წმინდა წერილი
ალმა 24


თავი 24

ლამანიელები გამოდიან ღმერთის ხალხის წინააღმდეგ. ანტი-ნეფი-ლეხიელები ხარობენ ქრისტეში და მათ ეწვევიან ანგელოზები. ისინი თავის დაცვას სიკვდილს არჩევენ. უფრო მეტი ლამანიელი მოიქცევა რწმენაში. დაახლოებით 90–77 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ ამალეკიელებში და ამულონიელებში და ლამანიელებში, რომლებიც იყვნენ ამულონის მიწაზე, ასევე ჰელამის მიწაზე და ისინი, რომლებიც იყვნენ იერუსალიმის მიწაზე ანუ გარშემო მთელს მიწაზე, რომლებიც არ მოიქცნენ რწმენაში და არ დაირქვეს სახელად ანტი-ნეფი-ლეხი, ამალეკიელებმა და ამულონიელებმა მათში წყრომა გააღვივეს თავიანთი ძმების წინააღმდეგ.

2 და მათი მრისხანება ძალზედ გაღვივდა მათ წინააღმდეგ, იმდენადაც კი, რომ მათ დაიწყეს მეფის წინააღმდეგ ჯანყი ისე, რომ აღარ უნდოდათ, იგი მათი მეფე ყოფილიყო; ამიტომ, მათ აღმართეს იარაღი ანტი-ნეფი-ლეხის ხალხის წინააღმდეგ.

3 ახლა, მეფემ გადასცა სამეფო თავის შვილს და მას უწოდა ანტი-ნეფი-ლეხი.

4 და მეფე მოკვდა იმავე წელს, როდესაც ლამანიელებმა დაიწყეს ომისათვის მზადება ღმერთის ხალხის წინააღმდეგ.

5 ახლა, როდესაც ამონმა და მისმა ძმებმა და ყველამ, ვინც მათთან ერთად მოვიდა, იხილეს ლამანიელთა მზადება მათი ძმების გასანადგურებლად, ისინი წავიდნენ მიდიანის მიწაზე და იქ ამონი შეხვდა თავის ყველა ძმას; და იქიდან ისინი მივიდნენ ისმაელის მიწაზე, რათა ეთათბირათ ლამონთან და ასევე მის ძმასთან, ანტი-ნეფი-ლეხისთან, იმის შესახებ, რა უნდა მოემოქმედათ ლამანიელებისაგან თავის დასაცავად.

6 ახლა, მთელ ხალხში არ იყო არცერთი სული, რომელიც მოიქცა უფლის რწმენაში, რომელიც აღმართავდა იარაღს თავისი ძმების წინააღმდეგ; არა, ისინი არც კი ემზადებოდნენ ომისთვის; დიახ, ასევე უბრძანა მეფემაც, რომ ეს არ გაეკეთებინათ.

7 ახლა, ეს არის სიტყვები, რომლებიც მან უთხრა ხალხს ამის შესახებ: მე მადლობას ვუხდი ჩემს ღმერთს, ჩემო საყვარელო ხალხო, რომ ჩვენმა დიდმა ღმერთმა თავისი სიკეთით მოგვიგზავნა ეს ჩვენი ძმები, ნეფიელები, რათა ექადაგათ ჩვენთვის და დავერწმუნებინეთ ჩვენი მამების ჩვეულებების სიბოროტეში.

8 და აჰა, მე მადლობას ვუხდი ჩემს დიად ღმერთს, რომ მან გვიბოძა თავისი სულის ნაწილი, რათა მოელბო ჩვენი გულები, რომ დავმეგობრებულიყავით ამ ძმებთან, ნეფიელებთან.

9 და აჰა, მე ასევე მადლობას ვუხდი ჩემს ღმერთს, რომ ამ დამეგობრებით ჩვენ დავრწმუნდით ჩვენს ცოდვებში და მრავალ მკვლელობაში, რომელნიც ჩვენ ჩავიდინეთ.

10 და მე ასევე მადლობას ვუხდი ჩემს ღმერთს, დიახ, დიად ღმერთს, რომ მან ნება გვიბოძა, მოგვენანიებინა ეს ყველაფერი და ასევე იმისათვის, რომ მან გვაპატია ეს ჩვენი მრავალი ცოდვა და მკვლელობა, რომელნიც ჩვენ ჩავიდინეთ და გულებიდან მოგვაცილა დანაშაული თავისი ძის მადლით.

11 და ახლა, აჰა, ჩემო ძმებო, რაკიღა ეს არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია (რადგან მთელი კაცობრიობიდან ჩვენ თავად ვიყავით ყველაზე მეტად დაკარგულნი) რომ მოვინანიოთ ყველა ჩვენი ცოდვა და მრავალი მკვლელობა, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ და შევთხოვოთ ღმერთს, მოგვაცილოს ისინი გულიდან, რადგან ეს იყო ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, რათა საკმარისად მოგვენანიებინა ღმერთის წინაშე, რომ მას მოეცილებინა ჩვენი ლაქა –

12 ახლა, ჩემო საუკეთესო, საყვარელო ძმებო, ვინაიდან ღმერთმა მოგვაცილა ლაქები და ჩვენი ხმლები აელვარდა, მოდით ნუღარ დავსვრით ხმლებს ჩვენი ძმების სისხლით.

13 აჰა, გეუბნებით: არა, მოდით შევაკავოთ ხმლები, რათა არ დაისვაროს ჩვენი ძმების სისხლით; რადგან, თუ ჩვენ კვლავ დავსვრით ჩვენს ხმლებს, ისინი ვეღარ განიწმინდება ისე, რომ აელვარდეს ჩვენი დიადი ღმერთის ძის სისხლით, რომელიც დაიღვრება ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად.

14 და დიადმა ღმერთმა შეგვიწყალა და გაგვანდო ეს ყველაფერი, რათა არ დავღუპულიყავით; დიახ, მან გაგვანდო ეს ყველაფერი წინასწარ, რადგან მას უყვარს ჩვენი სულები ისე, როგორც უყვარს ჩვენი შვილები; ამიტომ, თავისი მოწყალებით ის გვევლინება საკუთარი ანგელოზებით, რათა ხსნის გეგმა გახდეს ცნობილი ჩვენთვის, ასევე მომავალი თაობებისთვის.

15 როგორი მოწყალეა ჩვენი ღმერთი! და ახლა, აჰა, რადგან ეს არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე ცოდვების მოსაცილებლად და ჩვენი ხმლების ასაელვარებლად, მოდით დავმალოთ ისინი, რათა დარჩნენ ელვარენი, როგორც დამოწმება ჩვენი ღმერთისადმი უკანასკნელ დღეს ანუ იმ დღეს, როდესაც მის წინაშე წარვსდგებით, რათა ვიქნეთ განკითხულნი, რომ არ დავსვარეთ ჩვენი ხმლები ძმების სისხლით მაშინ, როდესაც გაგვიზიარა თავისი სიტყვა და ამით განგვწმინდა.

16 და ახლა, ჩემო ძმებო, თუ ჩვენს ძმებს სურთ ჩვენი განადგურება, აჰა, ჩვენ დავმალავთ ხმლებს, დიახ, ჩვენ მათ მიწაში ღრმადაც ჩავმარხავთ, რათა ისინი დარჩნენ მოელვარე, როგორც დამოწმება უკანასკნელ დღეს, რომ ჩვენ ისინი არასდროს არ გამოგვიყენებია; და თუ ჩვენი ძმები გაგვანადგურებენ, აჰა, ჩვენ წავალთ ჩვენს ღმერთთან და გადავრჩებით.

17 და ახლა, ეს იყო ასე, რომ როდესაც მეფემ დაასრულა ეს სიტყვები და მთელი ხალხი იყო ერთად შეკრებილი, მათ აიღეს ხმლები და მთელი იარაღი, რომელიც ადამიანის სისხლის საღვრელად გამოიყენებოდა და ისინი მიწაში ღრმად დამარხეს.

18 და ასე მოიქცნენ ისინი, იყო რა ეს მათ თვალში დამოწმება ღმერთისათვის და ასევე ადამიანებისათვის, რომ ისინი აღარ გამოიყენებდნენ იარაღს ადამიანის სისხლის დასაღვრელად; და ასე მოიქცნენ ღმერთისთვის დასადასტურებლად და აღთქმისათვის, რომ ძმების სისხლის დაღვრის მაგივრად ისინი შესწირავდნენ საკუთარ სიცოცხლეს და იმის მაგივრად, რომ წაერთმიათ ძმისთვის, ისინი დათმობდნენ თავისას და იმის მაგივრად, რომ გაეტარებინათ დღეები სიზარმაცეში, ისინი ბევრს იშრომებდნენ საკუთარი ხელით.

19 და ამგვარად ვხედავთ, რომ როდესაც ეს ლამანიელები მოყვანილნი იქნენ რწმენისა და ჭეშმარიტების ცოდნისაკენ, ისინი იყვნენ მტკიცენი და არჩევდნენ დატანჯულიყვნენ სიკვდილამდე, ვიდრე ჩაედინათ ცოდვა; და ამგვარად ვხედავთ, რომ მათ დამარხეს თავიანთი მშვიდობის იარაღი ანუ მათ ჩამარხეს საომარი იარაღი მშვიდობისათვის.

20 და იყო ასე, რომ მათი ძმები, ლამანიელები, მოემზადნენ ომისთვის და მოვიდნენ ნეფის მიწაზე მეფის განადგურების მიზნით, რათა სხვა დაესვათ მის მაგივრად და ასევე იმისთვის, რომ ანტი-ნეფი-ლეხის ხალხი აღეგავათ ამ მიწიდან.

21 ახლა, როდესაც ხალხმა იხილა, რომ ისინი მოდიოდნენ მათ წინააღმდეგ, გამოვიდნენ მათ დასახვედრად და მიწაზე განერთხნენ მათ წინაშე და მოუწოდებდნენ უფლის სახელს; და ასეთ მდგომარეობაში იყვნენ, როდესაც ლამანიელები თავს დაესხნენ და დაიწყეს მახვილებით მათი ხოცვა.

22 და ასე, არ შეხვდათ რა არანაირი წინააღმდეგობა, მათ დახოცეს ათას ხუთი მათგანი და ჩვენ ვიცით, რომ ისინი არიან კურთხეულნი, რადგან წავიდნენ თავიანთ ღმერთთან საცხოვრებლად.

23 ახლა, როდესაც ლამანიელებმა იხილეს, რომ მათი ძმები ხმალს არ გაურბოდნენ და არ ერიდებოდნენ მას არც მარცხნიდან და არც მარჯვნიდან, არამედ წვებოდნენ და იღუპებოდნენ და ადიდებდნენ ღმერთს, მახვილით სიკვდილის დროსაც კი –

24 ახლა, როდესაც ლამანიელებმა ეს იხილეს, თავი შეიკავეს მათი ხოცვისაგან და იყვნენ ბევრნი, რომლებსაც გული აუჩუყდათ თავიანთი ძმებისთვის, რომლებიც მახვილის ქვეშ დაეცნენ, რადგან ინანიებდნენ იმას, რაც ჩაიდინეს.

25 და იყო ასე, რომ მათ დაყარეს საომარი იარაღი და აღარ სურდათ მისი აღება, რადგან სინდისი ქეჯნიდათ ჩადენილი მკვლელობების გამო; და მიწაზე დაეშვნენ თავიანთი ძმებივით, მიენდნენ მათ მოწყალებას, რომელთა იარაღიც აღმართული იყო მათ დასახოცად.

26 და იყო ასე, რომ იმ დღეს ღმერთის ხალხის რაოდენობა უფრო გაიზარდა, ვიდრე დახოცილთა რიცხვი და ისინი, რომლებიც დაიხოცნენ, იყვნენ მართალი ხალხი, ამიტომ არ გვაქვს მიზეზი დავეჭვდეთ იმაში, რომ ისინი გადარჩნენ.

27 და დახოცილთა შორის არ იყო ბოროტი ადამიანი; მაგრამ ათასზე მეტი მოყვანილ იქნა ჭეშმარიტების ცოდნამდე; ამგვარად ვხედავთ, რომ უფალი მოქმედებს მრავალი გზით თავისი ხალხის გადასარჩენად.

28 და ახლა, უმრავლესობა ლამანიელთა შორის, რომლებმაც დახოცეს ამდენი თავიანთი ძმა, იყვნენ ამალეკიელები და ამულონიელები, რომელთა უმრავლესობა ნეჰორის ზნე-ჩვეულების მიმდევარი იყო.

29 ახლა, მათ შორის, ვინც შეუერთდა უფლის ხალხს, არ იყო არცერთი ამალეკიელი ან ამულონიელი ან ვინმე, რომელიც მისდევდა ნეჰორის წესს, არამედ იყვნენ ლამანისა და ლემუელის პირდაპირი შთამომავლები.

30 და ასე, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც ხალხი, რომელიც ერთხელ განათლდა ღმერთის სულით და ჰქონდა დიდი ცოდნა სამართლიანობის შესახებ და შემდეგ ჩავარდა ცოდვაში და შეცოდებაში, გახდა უფრო მეტად ხისტი და ამგვარად, მათი მდგომარეობა ხდება იმაზე უარესი, ვიდრე იქნებოდა მაშინ, თუ არ ეცოდინებოდათ ყოველივე ამის შესახებ.