წმინდა წერილი
ალმა 54


თავი 54

ამორონი და მორონი ტყვეების გაცვლაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მორონი მოითხოვს, რომ ლამანიელებმა უკან დაიხიონ და შეწყვიტონ სასიკვდილო თავდასხმები. ამორონი მოითხოვს, რომ ნეფიელებმა იარაღი დაყარონ და ლამანიელებს დაემორჩილონ. დაახლოებით 63 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, იყო ასე: მოსამართლეთა ოცდამეცხრე წლის დასაწყისში, ამორონმა შემოუთვალა მორონის, რომ ტყვეების გაცვლა სურდა.

2 და იყო ასე, რომ მორონის ძალზედ გაუხარდა ამ მოთხოვნის გამო, რადგან სურდა, რომ ის სურსათი, რაც ლამანიელთა ტყვეების შესანახად იხარჯებოდა, საკუთარი ხალხის დასახმარებლად გამოეყენებინა; ასევე სურდა თავისი ხალხის დაბრუნება საკუთარი ჯარის გასამაგრებლად.

3 ახლა, ლამანიელებს წაყვანილი ჰყავდათ მრავალი ბავშვი და ქალი და მორონის ტყვეებში ანუ მათ შორის, ვინც მორონიმ დააპატიმრა, არც ქალები იყვნენ და არც ბავშვები, ამიტომ, მორონიმ გადაწყვიტა, გამოეყენებინა სამხედრო ფანდი, რომ ლამანიელებისგან მიეღო რაც შეიძლება მეტი დატყვევებული ნეფიელი.

4 ამიტომ, მან მისწერა წერილი და ამორონის მსახურს გაატანა, იმავეს, რომელმაც მორონის მოუტანა წერილი. ახლა, ეს არის ის სიტყვები, რომლებიც მან ამორონს მისწერა:

5 აჰა, ამორონ, მე მოგწერე ცოტაოდენი რამ ამ ომის შესახებ, რომელსაც თქვენ ჩემი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებთ ანუ რომელსაც შენი ძმა აწარმოებდა მათ წინააღმდეგ, რომლის გაგრძელებასაც კიდევ აპირებთ მისი სიკვდილის შემდეგ.

6 აჰა, მე მსურს გითხრა ცოტაოდენი რამ ღმერთის სამართალზე და მისი ყოვლადძლიერი რისხვის ხმლის შესახებ, რომელიც თქვენზე არის აღმართული, თუ არ მოინანიებთ და არ დააბრუნებთ ჯარებს უკან თქვენს მიწაზე ანუ თქვენს მამულზე, რომელიც არის ნეფის მიწა.

7 დიახ, მე გეტყოდი ყველაფერს, რომ შეგძლებოდა ყოველივე ამის გაგება; დიახ, გეტყოდი იმ საშინელ ჯოჯოხეთზე, რომელიც მზად არის მიიღოს ისეთი მკვლელები, როგორიც ხარ შენ და იყო შენი ძმა, თუ არ მოინანიებთ და უარს არ იტყვით მომაკვდინებელ მიზნებზე და არ დაუბრუნდებით თქვენი ჯარებით თქვენს მიწებს.

8 მაგრამ, ვინაიდან უარი თქვით ამ ყველაფერზე და იბრძოდით უფლის ხალხის წინააღმდეგ, მე თქვენგან მოველი, რომ ამას კვლავ გააკეთებთ.

9 და ახლა, აჰა, ჩვენ მზად ვართ თქვენ დასახვედრად; დიახ, თუ არ შეცვლით თქვენს მიზნებს, აჰა, თავზე რისხვას იწვნევთ ღმერთისგან, რომელიც უარყავით, დიახ, თქვენი სრული განადგურებით.

10 მაგრამ, ისე, როგორც ცოცხალია უფალი, ჩვენი ჯარები დაგესხმიან თავს, თუ არ წახვალთ და მალე სიკვდილი მოგევლინებათ, რადგან ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქალაქებს და მიწებს; დიახ, დავიცავთ ჩვენს სარწმუნოებასა და ღმერთის საქმეს.

11 მაგრამ, აჰა, ვფიქრობ, რომ ყოველივე ამაზე ამაოდ გელაპარაკები; ვფიქრობ, რომ ხარ ჯოჯოხეთის შვილი; ამიტომ, მე ვასრულებ ჩემს წერილს და გეუბნები, რომ არ გაგიცვლი ტყვეებს, გარდა იმ პირობისა, რომ ერთ ტყვეში მოგვცემთ კაცს თავისი ცოლითა და შვილებით; თუ ასე მოიქცევით, მე გაგიცვლით.

12 და აჰა, თუ ასე არ მოიქცევით, წამოვალ თქვენ წინააღმდეგ ჩემი ჯარებით; დიახ, შევაიარაღებ ჩემს ქალებსა და ბავშვებსაც კი და თქვენ წინააღმდეგ წამოვალ და დაგედევნებით თქვენს მიწამდე, რომელიც არის ჩვენი პირველი მემკვიდრეობის მიწა; დიახ, და ეს იქნება სისხლი სისხლისთვის, დიახ, სიცოცხლე სიცოცხლისთვის; და შეგებრძოლებით, სანამ მიწის პირიდან არ განადგურდებით.

13 აჰა, მე ვარ განრისხებული, ასევე ჩემი ხალხიც; თქვენ ცდილობდით ჩვენს დახოცვას და ჩვენ ვცდილობდით მხოლოდ თავის დაცვას. მაგრამ, აჰა, თუ კიდევ ეცდებით ჩვენს განადგურებას, ჩვენ შევეცდებით თქვენს განადგურებას; დიახ, ჩვენი მიწისათვის ვიღწვით, ჩვენი პირველი მემკვიდრეობის მიწისთვის.

14 ახლა, ვასრულებ ჩემს წერილს. მე ვარ მორონი, ნეფიელთა ხალხის წინამძღოლი.

15 ახლა, იყო ასე, რომ ამორონმა, როდესაც მიიღო ეს წერილი, განრისხდა; და მისწერა კიდევ ერთი წერილი მორონის და ეს არის სიტყვები, რომლებიც მან დაწერა:

16 მე ვარ ამორონი, ლამანიელთა მეფე; ვარ ამალიკიას ძმა, რომელიც შენ მოკალი. აჰა, მისი სისხლისთვის შურს ვიძიებ შენზე, დიახ, თავს დაგესხმები ჩემი ჯარებით, რადგან არ მეშინია შენი მუქარის.

17 რადგან, აჰა, თქვენმა მამებმა სიბოროტე ჩაიდინეს თავიანთი ძმების მიმართ, ისე, რომ მოპარეს მათ მმართველობის უფლება, როდესაც, წესით, ის მათ ეკუთვნოდათ.

18 და ახლა, აჰა, თუ დაყრით იარაღს და დაემორჩილებით მათ მმართველობას, ვისაც ეს წესით ეკუთვნის, მაშინ მე ვუბრძანებ ჩემს ხალხს, დათმონ საკუთარი იარაღი და აღარ გებრძოლონ.

19 აჰა, შენ გადმოაფრქვიე მრავალი მუქარა ჩემსა და ჩემი ხალხის წინააღმდეგ; მაგრამ, აჰა, ჩვენ არ გვეშინია შენი მუქარის.

20 ამისდა მიუხედავად, მე სიხარულით გაგიცვლი ტყვეებს შენი მოთხოვნის შესაბამისად, რომ შევინარჩუნო საკვები ჩემი ჯარისკაცებისთვის; და წამოვიწყებთ ომს, რომელიც იქნება მარადიული; ნეფიელებს ან დავიმორჩილებთ ან მათ მთლიანად გავანადგურებთ.

21 და რაც ეხება იმ ღმერთს, რომელიც, როგორც ამბობ, ჩვენ უარვყავით, ჩვენ არ ვიცით ასეთი არსება; არც თქვენ იცით; მაგრამ, რომც იყოს ასეთი არსება, ჩვენ ეს არ ვიცით, იქნებ მან შეგვქმნა ისევე, როგორც თქვენ.

22 და თუ ასეა, რომ არსებობს ეშმაკი და ჯოჯოხეთი, ნუთუ არ გაგაგზავნის იქ ჩემს ძმასთან ერთად, რომელიც მოკალით, რომელიც, შენი სიტყვებით, ასეთ ადგილში წავიდა? მაგრამ, აჰა, ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა.

23 მე ვარ ამორონი, ზორამის შთამომავალი, რომელიც შენმა მამებმა აიყვანეს და იძულებით გამოიყვანეს იერუსალიმიდან.

24 და ახლა, აჰა, მე ვარ თამამი ლამანიელი; აჰა, ამ ომს ვაწარმოებთ, რომ შური ვიძიოთ მათ დანაშაულებზე და აღვასრულოთ და მივიღოთ მმართველობის უფლება; და მე ვასრულებ ჩემს წერილს მორონისადმი.