თავი 57
ჰელამანი აღწერს ქალაქ ანტიპარას აღებას, ქალაქ კუმენის დათმობას და მოგვიანებით მის დაცვას. მისი ამონიელი ახალგაზრდები მამაცურად იბრძვიან; ყველა დაიჭრება, მაგრამ არცერთი არ მოკვდება. გიდი ატყობინებს ლამანიელი ტყვეების დახოცვისა და გაქცევის შესახებ. დაახლოებით 63 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და ახლა, იყო ასე, რომ ამორონისგან წერილი მივიღე. მეფე აცხადებდა, რომ თუ გადავცემდი იმ სამხედრო ტყვეებს, რომლებიც ჩვენ დავატყვევეთ, მაშინ იგი ქალაქ ანტიპარას გადაგვცემდა.
2 მაგრამ, მეფეს წერილში მივწერე, რომ დარწმუნებულნი ვიყავით, ჩვენს ძალებს ჰქონდა შესაძლებლობა, ქალაქი ანტიპარა აეღო საკუთარი ძალებით; და ტყვეების გადაცემით იმ ქალაქის სანაცვლოდ, ჩვენ უგუნურად მოვიქცეოდით და რომ მხოლოდ გაცვლის პირობით გადავცემდით ჩვენს ტყვეებს.
3 და ამორონმა უარყო ჩემი წერილი, რადგან არ სურდა ტყვეების გაცვლა; ამიტომ, დავიწყეთ მზადება ქალაქ ანტიპარაზე თავდასხმისთვის.
4 მაგრამ ქალაქ ანტიპარას ხალხმა დატოვა ქალაქი და თავიანთ სხვა ქალაქებში გაიხიზნა, რომლებიც მათ მფლობელობაში იყო, რათა ის ქალაქები გაემაგრებინათ; და ამგვარად, ქალაქი ანტიპარა ჩვენ ხელში ჩავარდა.
5 და ასე დამთავრდა მოსამართლეთა მმართველობის ოცდამერვე წელი.
6 და იყო ასე, რომ ოცდამეცხრე წლის დასაწყისში ჩვენ მივიღეთ სურსათ-სანოვაგის მარაგი და ასევე ჩვენი ჯარისათვის დამატებითი ძალები ზარაჰემლას მიწიდან და მის გარშემო მიწებიდან, ექვსი ათასი კაცის რაოდენობით, ამონიელთა სამოცი შვილის გარდა, რომლებიც მოვიდნენ, რომ შეერთებოდნენ თავიანთ ძმებს, ჩემს პატარა ორათასიან რაზმს. და ახლა, აჰა, ჩვენ ვიყავით ძლიერნი, დიახ, ჩვენ ასევე უხვად სურსათ-სანოვაგე გვქონდა მიღებული.
7 და იყო ასე, რომ ჩვენი სურვილი იყო, დაგვეწყო ბრძოლა ჯართან, რომელიც განლაგებული იყო ქალაქ კუმენის დასაცავად.
8 და ახლა, აჰა, მე გაჩვენებ, რომ მალე ავისრულეთ ჩვენი სურვილი; დიახ, ჩვენი ძლიერი ძალებით ანუ ჩვენი ძლიერი ძალების ნაწილით, ღამე, ალყაში მოვაქციეთ ქალაქი კუმენი, სურსათ-სანოვაგის მარაგის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე.
9 და იყო ასე, რომ დავბანაკდით ქალაქის გარშემო მრავალი ღამის განმავლობაში; მაგრამ, გვეძინა ჩვენს ხმლებზე და გვყავდა გუშაგები, რომ ლამანიელები არ დაგვსხმოდნენ თავს ღამით და არ დავეხოცეთ, რაც მათ ბევრჯერ სცადეს; მაგრამ, რამდენჯერაც სცადეს, იმდენჯერ დაიღვარა მათი სისხლი.
10 მოგვიანებით მათი სურსათ-სანოვაგის მარაგი მოიტანეს და აპირებდნენ ქალაქში ღამე შესვლას. მაგრამ ჩვენ, ლამანიელების ნაცვლად, ნეფიელები აღმოვჩნდით; ამიტომ, შევიპყარით ისინი და მათი სურსათ-სანოვაგე.
11 მიუხედავად იმისა, რომ ლამანიელები ამგვარად მოკვეთილნი იყვნენ დახმარებისგან, მაინც გადაწყვეტილი ჰქონდათ ქალაქის დაცვა; ამიტომ, საჭირო გახდა, აგვეღო ეს სურსათ-სანოვაგე და გაგვეგზავნა იუდეაში და ტყვეები – ზარაჰემლას მიწაზე.
12 და იყო ასე, რომ არ გასულა მრავალი დღე, როდესაც დახმარების ყველა იმედი გაქარწყლდა ლამანიელთათვის; ამიტომ, ქალაქი ხელში გადმოგვცეს; და ასე აღვასრულეთ ჩვენი ჩანაფიქრი ქალაქ კუმენის ასაღებად.
13 და იყო ასე, რომ ჩვენი ტყვეები იმდენად მრავალრიცხოვანნი იყვნენ, რომ დიდი სიმრავლის მიუხედავად, იძულებულები ვიყავით მთელი ძალები გამოგვეყენებინა მათ დასაცავად ან უნდა დაგვეხოცა ისინი.
14 რადგან, აჰა, გარბოდნენ დიდი ჯგუფებით და ქვებითა და ჯოხებით ან ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდათ, იბრძოდნენ, ამგვარად, ორ ათასამდე მათგანი დავხოცეთ მას შემდეგ, რაც სამხედრო ტყვეებად ჩაგვბარდნენ.
15 ამიტომ, ჩვენთვის საჭირო გახდა მათთვის ან სიცოცხლე მოგვესწრაფებინა ან მახვილით ხელში დაგვეცვა ისინი ზარაჰემლას მიწამდე; და ასევე ჩვენი სურსათ-სანოვაგე იყო საკმარისი მხოლოდ ჩვენი ადამიანებისთვის, იმისდა მიუხედავად, რაც ლამანიელებს წავართვით.
16 და ახლა, ასეთ უმძიმეს პირობებში, ეს იქცა ძალზედ სერიოზულ საქმედ, რათა გადაწყვეტილება მიგვეღო ამ სამხედრო ტყვეების შესახებ; ამისდა მიუხედავად, გადავწყვიტეთ, ზარაჰემლას მიწაზე გაგვეგზავნა ისინი; ამიტომ, გამოვყავით ჯარისკაცების ნაწილი და ტყვეებზე მეთვალყურეობა გადავეცით, რათა ზარაჰემლას მიწაზე ჩაეყვანათ.
17 მაგრამ, იყო ასე, რომ მომდევნო დღეს ისინი დაბრუნდნენ. ახლა, აჰა, არ გამოვკითხეთ ტყვეების შესახებ; რადგან, აჰა, ლამანიელები მოდიოდნენ ჩვენზე და ისინი კარგ დროს მობრუნდნენ, რათა მათ ხელში ჩავარდნისგან გადავერჩინეთ. რადგან, აჰა, ამორონმა გაუგზავნა მათ დახმარება, სურსათ-სანოვაგის ახალი მარაგი და ასევე მრავალრიცხოვანი ჯარი.
18 და იყო ასე, რომ ის ჯარისკაცები, რომლებიც ტყვეებთან ერთად გავაგზავნეთ, დროულად მოვიდნენ მათ შესაჩერებლად, რადგან მათ ლამის იყო დაგვძლიეს.
19 მაგრამ, აჰა, ჩემი პატარა ორი ათას სამოციანი რაზმი იბრძოდა ყველაზე სასოწარკვეთილად; დიახ, ისინი მტკიცენი იყვნენ ლამანიელთა წინაშე და ხოცავდნენ ყველას, ვინც მათ ეწინააღმდეგებოდა.
20 და იმ დროს, როდესაც ჩვენი ჯარის დანარჩენი ნაწილი უკვე მზად იყო ლამანიელებისგან უკან დაეხია, აჰა, ეს ორი ათას სამოცი იყო მტკიცე და შეუპოვარი.
21 დიახ, მემორჩილებოდნენ და ზუსტად ასრულებდნენ ბრძანების ყოველ სიტყვას; დიახ, მათ მიეცათ რწმენის შესაბამისად და მე გამახსენდა ის სიტყვები, რაც მათ მითხრეს, რომ დედებმა ასწავლეს.
22 და ახლა, აჰა, ამ ჩემი შვილებისადმი და იმ ჯარისკაცებისადმი, რომლებიც ამოვარჩიეთ ტყვეების გადასაყვანად, ვართ დავალებულნი ამ დიდი გამარჯვებისათვის; რადგან ეს მათ დაამარცხეს ლამანიელები; ამიტომაც ისინი უკან, ქალაქ მანტისკენ განდევნეს.
23 და ჩვენ ქალაქი კუმენი შევინარჩუნეთ და მახვილით ყველანი არ გავნადგურდით; ამისდა მიუხედავად, დიდი დანაკარგი ვიწვნიეთ.
24 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც ლამანიელები გაიქცნენ, მე დაუყოვნებლივ გავეცი ბრძანება, რომ ჩემი ჯარისკაცები, რომლებიც დაიჭრნენ, გამოერჩიათ მოკლულებიდან და ვბრძანე, რომ მათთვის ჭრილობები გადაეხვიათ.
25 და იყო ასე, რომ ასეთი იყო ორასი, ჩემი ორი ათას სამოციდან, რომლებიც სისხლის დაკარგვის გამო დაუძლურებულნი იყვნენ; ამისდა მიუხედავად, ღვთის სიკეთითა და ჩვენდა გასაოცრად, ასევე მთელი ჯარის გასახარად, მათგან არცერთი სული არ დაღუპულა; დიახ, და არ იყო მათ შორის არცერთი სული, რომელსაც არ ჰქონდა მრავალი ჭრილობა მიღებული.
26 და ახლა, მათი გადარჩენა გასაოცარი იყო მთელი ჩვენი ჯარისათვის, დიახ, რადგან ცოცხლები გადარჩნენ, როდესაც მათი ათასობით ძმა დახოცეს. და ჩვენ სამართლიანად ვთვლით, რომ ეს მოხდა ღვთის სასწაულებრივი ძალით, მათი ღრმა რწმენის გამო იმაში, რისი რწმენაც ასწავლეს – რომ არსებობს მართალი ღმერთი და ის, ვინც არ დაეჭვდება, მისი საოცარი ძალით იქნება დაცული.
27 ახლა, ასეთი იყო მათი რწმენა, ვისზეც ვლაპარაკობ; ისინი არიან ახალგაზრდები და მტკიცე გონება აქვთ და სასოება მუდამ ღმერთისთვის აქვთ მინდობილი.
28 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც ამგვარად მოვრჩით დაჭრილებზე ზრუნვას და დავმარხეთ ჩვენი დახოცილები, ასევე ლამანიელთა დახოცილებიც, რომლებიც მრავალნი იყვნენ, აჰა, ჩვენ გიდს ვკითხეთ იმ ტყვეების შესახებ, რომლებიც ზარაჰემლას მიწაზე მათთან ერთად გაემართნენ.
29 ახლა, გიდი იყო მთავარსარდალი იმ რაზმისა, რომელიც დანიშნული იყო, რათა ისინი დაეცვათ გზაში იმ მიწისაკენ.
30 და ახლა, ეს არის სიტყვები, რომლებიც გიდმა მითხრა: აჰა, ჩვენ დავიწყეთ სვლა ზარაჰემლას მიწისკენ, ჩვენს ტყვეებთან ერთად. და იყო ასე, რომ შევხვდით ჩვენი ჯარების მზვერავებით, რომლებიც ლამანიელთა ბანაკის სათვალთვალოდ იყვნენ გაგზავნილები.
31 და მათ შემოგვღაღადეს სიტყვებით: აჰა, ლამანიელთა ჯარები გაემართებიან ქალაქ კუმენისკენ და აჰა, ისინი მას თავს დაესხმიან, დიახ, და ჩვენს ხალხს გაანადგურებენ.
32 და იყო ასე, რომ ჩვენმა ტყვეებმა გაიგეს მათი ღაღადი, რის გამოც გათამამდნენ და წამოიწყეს ჩვენ წინააღმდეგ ჯანყი.
33 და იყო ასე: მათი აჯანყების გამო ჩვენ მათზედ ხმლები ავწიეთ. და იყო ასე, რომ ერთად გამოიქცნენ ჩვენს ხმლებზე, რითაც მათი უმეტესობა დაიხოცა; დანარჩენები გამოეხსნენ და გაიქცნენ.
34 და აჰა, როდესაც გარბოდნენ, ვერ ვეწეოდით, ჩვენ სწრაფად გავემართეთ ქალაქ კუმენისკენ; და აჰა, დროზე მივედით, რომ დავხმარებოდით ჩვენს ძმებს ქალაქის დაცვაში.
35 და აჰა, კვლავ გავთავისუფლდით მტრის ხელიდან. და კურთხეულია ჩვენი ღმერთის სახელი; რადგან, აჰა, ეს მან გამოგვიხსნა, დიახ, გააკეთა რა ეს დიდი საქმე ჩვენთვის.
36 ახლა, იყო ასე, რომ, როდესაც მე, ჰელამანმა, გიდის სიტყვები მოვისმინე, აღვივსე ძალზედ დიდი სიხარულით ღვთის სიკეთისათვის, დაგვიცვა რა, რომ ყველანი არ დავღუპულიყავით; დიახ, მე მწამს, რომ დახოცილთა სულები შევიდნენ ღვთის სავანეში.