თავი 10
ლეხი არის მენაშის შთამომავალი, ამულეკი იხსენებს ანგელოზის ბრძანებას, იზრუნოს ალმაზე. სამართლიანთა ლოცვები არის ხალხის გადარჩენის მიზეზი. უსამართლო კანონთმცოდნეები და მოსამართლეები საფუძველს უყრიან ხალხის განადგურებას. დაახლოებით 82 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 ახლა, ეს არის სიტყვები, რომლებიც ამულეკმა უქადაგა ხალხს, რომელიც იყო ქალაქ ამონიჰაში:
2 მე ვარ ამულეკი, გიდონას შვილი, რომელიც იყო ისმაელის ძე, რომელიც იყო ამინადის შთამომავალი; და ეს ის ამინადია, რომელმაც გადათარგმნა წარწერა ტაძრის კედელზე, რომელიც ღვთის თითით იყო დაწერილი.
3 და ამინადი, იყო რა ნეფის შთამომავალი, რომელიც ლეხის შვილი იყო, რომელიც იერუსალიმის მიწიდან წამოვიდა, რომელიც იყო მენაშის შთამომავალი, რომელიც იყო იოსების ძე, რომელიც მისი ძმების ხელით ეგვიპტეში იქნა გაყიდული.
4 და აჰა, მე ასევე ვარ კაცი, არანაკლებ პატივცემული თქვენ შორის, რომელნიც მიცნობთ; დიახ, აჰა, მე მყავს მრავალი ნათესავი და მეგობარი, ასევე მოვიხვეჭე დიდი სიმდიდრენი, საკუთარი ხელის შრომით.
5 მიუხედავად ამისა, ყოველივე ამის შემდეგ, მე არასდროს არ ვიცოდი ბევრი რამ უფლის გზებზე და მის საიდუმლოებებზე და გასაოცარი ძალის შესახებ. მე ვთქვი, რომ არასდროს არ ვიცოდი ბევრი რამ ამის შესახებ; მაგრამ, აჰა, ვცდებოდი, რადგან ბევრი რამ მაქვს ნანახი მისი საიდუმლოებებისა და გასაოცარი ძალის შესახებ. დიახ, ამ ხალხის სიცოცხლის გადარჩენაშიც კი.
6 ამისდა მიუხედავად, მე გავიქვავე გული, რადგან ბევრჯერ მომიწოდეს და არ ვუსმენდი; ასე რომ ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ მაინც არ მინდოდა გაგება; ასე რომ, მე ვაგრძელებდი ღმერთის წინააღმდეგ ჯანყს ჩემი გულის სიბოროტით, ამ მეშვიდე თვის, მეოთხე დღემდეც კი, რომელიც არის მოსამართლეთა მმართველობის მეათე წელი.
7 როდესაც მივემგზავრებოდი ძალიან ახლო ნათესავის სანახავად, აჰა, უფლის ანგელოზი გამომეცხადა და მითხრა: ამულეკ, დაბრუნდი სახლში, რადგან უნდა დააპურო უფლის წინასწარმეტყველი; დიახ, წმინდა ადამიანი, რომელიც არის ღმერთის რჩეული; რადგან მრავალი დღე მარხულობდა იგი ამ ხალხის ცოდვების გამო და მას შია; და შენ უნდა მიიღო იგი შენს სახლში და დააპურო და იგი გაკურთხებს შენ და შენს სახლს; და უფლის კურთხევები იქნება შენზე და შენს სახლზე.
8 და იყო ასე, რომ დავემორჩილე ანგელოზის ხმას და დავბრუნდი სახლისკენ. და როდესაც იქითკენ მივემართებოდი, შემხვდა კაცი, რომელზეც ანგელოზმა მითხრა: შენ უნდა მიიღო იგი შენს სახლში; და აჰა, ეს იყო ნამდვილად ის კაცი, რომელიც გელაპარაკებოდათ ღმერთის საქმეებზე.
9 და ანგელოზმა მითხრა, რომ იგი წმინდა კაცი იყო; ამიტომ, მე ვიცი, რომ ის წმინდა კაცია, რადგან ეს ღმერთის ანგელოზმა თქვა.
10 და კიდევ, მე ვიცი, რომ ყველაფერი, რაზედაც ის მოწმობს, არის ჭეშმარიტება; რადგან, აჰა, მე გეუბნებით: ისე, როგორც ცოცხალია უფალი, ისევე მოავლინა თავისი ანგელოზი, ამის ჩემთვის საუწყებლად; და ეს მან გააკეთა, როდესაც ალმა ჩემს სახლში იყო.
11 რადგან, აჰა, მან აკურთხა ჩემი სახლი, მან მაკურთხა მე და ჩემი ქალები და ჩემი შვილები და მამაჩემი და მთელი ჩემი ნათესაობა; დიახ, მთელი ჩემი ტომი იყო ნაკურთხი და უფლის კურთხევები მოგვეფინა იმ სიტყვების შესაბამისად, რაც მან ილაპარაკა.
12 და ახლა, როდესაც ამულეკმა თქვა ეს სიტყვები, იგი გაოცდა, ხედავდა რა, რომ ერთ მოწმეზე მეტი იყო, რომელიც მოწმობდა იმაზე, რაშიც მათ ბრალს სდებდნენ, ასევე იმაზე, რაც უნდა მომხდარიყო, წინასწარმეტყველების სულის შესაბამისად, რომელიც იყო მათში.
13 ამისდა მიუხედავად, მათ შორის იყვნენ ზოგიერთნი, რომლებიც ფიქრობდნენ დაეკითხათ ისინი, რათა თავიანთი მზაკვრული ხერხებით დაეჭირათ ისინი მათსავე სიტყვებზე, რომ სამხილი ეპოვნათ მათ წინააღმდეგ, რათა შეძლებოდათ მათი მოსამართლეებთან მიყვანა, რომ კანონის შესაბამისად გაესამართლებინათ და შეძლებოდათ მათი დახოცვა ან საპყრობილეში ჩაყრა, იმ დანაშაულის შესაბამისად, რომელიც შეეძლოთ წარმოეჩინათ ან დაემოწმებინათ მათ წინააღმდეგ.
14 ახლა, ეს ისინი იყვნენ, რომლებიც მათ განადგურებას ლამობდნენ, რომლებიც იყვნენ კანონთმცოდნეები, რომლებიც იყვნენ დაქირავებულნი ან დანიშნულნი ხალხის მიერ, რომ კანონი აღესრულებინათ მათი სასამართლო გარჩევების დროს ანუ მოსამართლეთა წინაშე, ადამიანთა დანაშაულების გარჩევისას.
15 ახლა, ეს კანონთმცოდნეები გაწაფულნი იყვნენ ხალხის ყველანაირ ხელოვნებასა და მზაკვრობაში; რათა მარჯვენი ყოფილიყვნენ თავიანთ ხელობაში.
16 და იყო ასე, რომ მათ დაიწყეს ამულეკის დაკითხვა, რათა ამგვარად იგი იძულებული გაეხადათ უარი ეთქვა საკუთარ სიტყვებზე ან ეთქვა საწინააღმდეგო იმ სიტყვებისა, რომლებსაც ილაპარაკებდა.
17 ახლა, მათ არ იცოდნენ, რომ ამულეკს შეეძლო მათი ზრახვების გაგება. ამიტომ, იყო ასე, რომ როდესაც მათ დაიწყეს მისი დაკითხვა, მან გამოიცნო მათი ფიქრები და უთხრა: თქვენ, ბოროტო და უკუღმართო თაობავ, თქვენ, კანონთმცოდნეებო და ფარისევლებო, რადგან საფუძველს უყრით ეშმაკისეულს; რადგან მახეებსა და ხაფანგებს აგებთ ღვთის წმინდანების დასაჭერად.
18 თქვენ აწყობთ გეგმებს, რათა გაამრუდოთ სამართლიანთა გზები და მოავლინოთ ღმერთის რისხვა თქვენს თავზედ, ამ ხალხის მთლიანი განადგურებაც კი.
19 დიახ, მოსიამ, რომელიც ჩვენი ბოლო მეფე იყო, კარგად თქვა, როდესაც აპირებდა მეფობის გადაცემას და არ ჰყავდა არავინ, ვისზედაც ამას დაამტკიცებდა, დაუშვა რა, რომ ამ ხალხს თვითონ ემართა საკუთარი ხმით, დიახ, კარგად თქვა, რომ თუ მოვა დრო, როდესაც ეს ხალხი ამოირჩევს ურჯულოებას ანუ, თუ მოვა ასეთი დრო, რომ ეს ხალხი ჩავარდება შეცოდებაში, ისინი მომწიფდებიან განადგურებისათვის.
20 და ახლა, მე გეუბნებით, რომ კარგად განიკითხავს უფალი თქვენს ურჯულოებას; კარგად შეჰღაღადებს ამ ხალხს, თავისი ანგელოზების ხმით: მოინანიეთ თქვენ, მოინანიეთ, რადგან ცათა სასუფეველი მოახლოვდა.
21 დიახ, კარგად შეჰღაღადებს თავისი ანგელოზების ხმით: ჩამოვალ ჩემს ხალხში, მიუკერძოებლობითა და სამართლით ხელში.
22 დიახ, და მე გეუბნებით: რომ არა სამართლიანთა ლოცვები, რომლებიც ახლა მიწაზეა, თქვენ ახლაც კი მოგევლინებოდათ სრული განადგურება; თუმცა, ეს არ იქნებოდა წყალდიდობა, როგორც ეს დაემართა ხალხს ნოეს ჟამს, არამედ იქნებოდა შიმშილით, ჭირითა და მახვილით.
23 მაგრამ, სამართლიანთა ლოცვებით ხართ გადარჩენილნი; ახლა, ამიტომ, თუ თქვენ მათ გააძევებთ თქვენი გარემოცვიდან, მაშინ უფალი არ შეაკავებს თავის ხელს; არამედ საშინელი რისხვით გამოვა თქვენ წინააღმდეგ; მაშინ დაისჯებით შიმშილითა და ჭირით და მახვილით; და ეს დრო მალე მოვა, თუ არ მოინანიებთ.
24 და ახლა, იყო ასე, რომ ხალხი უფრო მეტად განრისხდა ამულეკზე და მათ შეჰყვირეს, სიტყვებით: ეს კაცი ლანძღავს ჩვენს კანონებს, რომლებიც სამართლიანია და ჩვენს ბრძენ კანონთმცოდნეებს, რომლებიც ჩვენ ავირჩიეთ.
25 მაგრამ ამულეკმა გაიწოდა ხელი და უფრო ძლიერად შეჰღაღადა, სიტყვებით: თქვენ, ბოროტო და უკუღმართო თაობავ, რატომ აქვს სატანას ასეთი დიდი ზეგავლენა თქვენს გულებზე? რატომ უთმობთ მას თქვენს თავს, რათა მან თქვენზე იქონიოს ძალაუფლება, რომ დაგიბრმავოთ თვალები ისე, რომ ვერ გაიგებთ სიტყვებს, რომლებსაც ლაპარაკობენ, მათი ჭეშმარიტებისამებრ.
26 რადგან, აჰა, ნუთუ თქვენი კანონის წინააღმდეგ ვმოწმობ? თქვენ არ გესმით; თქვენ ამტკიცებთ, რომ ვლაპარაკობდი თქვენი კანონის წინააღმდეგ; მაგრამ არა, მე ვლაპარაკობდი თქვენი კანონის სასარგებლოდ, თქვენს განსასჯელად.
27 და ახლა, აჰა, მე გეუბნებით, რომ ამ ხალხის განადგურების საფუძვლის ჩაყრა იწყება თქვენი კანონთმცოდნეებისა და მოსამართლეთა უკეთურობით.
28 და ახლა, ეს იყო ასე, რომ როდესაც ამულეკმა თქვა ეს სიტყვები, ხალხმა წამოიძახა მის წინააღმდეგ სიტყვები: ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ეშმაკის შვილი, რადგან მან მოგვატყუა; რადგან ის ჩვენი კანონის წინააღმდეგ ლაპარაკობდა. ახლა ის ამბობს, რომ არ ლაპარაკობდა მის წინააღმდეგ.
29 და კვლავ, მან გალანძღა ჩვენი კანონთმცოდნეები და მოსამართლეები.
30 და იყო ასე, რომ კანონთმცოდნეებმა გულში ჩაიდეს, რომ დაიმახსოვრებდნენ ამ ყველაფერს მის წინააღმდეგ.
31 და მათ შორის იყო ერთი, სახელად ზიზრომი. ახლა, ის იყო ალმასა და ამულეკის მთავარი მსჯავრმდებელი, იყო რა მათ შორის ყველაზე მცოდნე, ჰქონდა რა უამრავი საქმე ხალხში გასაკეთებელი.
32 ახლა, ამ კანონთმცოდნეების მიზანი იყო სარგებლის მიღება; და ისინი იღებდნენ სარგებელს თავიანთი სამუშაოს შესაბამისად.