოდნენ, რომლებიც არ მიეკუთვნებოდნენ ეკლესიას.

32 რადგან ისინი, რომლებიც ეკლესიას არ მიეკუთვნებოდნენ, ჩათრეულნი იყვნენ გრძნეულობაში და კერპთაყვანისმცემლობაში ან სიზარმაცესა და ყბედობაში, შურსა და დაპირისპირებაში, იცმევდნენ ძვირფას ტანსაცმელს, ამპარტავნობით აღზევებულნი იყვნენ საკუთარ თვალში; ავიწროებდნენ, იტყუებოდნენ, ქურდობდნენ, ძარცვავდნენ, სჩადიოდნენ მრუშობებს და მკვლელობებს და ყველანაირ სიბოროტეს. მიუხედავად ამისა, კანონი სრულდებოდა, როგორც შესაძლებელი იყო, ყოველ მათგანზე, ვინც მას არღვევდა.

33 და იყო ასე, რომ ამგვარად მათზე კანონის აღსრულებით, ყოველი ადამიანი იტანჯებოდა იმისდა მიხედვით, თუ რა ჰქონდა ჩადენილი, ისინი მეტად დამშვიდდნენ და ვერ ბედავდნენ რაიმე სიბოროტის ჩადენას, ვინიცობაა ეს ცნობილი გამხდარიყო, ამიტომ ნეფის ხალხს შორის იყო დიდი მშვიდობა მოსამართლეთა მმართველობის მეხუთე წლამდე.