წმინდა წერილი
ალმა 49


თავი 49

შემოჭრილი ლამანიელები ვერ იღებენ გამაგრებულ ქალაქებს ამონიჰას და ნოეს. ამალიკია ღმერთს წყევლის და იფიცება, რომ მორონის სისხლს დალევს. ჰელამანი და მისი ძმები აგრძელებენ ეკლესიის განმტკიცებას. დაახლოებით 72 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, ეს იყო ასე, რომ მეცხრამეტე წლის მეთერთმეტე თვეს, თვის მეათე დღეს, ამონიჰას მიწისკენ მომავალი ლამანიელთა ჯარები დაინახეს.

2 და აჰა, ქალაქი აღდგენილი იყო და მორონიმ ჯარი განალაგა ქალაქის საზღვრებთან და გარშემო მიწაყრილი გააკეთეს, რომ ლამანიელთა ისრებისგან და ქვებისგან დაეცვათ თავი; რადგან, აჰა, ისინი იბრძოდნენ ქვებითა და ისრებით.

3 აჰა, მე ვთქვი, რომ ქალაქი ამონიჰა აღადგინეს. მე გეუბნებით, დიახ, ნაწილობრივ აღადგინეს; რადგან ლამანიელებმა იგი ერთხელ უკვე დაანგრიეს, მისი ხალხის ურჯულოების გამო, მათ ეგონათ, რომ იგი კვლავ ადვილი ნადავლი იქნებოდა მათთვის.

4 მაგრამ, აჰა, რამდენად დიდი იყო მათი იმედის გაცრუება; რადგან, აჰა, ნეფიელებმა გარშემო გააკეთეს მიწაყრილი, რომელიც იმდენად მაღალი იყო, რომ ლამანიელთა ქვები და ისრები ვერ ავნებდნენ მათ, ვერც თავდასხმას ახერხებდნენ მათზე, გარდა შემოსასვლელი ადგილისა.

5 ახლა, ამავე დროს, ლამანიელთა მთავარსარდლები ძალზედ გაოცებულნი იყვნენ ნეფიელთა სიბრძნით, მათი თავდაცვის ადგილების მომზადებით.

6 ახლა, ლამანიელთა წინამძღვრებმა იფიქრეს, თავიანთი დიდი სიმრავლის გამო, დიახ, მათ ეგონათ, რომ უპირატესობა უნდა გამოეყენებინათ მათზე თავდასხმისათვის, როგორც აქამდე აკეთებდნენ; დიახ, მათ ასევე გაიმზადეს ფარები და სამკერდულები და მათ ასევე მოამზადეს ტყავის სამოსელი, დიახ, ძალზედ სქელი ტანისამოსი, რათა დაეფარათ თავიანთი სიშიშვლე.

7 და იყვნენ რა ასე მომზადებულნი, მათ ეგონათ, რომ ადვილად სძლევდნენ და მონობის უღლის ქვეშ მოაქცევდნენ თავიანთ ძმებს ან დახოცავდნენ და ამოჟლეტდნენ მათ, საკუთარი სურვილის შესაბამისად.

8 მაგრამ, აჰა, მათ ძალზედ გასაოცად, ისინი მომზადებულნი იყვნენ ისე, როგორც ლეხის შვილებში არასდროს იყო ცნობილი. ახლა, ისინი იყვნენ მომზადებულნი ლამანიელთათვის, რომ ებრძოლათ მორონის მითითებების მიხედვით.

9 და იყო ასე, რომ ლამანიელები ანუ ამალიკიელები, იყვნენ ძალზედ გაოცებულნი იმაზედ, თუ როგორ იყვნენ ისინი ომისთვის მომზადებულნი.

10 ახლა, მეფე ამალიკია რომ წამოსულიყო ნეფის მიწიდან თავისი ჯარის თავში, შეიძლება ებრძანებინა ლამანიელთათვის, რომ შეეტიათ ნეფიელთათვის ქალაქ ამონიჰაში; რადგან, აჰა, მას არ ადარდებდა თავისი ხალხის სისხლი.

11 მაგრამ, აჰა, ამალიკია თავად არ მოვიდა საბრძოლველად. და აჰა, მისმა მთავარსარდლებმა ვერ გაბედეს შეეტიათ ნეფიელთათვის ქალაქ ამონიჰაში, რადგან მორონიმ იმდენად შეცვალა საქმეთა მართვა ნეფიელებში, რომ ლამანიელები დაბნეულები იყვნენ მათი თავშესაფრის ადგილებით და თავს ვეღარ ესხმოდნენ.

12 ამიტომ, ისინი უკან უდაბნოში დაბრუნდნენ, გადაიტანეს ბანაკი და გაემართნენ ნოეს მიწის მიმართულებით, ეგონათ, რომ იქ იქნებოდა მათთვის საუკეთესო ადგილი, შემდგომში ნეფიელებზე თავდასხმისათვის.

13 რადგან არ იცოდნენ, რომ მორონიმ გაამაგრა ან ააშენა დამცავი სიმაგრეები ყოველი ქალაქისთვის, მთელი მიწის გარშემო; ამიტომ, ისინი მიდიოდნენ პირდაპირ ნოეს მიწისკენ, მტკიცე გადაწყვეტილებით; დიახ, მათი მთავარსარდლები წინ გამოვიდნენ და ფიცი დადეს, რომ ქალაქის მოსახლეობას გაანადგურებდნენ.

14 მაგრამ, აჰა, მათ გასაოცრად, ქალაქი ნოე, რომელიც აქამდე იყო სუსტი ადგილი, მორონის მეშვეობით გაძლიერდა, დიახ, ქალაქ ამონიჰასაც გადააჭარბა სიძლიერით.

15 და ახლა, აჰა, ეს იყო მორონის სიბრძნე; რადგან იგი მიხვდა, რომ მათ შეეშინდებოდათ ქალაქ ამონიჰასთან; და ვინაიდან წარსულში ქალაქი ნოე იყო მიწის ყველაზე სუსტი ადგილი, ამიტომ ისინი ბრძოლისათვის იქ გაემართებოდნენ; და ასეც მოხდა, მისი სურვილის შესაბამისად.

16 და აჰა, მორონიმ დანიშნა ლეხი იმ ქალაქის ჯარისკაცების მთავარსარდლად; და ეს იყო ის ლეხი, რომელიც ლამანიელებს ებრძოდა ხეობაში, მდინარე სიდონის აღმოსავლეთით.

17 და ახლა, აჰა, იყო ასე, რომ, როდესაც ლამანიელებმა აღმოაჩინეს, რომ ლეხი მეთაურობდა ქალაქს, მათ კვლავ იმედი გაუცრუვდათ, რადგან მათ ლეხის ძალზედ ეშინოდათ; ამისდა მიუხედავად, მთავარსარდლებმა ფიცი დადეს, რომ ქალაქს შეუტევდნენ; ამიტომ, წინ წამოსწიეს თავიანთი ჯარები.

18 ახლა, აჰა, ლამანიელები ვერ აღწევდნენ მათ დამცავ სიმაგრეებში ვერანაირი სხვა გზით, გარდა შესასვლელისა, მაღალი მიწაყრილის და გარსშემოვლებული ღრმა თხრილის გამო – მხოლოდ შესასვლელით.

19 და ასე, იყვნენ ნეფიელები მომზადებულნი, რომ გაენადგურებინათ ყველა, ვინც შეეცდებოდა გადაძვრომას სიმაგრეში შესასვლელად რაიმე სხვა გზით, მათთვის ქვებისა და ისრების სროლით.

20 ასე იყვნენ ისინი მომზადებულები, დიახ, ყველაზე ძლიერი ჯარისკაცების ჯგუფით, თავიანთი ხმლებითა და შურდულებით, რომ განეგმირათ ყველა, ვინც შეეცდებოდა მათი თავდაცვის ადგილზე შეღწევას; და ასე იყვნენ მომზადებულნი ლამანიელებისგან თავის დასაცავად.

21 და იყო ასე, რომ ლამანიელთა მხედართმთავრებმა მიიყვანეს თავიანთი ჯარები შესასვლელი ადგილის წინ და ნეფიელებს დაუპირისპირდნენ მათი თავდაცვის ადგილში შესასვლელად, მაგრამ, აჰა, დროდადრო, მათ უკან აგდებდნენ, ასე რომ ისინი დახოცეს ძლიერ ჟლეტაში.

22 ახლა, როდესაც ისინი მიხვდნენ, რომ ვერ დასძლევდნენ ნეფიელებს შესასვლელთან, მათ დაიწყეს მათი მიწაყრილების გადათხრა, რომ თავიანთი ჯარებისთვის შესასვლელები გაეკეთებინათ, რათა თანაბარ პირობებში ებრძოლათ, მაგრამ, აჰა, ამ მცდელობებში ისინი აღგავეს ქვებითა და ისრებით, რომლებსაც მათ ესროდნენ და იმის მაგივრად, რომ მიწათხრილები ამოვსებულიყო მიწის გროვებით, ისინი თითქმის ამოავსეს თავიანთი მოკლულებისა და დაჭრილების სხეულებით.

23 ამგვარად, ნეფიელებს ჰქონდათ სრული უპირატესობა თავიანთ მტრებზე; და ამგვარად, ლამანიელები ცდილობდნენ ნეფიელთა განადგურებას, სანამ არ დაიხოცა ყველა მათი მთავარსარდალი; დიახ, ათასზე მეტი ლამანიელი დაიხოცა; ამ დროს მეორე მხარეს, ნეფიელთა შორის არც ერთი სული არ იქნა მოკლული.

24 იყო დაახლოებით ორმოცდაათი, რომლებიც დაიჭრნენ, რომლებამდეც ლამანიელთა ისრებმა მიაღწია შესასვლელიდან, მაგრამ ნეფიელები დაცულები იყვნენ თავიანთი ფარებითა და სამკერდულებით და ჩაჩქანებით, ამიტომ მათ ჭრილობები ჰქონდათ ფეხებზე, მრავალი მათგანი იყო საკმაოდ მძიმე.

25 და იყო ასე, რომ როდესაც ლამანიელებმა იხილეს, რომ ყველა მათი მთავარსარდალი იყო დახოცილი, ისინი უდაბნოში გაიქცნენ. და იყო ასე, რომ ისინი ნეფის მიწაზე დაბრუნდნენ, რომ მეფისთვის, ამალიკიასთვის, რომელიც ნეფიელი იყო დაბადებით, შეეტყობინებინათ მათი დიდი დანაკარგის შესახებ.

26 და იყო ასე, რომ ის ძალზედ განრისხდა თავის ხალხზე, რადგან ვერ აისრულა თავისი სურვილი ნეფიელებზე; ვერ შეძლო მათი დამორჩილება მონობის უღელით.

27 დიახ, ის ძალზედ განრისხდა და წყევლიდა ღმერთს, ასევე მორონის, და ფიცი დადო, რომ მის სისხლს დალევდა; და ეს იმიტომ, რომ მორონი ღმერთის მცნებებს იცავდა, თავის ხალხის დასაცავად მზადებისას.

28 და იყო ასე, რომ მეორე მხრივ, ნეფის ხალხი მადლობას უხდიდა უფალს, თავის ღმერთს, მისი უბადლო ძალისათვის, რომელმაც გამოიხსნა ისინი თავიანთი მტრების ხელიდან.

29 და ასე დასრულდა ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის მეცხრამეტე წელი.

30 და მათ შორის იყო უწყვეტი მშვიდობა და ძალზედ დიდი აყვავება იყო ეკლესიაში, ღმერთის სიტყვისადმი მათი ყურადღებისა და სიბეჯითის გამო, რომელსაც მათ უცხადებდნენ ჰელამანი, შიბლონი, კორიანტონი და ამონი და მისი ძმები, დიახ, და ყველანი, რომლებმაც მიიღეს კურთხევა ღმერთის წმინდა წესით, მოსანანიებლად მონათლულნი და ხალხში ქადაგებისთვის გაგზავნილნი.