ალმას ბრძანებები თავისი ვაჟიშვილის, შიბლონისადმი.
მოიცავს 38-ე თავს.
თავი 38
შიბლონს დევნიდნენ სამართლიანობისათვის. ხსნა არის ქრისტეში, რომელიც არის ამა ქვეყნის სიცოცხლე და სინათლე. მოთოკეთ თქვენი ყოველი ვნება. დაახლოებით 74 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 შვილო ჩემო, ყური დაუგდე ჩემს სიტყვებს, რადგან გეუბნები ისე, როგორც ჰელამანს ვუთხარი, რომ რამდენადაც დაიცავ ღვთის მცნებებს, იმდენად აყვავდები მიწაზე; და რამდენადაც არ დაიცავ ღვთის მცნებებს, იმდენად მოკვეთილი იქნები მისი გარემოცვიდან.
2 და ახლა, შვილო ჩემო, იმედი მაქვს, რომ მექნება დიდი სიხარული შენში, შენი სიმტკიცისა და ღმერთის მიმართ ერთგულებისათვის; რადგან შენ ყმაწვილობიდანვე უმზერდი უფალს, შენს ღმერთს, ამიტომ იმედი მაქვს, რომ გააგრძელებ მისი მცნებების დაცვას; რადგან კურთხეულია ის, რომელიც ბოლომდე გაუძლებს.
3 მე გეუბნები, შვილო ჩემო, რომ უკვე მქონდა დიდი სიხარული შენში, შენი ერთგულებისა და შენი სიბეჯითის და შენი მოთმინებისა და სულგრძელობის გამო, ზორამიელთა ხალხს შორის.
4 რადგან მე ვიცი, რომ შენ იყავი ბორკილებში; დიახ, ასევე ვიცი, რომ გქოლავდნენ სიტყვისათვის; და შენ ყოველივე ეს მოთმინებით გადაიტანე, რადგან უფალი იყო შენთან; და ახლა შენ იცი, რომ შენ უფალმა გამოგიხსნა.
5 და ახლა, შვილო ჩემო, შიბლონ, მსურს, დაიმახსოვრო, რომ რამდენადაც მიანდობ ღმერთს შენს სასოებას, იმდენად გამოხსნილი იქნები განსაცდელიდან და მწუხარებიდან და გაჭირვებიდან და უკანასკნელ დღეს ამაღლდები.
6 ახლა, ჩემო შვილო, არ მინდა იფიქრო, რომ მე ეს ყველაფერი ჩემით ვიცი, მაგრამ ეს არის ღმერთის სული, რომელიც ჩემშია, რომელიც შთამაგონებს; რადგან, რომ არ ვყოფილიყავი ღვთისაგან შობილი, არ მეცოდინებოდა ყოველივე ეს.
7 მაგრამ, აჰა, უფალმა, თავისი დიდი წყალობით, მოავლინა ანგელოზი, რათა გამოეცხადებინა ჩემთვის, რომ შემეწყვიტა განადგურების საქმე მის ხალხში; და მე ანგელოზი ვიხილე პირისპირ და იგი დამელაპარაკა და ხმა მისი იყო ვითარცა ჭექა-ქუხილი და მთელ დედამიწას აზანზარებდა.
8 და იყო ასე, რომ სამი დღის და სამი ღამის განმავლობაში ვიმყოფებოდი სულის ყველაზე მწარე ტკივილში და ტანჯვაში; და სანამ არ შევღაღადე უფალს, იესო ქრისტეს, წყალობისთვის, არ მივიღე ცოდვების მიტევება. მაგრამ, აჰა, შევღაღადე მას და სულის სიმშვიდე მოვიპოვე.
9 და ახლა, შვილო ჩემო, მე ეს გითხარი, რომ ისწავლო სიბრძნე, რათა ისწავლო ჩემგან, რომ არ არსებობს სხვა გზა ან საშუალება, რითაც შესაძლებელია ადამიანისათვის გადარჩენა, თუ არა ქრისტეში და მისი მეშვეობით. აჰა, ის არის ამა ქვეყნის სიცოცხლე და სინათლე. აჰა, ის არის ჭეშმარიტებისა და სიმართლის სიტყვა.
10 და ახლა, დაიწყე რა სიტყვის სწავლება, მსურს, გააგრძელო სწავლება; და მსურს, რომ იყო ბეჯითი და ზომიერი ყველაფერში.
11 მიაქციე ყურადღება, რომ არ აღზევდე ამპარტავნობაში, დიახ, რომ არ იტრაბახო არც შენი სიბრძნით და არც დიდი ძალით.
12 გამოიჩინე სიმამაცე, მაგრამ არა მბრძანებლობა; ასევე მიაქციე ყურადღება, რომ მოთოკო შენი ყოველი ვნება, რომ აღსავსე იყო სიყვარულით; რათა თავი აარიდო სიზარმაცეს.
13 არ ილოცო ზორამიელებივით, რადგან შენ იხილე, რომ ისინი ლოცულობენ ხალხის გასაგონად და საკუთარი სიბრძნის სადიდებლად.
14 არ თქვა: ღმერთო, მე მადლობელი ვარ იმისათვის, რომ ვართ ჩვენს ძმებზე უკეთესნი; არამედ თქვი: უფალო, შემინდე უღირსობა და წყალობით გაიხსენე ჩემი ძმები. დიახ, ყოველთვის აღიარე საკუთარი უღირსობა ღმერთის წინაშე.
15 დაე, უფალმა აკურთხოს შენი სული და უკანასკნელ დღეს მიგიღოს თავის სასუფეველში, რათა დაბრძანდე მშვიდად. ახლა, წადი, შვილო ჩემო, და ასწავლე სიტყვა ამ ხალხს. იყავი ფხიზლად, შვილო ჩემო, მშვიდობით.